EMC სოლიდარობას უცხადებს სამედიცინო სექტორში დასაქმებულებს, რომლებიც პანდემიის შედეგად შექმნილ უმძიმეს პირობებში ცდილობენ ადამიანების ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვას და მოუწოდებს სახელმწიფოს, გააძლიეროს ძალისხმევა მათთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოსა და სამედიცინო სექტორის გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად.

შემაშფოთებელია სამედიცინო პერსონალის ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ პერსონალური დამცავი აღჭურვილობის საკმარისი რაოდენობის შემთხვევაშიც კი, 24 საათიანი დაძაბული სამუშაო გრაფიკის და პაციენტების დიდი რაოდენობის გამო გადატვირთულობის პირობებში, უკიდურესად რთული ხდება უსაფრთხოების ნორმების სათანადოდ დაცვა. ბოლო პერიოდში მედდები ყვებიან მძიმე სამუშაო პირობებსა და კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მოვლის ფიზიკურ და ემოციურ სირთულეებზე. ექიმების, ექთნებისა და სანიტრების დიდ ნაწილს ხშირად 16 ან 24 საათიან რეჟიმში უწევთ სიცოცხლისათვის საშიში და მძიმე სამუშაოს შესრულება, რასაც, გარდა უკიდურესად დამღლელი ფიზიკური შრომისა, თან ახლავს ოჯახებისგან იზოლირებული მძიმე პაციენტების მხარდაჭერისა და გამხნევების ზრუნვითი შრომა და ყოველდღიურად პაციენტების დაღუპვით გამოწვეული მძიმე სტრესი.

კორონავირუსის ფართო გავრცელებასთან ერთად, მედიცინის მუშაკების, როგორც წინა ხაზის მშრომელების, შრომის მნიშვნელობა უფრო თვალნათელი გახდა, თუმცა, სამწუხაროდ, აუცილებელ შრომად აღიარებას ღირსეული შრომის პირობების უზრუნველყოფა თან არ ახლავს. მედიცინის მუშაკების შრომა აუცილებელი, თუმცა ამავე დროს დაუფასებელი შრომაა. უფლებადამცველი ორგანიზაციები დიდი ხანია საუბრობენ ექთნების მძიმე შრომით პირობებზე, დაბალ ანაზღაურებასა და გადატვირთულ სამუშაო გრაფიკზე. სოლიდარობის ქსელის მიერ ჩატარებული გამოკითხვით, ექთნების დიდი ნაწილის ყოველთვიური ხელფასი 500 ლარზე ნაკლებია.[1] არსებული კრიზისი კიდევ უფრო ამძიმებს ამ ვითარებას და განსაკუთრებით მოწყვლად ხდის იმ ექთნებს, რომლებსაც, დაბალი ანაზღაურების გამო, პანდემიამდე პერიოდში,  რამდენიმე სამუშაო ადგილას უწევდათ მუშაობა, რათა საკმარისი ხელფასი გამოემუშავებინათ, რაც მუდმივად ხდებოდა სისტემიდან კვალიფიციური კადრების გადინების მიზეზი. დღესდღეობით კი, კრიტიკულად გაზრდილი სამუშაოს მოცულობის პირობებში, სხვადასხვა ადგილას მუშაობა შეუძლებელი ხდება. მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის არც ერთი კომპონენტი ექთნებს და მათი სოციალური დაცვის გაუმჯობესებას არ შეხებია. ამასთან, უკანასკნელ პერიოდში სამედიცინო პერსონალთან კომუნიკაციის დროს, განსაკუთრებით გამოიკვეთა მათი მხრიდან, თუნდაც ანონიმურად, მათ სამუშაო პირობებზე ინფორმაციის მოწოდების პრობლემა, რაც მათი კომუნიკაციაზე კონტროლსა და სამსახურის დაკარგვის შიშს უკავშირდება.

სამედიცინო პერსონალის შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში არსებითი როლი აკისრია შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს, რომელიც, გარდა კრიტიკულ შემთხვევებზე რეაგირებისა, ვალდებულია, ხელი შეუწყოს შრომის უსაფრთხოების დაცვის მექანიზმების დანერგვას დასაქმების ადგილას და მონაწილეობა მიიღოს შრომის უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტის შემუშავებაში.[2] მიგვაჩნია, რომ აღნიშნულმა დეპარტამენტმა, რომელსაც სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების ნორმების ინსპექტირების გამოცდილება და სპეციალური ცოდნა აქვს, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ არაორდინარულ ვითარებაში უნდა შეასრულოს სამედიცინო სფეროს მხარდამჭერის როლი და აქტიურად ჩაერთოს სამედიცინო დაწესებულებებში უსაფრთხო სამუშაო პირობების დანერგვისთვის აუცილებელი გეგმების და ღონისძიებების შემუშავებაში.

სამედიცინო პერსონალის თვალსაზრისით არსებული კრიზისის ფონზე, განსაკუთრებულად შემაშფოთებელია ინფიცირების მზარდი მაჩვენებლები. 2020 წლის 10 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პიკური მაჩვენებელი დაფიქსირდა და ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 2970 შეადგინა. სამწუხაროდ, სულ უფრო და უფრო იზრდება გარდაცვლილთა რაოდენობაც. დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში სულ ინფიცირების 63650 და გარდაცვალების 521 შემთხვევაა დაფიქსირებული.[3] შექმნილ ვითარებაში და ვირუსის გავრცელების დინამიკის ზრდის პარალელურად, სამწუხაროდ, მოსალოდნელია გარდაცვალების შემთხვევების მატება, მათ შორის, შესაბამის სამედიცინო დახმარებაზე ხელმიუწვდომლობის გამო. მედიისა და სოციალური ქსელების მეშვეობით ვრცელდება ინფორმაცია იმ შემთხვევების შესახებ, როცა ადამიანები ვერ ახერხებენ დროული და სათანადო სამედიცინო მომსახურების მიღებას სამედიცინო დაწესებულების გადატვირთულობის გამო. სასწრაფო დახმარების ბრიგადები კი, შეტყობინებების დიდი რაოდენობის გამო, ადგილზე მისვლას აგვიანებენ. მთავრობის წევრებმა დაიწყეს საუბარი ჯანდაცვის სისტემის რესურსების ამოწურვადობის შესახებ, განსაკუთრებით ადამიანური რესურსის მიმართულებით. ასევე, კეთდება განცხადებები სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტების, პენსიაზე გასული ექიმების და სტომატოლოგების შესაძლო მობილიზაციის შესახებ. ამგვარი მოცემულობა, ასევე აჩენს კითხვებს შეეძლო თუ არა ხელისუფლებას, ბევრად ადრე განეჭვრიტა ვირუსის გავრცელების ეს მასშტაბი და ე.წ. მეორე ტალღის მართვისთვის, ეფექტიანად გამოეყენებინა ვირუსის შეკავების სტრატეგიის შედეგად მოგებული დროითი რესურსი. შექმნილ ვითარებაში აშკარაა, რომ სამედიცინო სექტორი ვეღარ უმკლავდება ინფიცირების მზარდ ტალღას, რაც სერიოზულ საფრთხეს შეიცავს მოქალაქეების სიცოცხლის უფლების დაცვის თვალსაზრისით.

იმის გათვალისწინებით, რომ არსებულ კრიზისთან გამკლავება შეუძლებელია საზოგადოების კონსოლიდაციის გარეშე, განსაკუთრებით პრობლემურია ის გარემოება, რომ მთავრობის მიერ ვირუსის გავრცელების აღსაკვეთად მიღებული ზომების ნაწილის კანონიერებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებობს შეკითხვები. მთავრობის მიერ მიღებული ზომების ლეგიტიმურობისადმი არსებული ეჭვები ასუსტებს საზოგადოების ნდობას და აფერხებს შესაბამისი წესების შესრულებას. მთავრობამ უნდა გააცნობიეროს, რომ ამ ვითარებაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მის მიერ მიღებული შეზღუდვები აკმაყოფილებდეს გამჭვირვალობის, სამართლის უზენაესობის და ადამიანის უფლებების სტანდარტებს და სარგებლობდეს მაღალი ნდობით მოსახლეობაში. მეორე მხრივ, უკიდურესად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია თითოეული მოქალაქის  მიერ საკუთარი პასუხისმგებლობის გაცნობიერება ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც, პირველ რიგში, მთავრობის მიერ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დადგენილი რეკომენდაციების განუხრელ და თანმიმდევრულ შესრულებას უნდა გულისხმობდეს, რაც ასევე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს სამედიცინო სექტორის ადამიანური, ჰოსპიტალური თუ ადმინისტრაციული სიმძლავრეების შენარჩუნებაზე.

მიგვაჩნია, რომ კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლა წარმოადგენს საზოგადოების საერთო გამოწვევას და პასუხისმგებლობას. შექმნილ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალი ვირუსის გავრცელების ტემპის შემცირებაა, ამისთვის კი სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორის და საზოგადოების თანამშრომლობა და სოლიდარობის პრინციპზე დაფუძნებული კოორდინირებული მოქმედებაა აუცილებელი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო ორგანიზაციების და მოქალაქეების მხრიდან რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას:

  • გააძლიეროს ძალისხმევა სამედიცინო პერსონალისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად;
  • შეიმუშავოს სამედიცინო სექტორში ადამიანური რესურსის თვალსაზრისით შექმნილი კრიზისის დაძლევის გეგმა, დროულად მოახდინოს რესურსების მაქსიმალური მობილიზება და ვირუსის გავრცელების მართვა იმგვარად, რომ შემცირდეს დატვირთვა მედიცინის ცალკეულ მუშაკებზე, რაც სამედიცინო სისტემის გამართული ფუნქციონირების შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანი გზაა;
  • უზრუნველყოს ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციასთან და ადამიანის უფლებების სტანდარტებთან.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] ინფორმაცია სოლიდარობის ქსელის 2019 წლის კვლევის შესახებ იხილეთ: https://www.radiotavisupleba.ge/a/29792130.html.

[2] იხილეთ, საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის #473 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულება, მუხლი 19, ხელმისაწვდომია: https://matsne.gov.ge/document/view/4325651?publication=12.

[3] საქართველოს მთავრობის მიერ კორონავირუსის საქართველოში გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდის stopcov.ge-ს მონაცემები. https://stopcov.ge; ნანახია: 10.11.2020.