ფოტო: რადიო თავისუფლება

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)  26 ნოემბრის მოვლენების შეფასების დოკუმენტს აქვეყნებს. დოკუმენტში წარმოდგენილია პირველადი შეფასება, რამდენად კანონიერი და პროპორციული იყო  სახელმწიფოს მხრიდან გამოყენებული საპოლიციო ძალა. 

26 ნოემბრის აქციის მონაწილეებმა თავიდანვე განაცხადეს, რომ პროტესტის ძირითადი მეთოდი შესაბამისი ორგანოების პიკეტირება იქნებოდა. EMC-ის შეფასებით, საწყისი ეტაპებიდანვე აქცია მშვიდობიანი ფორმით დაიწყო და მისი ძირითადი მოთხოვნა პროპორციული წესით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, მთავრობის გადადგომა და საარჩევნო კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება იყო.[1]

EMC-ს შეფასებით, საარჩევნო საკითხებზე მიმდინარე ფართომასშტაბიან აქციებს სახელმწიფო ყველა ჯერზე პასუხობდა მხოლოდ საპოლიციო ძალებით, რა დროსაც უგულებელყოფილი იყო პრობლემის გადაჭრის კონსტრუქციული და დიალოგზე ორიენტირებული გზები. განსაკუთრებით მწვავე და არაპროპორციული იყო პოლიციის მოქმედება 26 ნოემბერს, როდესაც სპეციალური დანიშნულების რაზმებმა, დილის 5 საათზე, პიკეტირებული პარლამენტის შენობის გათავისუფლების მიზნით, წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი დემონსტრანტები.[2]

EMC-ს განმარტებით, 26 ნოემბრის დილის მოვლენების შეფასება რამდენიმე ფაქტობრივ გარემობაზე დაფუძნებით უნდა მოხდეს:

  1. სახელმწიფომ მის მიერ გაცხადებული მიზნის (საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციონირების აღდგენა) მისაღწევად, არ სცადა ალტერნატიული, ნაკლებად შემზღუდავი მეთოდების გამოყენება;
  2. პარლამენტის ნორმალური ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფოს შეეძლო, სამუშაო დროის დაწყებამდე გონივრული დროით ადრე, გაეთავისუფლებინა შენობის ერთ-ერთი შესასვლელი. ნაცვლად ამისა, სამართალდამცავებმა არაპროპორციული ძალისა და მექანიზმების გამოყენებით შეზღუდეს შეკრებისა და მანიფესტაციით სარგებლობის უფლება. მათ შორის, აქციის მონაწილეებს უზღუდავდნენ და ართმევდნენ ისეთ ნივთებს თუ ატრიბუტიკას, რაც არ წარმოშობდა ძალადობის მყისიერ საფრთხეს;
  3. სამართალდამცავი უწყებების სტრატეგია მდგომარეობდა მაქსიმალურად სწრაფად, რისკების გაუთვალისწინებლად, აქციის მონაწილეების დაშლაში. ამავდროულად, აქციის მონაწილეების მიმართ გამოყენებულ არაპროპორციულ ძალას და რეპრესიულ მექანიზმებს, შესაძლოა ჰქონდეს მსუსხავი ეფექტი მომავალში შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სრულყოფილად და დაუბრკოლებლად სარგებლობაზე;

26 ნოემბრის დილას განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა სახელმწიფოს მხრიდან სოციალური და პოლიტიკური კრიზისების მოგვარების სტრატეგიისა და მშვიდობაზე ორიენტირებული პოლიტიკის არარსებობა. კონსტიტუციური ცვლილებების ჩავარდნის შემდეგ, ხელისუფლებამ არ გამოიჩინა პოლიტიკური პროცესების ნორმალიზებისა და კომპრომისების ძიების ნება. სანაცვლოდ,  მმართველმა გუნდმა ხისტი და ვიწროპარტიული ინტერესებით ნაკარნახევი პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღო, რაც პროცესების ესკალაციის წინაპირობა გახდა. პროტესტის ჩასახშობად საპოლიციო ძალების გამოყენება აგრეთვე იქცა ძალის დემონსტრირების იარაღად.

EMC-ს შეფასებით, 26 ნოემბრის მოვლენებმა აჩვენა, რომ დემონსტრანტების მოქმედებები იყო აშკარად მშვიდობიანი და მიზნად არ ისახავდა პროცესების ძალადობრივ ფორმებში გარდასახვას. პროტესტის ფორმად საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების მშვიდობიანი პიკეტირებაც, შეკრების უფლებით დაცულ სფეროში ექცევა. სახელმწიფოს მხირდან ამ სახით ძალის დემონსტრირებას მხოლოდ მსუსხავი ეფექტი აქვს და ემსახურება საზოგადოებაში ერთგვარი შიშის დანერგვასა და  ამ გზით საპროტესტო მუხტის ჩახშობას.

EMC-ს შეფასებით, 26 ნოემბრის დილას განვითარებული მოვლენებისას, კიდევ ერთხელ გამომჟღავნდა სამართალდამცავი სისტემის მოქმედებებისა და სტრატეგიების სისტემური ხარვეზები, რაც, საბოლოოდ, დემონსტრანტების მიმართ მშვიდობიანი შეკრების უფლებით სარგებლობის შეზღუდვისა და მათ წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენების წინაპირობა გახდა. აღნიშნული კი გამოწვეულია იმით, რომ ხელისუფლება არ, ან ვერ ხედავს შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს, არ აღიარებს არსებული პროტესტის სამართიანობასა და სახალხოობას და თავის მოქმედებას აფუძნებს ვიწროპარტიულ ინტერესებს. შესაბამისად, ასეთ პირობებში შეუძლებელი ხდება სოციალური კრიზისების მშვიდობიან, დიალოგზე დაფუძნებულ ფორმატში მოგვარება. EMC მოუწოდებს მმართველ გუნდს, გამოძებნოს რესურსი პროცესების ნორმალიზებისა და დიალოგის რეჟიმში გადაყვანისთვის და უზრუნველყოს მომდევნო საპარლამენტო არჩევნების სამართლიანი წესებით ჩატარება.

ვრცლად შეფასებას შეგიძლიათ გაეცნოთ მიმაგრებულ დოკუმენტში.

ნახვა

გადმოწერა

26_ნოემბრის_შეფასება_PDF_1574919584.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] https://bit.ly/2DfO9Yz

[2]  https://bit.ly/2OjqUmR