ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება 2020 წლის 27 სექტემბერს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში პოლიტიკური პარტიების აქტივისტებს შორის მომხდარ ძალადობრივ დაპირისპირებას . EMC შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას მომხდარის დამოუკიდებელი, ეფექტიანი და დროული გამოძიებისკენ, პოლიტიკურ პარტიებს კი სიტუაციის დეესკალაციისა და წინასაარჩევნო პროცესების მშვიდ გარემოში წარმართვისკენ მოუწოდებს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 27 სექტემბერს სოფელ ნახიდურში პარტია "ქართული ოცნებისა" და "გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას" აქტივისტებს შორის მოხდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება, რაზეც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 126 -ე მუხლის 1 1-ლი ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (ჯგუფური ძალადობა) გამოძიება დაიწყო.

უნდა აღინიშნოს, რომ კონფლიქტის დაწყებისა და მიზეზების შესახებ ინციდენტში ჩართული პარტიების წარმომადგენლების მხრიდან ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ინფორმაცია გავრცელდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატის, გოგა მეშველიანის განმარტებით, მათ აქტივისტებს ოპოზიციის აქტივისტები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, რასაც შემდგომში კონფლიქტის გამწვავება მოყვა. ამის საპირისპიროდ, "გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშია" აღნიშნავს, რომ ოპოზიციის ადგილობრივ წარმომადგენელს, არიფ უსუფოვს თავს "ქართული ოცნების" აქტივისტები ორგანიზებულად დაესხნენ, რასაც იუსუფოვის თანასოფლელების პროტესტი მოჰყვა.

ჩვენ მიერ გამოკითხული ადგილობრივი თემის წევრები განმარტავენ, რომ 27 სექტემბერს ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატის გოგა მიშველიანის ძმასთან ერთად, 30-ზე მეტი ხელკეტებიანი პირი მივიდა ადგილობრივ ჩაიხანაში და გარკვეული შელაპარაკების შემდეგ, მათ ძალადობას მიმართეს, დააზიანეს ჩაიხანის ინფრასტრუქტურა და ცეცხლსასროლი იარაღიდან არაერთხელ გაისროლეს. რასაც ადგილზე დაპირისპირება მოჰყვა. მათი განმარტებით, ჩაიხანა, სადაც ძალადობრივი დაპირისპირება მოხდა, წარმოადგენს სივრცეს სოფლის მოსახლეობისთვის და ის არ არის კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერების შეკრების ადგილი. ჩაიხანაში თავს იყრიან როგორც ოპოზიციური პარტიის, ასევე ქართული ოცნების მხარდამჭერები და ის მოსახლეობაც, რომელიც არცერთი პარტიის მხარდამჭერად არ მოიაზრებს თავს. შესაბამისად, დაპირისპირების შედეგად ასევე დაშავდნენ სოფლის მაცხოვრებლები, რომლებიც პარტიულ საქმიანობაში არ არიან ჩართულნი და თავს არ მოიაზრებენ რომელიმე პარტიის მხარდამჭერებად.

ადგილობრივი თემის წევრების შეფასებით, ნახიდური (ყოფილი არახლო) წარმოადგენს ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობით დასახლებულ სოფელს, სადაც, ბოლო წლებში, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი მხარს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს უჭერს. მათი თქმით, ეს პრაქტიკა მმართველი პარტიის აქტივისტების გაღიზიანებას იწვევს და ეს კონტექსტი წინასაარჩევნო პერიოდში ესკალაციის მიზეზი ხდება. ადგილობრივების განმარტებით, "ქართული ოცნების" აქტივისტების მხრიდან წინასაარჩევნო პერიოდში ბოლნისის ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობით დასახლებულ არაერთ სოფელში, მსგავსი ტიპის თავდასხმა ადრეც განხორციელებულა და სულ რამდენიმე კვირის წინ ამავე სოფელში ტელეკომპანია "მთავარი არხის" ჟურნალისტს ღიად დაემუქრნენ. ადგილობრივების მოსაზრებით, ამგვარი ძალადობის შემთხვევები მოსახლეობის ერთგვარ დაშინებასა და დასჯას ისახავს მიზნად, აგრეთვე დემოკრატიულ პროცესებზე ნეგატიურ გავლენას ახდენს.

EMC მიიჩნევს, რომ ინციდენტში ჩართული მხარეების მიერ გავრცელებული წინააღმდეგობრივი პოზიციების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია 27 სექტემბერს და მანამდე სოფელ ნახიდურში გამოვლენილი ძალადობრივი შემთხვევების დამოუკიდებელი, ეფექტიანი და დროული გამოძიება. მსგავს ინციდენტებზე რეაგირებას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს წინასაარჩევნო პროცესების მშვიდობიანი და დემოკრატიული წარმართვისთვის. ძალადობის ამგვარი შემთხვევებს დამაზიანებელი და გამყინავი გავლენა აქვს პოლიტიკური პროცესებში მოსახლეობის მონაწილეობაზე და მან შეიძლება პოლიტიკური და სამართლებრივი სისტემების მიმართ გაუცხოება და უნდობლობა გაზარდოს. სრულიად მიუღებელია მიკრო სოციალურ დონეებზე პოლიტიკური პოლარიზებისა და ანტაგონიზმის ამ ხარისხით გადატანა და სოციალური შფოთისა და დაპირისპირების შექმნა ადგილობრივ თემებში. ამგვარი პრაქტიკა აზიანებს ჩვენი საზოგადოების სოციალურ ქსოვილს და არსებითად არღვევს ნდობისა და პატივისცემის საზოგადოებრივ რესურსს.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, EMC მოუწოდებს:

შინაგან საქმეთა სამინისტროს

  • 27 სექტემბერს და მანამდე სოფელ ნახიდურში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ აწარმოოს დამოუკიდებელი, ეფექტიანი და დროული გამოძიება;
  • წინასაარჩევნო პოლიტიკური შეკრებების დროს მოახდინოს ძალადობისა და დაპირისპირების შესაძლო რისკების დროული გაზომვა და მათი ეფექტიანი პრევენცია.

პროკურატურას

  • 27 სექტემბერს და მანამდე სოფელ ნახიდურში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით უზრუნველყოს გამოძიების ეფექტიანი ზედამხედველობა, გამოავლინოს დამნაშავეები და დააკისროს სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
  • უზრუნველყოს წინასაარჩევნო პროცესთან დაკავშირებით მომხდარ დანაშაულებზე დროული და დამოუკიდებელი გამოძიება და მათი მიმდინარეობის შესახებ საზოგადოების სათანადო ინფორმირებულობა.

პოლიტიკურ პარტიებს

  • თავი შეიკავონ წინასაარჩევნო საქმიანობაში ძალადობისა და მუქარის ყოველგვარი გამოვლინებისგან და მიიღონ ყველა ზომა, რომ მათმა აქტივისტებმა და მხარდამჭერებმა წინასაარჩევნო საქმიანობა კანონის განუხრელი დაცვით წარმართონ.