ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფების მობილიზებამ და თბილისის ქუჩებში გადაადგილებამ ინტენსიური სახე მიიღო და უსაფრთხოების მაღალი რისკები შექმნა. განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ არიან „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები, უფრო ფართედ, ლგბტქი თემის წევრები და არანორმატიული გენდერული გამოხატვის მქონე ადამიანები.

ღირსების მარშის იდეის მიმართ დამოკიდებულებების მიუხედავად, შექმნილი მძიმე მდგომარეობა ყველა ჯგუფის კონსოლიდირებას და ადამიანის სიცოცხლისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით კოორდინირებულ მუშაობას მოითხოვს.

არსებითია სამართალდამცავმა ორგანოებმა მიიღონ ეფექტიანი და დროული პრევენციული ზომები ძალადობის რისკების გაზომვის და რეაგირების მიზნით. მათ შორის, აუცილებელია, პოლიციამ მიმდინარე დღეებში პატრულირება გააძლიეროს საჯარო შეკრების ადგილებში და ინტენსიური კომუნიკაცია იქონიოს სათემო ორგანიზაციებთან.

მნიშვნელოვანია, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებმა და სხვა პოლიტიკურმა აქტორებმა მშვიდობისა და ძალადობის დაუშვებლობის შესახებ უპირობო მხარდაჭერა გამოხატონ.

იმედი გვაქვს, რომ ჩვენს საზოგადოებას აღმოაჩნდება პოლიტიკური გამოცდილება და კეთილგონიერება იმისთვის, რომ არ შეუერთდეს ძალადობრივ ქმედებებს და არ დაუშვას საზოგადოებრივი მშვიდობის და ადამიანის საბაზისო უფლებების ხელყოფა.

EMC ლგბტქი თემის წევრებს მაქსიმალური სიფრთხილის ზომების მიღებისკენ მოუწოდებს და გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში, სამართლებრივი დახმარება გაუწიოს მათ.

EMC-ს ცხელი ხაზის ნომერია: 555 224 257