საქართველომ 1999 წელს ევროპის საბჭოს წევრი გახდა, რითაც ავტომატურად დააფიქსირა საკუთარი თანმხვედრი ღირებულებები რეგიონალური და უმცირესობათა ენების შესახებ ევროპულ ქარტიაში მოყვანილ პრინციპებთან მიმართებით და ურყევი ნება მოეხდინა დოკუმენტის რატიფიცირება. თუმცა, სახელმწიფოს ეს ნაბიჯი დღემდე არ გადაუდგამს.

უკანასკნელ პერიოდში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მიმართვის ტექსტზე, რომელიც საქართველოს პარლამენტს ქარტიის რატიფიცირების მოთხოვნის მიზნით უნდა გაეგზავნოს, ამ დრომდე მუშაობენ.

EMC შეშფოთებას გამოხატავს ზოგიერთი პოლიტიკოსისა და საზოგადოების წარმომადგენლის მხრიდან აღნიშნული თემით სპეკულირების გამო. სამწუხაროდ ხდება ამ მოთხოვნის, როგორც სეპარატიზმის საფრთხის შემცველი მოვლენის წარმოჩენა. EMC-ის მიაჩნია, რომ ქარტია არ შეიცავს ამგვარ საფრთხეს, ხოლო მისი რატიფიცირების მოთხოვნა საქართველოს მოქალაქეების მხრიდან სრულიად ლეგიტიმური და კონსტიტუციით დაცული მოთხოვნაა.

რეგიონალური და უმცირესობათა ენების შესახებ ევროპული ქარტია წარმოადგენს ადამიანის უფლებების სტანდარტების შემცველ დოკუმენტს. იგი მოწოდებულია დაიცვას და ხელი შეუწყოს რეგიონალური და უმცირესობათა ენების, როგორც ევროპის საერთო კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილის, გამოყენებასა და განვითარებას. ამისათვის, ქარტია არა მხოლოდ ადგენს, რომ დაუშვებელია დისკიმინაცია ამ ენების გამოყენებასთან დაკავშირებით, არამედ ითვალისწინებს კონკრეტული ღონისძიებების გატარებას ამ ენების აქტიური ხელშეწყობის მიზნით. იგი უზრუნველყოფს რეგიონალური და უმცირესობათა ენების გამოყენებას განათლების სისტემასა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში და დასაშვებს ხდის მათ გამოყენებას მართლმსაჯულებისა და ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობაში, აგრეთვე საზოგადოების ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში.

ქარტიის მიხედვითაც, უმცირესობათა ენის სტატუსი ეკუთვნის იმ ენებს, რომელიც ტრადიციულად გამოიყენება სახელმწიფოს შესაბამის ტერიტორიაზე ამ სახელმწიფოს მოქალაქეების მიერ, რომლებიც რიცხობრივად უფრო პატარა ჯგუფს წარმოადგენენ, ვიდრე ამ სახელმწიფოს დანარჩენი მოსახლეობა და განსხვავდებიან სახელმწიფოს ოფიციალური ენისგან (ენებისგან).

EMC სოლიდარულია საქართველოში მცხოვრები ენობრივი უმცირესობების მოთხოვნის და მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას მაქსიმალურად მოკლე და გონივრულ ვადებში მოახდინოს ქარტიის რატიფიცირება. ასევე საზოგადოების, უპირველესად კი ენობრივი უმცირესობების, ჩართულობით შეიმუშავოს სამოქმედო გეგმა ქარტიის მოთხოვნების სათანადო იმპლემენტაციისთვის.