EMC ეხმიანება 25 ნოემბერს, კახა კალაძის მიერ თბილისის მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას ნებართვის გარეშე აშენებული ნაგებობების დაუყოვნებლივ ნგრევასთან დაკავშირებით და თბილისის მერიას მოუწოდებს, არ დაიწყოს დემონტაჟის პროცედურები, დაიცვას ამგვარ შენობებში მცხოვრები ადამიანები უსახლკარობისგან და უზრუნველყოს ისინი შესაბამისი მხარდაჭერით.

ქვეყანაში უსახლკარობის მასშტაბიდან გამომდინარე, უკანონო ნაგებობები ხშირად უსახლკარო ოჯახებისთვის ერთადერთი თავშესაფრის ფუნქციას ასრულებს. მერიის ეს გადაწყვეტილება კი, არამხოლოდ ფორმალურად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების მინიმალურ სტანდარტებს, არამედ ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მყისიერ საფრთხეებსაც ქმნის. განცხადებაში არ არის შეფასებული და გათვალისწინებული ნაგებობების დემონტაჟის შემთხვევაში მასში მცხოვრები პირების ქუჩაში, მიუსაფარ მდგომარეობაში, აღმოჩენის რისკები და არ არის დასახული ამ საფრთხეებისგან დაზღვევის გზები. საცხოვრისის დაკარგვისა და უსახლკარო მდგომარეობაში აღმოჩენის საფრთხეს კიდევ უფრო ამწვავებს ქვეყანაში COVID-19 - ის ვირუსით ინფიცირების უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი და კლიმატური პირობების გაუარესება. თბილისის მერის ეს განცხადება ნათლად აჩვენებს უსახლკაროთა მიმართ მუნიციპალიტეტის ნულოვან მგრძნობელობას, საკუთარი პასუხისმგელობისა და ვალდებულებების უგულვებელყოფას, რასაც თან ახლავს მასობრივი სადამსჯელო ღონისძიების დაანონსება ჩვენი საზოგადოების ყველაზე დაუცველი ჯგუფების მიმართ.

24 ნოემბერს მედიით გავრცელდა ინფორმაცია ბელიაშვილის სკვერში მცხოვრები მიუსაფარი ქალის გარდაცვალების შესახებ, რაც პირველადი ინფორმაციით მძიმე კლიმატურ პირობებს უკავშირდება. ამ უმძიმესი შემთხვევის შემდეგ არსებობდა მოლოდინი თბილისის მერიის მხრიდან უსახლკაროთა მიმართ საგანგებო მხარდაჭერითი ღონისძიებების დაანონსების თაობაზე, თუმცა, ნაცვლად ამისა, თბილისის მერია უკანონო შენობების დემონტაჟის გადაწყვეტილებას იღებს რაც მაღალი ალბათობით არაერთ ჩვენს მოქალაქეს საცხოვრებლის გარეშე, ღია ცის ქვეშ, დატოვებს. თბილისის მუნიციპალიტეტს COVID-19-ის პანდემიის მიმდინარეობისას საცხოვრისების დაშლის მცდელობა ჯერ კიდევ მაისში, რეხის დასახლებაში, ჰქონდა, თუმცა მოსახლეობის წინააღმდეგობის შედეგად, დასრულებული შენობების დემონტაჟის ღონისძიებები ვერ განახორციელა.

ნათელია, რომ COVID-19-ის პანდემიის პირობებში საცხოვრისიდან გამოსახლების შემთხვევებზე გამოცხადებული მორატორიუმი, დემონტაჟის შემთხვევებზე არ გავრცელდა. საერთაშორისო სტანდარტების უგულებელყოფით, შენობების ნგრევისას პირების გამოყვანა ქვეყანაში გამოსახლების სახედ საერთოდ არ მიიჩნევა და იგი მხოლოდ სამშენებლო სამართალდარღვევის კუთხით განიხილება. შესაბამისად, არსებული რეგულაციები არ ითვალისწინებს შესაბამისი მუნიციპალური და სოციალური სამსახურების მიერ შენობაში მცხოვრები პირების საჭიროებების, მათ შორის, უსახლკარობის რისკების, იდენტიფიცირებისა და მათი ადეკვატური მხარდაჭერის შესაძლებლობას, რაც კიდევ უფრო მძიმე უფლებრივ მდგომარეობაში აყენებს ამგვარ ნაგებობებში მყოფ პირებს. მიმდინარე წლის ოქტომბერში, სახელმწიფო ობიექტებში უნებართვოდ და თვითდახმარების მიზნით მცხოვრები პირებისათვის ფართების პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებისგან მერის ამჟამინდელი პოზიციის მკვეთრი შინაარსობრივი განსხვავება, უსახლკაროთა მიმართ პოზიტიური ღონისძიებების წინასაარჩევნო პროცესში ინსტრუმენტად გამოყენების ცხადი დადასტურებაა.

ქვეყანაში ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე შექმნილი კრიზისული მდგომარეობის პარალელურად, უსახლკარობის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკის არარსებობა და საცხოვრისის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი უწყებების მიერ საკუთარი ვალდებულებების არასაკმარისი გააზრება უამრავი ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევების საფუძველი ხდება. სოციალური სახელმწიფოს კონსტიტუციური პრინციპის უგულებელყოფით, უსახლკარო, განსაკუთრებით, მიუსაფარი, პირების დაუყოვნებლივი იდენტიფიცირების, მათი ფიზიკური გადარჩენისა და მხარდაჭერის ნაცვლად, მუნიციპალიტეტი თავისი ინიციატივით უსახლკარო ადამიანების პოტენციურ რაოდენობას კიდევ უფრო ზრდის და მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას პირდაპირი საფრთხის ქვეშ აყენებს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ

თბილისის მუნიციპალიტეტს:

  • მიიღოს მყისიერი ზომები თბილისის ქუჩებში მცხოვრები მიუსაფარი პირების დაუყოვნებლივი იდენტიფიცირებისა და მათი შესაბამისი თავშესაფრით უზრუნველყოფისთვის, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია პანდემიისა და ცივი კლიმატური პირობების გათვალისწინებით;
  • დაუყოვნებლივ შეაჩეროს შენობა-ნაგებობების დაანონსებული დემონტაჟის პროცესი და თავიდან აიცილოს მასში მცხოვრებ პირთა ქუჩაში, მიუსაფარ მდგომარეობაში აღმოჩენის საფრთხე;
  • შეისწავლოს ამგვარ შენობებში მცხოვრებ პირთა საჭიროებები, მათ წინაშე არსებული გამოწვევები და გადაიდგას ნაბიჯები მათი მხარდაჭერისა და გაძლიერების მიმართულებით;
  • შენობა-ნაგებობების დემონტაჟის საკითხების განხილვისას, რამაც პირთა საცხოვრისიდან გამოყვანა და უსახლკარობის საფრთხის წინაშე აღმოჩენა შეიძლება გამოიწვიოს, უპირობოდ იხელმძღვანელოს ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებით.

საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს:

  • საცხოვრისის დემონტაჟისას მასში მცხოვრებ პირთა გამოყვანა აღიაროს, როგორც გამოსახლება და მასზე გავრცელდეს ქვეყანაში არსებული მორატორიუმის რეჟიმი;
  • უმოკლეს ვადაში გადაიხედოს გამოსახლების მარეგულირებელი კანონმდებლობა და პრაქტიკა და შესაბამისობაში მოვიდეს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან.