დღეს,1 მაისს, 15:00-ზე დაიწყო მშვიდობიანი მანიფესტაცია მშრომელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით. აქციის ორგანიზატორი იყო ახალგაზრდული მოძრაობა „ლაბორატორია1918“. აქციის მონაწილეებმა მსვლელობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ეკონომიკის სამინისტრომდე (ვარაზის ხევის; აღმაშენებლის გამზირის; რუსთაველის გამზირის გავლით)მოაწყვეს, რა დროსაც დემონსტრანტებს გზის სავალი ნაწილი ჰქონდათ დაკავებული. დაახლოებით15:30 საათზე, რუსთაველის გამზირზე პოლიციის ათეულობით თანამშრომელსა და დემონსტრანტებს შორის მოხდა შეხლა-შემოხლა. სამართალდამცავებმა დააკავეს აქციის 25-მდე მონაწილე, მათშორის ჟურნალისტები. აქციის დაშლისას დაშავდნენ დემონსტრანტები. დარჩენილმა ნაწილმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან გადაინაცვლა. თუმცა, პოლიციის თანამშრომლებმა დემონსტრანტებს არ მისცეს საშუალება მიახლოვებოდნენ ადმინისტრაციულ შენობას, სადაც მობილიზებული იყო ასამდე პოლიციის თანამშრომელი. აქციაზე დაკავებული მონაწილეები პოლიციის სამმართველოდან 4-5 საათის შემდეგ გაათავისუფლეს.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი გამოხატავს შეშფოთებას დემონსტრანტების მიმართ გამოყენებული არაპროპორციული ძალის გამო. მედია საშუალებების მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ცალკეულ შემთხვევებში დაკავების, როგორც უკანონო ქმედების აღკვეთის ფორმის გამოყენება, თავისთავად წარმოადგენდა არაპროპორციულ საშუალებას. მაგალითად,გაკვირვებას იწვევს პოლიციის მიერ რამდენიმე დემონსტრანტის ფეხითმოსიარულეთა სავალნაწილზე დაკავება იმ პირობებში, როდესაც მოცემულ მომენტში ისინი საზოგადოებრივ წესრიგს არ არღვევდნენ და როდესაც ტრანსპორტის სამოძრაო ნაწილი აქციის მონაწილეებისგან თავისუფალი იყო. კადრები ასევე აჩვენებს, რომ ცალკეულ შემთხვევებში მანიფესტანტთა დაკავების ფორმა, იმ შემთხვევაშიც კი თუ ის იყო პოლიციელთა საპასუხო რეაქცია წინააღდეგობის გაწევაზე (მაგ. კამათი), ვერ პასუხობს პროპორციულობის ტესტსს .თვითლმხილველთა და აქციის მონაწილეთა განმარტებით, ზოგიერთ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა პოლიციელთა თანამშრომლების მიერ გამოხატულ აგრესიას და სრულიად უმიზნო ძალადობას აქციის მონაწილეთა მისამართით. თავად დაკავებულ პირთა რაოდენობაც შესაძლოა მეტყველებდეს გამოყენებულიძალის არაპროპორციულობაზე.

EMC ასევე მიიჩნევს,რომ პოლიციელთა მხრიდან ჟურნალისტებისათვის მოვლენების სათანადოდ გაშუქების მიზანმიმართული შეზღუდვა, უნდა მივიჩნიოთ ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლად.

EMC მოუწოდებს საქართველოს შინაგანსაქმეთა სამინისტროს, მისცეს ადეკვატური შეფასება პოლიციის თანამშრომლების მიერ განხორციელებულ ქმედებებს და გამოიყენოს პასუხისმგებლობის შესაბამისი ზომა.

ამასთან,გაცნობებთ, რომ EMC გეგმავს აღნიშნული ფაქტის დეტალურ შესწავლას და უახლოეს მომავალში საზოგადოებას წარუდგენს შესაბამის ანგარიშს.