ფოტო: რადიო თავისუფლება (RFERL)

პანკისის ხეობის ადგილობრივი მაცხოვრებლების სახელით ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) სასამართლოში სარჩელი წარადგინა, რომელშიც სოფელ ბირკიანთან, მდინარე ალაზანზე შპს „ალაზანი ენერჯის“ მიერ დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურის - „ხადორი 3“ მშენებლობის ნაბართვის ბათილად ცნობას ითხოვს და სასამართლოს სარჩელის უზრუნევლყოფის მიზნით სასამართლოს მიმდინარე მშენებლობის პროცესის დროულ შეჩერებას სთხოვს. საქმეში მოსარჩელეები ხეობაში მესამე ჰესის მშენებლობის შემთვევაში ხეობის უნიკალური ეკოლოგიური სისტემისა და სოციალური გარემოს დაზიანების მაღალ რისკებზე უთითებენ და ხეობაში დამატებითი ჰესების მშენელობას საჯარო ინტერესების და ადგილობრივი თემის სასიცოცხლო ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებად მიიჩნევენ. სარჩელი წარდგენილია ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინააღმდეგ.

სოფელ ბირკიანთან ‘ხადორი 3’ მშენებლობის შესახებ მოსარჩელეებმა ადგილზე სამშენებლო სამუშაოების ჩატარების პერიოდში გაიგეს. მანამდე მათ არ ჰქონიათ შესაძლებლობა სხვადასხვა საჯარო არხებით მიეღოთ ინფორმაცია ჰესის მშენებლობის პროცესის შესახებ და შესაბამისად, მონაწილეობა მიეღოთ ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებულ საჯარო განხილვებში.

ჰიდროელექტროსადგურის - ‘ხოდორი 3’ მშენებლობასთან დაკავშირებით გაცემული მშენებლობის ნებართვა უკანონოა, რამდენიმე არგუმენტის გამო, მათ შორის:

  • ჰესის მშენებლობის ნებართვა (II სტადიაზე) ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გაიცა ისე, რომ კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად ჯერ კიდევ არ იყო გაცემული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც მშენებლობის ნებართვის სავალდებულო წინაპირობაა.
  • საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა არ პასუხობს მსგავსი ობიექტების მშენებლობისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს, მათ შორის სათანადოდ არ იკვლევს საპროექტო ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების განხორციელების შემთხვევაში არსებულ გარემოზე შესაძლო ზეგავლენას, რაც კანონმდებლობის უხეშ დარღვევას წარმოადგენს. მათ შორის.
  • გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიში არ შეიცავს დაგეგმილი საქმიანობის ტექნოლოგიის ალტერნატივების შესახებ ინფორმაციას. ამასთან გზშ ანგარიში არასათანადოდ აკეთებს დაგეგმილი საქმიანობის ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური შედეგების შეფასებას. გზშ-ს ანგარიშში წარმოდგენილი შეფასება მიწის საკუთრებასა და მის გამოყენებაზე, ასევე დასაქმებასთან დაკავშრებული ზემოქმედებები ზოგადად და დაუსაბუთებლად არის წარმოდგენილი;
  • გზშ-ს ანგარიშში არ არის წარმოდგენილი დეტალური კვლევები უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, რასაც ადასტურებს როგორც თავად ანგარიშში არსებული ჩანაწერები, ასევე უშუალოდ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიღებიდან 6 თვის შემდეგ ითვალისწინებს ისეთი კვლევების ჩატარების ვალდებულებას, რომელიც კანონმდებლობის თანახმად დადებითი დასკვნის გაცემისთვის უკვე უნდა იყოს დეტალურად აღწერილი გზშ-ს ანგარიშში;
  • გზშ-ს ანგარიშში რისკების შეფასების მიზნით ჩასატარებელი კვლევების/აღწერის მნიშვნელოვანი ნაწილი პირდაპირ კოპირებულია სხვა ჰესების მშენებლობის მიზნით მომზადებული გზშ-ს ანგარიშიდან. მაგალითად, დამატებითი კვლევების გარეშე გადმოტანილია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა, კუმულაციური ზემოქმედება, ზემოქმედება ბიოლოგიურ გარემოზე, სოციალურ-ეკონომიკური გარემო, ზემოქმედება წყლის ხარისხზე.

პანკისის ხეობის მაცხოვრებლების მდინარე ალაზანთან და მიმდებარე ბუნებასთან ღრმა ეკონომიკური და სოციალური ბმის პირობებში, კანონდარღვევით, სადავო აქტებით შეთანხმებული ჰიდროელექტროსადგურის „ხადორი 3“-ს აშენება მოსარჩელეებს და მთლიანად პანკისის ხეობის მოსახლეობას მიაყენებს გამოუსწორებელ ზიანს. მოსარჩელეებისთვის და პანკისის ხეობის სხვა მაცხოვრებლებისთვის განსაკუთრებით მტკივნეულად დგას, ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შემთხვევაში მათი სასმელი/სარწყავი წყლის საკითხი, რომელსაც მდინარე ალაზნიდან იღებენ და მდინარე ალაზნის დიდი ნაწილის მილებში მოქცევის პირობებში არსებითი საფრთხის ქვეშ დადგება. ჰესის მშენებლობის პირობებში მათ შორის საფრთხე ექმნება ჰიდროელექტროსადგურის საპროექტო ტერიტორიიდან რამდენიმე მეტრით დაშორებულ ბაწარა-ბაბანეულის ნაკრძალს, რომელიც ადგილობრივი ეკოსისტემის განსაკუთრებული ღირშესანიშნავობაა. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავალი არსებითად ტურიზმს უკავშირდება, ხეობის უნიკალური ეკოგარემოს დაზიანება კი ნეგატიურად აისახება რეგიონის ეკონოკურ განვითარებაზე. პანკისის ხეობის მოსახლეობისთვის მტკივნეულად დგას ის საკითხიც, რომ პანკისის ხეობაში იგეგმება კიდევ რამდენიმე ჰესის მშენებლობა, რაც ზიანის მიყენების პროცესს კიდევ უფრო შეუქცევადს გახდის, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მოსახლეობისთვის ცნობილია იგივე კომპანიის მიერ სხვა ხეობებში, მაგ. დარიალიჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის შედეგად მიყენებული ზიანის თაობაზე.

დავის ფარგლებში EMC არსებითად იყენებს მწვანე ალტერნატივას მიერ ჰიდროელექტროსადგურის - ‘ხადორი 3’ მშენებლობისთვის გაცემული გზშ-ს ანგარიშის კრიტიკულ შეფასებას. მომავალში ორგანიზაცია სასამართლოს ასევე წარუდგენს დამატებით ექსპერტულ დასკვნას.

EMC მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თემის ბრძოლა გარემოს დაცვისა და სოციალური სამართლიანობის იდეისთვის მნიშვნელოვანი პროცესია და სოლიდარობას უცხადებს მათ.

საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, მიმდინარე სასამართლო დავის შესახებ მნიშვნელოვან სიახლეებს EMC მომავალშიც მიაწვდის საზოგადოებას.