ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს, უზრუნველყოს ტელეეთრით საქართველოს არაქართულენოვანი მოსახლეობის რეგულარული ინფორმირება COVID-19 პანდემიასთან და მის პრევენციასთან დაკავშირებით.

საქართველოში COVID-19 ვირუსის გავრცელების ფონზე შექმნილმა სოციალურმა კრიზისმა ნათლად დაანახა საზოგადოებას და სახელმწიფოს ის სისტემური გამოწვევები, რომელიც რეგიონებში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები წინაშე დგას. მათ შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა უმცირესობებისთვის გასაგებ ენაზე ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობაა. ადამიანის უფლებათა არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები წლების განმავლობაში უთითებენ ეთნიკური უმცირესობების მათთვის გასაგებ ენაზე ინფორმირებასთან დაკავშირებით, სახელმწიფოს ვალდებულებების ეფექტიანი შესრულების აუცილებლობაზე.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელეეთერში (მეორე არხზე) საინფორმაციო გამოშვება „მოამბე“ უმცირესობების ენაზე უკვე რამდენიმე წელია აღარ გადაიცემა. მისი ჩანაცვლება მთლიანად მოხდა ვებ პორტალით 1TV.ge, რომელიც ახალ ამბებზე წვდომას 7 სხვადასხვა ენაზე უზრუნველყოფს. ცხადია, რომ იმ პირობებში, როდესაც ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს სოციალური, ინფრასტრუქტურული და სხვა მიზეზების გამო ინტერნეტზე ხელი არ მიუწვდება, ინტერნეტ მედიუმის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს ეთნიკური უმცირესობებისთვის ინფორმაციაზე ჯეროვან ხელმისაწვდომობას.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ტელე ეთერით სომხურ და აზერბაიჯანულ ენაზე ინფორმაციის გავრცელება დაიწყო. თუმცა ბოლო რამდენიმე დღეა, მითითებულ ენებზე ინფორმაცია ვირუსისა და მისი გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით ძირითადად, მხოლოდ 12 საათიანი და 3 საათიანი „მოამბის“ დროს, ან დამთავრებისთანავე საინფორმაციო რგოლების სახით გადის. ამას გარდა, დღეში რამდენჯერმე სარეკლამო ეთერში უმცირესობების ენებზე ვრცელდება StopCoV.ge-ს საინფორმაციო კლიპები. თუმცა ძირითადი ინფორმაცია, სადაც დღის მთავარი მნიშვნელოვანი მოვლენებია ნაჩვენები, კვლავაც მხოლოდ ვებ-პორტალზეა მოთავსებული. ვებ პორტალზე აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე დღეში ოთხჯერ გადის „მოამბე,“ თითოეული გამოშვება 3-5 წუთიანია გარდა საღამოს გამოშვებისა, 8 საათიანი „მოამბე“ 6-8 წუთის ფარგლებში მერყეობს. ვებსაიტზე შვიდივე ენაზე თარგმნილია სტატიები ქვეყნისა და მსოფლიოს მთავარი ამბების შესახებ, მათი უმრავლესობა ბოლო რამდენიმე კვირაა მოიცავს ინფორმაციას კორონავირუსის გარშემო - მინისტრების განცხადებებს თუ მსოფლიოში არსებულ მდგომარეობას. ამას გარდა, როგორც რამილია ალიევა, საზოგადოებრივ მაუწყებელზე „მრავალფეროვანი საქართველოს“ ჯგუფის წევრი აცხადებს, აზერბაიჯანულენოვან და სომხურენოვან მოქალაქეებს აპლიკაცია Whats-App-ის მეშვეობით შეუძლიათ გამოიწერონ პირველი არხის ნომრები საკუთარ ენაზე და დღის განმავლობში მიიღონ საჭირო ინფორმაცია.

იმის მიუხედავად, რომ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში არსებული წესებისა და StopCoV.ge-ს საინფორმაციო რგოლების საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემა პოზიტიური მოვლენაა, არსებულ პირობებში, როდესაც სასიცოცხლოდ აუცილებელია მოსახლეობის სწორი და სრული ინფორმირება, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ უზრუნველყოფს ამ მოვალეობის სრულყოფილად შესრულებას. სატელევიზიო ეთერში, ვებ პორტალისგან განსხვავებით, მხოლოდ მწირი ინფორმაცია გადაიცემა აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე და დღის განმავლობაში თითოეულ ენაზე გასული ინფორმაცია ჯამში 10 წუთსაც კი არ შეადგენს. პირველ არხზე ყოველდღე გადის გადაცემა „პირადი ექიმი“, რომელიც ჩართვებისა და რჩევების მეშვეობით ცდილობს მოსახლეობის ინფორმირებას კორონავირუსის შესახებ, თუმცა არც ეს ინფორმაცია ითარგმნება რაიმე გზით უმცირესობის ენებზე.

პირველი არხის გუნდი მნიშვნელოვან შრომას უკვე წევს იმისთვის, რომ ინფორმაცია სხვადასხვა ენაზე იყოს ხელმისაწვდომი, თუმცა ის ვებ პლატფორმის ფორმატს თითქმის ვერ სცდება. დამაფიქრებელია, რომ იმ პირობებში, როდესაც ტელევიზია მარნეულისა და ბოლნისის სოფლებში ხშირად ინფორმაციის ძირითადი წყაროა, მთავარი ყურადღება მიპყრობილი უნდა იყოს სწორედ იმ მედიუმებზე, რომლებიც არადომინანტური ჯგუფების ყველაზე სწრაფ და მასშტაბურ ინფორმირებულობას უზრუნველყოფს.

ბოლო ხელმისაწვდომი მონაცემებით, საქართველოში ინტერნეტ დაფარვა 68.1%-ია, ხოლო ქვემო ქართლში ინტერნეტ დაფარვა არის 60.5%,.სატელეფონო ინტერნეტ დაფარვა ბევრად მაღალია, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ დიდი განსხვავება არსებობს გეოგრაფიულ და ასაკობრივი ფაქტორების მიხედვით და სოფლად მცხოვრები მოსახლეობა, ისევე როგორც 60 წელს გადაცილებული მოსახლეობა ინტერნეტს ბევრად უფრო ნაკლებ ან საერთოდ არ მოიხმარს. გეოგრაფიული სხვაობა გამოწვეულია რეგიონებში სათანადო ინფრასტრუქტურის არარსებობით, ინტერნეტის უფრო დაბალი ხარისხითა და ინტერნეტის სიძვირით [5], რომლის გადახდაც ბევრად უფრო უძნელდებათ სოფლის მაცხოვრებლებს.

აღსანიშნავია, რომ ეთნიკური უმცირესობების სათანადო ინფორმირება და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების აქტუალური საკითხების გაშუქება საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამულ პრიორიტეტებში ექცევა და არსებითია ამ პრიორიტეტის სრულყოფილი შესრულება მაუწყებლის მიერ.

იმის გათვალისწინებით, რომ პანდემიის პირობებში კრიტიკული მნიშვნელობისაა ვირუსის გავრცელების, მისი პრევენციისა და სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ მოსახლეობის სწრაფი, რეგულარული და ხელმისავწდომი ინფორმაციის გავრცელება მათთის გასაგებ ენებზე, EMC საზოგადოებრივ მაუწყებელს მოუწოდებს:

  • დღეში რამდენჯერმე, მყარად დადგენილ დროს უზრუნველყოს საინფორმაციო გამოშვებების უმცირესობების ენებზე გავრცელება ტელეეთერით;
  • რელევანტური საზოგადოებრივი გადაცემები მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვის, სასკოლო განათლების შესახებ ასევე თარგმნოს და ტელეეთერით გაავრცელოს უმცირესობების ენაზე;
  • სოციალური რგოლების გზით ეთნიკურ უმცირესობებს რეგულარულად მიაწოდოს ინფორმაცია კარანტინის პირობებში არსებული შეზღუდვების, პრევენციისთვის საჭირო რეკომენდაციების შესახებ და ასევე, სახელმწიფოს მიერ ორგანიზებულ პროგრამებთან, სერვისებთან და გეგმებთან დაკავშირებით.