ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი აფასებს ტექსტილის სფეროში დასაქმებულ ქალთა შრომითი უფლებების უხეში დარღვევის პრაქტიკას და სფეროში არსებულ სისტემურ პრობლემებს, რომელიც განსაკუთრებულად მწვავე სახეს ქალთა შრომითი სპეციფიკის გათვალისწინებით იღებს. ჯერ კიდევ 2017 წელს, EMC-ს მიერ ჩატარებული თვისებრივი კვლევებით გამოვლინდა[1] ის მძიმე და დაუნდობელი რეალობა, რასთან შეგუებაც სამკერვალო ფაბრიკებში დასაქმებულ ქალებს უწევთ. ბოლო დროს OC Media-ს მიერ საგამოძიებო ჟურნალისტიკის მეთოდით მომზადებულმა სტატიების ციკლმა ეს პრობლემა კიდევ ერთხელ გამოიტანა სააშკარაოზე.

უმუშევრობის მაღალი დონის, მდგრადი და გრძელვადიანი დასაქმების ადგილების არარსებობის, დაბალ ხელფასზე ადამიანთა მაღალი დამოკიდებულების და სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის სხვა ჩავარდნებით შექმნილ ისედაც უთანასწორო და ექსპლუატაციურ შრომითი ბაზრის პირობებში, განსაკუთრებულად მძიმედ დგას ქალთა შრომის საკითხები. გარდა იმისა, რომ არაერთი სტრუქტურული და სისტემური გამოწვევა არსებობს სხვადასხვა ასაკის ქალისთვის სამუშაოს პოვნის, თანამდებობრივად დაწინაურების, შევიწროების, იმავე პოზიციაზე მომუშავე ან კვალიფიკაციის მქონე მამაკაცის ტოლფასი ანაზღაურების ქონის კუთხით, ასევე გამოწვევებს წარმოადგენს ისეთი წინარე სოციო-კულტურული და ეკონომიკური ბარიერები, როგორიცაა: განათლებაზე ხელმისაწვდომობა, ქალთა როლისა და ფუნქციის არსებული პატრიარქალური გაგება, ოჯახის შიდა სტრუქტურა და ა.შ. ეს გარემოებები ერთობლიობაში ქმნის მოცემულობას, რომელშიც ნორმალიზებული და "ბუნებრივია" ქალთა იმაზე მეტი ექსპლუატირება, ვიდრე ეს მსგავს გარემოში მომუშავე კაცის შემთხვევაში გვაქვს.

სათანადო კანონმდებლობისა და ეფექტური შრომის ინსპექციის არარსებობის გამო, ტექსტილის სფეროში დასაქმებულებს, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ქალია, ღირსების შემლახავ გარემოსა და პირობებში უწევთ ყოველდღიური სამუშაოს შესრულება, მიზერული და გაწეულ შრომასთან შეუსაბამო ანაზღაურების ფასად. თავისთავად, დარღვევათა მასშტაბი და სისტემურობა სახელმწიფოს შრომითი პოლიტიკის სისუსტესა და ფორმალურობას უსვამს ხაზს. წლებია, ქვეყანაში არსებული შრომის პოლიტიკა ვერ ახერხებს დასაქმების ადგილებზე დამკვიდრებული და ფესვგადგმული შრომითი ექსპლუატაციის აღმოფხვრას და მშრომელებისთვის, განსაკუთრებით ქალებისთვის, ღირსეული სამუშაო პირობების გარანტირებას.  

 

მდგომარეობის აღწერა და შეფასება

OC Media-ს მიერ გამოქვეყნებული სტატიებით იკვეთება, რომ სამკერვალოებში დასაქმებულ ქალთა საშუალო ანაზღაურება 350-400 ლარის ფარგლებში მერყეობს. ამასთან, სახელფასო სისტემის ბუნდოვანებას სისტემური ხასიათი აქვს და ხშირ შემთხვევაში თვიური ხელფასის ზუსტი ოდენობა დასაქმებულებმა წინასწარ არ იციან. ხშირია ხელფასების დაგვიანების შემთხვევებიც, რაც მაგალითად, 2019 წლის ივლისში ქუთაისში არსებულ  "ქუთექსის" სამკერვალოში პროტესტის მიზეზი გახდა.

ის ფაქტი, რომ დასაქმებულებს არ აქვთ ზუსტი და ამომწურავი ინფორმაცია საკუთარი შრომითი ანაზღაურების შესახებ, წინასახელშეკრულებო ურთიერთობის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევაა. გაწეული შრომის ანაზღაურების საკითხის პრობლემურობას ასევე ამწვავებს ფაბრიკაში დასაქმებულთათვის პასუხისმგებლობის დაკისრების არსებული სისტემა - ბონუსებისა და ჯარიმების ბუნდოვანი სქემები. მატერიალური ზიანის კომპენსირების მიზნით, დასაქმებულთა უშუალო ბრალეულობის გარეშე შემოსავლის დაქვითვის პრაქტიკა ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, რადგანაც ნაცვლად ინდივიდუალური ბრალეულობის გამორკვევისა (ასეთის შემთხვევაში) კომპანია დაუსაბუთებლად და გაუმჭვირვალედ უქვითავს დასაქმებულებს შრომის ანაზღაურების ნაწილს, რაც უხეშად არღვევს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

აქვე აღსანიშნავია, რომ ტანსაცმლით მოვაჭრე ცნობილი ბრენდების წარმოება (LC Wikiki, Equiline, Dainese, Uvex, Moncler), რომელთა პროდუქტის საცალო ღირებულება ოთხნიშნა რიცხვსაც კი აღწევს, ხშირ შემთხვევაში 10-ჯერ ან მეტჯერ აღემატება მისი მწარმოებელი დასაქმებული ქალის თვიურ ხელფასს. აღნიშნული მოცემულობა შედეგია იმ პოლიტიკისა, რომელიც საერთაშორისო ბაზარს ქვეყნის "შედარებით უპირატესობად" "იაფ მუშახელს" და სუსტ შრომით რეგულაციებს სთავაზობს, რაც საშუალებას იძლევა მშრომელთა ჭარბი ექსპლუატირების სანაცვლოდ ქვეყანამ საერთაშორისო კომპანიები მოიზიდოს და ეკონომიკური ზრდისა თუ წარმოების განვითარების ერთგვარი ილუზია შექმნას.

ის გარემოება, რომ ტექსტილის სფერო დიდწილად კომერციულ შეკვეთებზეა დამოკიდებული და ადგილობრივი ბაზრის განუვითარებლობის გამო ვერ ქმნის წარმოების მდგრად და სტაბილურ ჯაჭვებს, იწვევს თავად საწარმოო პროცესის ეპიზოდურობას და არამდგრადობას. ასეთ პირობებში კი კომერციული შეკვეთების მიღება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ოპტიმალურ დროში და მცირე ხარჯებით შეძლებს სამკერვალოები დიდი მოცულობის შეკვეთების შესრულებას და წუნების თავიდან არიდებას. როგორც წესი, მსგავსი წნეხი, უმეტესწილად, რიგით მკერავებზე და დასაქმებულებზე გადადის და მათგან მოითხოვს, ხანგრძლივ, უწყვეტ და აუნაზღაურებელ ზეგანაკვეთურ შრომას.

შედეგად, დამსაქმებლის მხრიდან სისტემატურად ირღვევა შრომის კოდექსით რეგულირებული სამუშაო დროით დადგენილი სტანდარტი. ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების ნორმად გადაქცევა ეწინააღმდეგება შრომის კოდექსს და მისი საგამონაკლისოდ გამოყენების იდეას. ამას გარდა, კანონმდებლობის ცხადი დარღვევაა შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაოს აუნაზღაურებლობა, რომელიც არსებული რეგულაციის პირობებში გაზრდილი ტარიფით უნდა ანაზღაურდეს.

როგორც სტატიების რესპონდენტები ყვებიან, მაღალი წნეხის პირობებში განსაკუთრებით ხშირდება ზემდგომი მენეჯერების და დირექტორის მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფისა თუ ფსიქოლოგიური ზეწოლის შემთხვევები. მაგალითად, სტატიაში საუბარია რომ ზემდგომი მენეჯერები ხშირად მიმართავენ თანამშრომლების დაშინებისა და ტერორის მეთოდებს, ხშირ პრაქტიკას წარმოადგენს ყვირილით და შეურაცხმყოფელი ფორმებით კომუნიკაცია, რასაც ადგილი უმეტესად დაძაბულ და დიდი შეკვეთების მიღების პირობებში აქვს. საქართველოს შრომის კოდექსით დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულისათვის უზრუნველყოს უსაფრთხო სამუშაო გარემო, რაც გარდა უსაფრთხო ფიზიკური სამუშაო გარემოს არსებობისა, არადისკრიმინაციულ სამუშაო სივრცესა და ღირსეულ შრომით პირობებს გულისხმობს.

სამკერვალოებში პრობლემები უსაფრთხო ფიზიკური სამუშაო გარემოს კუთხითაც გვხვდება. გამოქვეყნებულ სტატიაში აღწერილი სამუშაო გარემო და შრომითი პირობების ერთობლიობა ნათლად წარმოაჩენს როგორც სამკერვალო ფაბრიკებში საწარმოო შემთხვევების ხშირ საფრთხეებს, ისე დასაქმებულებისათვის პროფესიული დაავადების განვითარებისა და ჯანმრთელობისათვის გრძელვადიან პერსპექტივაში საფრთხის შექმნის რეალურ რისკებს. კერძოდ, სტატიაში არაერთხელ არის ხაზგასმული მაღალი დამტვერიანება და ხმაურის ინტენსივობა; მოყვანილია, ეპილეფტიკური შეტევის და მაკრატლით ხელის მძიმედ დაზიანების შემთხვევებიც, იმ პირობებში, როცა პირველადი დახმარების აღმოჩენისთვის საწარმოში არ მოიპოვება პირველადი დახმარების სამედიცინო ინვენტარი. ამ და სხვა გარემოებებიდან აშკარად იკვეთება დამსაქმებლის მხრიდან უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნის ვალდებულებისადმი ინდიფერენტულობა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების სისტემატიური დარღვევა.

OC Media-ში გამოქვეყნებული მასალის თანახმად, ტექსტილის სფეროში ხშირია ეპიზოდური დასაქმება, რაც გარკვეულწილად ხანგრძლივვადიან და უვადო დასაქმების შესაძლებლობებს გამორიცხავს და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამ სფეროში დასაქმებულთა არასრული დასაქმებისა და პრეკარიატული შრომის პრობლემას.

იმ პირობებში, როდესაც დასაქმებულებს არ გააჩნიათ შრომითი ურთიერთობის გრძელვადიანი შენარჩუნების და სტაბილურობის გარანტია და მათთვის სამუშაოს არსებობა სხვა გარე ფაქტორებზეა დამოკიდებული (დამსაქმებლის კეთილი ნება, ტენდერები და სხვა), სრულად იცვლება შრომითი ურთიერთობის შინაარსი და ეს უკანასკნელი მნიშვნელოვნად ზღუდავს ამ ურთიერთობის სპეციფიკიდან გამომდინარე დასაქმებულისათვის არსებულ სოციალური დაცვის გარანტიებს.​

გავრცელებული ინფორმაციიდან ჩანს, რომ შრომის კოდექსით დადგენილი რეგულაცია, რომელიც მოკლევადიანი კონტრაქტების გაფორმებას ზღუდავს და ამით ცდილობს ხელი შეუწყოს დასაქმებულების სამუშაო ადგილის სტაბილურობასა და სოციალურ მდგრადობას, ტექსტილის ფაბრიკებში დასაქმებულთათვის პრაქტიკაში უმოქმედოა და სისტემატიურად ირღვევა.

სამკერვალოებში დასაქმებულთა შრომითი უფლებების დასაცავად სახელმწიფოს პროაქტიული ქმედებების აუცილებლობას ხაზს უსვამს ის ფაქტიც, რომ ამ სფეროში დასაქმებულთა ორგანიზების გამოცდილება დაბალია. სუსტია პროფესიული კავშირების ფუნქციონირებაც და მათი ჩართულობა მხოლოდ ერთეულ გამოცდილებებს უკავშირდება. თვითორგანიზებას აფერხებს მოკლევადიანი შრომითი ურთიერთობები და კადრების სწრაფი ცვლილება, დასაქმებულებს შორის შრომითი უფლებებისა და სამართლებრივი დაცვის ინსტრუმენტების შესახებ ინფორმირების ნაკლებობა, რაც საბოლოოდ ტექსტილის სფეროში დასაქმებულ პირებს დასაქმებულებს შორის სპეციფიკურ და მოწყვლად ჯგუფს წარმოაჩენს.

მიუხედავად იმისა, რომ შრომითი ურთიერთობის ასიმეტრიული ბუნებიდან გამომდინარე საქართველოს ხელისუფლებას დასაქმებულის უფლებების დარღვევის პრევენციული და რეაგირებითი სისტემის დანერგვის ვალდებულება არაერთი საერთაშორისო და შიდასამართლებრივი აქტით აქვს ნაკისრი, სამწუხაროდ, ეს უფლებები დასაქმებულებისათვის ილუზორულია, მთლიანად გადანდობილია დამსაქმებლის კეთილსინდისიერებაზე და შედეგად მათ დარღვევას დასაქმების ბევრ ადგილას და მათ შორის სამკერვალოებში არა საგამონაკლისო, არამედ სისტემური ხასიათი აქვს.

სამწუხაროდ, შრომითი უფლებების მიმართულებით სახელმწიფოს მიერ აქამდე გატარებული ყველა მცდელობა ფრაგმენტული და არაკომპლექსურია. ყველაზე მნიშვნელოვან ხარვეზს კი, ამ სფეროზე პასუხისმგებელი ორგანოების არასისტემური მუშაობა წარმოადგენს, რაც მთლიანობაში ვერ ახერხებს ადამიანების, მათი დასაქმების ადგილებზე დაღუპვისა და დაშავებისგან დაცვას.

დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ ძირითად ორგანოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი (შემდგომში შრომის ინსპექცია) წარმოადგენს.

შრომის ინსპექციის უფლებამოსილება დღესდღეობით არ ვრცელდება შრომითი უფლებების აღსრულების ზედამხედველობაზე და შეზღუდულია დასაქმებულთა შრომით უსაფრთხოებაზე ზედამხედველობით. მაგრამ შრომითი უფლებები და უსაფრთხოება ურთიერთდაკავშირებულია და მათი მსგავსი ხელოვნური გამიჯვნა უარყოფითად აისახება დასაქმებულთა მდგომარეობაზე. ხშირ შემთხვევაში,  საწარმოო შემთხვევები სწორედ შრომითი უფლებების, ზეგანაკვეთური შრომის, დაურეგულირებელი სამუშაო დღეების, დასვენების თუ შესვენების არარსებობითა და სხვა მსგავსი გარემოებებით იყო გამოწვეული, რომელიც აღნიშნული დაყოფის შედეგად შრომითი ინსპექციის ზედამხედველობის სფეროს გარეთ რჩება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მივმართავთ:

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს:

  • დაინტერესდეს შრომის უსაფრთხოების კუთხით ტექსტილის სფეროში არსებული მდგომარეობით და დაუყოვნებლივ მოახდინოს სამკერვალო ფაბრიკების ინსპექტირება;

საქართველოს პარლამენტს:

  • შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების გზით, შრომის ინსპექციას მიენიჭოს ეკონომიკის ყველა სექტორში დასაქმებულ პირთა შრომითი უფლებებისა და შრომითი უსაფრთხოების ინსპექტირებისა და დარღვევების პრევენციის მიზნით შესაბამისი სანქციების გატარების უფლებამოსილება.