ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება, 2020 წლის 8 თებერვალს მარნეულში პოლიციის მიერ ადმინისტრაციული წესით სამოქალაქო აქტივისტის რაშან ზიადალიევის დაკავების ფაქტს. ორგანიზაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მოუწოდებს დაუყოვნებლივ შეისწავლოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და განახორციელოს სათანადო სამართლებრივი რეაგირება.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია რაშან ზიადალიევი 8 თებერვალს მარნეულის ცენტრში პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს. შსს აქტივისტს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. რაშან ზიადალიევის განმარტებით, იგი მარნეულში  სავაჭრო ცენტრიდან გამოდიოდა, რა დროსაც პოლიციის თანამშრომლებმა გააჩერეს და შემდეგ დააკავეს. პოლიციის ერთ თანამშრომელს  კრიმინალური პოლიციის ფორმა ეცვა,  მეორე კი სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პირი იყო.  არც ერთმა სამართალდამცველმა არ წარუდგინა  თავი, რაშან ზიადალიევს, არ განუმარტა გაჩერების მიზეზი და შეეცადნენ ფოტოს გადაღებას, რაზეც რაშანმა უარი განაცხადა, ვინაიდან თან ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის წარდგენა პოლიციისთვის მას დაუყოვნებლივ შეეძლო. აქტივისტის განმარტებით, ფოტოს გადაღებაზე უარი პოლიციის თანამშრომლებმა მათდამი დაუმორჩილებლობად შეაფასეს და იგი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა  კოდექსის 173-ე მუხლის გათვალისწინებული სამართალდარღვევის თითქოსდა ჩადენის გამო დააკავეს. დაკავების შემდგომ კი ხელწერილით გაათავისუფლეს. რაშან ზიადალიევის სამართალდარღვევის საქმის განხილვა დღეს, რუსთავის საქალაქო სასამართლოში უნდა გამართულიყო, თუმცა სხდომა ჩანიშნული არ აღმოჩნდა.[1]

რაშან ზიადალიევი მარნეულში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტია, რომელიც ღიად საუბრობს ქვემო ქართლში არსებულ პრობლემებზე და აკრიტიკებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გატარებულ პოლიტიკას.  ის აქტიურად საუბრობს მუნიციპალიტეტში  არსებულ პრობლემებზე და არ უშინდება ეთნიკურად აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქეების, მიმართ არსებულ დისკრიმინაციულ და რეპრესიულ მიდგომებზე ისაუბროს. სწორედ  სამოქალაქო აქტივიზმს უკავშირებს რაშანი თავისი დაკავების ფაქტს. მისი განმარტებით,  დაკავებამდე პოლიციის თანამშრომლები უთვალთვალებდნენ, ხოლო თავად დაკავების ფაქტი განხორციელდა თვითნებურად, შესაბამისი სამართლებრივი ნორმების დაუცველად. იგი მიიჩნევს, რომ პოლიციის მხრიდან განხორცილებული ქმედება მისი როგორც აქტივისტის გაჩუმებისა და დაშინების მცდელობა უფრო იყო. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ რაშანი ნათესავების სახლში თვითნებური ჩხრეკის შემთხვევაზე და ამ პროცესში პოლიციის მხრიდან გადაცდომის პრობლემაზე უთითებდა.

რაშან ზიადალიევის დაკავების ფაქტი, პოლიტიკური შეხედულებების გამო სავარაუდო დევნისა და შევიწროების ნიშნებს ატარებს, რასაც ცხადია „გამყინავი ეფექტი“ აქვს რეგიონში მცხოვრები სხვა აქტივისტებისა და მოქალაქეების მიმართ. იმ პირობებში, როდესაც ხილვადი და სხვადასხვა აქტორის მიერ ღიად მხარდაჭერილი აქტივისტების მიმართ სამართალდამცავმა ორგანოებმა ამ ხარისხის თვითნებობა გაბედეს, ცხადი ხდება, თუ რამდენად დაუცველები არიან მათ წინაშე სხვა ნაკლებად პრივილეგირებული მოქალაქეები. არსებითია პოლიციის და უსაფრთხოების სამსახურებმა რეგიონებში შექმნან უსაფრთხო გარემო სამოქალაქო აქტივისტებისთვის და მოქალაქეებისთვის, რაც დემოკრატიის ბაზისური საფუძველია.

EMC მიიჩნევს, რომ აუცილებელია რაშან ზიადალიევის სასამართლო პროცესი განხილვა წარიმართოს გამჭვირვალედ და სამართლიანი სასამართლოს უფლების სტანდარტების განუხრელი დაცვით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს სამართალდამცავთა მიერ უფლებამოსილების გადაცდომის ფაქტების ეფექტური გამოვლენა და შესაბამისი ზომების მიღება.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, EMC მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინპექციას - დაიწყოს მომხდარი შემთხვევის შესწავლა, მოახდინოს შემთხვევაში მონაწილე პოლიციის თანამშრომლების იდენტიფიცირება და სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება.

EMC დააკვირდება რაშან ზიადალიევის საქმის განხილვას სასამართლოში და საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას მიაწვდის.