მიმდინარე წლის 25 მაისს, ნორიოს ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე, თავდაცვის სამინისტროს პირველი საარტილერიო ბრიგადის სამხედრო პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც ერთ-ერთმა სამხედრომ - სერგო ჯიმშერაშვილმა - თავის ტვინის დაზიანებები მიიღო და 25 მაისიდან 1 სექტემბრამდე კომაში იმყოფებოდა. სერგო ჯიმშერაშვილი 1 სექტემბერს თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა.

საქმეზე გამოძიებას, 28 მაისიდან, შსს ქვემო-ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველო აწარმოებდა. გამოძიების ფარგლებში ბრალი წარედგინა ხუთ სამხედრო მოსამსახურეს, საიდანაც ერთი პირი ბრალდებულია სერგო ჯიმშერაშვილის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია (სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილი). ოთხი სამხედრო კი ბრალდებულია დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე (სსკ-ის 376-ე მუხლი). ამ საქმეზე წინასასამართლო სხდომა რუსთავის საქალაქო სასამართლოში დღეს (4 სექტემბერს) იმართება.

EMC, ოჯახის მომართვის საფუძველზე, გამოძიების წინაშე სერგო ჯიმშერაშვილისა და მისი ოჯახის წევრების ინტერესებს იცავს.

სერგო ჯიმშერაშვილის ჯანმრთელობის დაზიანებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის შესახებ მიმდინარე საქმის მასალების სრულად გაცნობის შემდეგ ირკვევა, რომ 25 მაისს მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მყისიერი რეაგირება არ მომხდარა. ამ დროისთვის დაუდგენელი მიზეზებით, შსს-ში გამოძიება მხოლოდ 3 დღის დაგვიანებით დაიწყო. გამოძიებით დადასტურებულია, რომ სერგო ჯიმშერაშვილის მძიმე დაზიანებებით თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში შეყვანის შესახებ, სამართალდმაცავ ორგანოში შეტყობინება სამედიცინო დაწესებულების მხრიდან მომხდარის ღამესვე გაკეთდა, თუმცა შეტყობინებაზე რეაგირება სამი დღის განმავლობაში უცნობი მიზეზით არ მომხდარა. გამოძიება, 2018 წლის 28 მაისს, მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც კომაში მყოფი სერგო ჯიმშერაშვილის დედამ, შსს-ს ვაზიანის განყოფილებას განცხადებით მიმართა.

გამოძიების მასალებით ასევე დგინდება, რომ ინციდენტში მონაწილე და შემსწრე პირები, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მალავდნენ სერგო ჯიმშერაშვილის დაზიანებების რეალურ მიზეზს და წარმომავლობას. დაპირისპირების შემდეგ, ნორიოს ტყეში გამოძახებულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას, ადგილზე მყოფმა სამხედრო პირებმა, სერგო ჯიმშერაშვილის უგონო მდგომარეობაში ყოფნის მიზეზად ინტოქსიკაცია დაუსახელეს.

საქმის მასალებით ასევე იკვეთება, რომ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის თანამშრომლები, სამხედრო პირებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისა და სერგო ჯიმშერაშვილის ცემის შესახებ 25 მაისს, კონფლიქტის დღესვე, ფლობდნენ ინფორმაციას. მიუხედავად იმისა, რომ მომხდარი დაპირისპირების გამოძიება სამხედრო პოლიციის ქვემდებარე არ იყო, გამოძიების მასალებით იკვეთება, რომ სამხედრო პოლიციას არაფერი მოუმოქმედებია მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე შესაბამისი ორგანოების ინფორმირების და სათანადო რეაგირების უზრუნველსაყოფად. საქმის მასალებით ასევე არ იკვეთება მათი მცდელობა, სერგო ჯიმშერაშვილის მკურნალი ექიმებისთვის, დაზიანებების შესახებ რეალური ინფორმაცია მიეწოდებინათ.

საქმეში არსებული მტკიცებულებებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა ქმედებებში იკვეთება, 25 მაისს მომხდარი დაპირისპირების რეალური გარემოებების დადგენის პროცესისთვის და სერგო ჯიმშერაშვილისთვის მიყენებული დაზიანებების წარმომავლობის შესახებ სამედიცინო პერსონალისა და მისი ოჯახის წევრებისთვის, ავთენტური ინფორმაციის მიწოდების ხელშეშლის ფაქტი. საქმის ამ ნაწილზე, 23 აგვისტოდან, გამოძიებას აწარმოებს ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურა.

მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, პროკურატურამ უზრუნველყოს გამოძიების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური წარმოება, რათა სრულად გამოიკვეთოს შსს-ს კრიმინალური პოლიციისა და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის წარმომადგენელთა შესაძლო გულგრილობის, უმოქმედობის ან სხვა პირადი დაინტერესების და პასუხისმგებლობის საკითხი. ასევე, იმისთვის რომ სერგო ჯიმშერაშვილის ოჯახის წევრებს ხელი მიუწვდებოდეთ მიმდინარე გამოძიების პროცესზე და ჰქონდეთ შესაძლებლობა დააკვირდნენ გამოძიების ხარისხს, პროკურატურამ უმოკლეს ვადებში უნდა უზრნველყოს მათთვის დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსის მინიჭება.

EMC მოგვიანებით ასევე წარმოადგენს გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით დეტალურ სამართლებრივ შეფასებას.