ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აფასებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ დადგენილი განაჩენის აღსრულების გადავადებაზე უარს. EMC მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მსგავსად კვლავ ფორმალური არგუმენტით თქვა უარი განაჩენის აღსრულების გადავადებაზე, სათანადოდ არ შეაფასა მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, EMC-იმ 2020 წლის 12 თებერვალს, დეკანოზის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა განაჩენის აღსრულების გადავადება. შუამდგომლობის განხილვის მიზნით, წარდგენილ იქნა რამდენიმე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. ჩატარებულ სასამართლო პროცესებზე მოწმის სახით დაიკითხნენ ექსპერტები, რომელთაც სასამართლოს დაუდასტურეს დეკანოზის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და მის მიმართ განაჩენის აღსრულების გადავადების მექანიზმის გამოყენების საჭიროება. ამის მიუხედავად, თბილისის საქალაქო სასამართლომ უარი თქვა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე და გიორგი მამალაძე სასჯელის მოხდის მიზნით კვლავ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დატოვა. სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნებით ერთმნიშვნელოვნად არ დგინდებოდა მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის ფაქტი, რის გამოც უარი თქვა განაჩენის აღსრულების გადავადების მექანიზმის გამოყენებაზე. EMC მიიჩნევდა, რომ სასამართლოს აღნიშნული შეფასება იყო ფორმალური, რამდენადაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტები და ექსპერტიზის დასკვნები დეტალურად მიმოიხილავდა დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობას, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შემდგომი მკურნალობის უპერსპექტივობას და მოსალოდნელ არაკეთილსაიმედო პროგნოზს, ხოლო სასამართლო პროცესზე ექსპერტები ადასტურებდნენ გ. მამალაძის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მკურნალობის გაგრძელების შეუძლებლობას. აღნიშნულის გათვალისწინებით EMC-იმ მიიჩნევდა, რომ სააპელაციო სასამართლო სრულყოფილად უნდა შეესწავლა საქმის მასალებს, დაედგინა ყველა რელევანტური გარემოება და ითხოვდა, რომ სასამართლო მიეღო გ. მამალაძის სასარგებლო გადაწყვეტილება. თუმცა, სააპელაციო სასამართლომ მიღებულ განჩინებაში ფაქტობრივად დამატებითი მსჯელობისა და დასაბუთების გარეშე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და მიიჩნია, რომ რამდენადაც ექსპერტიზის დასკვნაში ფორმალურად არ იყო მითითებული სიტყვა ,,მძიმე ავადმყოფობა“ დასკვნა ვერ გახდებოდა განაჩენის აღსრულების გადავადების საფუძველი. თუმცა, აქვე სასამართლომ მიუთითა, რომ გ. მამალაძის მიმდინარე დაავადება, როგორც ფსიქიკური დაავადება წარმოადგენს მძიმე დაავადებას. ამგვარი ურთიერთსაწინააღმდეგო მსჯელობის პირობებში ცხადია ჩნდება ეჭვი, რომ სასამართლო არ შეეცადა სრულყოფილად შეესწავლა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები და სათანადო ანალიზის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლო მიღებულ განჩინებაში აგრეთვე მსჯელობს გ. მამალაძის მიმართ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჩატარებული, მიმდინარე მკურნალობის შესახებ და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულს სათანადო მკურნალობა უტარდება. თუმცა, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისასა სასამართლო ეყრდნობა ჩვენს მიერ წარდგენილ N18 დაწესებულების მთავარი ექიმის მოვალეობის შემსრულებლის პასუხს EMC-ის მიმართვაზე, რომელიც შეეხებოდა გ. მამალაძის მკურნალი ექიმი-ნევროლოგის სამსახურის დატოვებისა და დაწესებულებაში ექიმი-ნევროლოგის არ ყოფნის ფაქტს, რასაც ადასტურებს მთავარი ექიმის მოვალეობის შემსრულებელი და უთითებს, რომ ნევროლოგის წასვლის შემდგომ ექიმი თერაპევტი მართავს გ. მამალაძის შემთხვევას. სასამართლოსთვის წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნებში, მათ შორის სახალხო დამცველის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ გ. მამალაძის შემთხვევას მულტიდისციპლინური გუნდი (ფსიქოლოგის, ფსიქიატრის, ნევროლოგის) უნდა წარმართავდეს და აგრეთვე მსგავსი შემთხვევის კომპეტენცია გააჩნია ექიმ ნევროლოგს და ყველა სხვა პროფილის ექიმის მიერ შემთხვევის მართვა წარმოადგენს არაადეკვატურ მკურნალობას. შესაბამისად, ამ შემთხვევაშიც გაუგებარია რა მიზეზით მიიჩნია სასამართლომ ადეკვატურ მკურნალობად გ. მამალაძის შემთხვევის მართვა ექიმი თერაპევტის მიერ. ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ გ. მამალაძეს ამ ეტაზე კვალავ არ უტარდება საჭირო მკურნალობა, დაწესებულებაში აღარ იმყოფება მისი მკურნალი ექიმი ნევროლოგი და შემთხვევას სხვადასხვა პროფილის ექიმები მართავენ, რაც მათი მხრიდან ჰეტმოდინამიკური მაჩვენებლებისა და სხეულის ტემპერატურის მონიტორინგით შემოიფარგლება.

აღნიშნულის გათვალისწინებით, EMC მიიჩნევს, რომ დეკანოზის მიმართ სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილებები არღვევს ადამიანის უფლებათა მნიშვნელოვან სტანდარტებს, არსებითად დაუსაბუთებელია და აგრძელებს დეკანოზის მიმართ არაჰუმანური მოპყრობის პრაქტიკას.

EMC მიიჩნევს, რომ დეკანოზისთვის არასათანადო მკურნალობა და ამ პროცესში მის მიმართ მოპყრობის სხვა პრობლემური გარემოებები (ჰიგიენის სტანდარტების დაცვა, მხარდაჭერის დროულობა და ა.შ.) გიორგი მამალაძის მიმართ არაჰუმანურ მოპყრობას უტოლდება და საქმის საერთო სამართლებრივი და პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, აშკარაა, რომ მართლმსაჯულების სისტემა დეკანოზის უფლებების დასაცავად დემონსტრაციულად სუსტი და არაქმედითია.