მიმდინარე თვეში ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრს (EMC) სამართლებრივი დახმარების თხოვნით მიმართა 2019 წლის 16 მარტს, ორთაჭალაში მშენებლობაზე დაღუპული ერთ-ერთი მუშის, ვეფხვია ხუჭუას მეუღლემ - ნინო მჭედლიძემ. შემთხვევას ვეფხვია ხუჭუას გარდა, კიდევ ორი მუშა ემსხვერპლა. ისინი დასაქმებულები შენობის გარე ფასადს ღებავდნენ, რა დროსაც მოძრავი კალათა გაწყდა და სამივე მუშა გადმოვარდა. ვეფხვია ხუჭუა მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც იგი 22 მარტს გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე, შსს-ს ძველი თბილისის პოლიციის პირველ განყოფილებაში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით. რამდენიმეთვიანი გამოძიების მიუხედავად, კონკრეტულ პირთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არ გამოკვეთილა, ხოლო ხუჭუას მეუღლე ამ დრომდე არ არის ცნობილი დაზარალებულის უფლებამონაცვლედ და არ აქვს შესაძლებლობა, შეაფასოს გამოძიების მიმდინარეობა. EMC-იმ საქმეში ჩართვისთანავე პროკურატურას წარუდგინა განცხადება დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობის თაობაზე, თუმცა პროკურატურას გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია.

EMC მზად არის, შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვებისთანავე სარჩელით მიმართოს სამოქალაქო სასამართლოს და ხუჭუას ოჯახისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს.