ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) საქართველოს იუსტიციის მინისტრის მხრიდან სახალხო დამცველის დისკრედიტაციის მძიმე შემთხვევებს ეხმიანება და საქართველოს მთავრობას მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის შესწავლასა და სახალხო დამცველისთვის ეფექტიანი და დამოუკიდებელი საქმიანობის გარანტიების შექმნისკენ მოუწოდებს. ამასთან, EMC მთავრობას პენიტენციურ სისტემაში სახალხო დამცველის მიერ გამოვლენილი ძალადობრივი პრაქტიკის და არაფორმალური მმართველობის სისტემების აღმოსაფხვრელად დაუყოვნებელი სისტემური ზომების მიღებას სთხოვს. გუშინ,  23 იანვარს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საჯარო გახადა ინფორმაცია, სასჯელაღსრულების ერთ-ერთ დაწესებულებაში, სახალხო დამცველის ვიზიტის და დაწესებულებაში განთავსებულ რამდენიმე პირთან, მისი კონფიდენციალური შეხვედრის შესახებ.[1] განცხადებაში დეტალურად არის მოცემული, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სახალხო დამცველის ვიზიტის პერიოდი, ასევე მითითებულია იმ პირთა მონაცემები, ვისაც უშუალოდ შეხვდა სახალხო დამცველი, კონკრეტული საქმეები, რის გამოც აღნიშნული პირები იხდიან სასჯელს და ინფორმაცია იმ პირთა შესახებ, რომლებმაც უარი განაცხადეს სახალხო დამცველთან შეხვედრაზე.[2]  

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობა უზრუნველყოფს სახალხო დამცველის კომუნიკაციის კონფიდენციალურობას დახურულ დაწესებულებებში მყოფ პირებთან.[3] კონფიდენციალურობის მაღალი გარანტიები პირდაპირ უკავშირდა სახალხო დამცველის მიმართ ნდობასა და ზოგადად, ინსტიტუტის ეფექტიან ფუნქციონირებას.

ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, სახალხო დამცველის საქმიანობის ძირეული პრინციპების დაცვა და პატივისცემა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფო ორგანოების და პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან. სახალხო დამცვლის ინსიტუტისა და საქმიანობის მიმართ, სახელმწიფოს დამოკიდებულება დიდწილად წარმოაჩენს ქვეყანაში ადამიანის უფლებების პატივისცემის და დაცვის  ხარისხს. პოლიტიკური კრიზისის ფაზაში პოლიტიკური სისტემების მხრიდან თავდასხმის სამიზნე ხშირად სახალხო დამცველის აპარატი ხდება, რაც ამ შემთვევაშიც სიმპტომატურად მოხდა.  

ნიშანდობლივია, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სახალხო დამცველის ვიზიტზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსგავსი რეაგირება, მოჰყვა სწორედ, სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის საპარლამენტო მოსმენას,[4]  სადაც სახალხო დამცველმა კრიტიკულად შეაფასა პენიტენციურ სისტემაში არსებული მდგომარეობა სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის, საზოგადოების  განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა დაწესებულებებში არსებულ ე.წ. არაფორმალური მმართველობის შემთხვევებს. სახალხო დამცველი უთითებდა, რომ კრიმინალური სუბკულტურის გავლენით ხდება პატიმრების არაფორმალური დაყოფა. შედეგად, პატიმართა გარკვეული ნაწილი, რომლებიც იმყოფებიან პრივილეგირებულ მდგომარეობაში, რეპრესიული მეთოდებით ახორციელებენ არაფორმალურ მმართველობას, რაც ხშირ შემთხვევაში იწვევს პატიმართა შორის ძალადობას და გამოიხატება სადამსჯელო ღონისძიებების გატარებაში იმ პატიმრების მიმართ, რომლებიც არ დაემორჩილებიან არაფორმალური მმართველობის წესებს. [5] სახალხო დამცველის შეფასებით ჩნდება ეჭვები, რომ ციხეების ადმინისტრაცია არსებულ არაფორმალურ წესრიგებს და მმართველობას იწყნარებს და იყენებს. სახალხო დამცველს ამ კუთხით ძალადობისა და სიცოცხლის ხელყოფის რამდენიმე მძიმე შემთვევაც მოყვას. ნიშანდობლივია სახალხო დამცველის ის მიგნებაც, რომ წლების მიხედვით, არაფორმალური მმართველობის გავლენის გაძლიერებასთან ერთად ლებულობს ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებებიდან მის სახელზე გამოგზავნილი განცხადებების რაოდენობა.  

სახალხო დამცველის ანგარიშს მასში მოცემული ინფორმაციის სიმწვავიდან გამომდინარე, ხელისუფლების მხრიდან სათანადო შეფასება არ მოჰყვა და ისევ სახალხო დამცველზე დაუსაბუთებელი თავდასხმებით ცდილობდნენ პრობლემის გადაფარვას და არ აღიაარებას. ჩვენ ვერ მოვისმინეთ პრობლემაზე სათანადო რეაგირების შესახებ ხელისუფლების ვერც ერთი კონსტრუქციული და საქმიანი პოზიცია. ამ პროცესში განსაკუთრებულად შემაშფოთებელი იყო იუსტიციის მინისტრის რეაქცია, რომელმაც სახალხო დამცველის ანგარიშში არსებულ ინფორმაციის ნაწილი არასწორად შეაფასა, ბრალი დასდო მას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი კონკრეტული პირების ლობირებაში,[6] და საბოლოო ჯამში, სისტემაში არსებული ფუნდამენტური პრობლემების ნაცვლად, საზოგადოებრივი დისკუსია მიმართა არასაგნობრივ საკითხებზე.[7]

პარლამენტის კომიტეტში სახალხო დამცველზე იუსტიციის მინისტრის პოლიტიკური თავდასხმების შემდეგ, სიმპტომატური იყო 23 იანვარს გასაჯაროვებული ინფორმაციის ქცეტექსტიც, რომელიც პატიმრობაში მყოფ პოლიტიკურ პირებთან სახალხო დამცველის ასოცირებას და მის პოლიტიკურ დისკრედიტაციას ცდილობდა. ღრმა პოლიტიკური პოლარიზების გარემოში სახალხო დამცველის ინსტიტუტზე არსებული პოლიტიკური ანტაგონიზმის გავრცელება და დისკრედიტაცია სრულად მიუღებელი და დემოკრატიული მიდგომებისგან მკვეთრ დაშორებაზე მიუთითებს.

სახალხო დამცველის საქმიანობის მიმართ სახელწიფოს ბოლოდროინდელი დამოკიდებულება შეიცავს მის მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორების და ამ ინსტიტუტის საქმიანობის დისკრედიტაციის ნიშნებს. მსგავსი დამოკიდებულით  ნათელია სახელმწიფოს მცდელობა, გადაფაროს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული ის მწვავე მდგომარეობა, რომელზეც საუბარია სახალხო დამცვლის ანგარიშში. პრობლემების აღიარების და მათ აღმოსაფხვრელად ქმედითი ნაბიჯების გადადგმის ნაცვლად, კანონის მოთხოვნების უხეში დარღვევით ხდება სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის შერყევა და ზოგადად, სამსახურის საქმიანობის შეფერხება. იმ დროს, როდესაც მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ საზოგადობებრივი ნდობა და საზოგადოებას ხელისუფლების არც ერთი შტოს საქმიანობის მიმართ არ აქვს სამართლიანობის და ობიექტურობის განცდა, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ პატივი სცეს და დაიცვას სახალხო დამცველის ინსტიტუტის საქმიანობის პრინციპები, უზრუნველყოს ამ ინსტიტუტის დამოუკიდებლობა და ხელი არ შეუშალოს მას საქმიანობის განხორციელებაში. სახალხო დამცველი იცავს ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის, პატიმრების უფლებებს და მისი მუშაობის კონფიდენციალობის გარანტიების დარღევა, სწორედ კონკრეტული ადამიანების უფლებრივ მდგომარეობაზე შეიძლება აისახოს. სახელმწიფოს აქვს კონსტიტუციური ვალდებულება ობიექტურად მიიღოს სახალხო დამცველის კრიტიკა და არსებულ გამოწვევების გადაჭრის მყისიერი და ეფექტიანი ზომები მიიღოს.  ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ:

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და კაბინეტმა იმსჯელონ იუსტიციის მინისტრის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე და მთავრობის აქტიური კოორდინაცით დაიგეგმოს სისტემური ღონისძიებები პენიტენციურ სისტემაში არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად, მათ შორის სისტემაში არაფორმალური მმართველობის და პატიმართა უფლებების დარღვევის შემთხვევების აღსაკვეთად;
  • სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დროულად შეისწავლოს ბოლო დღეებში გამოვლენილი ფაქტები და დაადგინოს, რამდენად კანონიერად ახორციელებდა პენიტენციური სამსახური სახალხო დამცველის წარმომადგენლების ვიზიტების მონიტორინგს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში;
  • საქართველოს მთავარმა პროკურატურამ წარმართოს სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება 23 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე და გამოკვეთოს შესაძლო პასუხისმგებელი პირები იმ ქმედებებზე, რომლითაც აშკარად ექმნება საფრთხე სახალხო დამცველის ეფექტურობასა და ინსტიტუტის დამოუკიდებელ საქმიანობას.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია