ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება ინტეგრაციის 2021-2024 წლების ახალი სამთავრობო სტრატეგიის შემუშავების პროცესისთვის დაგეგმილ სტრატეგიულ შეხვედრაში პლატფორმა სალამის ჩართვაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის უარს და სოლიდარობის ნიშნად ისიც უარს აცხადებს დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობაზე.

ჩვენი მოსაზრებით, პლატფორმა სალამი საქართველოს აზერბაიჯანელი აქტივისტების უნიკალური გაერთიანებაა, რომელიც ცდილობს არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების საჭიროებების, წუხილებისა და უფლებების პოლიტიკურ დღის წესრიგში აქტიურ დაყენებას და თემის დემოკრატიული თვითორგანიზებისა და სოლიდარობის შენების ხელშეწყობას. აღნიშნული პლატფორმის გაჩენა, სხვა არაერთ ადგილობრივ ინიციატივასთან და გაერთიანებასთან ერთად, არის უნიკალური ისტორიული პროცესის გამოხატულება, რომელიც მოქალაქეობის თვითიდენტიფიკაციითა და ცნობიერებით საკუთარი უფლებებისთვის, საჭიროებებისთვის და ინტერესებისთვის წლების განმავლობაში უგულებელყოფილი სოციალური ჯგუფების გააქტიურებას და თვითრგანიზებას უკავშირდება. ჩვენი ხედვით, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია სახელმწიფო ინსტიტუტებმა გაიაზრონ ამ პროცესის სოციალური და ისტორიული მნიშვნელობა და მას განუხრელად შეუწყონ ხელი.

სამწუხაროდ, ნაცვლად იმისა, რომ სახელწიფო ინსტიტუტები სალამს და მის მსგავს გაერთიანებებს სამუშაო, საკონსულტაციო და სხვა პოლიტიკურ პლატფორმებში პატივისცემით იწვევდნენ, უსმენდნენ და მათ მოსაზრებებს ითვალისწინებდნენ, სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ინტეგრაციის ახალი სტრატეგიის შემუშავების პროცესისთვის დაგეგმილ სტრატეგიულ შეხვედრაში მონაწილეობაზე პლატფორმა სალამს სრულიად დაუსაბუთებელი უარი განუცხადა. განმარტებული უარის მიზეზები იყო მეტწილად ტექნიკური (ლოჯისტიკური, ფინანსური, პანდემიის დროს დისტანცირების რეგულაციები), თუმცა აშკარად არადამაჯერებელი და თვითნებური. მიუხედავად იმისა, რომ EMC-იმ უწყებასთან ამ გადაწყვეტილების პრობლემურობა ღიად განმარტა და სთხოვა ინკლუზიურობის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღება, მინისტრის აპარატმა სამართლიანი გადაწყვეტილება არ მიიღო. უწყება უთითებდა, რომ სხვა ფორმატებში ცალკე ან სხვა რეგიონალურ ორგანიზაციებთან ერთად, სალამს მომავალში მიეცემოდა აპარატთან შეხვედრის შესაძლებლობა. თუმცა, გაუგებარია თბილისში ბაზირებული, მაღალი წარმომადგენლობის და ფართე მანდატის მქონე ორგანიზაცია რატომ არ დაუშვა უწყებამ გენერალურ ფორმატში, სადაც სამთავრობო უწყებები, სახალხო დამცველისა და მის ქვეშ მოქმედი ეთნიკური უმცირესობების საბჭოს წევრები, ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები არიან მოწვეულები. მით უფრო, როცა პლატფორმა სალამის მხრიდან დაფიქსირდა მონაწილეობის მწვავე ინტერესი, სურვილი და მზადყოფნა.

სახელმწიფოს მიერ ორგანიზებულ პლატფორმებში ეთნიკური უმცირესობების რეპრეზენტაციას ხშირად თან ახლავს მოჩვენებითობა და ხშირად ჩნდება განცდა, რომ სახელმწიფო უწყებები რეალური საჭიროებებიდან ამოზრდილი, კრიტიკული და უკომპრომისო ორგანიზაციების და აქტივისტების მიმართ უფრო ჩაკეტილები არიან. ხშირად სხვადასხვა პლატფორმაში ჩართულობისა და დემოკრატიულობის ილუზია უფრო იქმნება, ვიდრე ჭეშმარიტი დიალოგის, კრიტიკული ხმების გათვალისწინებისა და რეალური ასახვის შესაძლებლობა. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო მინისტრის აპარატი ცდილობს ინკლუზიური დისკუსიის პლატფორმები, ამ პლატფორმების შემადგენლობა, მასში გაერთიანების კრიტერიუმები, რეგულარულობა და მათი ინსტიტუციონალიზება სათანადოდ განჭვრეტადი არ არის და ზოგიერთ შემთხვევაში თვითნებური მიდგომების განცდას აჩენს.

EMC არა ერთხელ განუმარტავს, რომ ეთნიკური უმცირესობების საკონსულტაციო მექანიზმები და ამ კუთხით შექმნილი პლატფორმების გავლენა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებაზე და პოლიტიკაზე სუსტი და არაეფექტიანია და არსებითია, სახელმწიფომ იფიქროს აღნიშნული ფორმატების გაძლიერებაზე და მაღალ სამთავრობო და საპარლამენტო დონეზე სათანადოდ ინტიტუციონალიზებული და დემოკრატიული საკონსულტაციო პლატფორმების შექმნაზე. ამ პროცესში არსებითია, რომ ყველა დაინტერესებულ პირს ეძლეოდეს ამგვარ პლატფორმებში მონაწილეობის შესაძლებლობა და მათ ფორმალური და თვითნებური ბარიერები არ ექმნებოდეთ. ჩვენი კონტექსტის გათვალისწინებით კიდევ უფრო მნიშვნელოვანია სახელმწიფომ ხელი შეუწყოს ამ ფორმატებში ახალგაზრდების გაერთიანებების და მოძრაობების მონაწილეობას.

EMC კიდევ ერთხელ უცხადებს სოლიდარობას და მხარდაჭერას პლატფორმა სალამს მათ მნიშვნელოვან საქმიანობაში.

ამასთან, EMC მოუწოდებს სახელმწიფო მინისტრის აპარატს გაიაზროს ეთნიკური უმცირესობების თემებში ახალგაზრდების თვითორგანიზებისა და დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობის სოციალური და პოლიტიკური მნიშვნელობა და მისი სამუშაო ფორმატები უფრო ინკლუზიური, დემოკრატიული და განჭვრეტადი გახადოს. მათ შორის, პლატფორმა სალამი დაუშვას მის მიერ ორგანიზებულ გენერალურ თუ რეგიონალურ შეხვედრებზე.

თავის მხრივ, EMC გააგრძელებს ინტეგრაციის ახალი სტრატეგიის პროცესში მონაწილეობას და მთავრობისა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ რეალურად დემოკრატიული და ინკლუზიური ფორმატებით ორგანიზებულ შეხვედრებში მონაწილეობის მზადყოფნას გამოთქვამს.