ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების პროცესს და პროკურატურას მოუწოდებს უზრუნველყოს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებისა და ადვოკატების სრული დაშვება საქმის მასალებზე.  

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე მის  ოჯახს ამ დრომდე არ აქვს მინიჭებული დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი, რაც გავლენას ახდენს გამოძიების პროცესში მის სრულფასოვან მონაწილეობაზე. ამის მიუხედავად, სპეცოპერაციის დროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (შემდგომში სუს) თანამშრომლების მიერ შესაძლო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების (სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლი) ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში  პროკურატურამ, საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, დაუშვა ოჯახის წევრებისა და მათი ადვოკატების წვდომა მიმდინარე გამოძიების საქმის მასალების ნაწილზე.  პროკურატურის ეს ნაბიჯი პოზიტიურად უნდა შეფადეს, თუმცა, ამ დრომდე საქმეზე მომუშავე ადვოკატებს არ გააჩნიათ წვდომა სუს-ის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 331 1 (ტერორიზმის დაფინანსება, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერა ან რესურსებით უზრუნველყოფა) მუხლის ქვეშ მიმდინარე გამოძიების  საქმის ცალკეულ მასალებზე, და ასევე პროკურატურის მიერ სუს-ის საქმიანობასთან დაკავშირებით მოპოვებულ მტკიცებულებებზე, რომელსაც არსებითი მნიშნელობა აქვს სპეცოპერაციის დაგეგმვისა და ჩატარების დროს სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების საკითხების შეფასებისთვის. მათ შორის, დაშვება შეზღუდულია ისეთ მნიშვნელოვან მტკიცებულებებზე, როგორიცაა სპეცოპერაციის ჩატარების თაობაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (შემდგომში სუს) გადაწყვეტილების დოკუმენტი, დაკავებული პირების მხრიდან მომდინარე რისკების დამადასტურებელი ინფორმაცია/მტკიცებულებები, რომელიც დაკავებისა და ჩხრეკის პროცედურების ამ მასშტაბის ძალის გამოყენებით განხორციელების აუცილებლობას დაასაბუთებს, სუს-ის თანამშრომლების მიერ ძალის გამოყენების წესებისა და პირობების მარეგულირებელი აქტი, საქმესთან დაკავშირებით დაკითხული სუს-ის იმ თანამშრომლების ჩვენებები, რომლებმაც დაგეგმეს, ხელმძღვანელობდნენ და უშუალოდ განახორციელეს ოპერაცია, მათ შორის, უშუალოდ განახორციელეს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება თ. მაჩალიკაშვილის მიმართ, შემთხვევის ადგილზე ხელყუმბრის თავდაპირველი მდგომარეობის ამსახველი ფოტო და სხვა მასალა, სპეცოპერაციის დროს და პოსტფაქტუმ სპეცრაზმელებსა და მათ ხელმძღვანელებს შორის ფორმალური კომუნიკაციის ამსახველი მასალები (ანგარიში, სატალეფონო კომუნიკაცია და ა.შ.).

ზემოთ დასახელებული ინფორმაციის გაცნობის მოთხოვნით EMC-იმ გამოძიებას რამდენჯერმე, მათ შორის, 2018 წლის 14 თებერვალს ვრცელი და დასაბუთებული განცხადებით მიმართა. განცხადებაში EMC უთითებდა სუს-ის საგამოძიებო ქვემდებარეობაში არსებული საქმის მასალების და მათში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გამიჯვნის აუცილებლობაზე და მასალებზე ბლანკეტური აკრძალვის დაუშვებლობაზე. ამასთან, EMC პროკურატურას მისი ადვოკატისთვის საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის მიღებას სახელმწიფო საიდუმლოებაზე კანონით სპეციალურად განსაზღვრული წესით სთხოვდა. სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნეული ინფორმაციის  დაზარალებულისთვის გაცნობის აუცილებლობის დასადასტურებლად EMC აპელირებდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის  182-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულ წესზე, რომელიც საქმის განმხილველ მოსამართლეს ანიჭებს უფლებამოსილებას დაზარალებულს მისცეს შესაძლებლობა დაესწროს სასამართლო სხდომას იმ შემთხვევაშიც, თუ ის სრულად ან ნაწილობრივ დახურულია, რაც ორგანიზაციის მტკიცებით, კანონმდებლობის მიერ საქმის გამოძიების პროცესში დაზარალებულის განსაკუთრებული სტატუსისა და ინტერესის აღიარებას წარმოადგენს.    

დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, EMC ქალაქ თბილისის პროკურატურიდან მიიღო საპასუხო წერილი, სადაც პროკურატურამ ისე რომ არც კი იმსჯელა იმ საკითხზე, თუ სუს-ის გამოძიების ქვეშ მიმდინარე საქმის, ასევე სპეცოპერაციის დროს სუს-ის საქმიანობასთან დაკავშირებით თავად პროკურატურის მის მიერ მოპოვებული  რა სახის ინფორმაცია/დოკუმენტები შეიძლებოდა ყოფილიყო საიდუმლოების შემცველი,  მხოლოდ ზოგადად მიუთითა, რომ აღნიშნული საქმის მასალების საიდუმლო ნაწილზე წვდომის მოპოვება ადვოკატისთვის შესაძლებელია ‘სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ’ კანონით დადგენილი საიდუმლო ინფორმაციაზე ინდივიდუალური დაშვების რეჟიმში, რომელიც პროკურატურის განმარტებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის ნებართვის საფუძველზე ხდება. ამდენად, მითითებული  თანხმობის მიღების ტვირთი საგამოძიებო ორგანომ თ. მაჩალიკაშვილის ოჯახსა და მის ადვოკატებზე გადაიტანა, მაშინ როდესაც კანონი არ აკონკრეტებს თანხმობის მოპოვების ცალსახა ფორმას და გადაწყვეტილების მიღებას არსებითად სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების მქონე სახელმწიფო ორგანოს აკისრებს, მოცემულ შემთხვევაში კი ამგვარი ორგანო სწორედ თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილია[1]  ამასთან,  პროკურატურის მიერ საიდუმლო მასალებზე თ. მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატების წვდომის მოპოვების პროცესის სუს-ზე  გადამისამართება პრობლემურია ორი ძირითადი არგუმენტით: 1. ის შეუძლებელს ხდის სუს-ის საგამოძიებო ქვემდებარეობაში არსებული საქმის, და ასევე გამოძიების პროცესში პროკურატურის მიერ სუს-ის საქმიანობასთან დაკავშირებით მოპოვებული მტკიცებულებების მთალინობაში შეფასებას და იმ ინფორმაციის/მტკიცებულებების დაზუსტებას, რომელიც    საიდუმლოდ შეიძლება იქნას მიჩნეული. ამ პირობებში ცხადია, რთულდება იმ კონკრეტული ინფორმაციის/მტკიცებულებების იდენტიფიცირება, რომელზეც დაშვება ადვოკატებმა პროკურატურის მიერ მითითებული წესით სუს-ს შეიძლება სთხოვონ, რაც თავად ამ პროცედურას აზრს უკარგავს. ეს მოცემულობა ადვოკატებს ასევე უზღუდავს შესაძლებლობას კანონით დადგენილი წესით გაასაჩივრონ კონკრეტული ინფორმაციის დასაიდუმელობის შესახებ გადაწყვეტილება;   2. ის გამოიწვევს საქმის მასალების გაცნობის პროცესის გაჭიანურებას, რადგან სუს-ის სტრუქტურული ქვედანაყოფიდან თანხმობის მიღებას წინ უძღვის სამთვიანი შემოწმების პროცედურა და ამ ვადით საქმის მასალების გაცნობის პროცესის გადავადებამ არსებითად შეიძლება დააზიანოს გამოძიების პროცესში უფლების დარღვევის მსხვერპლის სრულფასოვანი მონაწილეობა.

როგორც ამას არაერთხელ გაესვა ხაზი EMC-ის მიერ, თ. მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე საწყის ეტაპზე მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, სუს-ის მითითებით შემთხვევის ადგილზე ნაპოვნი ხელყუმბარის და სხვა მნიშვნელოვანი ნივთმტკიცებების ამოღება სუს-ის გამომძიებლების მიერ განხორციელდა და ამოღებულ ნივთებზე ექსპერტიზაც სუს-ის მიერ დაინიშნა. საქმის ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოპოვების, ამოღებისა და დამაგრების პროცესში იმთავითვე მიკერძოებული უწყების მონაწილეობა არსებით სადავოს ხდის მიმდინარე გამოძიების ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას და მოპოვებული მტკიცებულებების ვალიდურობას. აღსანიშნავია, რომ როგორც პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების მასალები აჩვენებს, სუს-ის საგამოძიებო ქვემდებარეობაში არსებული საქმის მასალების გამოთხოვა სუს-გან პროკურატურამ გვიან ეტაპზე, მხოლოდ 2018 წლის 8 თებერვალს (1 თვეზე მეტი ხნის შემდეგ) განხორციელა, რაც პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების არაეფექტიანობაზე მეტყველებს და აჩენს ეჭვებს მის ილუზორულობასთან დაკავშირებით. მთლიანობაში გამოძიების პროცესში სუს-სა და პროკურატურას შორის კომუნიკაცია და მათ შორის, საქმის მასალების წვდომასთან დაკავშირებით ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილება სუს-ის მიმართ პროკურატურის ლოიალობაზე უთითებს, რაც გამოძიების დამოუკიდებლობის მიმართ რწმენას არსებითად ასუსტებს.     

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით EMC მიიჩნევს, რომ თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის გადაწყვეტილება საქმის საიდუმლო მასალებზე წვდომის უფლებასა და წესთან დაკავშირებით არასწორ სამართლებრივ ინტერპრეტირებას ეფუძნება და გვართმევს შესაძლებლობას გვქონდეს ეფექტური კონტროლი მიმდინარე გამოძიების პროცესზე. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პროკურატურას თ. მაჩალიკაშვილის ოჯახს მიანიჭოს დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი და გამოძიების პროცესში განუხრელად დაიცვას გამჭირვალეობის და მიუკერძოებლობის პრინციპები, მათ შორის, როგორც საქმის გამომძიებელმა ორგანომ უზრუნველყოს სუს-ის საგამოძიებო ქვემდებარეობაში არსებული საქმის რელევანტური მასალების სათანადო და დროული შესწავლა და მათზე თ. მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატების წვდომა.

 

 

 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] შენიშვნა: მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მთელი ამ დროის განმაცლობაში EMC-თან ზეპირ   კომუნიკაციაში პროკურატურა უთითებდა, რომ დასახელებული ინფორმაციის გაცნობის მიზნით ის მოლაპარაკებებს აწარმოებდა სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტთან და მოლაპარაკებებების საფუძველზე მიღებული თანხმობის შემდგომ უზურუნველყოფდა ინფორმაციის გაცნობას.