მედიაში რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, თანამდებობა დატოვა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის ერთ-ერთმა პროკურორმა, რომელიც აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და თანამდებობის დატოვების მიზეზად, უწყებაში არსებული არაერთი პრობლემა დაასახელა. განცხადებაში სისტემურ პრობლემებზეა საუბარი, რომლებიც, დადასტურების შემთხვევაში, ეჭვქვეშ აყენებს მთლიანად უწყების ეფექტიან და სამართლიან ფუნქციონირებას.

ყოფილი პროკურორის მიერ დასახელებული საკითხები აქამდეც არაერთხელ გამხდარა საზოგადოებრივი მსჯელობისა და დისკუსიის საგანი.[1] კერძოდ, პროკურატურის პოლიტიზება, გაუმართავი ორგანიზაციული მოწყობა და საკადრო პოლიტიკა, ინდივიდუალურ პროკურორთა უფლებამოსილებათა არასაკმარისად ნათლად მოწესრიგება, პროკურორთა სუბორდინაციის ბუნდოვანი რეგულირება კვლავაც მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს უწყებისთვის. გარდა ინსტიტუციური საკითხებისა, გავრცელებულ განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია შერჩევით დამოკიდებულებაზე როგორც თანამშრომლების, ისე სისხლის სამართლის პროცესში მონაწილე პირების (ბრალდებულების) მიმართ. აღნიშნული კი შესაძლოა მიუთითებდეს ერთი მხრივ - უწყების შიგნით არსებულ არასაკმარის შრომით გარანტიებზე თანამშრომლების მიმართ, მეორე მხრივ კი სისხლის სამართლის მართლმსაჯულების შერჩევითად წარმართვის საფრთხეებზე, რა დროსაც კონკრეტული პირების მიმართ გადაწყვეტილება მიიღება მისი პოლიტიკური თუ სოციალური კუთვნილების გათვალისწინებით.

არსებულ პრობლემებს მნიშვნელოვნად განაპირობებს ის ფაქტი, რომ გენერალურ პროკურორს და საპროკურორო საბჭოს შორის ფუნქციები არაჯეროვნად არის გადანაწილებული. მოქმედი რეგულაციები, აბსოლუტურად დამოკიდებულს ხდის სისტემის ნებისმიერი დონის თანამშრომელს გენერალურ პროკურორზე, ასევე დაუბალანსებლად დიდია ზემდგომი პროკურორის გავლენა ქვედა რგოლის პროკურორებზე. ამ ვითარებაში, რთულია, უზრუნველყოფილი იქნეს უწყების მიუკერძოებელი საქმიანობა და სისტემაში არსებობდეს თანამშრომელთა დამოუკიდებლობის მყარი გარანტიები. ამავდროულად, პროკურატურა კვლავაც არაა საკმარისად გამჭვირვალე უწყება და მის შიგნით მიღებული გადაწყვეტილებები ხშირად აღძრავს პოლიტიკურ, თუ სხვა სახის მიკერძოებაზე ეჭვებს.

მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ რეაგირების გარეშე არ დატოვოს აღნიშნული ინფორმაცია, რადგან ამით შესაძლოა კიდევ უფრო დაზიანდეს პროკურატურის რეპუტაცია და სანდოობის ხარისხი საზოგადოების თვალში. შესაბამისმა ორგანოებმა სრულყოფილად უნდა შეისწავლონ არსებული ვითარება, დაადგინონ ერთი მხრივ, განცხადებაში მოყვანილი პრობლემების რეალურ ფაქტებთან შესაბამისობა, ხოლო მეორე მხრივ, უზრუნველყონ განმცხადებლის და მისი ოჯახის წევრების ნებისმიერი სახის ზემოქმედებისაგან დაცვა. 

არსებულ ინფორმაციაზე დროული და ეფექტიანი რეაგირების მიზნით, EMC მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ:

  • საქართველოს პარლამენტი დაინტერესდეს პროკურატურაში არსებული ვითარებით და გამოიყენოს რეგლამენტით მისთვის განსაზღვრული უფლებამოსილება, მოსთხოვოს გენერალურ პროკურორს დეტალური ინფორმაციის წარმოდგენა როგორც განცხადებაში მითითებულ გარემოებებზე, ისე ზოგადად უწყების საქმიანობაზე;
  • პარლამენტმა, სხვა უწყებებთან თანამშრომლობით, განაახლოს მსჯელობა პროკურატურის სისტემის რეფორმირებაზე, მათ შორის, ადმინისტრაციული უფლებამოსილებების გადანაწილებაზე და ამ მიმართულებით საპროკურორო საბჭოს როლის გაძლიერებაზე. რეფორმამ ასევე უნდა უზრუნველყოს უწყების ფარგლებში ინდივიდუალური პროკურორების დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდა;
  • დღის წესრიგში დადგეს სისტემის თანამშრომელთა შრომითი უფლებების და მათი სოციალური გარანტიების შეფასებისა და გაუმჯობესების საკითხი, აგრეთვე მაქსიმალურად უნდა იყოს დაზღვეული გენდერული ნიშნით პროკურატურის თანამშრომლების შევიწროების საფრთხეები;
  • შემუშავდეს მექანიზმები, რათა უწყების ნებისმიერი თანამშრომელი დაცული იყოს არაკანონიერი და არალეგიტიმური გავლენისგან და შეიქმნას მთლიანი სისტემის გამჭვირვალე, დამოუკიდებელი ფუნქციონირების გარანტიები.