საპოლიციო სისტემის რეფორმის ერთ-ერთ კომპონენტად შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულის პრევენციის მოდელის ცვლილებას ასახელებს. ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანია შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში ახალი რგოლის - მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის ჩამოყალიბება, რომელმაც საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის გაძლიერებას უნდა შეუწყოს ხელი. ამდენად, პოზიტიურად მიგვაჩნია ამ რგოლის შექმნაზე გადაწყვეტილების მიღება და საზოგადოებასთან პოლიციის ურთიერთობის ფორმებსა და მექანიზმებზე მსჯელობის დაწყება. რეფორმის სწორი და საფუძვლიანი განხორციელების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება საპოლიციო პრაქტიკების მნიშვნელოვანი ცვლილება და პოლიციის მუშაობაში ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ხედვის გაძლიერება.

ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება რამდენიმე საკვანძო საკითხს:

  • მყარ და სისტემურ ხედვას ინსტიტუციურ რეფორმებზე, რომელმაც ანგარიშვალდებული, ადამიანის უფლებების პატივისცემაზე დაფუძნებული საპოლიციო სისტემა უნდა შექმნას;
  • დანაშაულის პრევენციის სოციალური მოდელის შემუშავებას, რომელიც რეალურად იქნება ორიენტირებული დანაშაულის გამომწვევი მიზეზების და სხვა სოციალური ფაქტორების ანალიზსა და დაძლევაზე;
  • საგამოძიებო სისტემის მნიშვნელოვანი რეფორმის დასრულებას და დროულად ამოქმედებას;
  • პოლიციის ოპერატიული საქმიანობის კონცეფციის და მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩოს ფუნდამენტურ ცვლილებას;

რაც შეეხება უშუალოდ მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტს, ახალი ერთეულის უფლებამოსილებები შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით გაიწერა, რომლის მიხედვითაც, მართლწესრიგის ოფიცრის საქმიანობა მიზნობრივი ჯგუფების განსაზღვრა და მათ შორის პრევენციული ღონისძიებების გატარებაა. მნიშვნელოვანია, რომ ოფიცრების უფლებამოსილებად განისაზღვრა ერთობლივი პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით სხვადასხვა უწყებასთან თანამშრომლობა, რაც ზრდის ინსტიტუციური მონაწილეობის ხარისხს დანაშაულის პრევენციის პოლიტიკის განსაზღვრასა და განხორციელებაში. ეს მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მხოლოდ საპოლიციო ერთეულებით დანაშაულის პრევენციის სოციალური მოდელის ამოქმედება შეუძლებელი იქნება.

მართლწესრიგის ოფიცერს პრევენციულ საქმიანობასთან ერთად, კონკრეტულ შემთხვევებში ადმინისტრაციული რეაგირების უფლებამოსილებაც ენიჭება (მაგალითად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული კონკრეტული გადაცდომების გამოვლენა და მათზე რეაგირება; “ნარკომანიის” ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ზომების მიღება, სამეზობლო კონფლიქტზე ადმინისტრაციული რეაგირება; შემაკავებელი ორდერის გამოცემა და სხვა). მართლწესრიგის ოფიცრის საქმიანობა დიდწილად მოიცავს იმ ფუნქციებს, რაც უბნის ინსპექტორების უფლებამოსილებად არის განსაზღვრული. ამდენად, ლოგიკურია, რომ რეფორმის თანმდევი ეტაპი უბნის ინსპექტორის ინსტიტუტის გაუქმება, მისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების დახარისხება და შესაბამის რგოლებზე გადანაწილება იყოს.

აქვე უნდა ითქვას, რომ წლების წინ შექმნილი უბნის ინსპექტორების ინსტიტუტის დასუსტება და საზოგადოების ნდობის შემცირება, სხვა ფაქტორებთან ერთად, დიდწილად განაპირობა იმან, რომ ეს რგოლი ერთდროულად იყო პასუხისმგებელი როგორც საზოგადოებასთან კომუნიკაციასა და ინფორმაციის შეგროვებაზე, ასევე დანაშაულის პრევენციასა და რეაგირებაზე. წინააღმდეგობრივი ფუნქციების ერთ ხელში თავმოყრამ, ბუნებრივად შეასუსტა საზოგადოების ნდობა ამ ინსტიტუტის მიმართ.

ამ შემთხვევაშიც, საზოგადოების ნდობის მოპოვება დაკავშირებული იქნება ახლადშექმნილი სამსახურის როლის და დანიშნულების შესახებ საზოგადოების აღქმებთან. თუკი ამ სამსახურის დანიშნულება ნდობის მოპოვება და საზოგადოებასთან მჭიდრო კომუნიკაციით მართლწესრიგის წინაშე არსებული საფრთხეების პრევენციაა, მნიშვნელოვანი იქნება საზოგადოებას ჰქონდეს ნათელი წარმოდგენა როგორ აგროვებს და ამუშავებს ინფორმაციას მართლწესრიგის ოფიცერი და რაც მთავარია, რა დანიშნულებით შეიძლება შემდგომში პოლიციის მხრიდან ამ ინფორმაციის გამოყენება.

საპილოტე რეჟიმში მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის სათანადო ამოქმედების მიზნით, ვფიქრობთ, უმჯობესი იქნება უფრო ნათლად დარეგულირდეს, პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში ოფიცრის მიერ მოპოვებული ინფორმაციის გამოყენების/გადამისამართების შესაძლებლობის ფარგლები და მექანიზმები.