"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელ ბრიფინგს, რომლითაც მან პრეზიდენტისთვის მინიჭებული შეწყალების ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენებაზე მორატორიუმი გამოაცხადა.

EMC სრულად იზიარებს საზოგადოების კრიტიკას, პრეზიდენტის მიერ ერთპიროვნულად, შეწყალების კომისიის დათხოვნისა და განსაზღვრული პროცედურის არარსებობის პირობებში კონკრეტულ პირთა შეწყალებასთან დაკავშირებით.

ამავდროულად, უმნიშვნელოვანესია, შეწყალების კომისიის უმოკლეს ვადაში ფორმირება, მაღალი საზოგადოებრივი ნდობით აღჭურვილი პირებით და შეწყალების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას პროცესის გამჭვირვალედ წარმართვა. პრეზიდენტის მიერ შეწყალების დისკრეციული უფლებამოსილების ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გამოყენების შემდგომ, საზოგადოებაში გაჩენილი კრიტიკის პასუხად, შეწყალების უფლებამოსილებაზე გაურკვეველი ვადით მორატორიუმის გამოცხადებით, ზიანი ადგება პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ იმ მსჯავრდებულებს, რომელთათვის, ხშირად, შეწყალების მექანიზმი სამართლიანობის მიღწევის უკანასკნელი შესაძლებლობაა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტს გასული 9 თვის განმავლობაში, შეწყალების თაობაზე განცხადებით სულ 4468 პირმა მიმართა, საიდანაც პრეზიდენტმა შეწყალების გადაწყვეტილება 91 მსჯავრდებულის მიმართ მიიღო. ყველა შემთხვევაში, შეწყალების გადაწყვეტილება შეწყალების კომისიის გვერდის ავლით, პრეზიდენტის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით მოხდა.