EMC-ს შეფასებით, შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც საზოგადოების ნდობა სახელმწიფო უწყებების მიმართ მუდმივად დაბალია, ხოლო სამართალდამცავ უწყებებს უწევთ კრიზისულ ვითარებაში მუშაობა, აუცილებელია, რომ ამ უწყებების ხელმძღვანელებად ინიშნებოდნენ პირები, რომელთაც აქვთ სანდო პროფესიული რეპუტაცია და მათი კეთილსინდისიერების მიმართ საზოგადოებაში არსებობს მაღალი კონსენსუსი. შესაბამისად, საპროკურორო საბჭოს აქვს განსაკუთრებულად მაღალი კონსტიტუციური პასუხისმგელობა, არ დაუშვას აღნიშნულ თანამდებობაზე იმგვარი კანდიდატის დანიშვნის შესაძლებლობა, რომლის მიმართ კრიტიკულია საზოგადოების დამოკიდებულება. ამ პროცესის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს საპროკურორო საბჭოს საქმიანობის ხარისხს, მისი რეალური დამოუკიდებლობის დონეს და იმას, თუ რამდენად აქვს გათავისებული საპროკურორო საბჭოს საკუთარი კონსტიტუციური როლი, სისტემის დამოუკიდებულობის უზრუნველსაყოფად.

4 თებერვალს, საპროკურორო საბჭოში გასაუბრებაზე კანდიდატმა ირაკლი შოთაძემ ფართოდ ისაუბრა პროკურატურის განვითარების გეზზე, უწყების წინაშე არსებულ გამოწვევებსა და შემდგომი განვითარების საკუთარ ხედვაზე. მათ შორის ისეთ საკითხებთან მიმართებით, როგორიცაა სისტემის საქმიანობის ეფექტიანობა, გამომძიებელთა კვალიფიკაციის და გამოძიების ხარისხის ამაღლება, პროკურორთა სპეციალიზაცია და სასწავლო აქტივობების დანერგვა, ყოველწლიური ვიქტიმოლოგიური კვლევების აუცილებლობა ქვეყანაში და ა.შ. საგულისხმოა, რომ სისტემის განვითარების სტრატეგიებზე მსჯელობისას, ირაკლი შოთაძის გასაუბრებას მუდმივად თან სდევდა წინა ხელისუფლების დროს არსებული მძიმე მემკვიდრეობის შედეგებზე ხაზგასმა. თუმცა, ამ პერიოდზე რაიმე პასუხისმგებლობას თავად შოთაძე არ გრძნობს იმის მიუხედავად, რომ 2006 წლიდან თავადაც იკავებდა პროკურატურის და ფინანსური პოლიციის მაღალ თანამდებობებს.

გასაუბრების დროს კანდიდატმა დადებითად შეაფასა საპროკურორო საბჭოს საქმიანობის და გენერალური პროკურორის კანდიდატის შერჩევის არსებული მოდელი და ის კრიტიკა, რაც ამ მიმართულებით საზოგადოებაში არსებობს, დემოკრატიული პროცესის დისკრედიტაციად მიიჩნია. მსჯელობის იმ ხაზმა, რომელიც წარმოდგენილ კანდიდატს, სისტემის მიმართ არსებული გამოწვევებზე საზოგადოებრივი რეაქციების, კრიტიკის მიმართ ჰქონდა, ერთმნიშვნელოვნად გამოკვეთა მისი დამოკიდებულება საზოგადოებრივი აზრის, იმ ძირითადი კრიტიკის და წუხილების მიმართ, რაც მის კანდიდატურასთან დაკავშრებით ქვეყანაში არსებობს.

საკუთარ სტრატეგიასა და ხედვაზე საუბრის დროს, ირაკლი შოთაძე თავს არიდებდა იმ რეზონანსულ საქმეებზე საუბარს, რამაც რეალურად შექმნა საზოგადოების დამოკიდებულება მთლიანად პროკურატურის და მისი, როგორც ამ უწყების ხელმძღვანელის მიმართ. მათ შორის, კანდიდატს სათანადოდ არ გაუმახვილებია ყურადღება თემირლან მაჩალიკაშვილის და აფგან მუხთარლის საქმეებზე, ლაშა თორდიასა და ოთარ ფარცხალაძეს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე, ,,ხორავას ქუჩის“ საქმეზე, რის გამოც თავის დროზე მან გენერალური პროკურორის თანამდებობა დატოვა. გასათვალისწინებელია, რომ ,,ხორავას ქუჩის“ საქმეზე ამ დრომდე არ არის საბოლოო შედეგები დამდგარი პროცესში მონაწილე პირების მიმართ და არ არის გამოკვეთილი, რა პასუხისმგებლობა ჰქონდათ საქმის სამართალწარმოებაში გამოვლენილ ხარვეზებზე კონკრეტული უწყებების ხელმძღვანელებს. ამ ფონზე, კანდიდატს არ ჰქონია მცდელობა უშუალოდ აეხსნა საზოგადოებისთვის, სისტემაში მისი დაბრუნების შემთხვევაში, რა გზით შეძლებდა არსებული პრობლემების მოგვარებას და კონკრეტული მძიმე საქმეების გამოძიებას. უწყების მიმართ კრიტიკულად დაბალი საზოგადოებრივი ნდობის საპირწონე არგუმენტი კანდიდატისთვის, მხოლოდ უწყებაში არსებული მძიმე პოლიტიკური მემკვიდრეობა იყო.

EMC კიდევ ერთხელ მოუწოდებს საპროკურორო საბჭოს:

  • მხარიარ დაუჭიროს ირაკლი შოთაძის კანდიდატურას გენერალური პროკურორის თანამდებობაზე;
  • დაასაბუთოს და გაასაჯაროოს თითოეული წარდგენილი კანდიდატის შესახებ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება;
  • წარდგენილი კანდიდატებისგან შეარჩიოს და პარლამენტს წარუდგინოს პოლიტიკურად ნეიტრალური, შესაბამისი კვალიფიკაციის და დამსახურების მქონე კანდიდატი.