2018 წლის 22 მაისს, 19:00 საათზე, მეტრო რუსთაველთან, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), სოლიდარობის ქსელი - მშრომელთა ცენტრი და „აუდიტორია 115“ თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომელთა მხარდამჭერ აქციას გამართავენ. მეტროს თანამშრომლები წინასაგაფიცვო რეჟიმში იმყოფებიან, რომელიც 3 ივნისს იწურება, რაც ამ ვადიდან მეტროს თანამშრომელთა გაფიცვის დაწყებას გულისხმობს.

მეტროს თანამშრომლებს გაფიცვა 3 მაისს უნდა გაემართათ, მაგრამ დაანონსებული პროტესტი გადაიდო, რადგან შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2018 წლის 1 მაისს, საქალაქო სასამართლოს გაფიცვის 30 დღით გადავადების განცხადებით მიმართა. სასამართლომ კომპანიის მიმართვა იმავე დღეს დააკმაყოფილა, იმ მოტივით, რომ მეტროს თანამშრომელთა გაფიცვა სასიცოცხლო მნიშვნელობის სამსახურის საქმიანობისათვის საფრთხეს შექმნიდა.

აქციის ორგანიზატორები ვუერთდებით მეტროს თანამშრომელთა ანაზღაურების გაზრდის მოთხოვნას, რამდენადაც მათი მოთხოვნები არის სამართლიანი და მნიშვნელოვანი არა მხოლოდ მათთვის, არამედ ყველა მშრომელისთვის. მემანქანეთა ანაზღაურება 2013 წლიდან არ გადახედილა და მათი სამუშაო პირობები იგივე რჩება-"სამხედრო" გრაფიკი, მტვერში რკინის მაღალი შემცველობა, უჟანგბადობა, მომატებული ხმაური, ვიბრაცია, ელექტრული ველი და ჯანმრთელობის დამაზიანებელი სხვა ფაქტორები.

ჩვენ მივიჩნევთ რომ მეტროს თანამშრომელთა გაფიცვა სრულად კანონიერია. ისინი წლების მანძილზე მოლაპარაკებების გზით უშედეგოდ ცდილობდნენ მიეღოთ სამართლიანი ანაზღაურება. დღეს მათ სრული უფლება აქვთ გაფიცვის გზით იბრძოლონ საკუთარი შრომითი უფლებების დასაცავად. გაფიცვის გადავადების შემდეგ თბილისის სატრანსპორტო კომპანია არ ცდილობს მოლაპარაკებების გაგრძელებას მეტროს თანამშრომლებთან, რაც 3 ივნისს გაფიცვას გარდაუვალს ხდის და ამაზე მთელი პასუხისმგებლობა კომპანიას და მერიას ეკისრება.