„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“ ეხმიანება ბოლო პერიოდში მომხდარ ძალადობრივ კონფლიქტებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური რეფორმების დროულად გატარებისკენ მოუწოდებს.

EMC-ის შეფასებით, ბოლო წლებში განხორციელებული ცვლილებები ვერ გახდა რეალურად დეპოლიტიზირებული, ანგარიშვალდებული და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული სამართალდამცავი სისტემის ჩამოყალიბების საფუძველი. საზოგადოებაში კვლავაც რჩება განცდა, რომ არსებობს სამართალდამცავ ორგანოებზე გავლენის მოხდენის საფრთხეები, არაობიექტური გამოძიების, დაუსჯელობის რისკები და სამართალდამცავი სისტემის დაბალი ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე. სამინისტროს ხელმძღვანელობის პოლიტიკურ რიტორიკასა და მუშაობაში არ იკვეთება ხედვები სისტემაში არსებული პრობლემების აღიარებისა და ფუნდამენტური რეფორმების გზით მოგვარების თაობაზე.

მოკლე პერიოდში მომხდარი მძიმე შემთხვევები[1] საზოგადოებას ახსენებს 2018 წლის დეკემბერში მომხდარ ხორავას ქუჩის ტრაგედიას, რომლის გამოძიებამ ნათლად დაგვანახა სამართალდამცავ სისტემაში არსებული ფუნდამენტური პრობლემები, დანაშაულის კვალიფიციური, ობიექტური გამოძიების მიმართულებით არსებული კრიტიკული გამოწვევები, რასაც მოჰყვა ხელისუფლების საჯარო განცხადებები ძირეული რეფორმების გატარების თაობაზე.[2] პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების შემთხვევები, ისევე როგორც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეების არასათანადო გამოძიება, მნიშვნელოვნად ამცირებს ისედაც დეფიციტურ საზოგადოებრივ ნდობას სამართალდამცავი უწყებების მიმართ. სამწუხაროდ, არსებულ ვითარებაში, საერთოდ არ არსებობს ხედვა, თუ როგორ უნდა აღმოიფხვრას საპოლიციო სისტემაში არსებული ინსტიტუციური პრობლემები და როგორ უნდა გაიზარდოს სამართალდამცავთა მიმართ მოქალაქეების ნდობა. 

აღნიშნული გამოწვევების საპასუხოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობამ რამდენჯერმე დააანონსა მუშაობის დაწყება. რეფორმის მიზანი, კვალიფიციური და მიუკერძოებელი გამოძიებისთვის მყარი საკანონმდებლო გარანტიების შექმნა, გამოძიების პროცესში გამომძიებლის როლის ფუნდამენტური ცვლილება, საგამოძიებო და საპროკურორო უფლებამოსილებების სწორი გამიჯვნა იყო, თუმცა ცვლილებების განხორციელება დღემდე, გაურკვეველი ვადით არის შეჩერებული. უწყების დახურულობისა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან კომუნიკაციის კრიტიკული დეფიციტის ფონზე, უცნობია, რა ხედვები არსებობს სამართალდამცავ სისტემაში ინსტიტუციური პრობლემების მოგვარებაზე და რა მექანიზმებით ცდილობს უწყების ხელმძღვანელობა საზოგადოებრივი ნდობის მოპოვებას.

დღემდე, ძალადობრივ ფაქტებზე სახელმწიფოს რეაგირება მხოლოდ საპოლიციო რეპრესიული ინსტრუმენტების გამოყენებით, ცხადყოფს ქვეყანაში დანაშაულის პრევენციის სისტემის გაუმართავ მუშაობას. ახალგაზრდებს შორის მომხდარ ძალადობრივ დაპირისპირებებზე სახელმწიფოს მუშაობა მხოლოდ პოსტფაქტუმ რეაგირებით შემოიფარგლება. ყურადღების მიღმა რჩება სახელმწიფო უწყებათა ერთობლივი ძალისხმევით დანაშაულის გამომწვევ მიზეზებზე, კულტურულ და სოციალურ ასპექტებზე პრევენციული მუშაობა. ქვეყანაში სხვადასხვა ტიპის დანაშაულის თუ ძალადობრივი მენტალიტეტის წინააღმდეგ ფრაგმენტული და არაეფექტიანი მუშაობის, საგამოძიებო უწყებებთან მნიშვნელოვანი მოწმეების თანამშრომლობის მზაობის არარსებობის წინაპირობა ხდება. შესაბამისად, პოლიციის მიმართ არსებული დაბალი ნდობა მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს როგორც მოქალქეებისთვის, ისე თავად სამართალდამცავებისთვის, ჰქონდეთ ადეკვატური რეაგირება დანაშაულზე.

ყოველივე ზემოთთქმულის გათვალისწინებით, EMC მოუწოდებს ხელისუფლებას:

  • უზრუნველყოს სამართალდამცავი სისტემის პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, რაც წარმოადგენს აუცილებელ წინაპირობას უწყების მიმართ საზოგადოებრივი ნდობის გაზრდისათვის;
  • წარმოადგინოს კონკრეტული ხედვა და სამოქმედო გეგმა სისტემის შიგნით არსებული პრობლემების გადაჭრისთვის;
  • გაატაროს სისტემური რეფორმები უწყებაში რეპრესიული საპოლიციო მექანიზმების დანაშაულის პრევენციული მიდგომებით ჩანაცვლებისა და საზოგადოების ნდობის გაზრდის მიზნით.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] 19 ივნისს დაკარგული გიორგი შაქარაშვილის საქმე, 24 ივნისის ჯგუფური თავდასხმა ახალგაზრდაზე თბილისში, 28 ივნისს მომხდარი კონფლიქტი სოფელ ჩუმლაყში, რომლის შედეგად ერთი ახალგაზრდა დაიღუპა, ხოლო ერთი - მძიმედ დაიჭრა; 30 ივნისის კონფლიქტი თბილისში, რომელშიც ახალგაზრდა კაცმა ურთიერთშელაპარაკებისას, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მსხვერპლს და მისი მკვლელობა სცადა. https://bit.ly/2CwEIqy  https://bit.ly/3fpNyF7  https://bit.ly/3iSmYa5  https://bit.ly/2C7qYTl.

[2] იხ. https://bit.ly/38Z9Ifi.