ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი  (EMC) ეხმიანება 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში განხორციელებულ სპეცოპერაციის დროს თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრის ფაქტს და საქართველოს მთავარ პროკურატურას სპეციალური დანიშნულების რაზმის  წევრების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო  გადამეტების ფაქტზე ყოველმხრივი, ეფექტიანი და დამოუკიდებელი  გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდებს.

სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების მიერ თ. მაჩალიკაშვილის მიმართ ძალის სავარუდო გადამეტების ეპიზოდზე, სხვა კერძო ადვოკატებთან ერთად, EMC გამოძიების წინაშე წარმოადგენს დაზალებული პირის ინტერესებს.

2017 წლის 26 დეკემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლების მიერ პანკისის ხეობის რამდენიმე სოფელში სპეცოპერაცია განხორციელდა, რომლის შედეგად დაკავებული იქნა ოთხი ადამიანი, ხოლო სოფელ დუისის მაცხოვრებელი თ. მაჩალიკაშვილი სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების მიერ მძიმედ დაიჭრა[1]. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი, დაკავების პროცესში წინააღმდეგობის გაწევას და ხელყუმბარის გააქტიურებას შეეცადა, რა დროსაც სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა მისი მისამართით გასროლა განახორციელეს და იგი თავის არეში დაჭრეს. დასახელებულ ვერსიას არ იზიარებენ შემთხვევის ადგილზე მყოფი თ. მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები, რომლებიც უთითებენ, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა მათი შვილის მიმართ გასროლა ოთახში შესვლისთანავე, მყისიერად განახორციელეს იმ პირობებში, როცა თემირლანი საწოლში იწვა. [2]  შემთხვევის ადგილზე გადაღებული ფოტო და ვიდეო მასალა ადასტურებს საწოლის თავის ადგილას და უკანა კედელზე გამავალი ტყვიის კვალს და დასისხლიანებულ ბალიშსა და ლოგინს[3]. ოჯახის წევრების განმარტებით, დაჭრილს ცეცხლსასროლი იარაღი, ან ხელყუმბარა არ ჰქონია. ისინი       აღნიშნავენ, რომ სროლის შემდეგ, დაახლოებით 3-4 საათის განმავლობაში შვილის ოთახში მათ არ უშვებდნენ[4] და სიტუაციაზე სრული კონტროლი სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (შემდომში სუს-ი) თანამშრომლებს ჰქონდათ, რის გამოც მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ შემოწმდეს მითითებული ხელყუბარაზე მათი შვილის დნმ-ს  არსებობის ფაქტი. ოჯახის წევრები ასევე უთითებენ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილისთვის სამედიცინო დაწესებულებაში დაგვიანებით, დაახლოებით 1.5 საათის შემდეგ გადაყვანის პრობლემაზე.

საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით,[5] სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებაზე, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გამოძიება დაიწყო (მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით ან იარაღის გამოყენებით).   თ. მაჩლიკაშვილს საქმეზე ამ დრომდე არ აქვს მინიჭებული დაზარალებულის სტატუსი.

უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების  საქმის პარალელურად, სუს-ი   2017 წლის 16 დეკემბერს დაკავებული პირების მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3311 -ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების შესაძლო ჩადენის ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს და საქმის წარმოების პროცესში აქტიურად ავრცელებს განცხადებებს, ვიდეომასალას, რითაც ცდილობს თ. მაჩალიკაშვილს ტერორისტული საქმიანობის მხარდამჭერ პირად წარმოჩენას და მის მიმართ გამოხატული საჯარო უკმაყოფილების და საზოგადოებრივი სოლიდარობის შესუსტებას. კერძოდ, 2018 წლის 4 იანვარს სუს-მა გაასაჯაროა ვიდეო მასალა, რომელშიც ასახულია თ. მაჩალიკაშვილისა და 21-22 ნოემბერს  თბილისში, ბერი სალოსის გამზირზე განხორციელებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული და ლიკვიდირებული პირების - შ. ბორზიევისა და ა. სალტანხმადოვის გადაადგილების პროცესი[6]. სწორედ აღნიშნულ ვიდეომასალაზე და  ბერი სალოსის ქუჩაზე არსებული ბინიდან სავარაუდოდ ამოღებულ სავარაუდოდ თ. მაჩალიკაშვილის  საბანკო რეკვიზიტებზე მითითებით, საგამოძიებო ორგანო გავრცელებულ განცხადებაში საუბრობს ახმედ ჩატაევთან და სხვა პირებთან მის კავშირზე და სსკ-ის 331-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტზე.[7]

უნდა აღინიშნოს, რომ საგამოძიებო ორგანოს მხრიდან თ. მაჩალიკაშვილის ბრალეულობის მსგავსი ფორმით მტკიცება განსაკუთრებით პრობლემურია რამდენიმე სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოების გამო: 1.  პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილს სსკ-ის 3311 -ე მუხლით  მიმდინარე საქმეზე რაიმე პროცესუალური სტატუსი არ გააჩნია - იგი არ არის დაკავებული ან ბრალდებულად ცნობილი, რაც მას/მისი ინტერესების დამცველს გამოძიების კონტროლისა და გამამართლებელი მტკიცებულებების გონივრულ ვადაში მოპოვების საშუალებას ართმევს. შესაბამისად, ამ პირობებში მის მიმართ საჯაროდ წარმოდგენილი ბრალდების კრიტიკისა და თავის დაცვის ფორმალური საფუძველი თ. მაჩალიკაშვილის დამცველებს არ გააჩნიათ და ეს იმთავითვე უთანასწორო მდგომარეობაში  აყენებს ბრალდებისა და დაცვის მხარეს; 2. სსკ-ის 331 1-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება განხორციელებულად ითვლება იმ შემთხვევაში, თუ პირს შეცნობილი აქვს ტერორისტული ორგანიზაციის ან ტერორისტად მიჩნეული პირისთვის დახმარების გაწევის ფაქტი. გასაჯაროებული ვიდეო მასალა კი ცალსახად ვერ ადასტურებს თემირლან მაჩალიკაშვილის მხრიდან ტერორიზმის მხარდაჭერის განხორციელების ფაქტს. მეტიც, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია უთითებს, რომ ვიდეოში ასახული ჩეჩენი ეროვნების პირები შ. ბორზიევისა და ა. სალტანხმადოვის მანამდეც, დაახლოებით ორი წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ საქართველოში, მათ შორის, პანკისის ხეობაში და მათთან კომუნიკაცია კერძო პირების დიდ წრეს ექნებოდა. ამასთან, თუ აღნიშნული პირები იდენტიფიცირებადი იყვნენ/უნდა ყოფილიყვნენ ტერორისტულულ ორგანიზაციასთან, პირველ რიგში ეს სამართალდამცავი ორგანოების პასუხისმგებლობა იყო. 3. სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ბ. სალოსის ქუჩაზე არსებულ ბინაში თ. მაჩალიკაშცვილის საბანკო ანგარიშების რეკვიზიტების აღმოჩენაზე და  ამოღებაზე დამატებით მტკიცებას საჭიროებს.  აგრეთვე უფრო მყარ მტკიცებულებებს საჭიროებს სუს-ის მითითება, თ. მაჩალიკაშვლის სახლიდან ფულადი თანხის ამოღების თაობაზე, რადგან ოჯახის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესაბამისად,  ამოღებული თანხა გერმანიაში მცხოვრები ქალიშვილის მიერ სახლის შესაძენად იყო გამოგზავნილი. მთლიანობაში მაჩალიკაშვილის პროცესუალური სტატუსის მიღმა დატოვებასთან ერთად, სუს-ის მიერ აღნიშნული ვიდეო მასალის გავრცელება მიუთითებს საგამოძიებო ორგანოს ინტერესზე მტკიცების არასათანადო სტანდარტით  ისაუბროს მაჩალიკაშვილის დამნაშავეობაზე და ამ გზით გადაფაროს ის კრიტიკა, რომელიც პანკისის ხეობაში დემონსტრაციულად მასშტაბური და ძალადობრივი სპეცოპერაციისა და თ. მაჩალიკაშვილის მიმართ აშკარად სავარაუდოდ არაპროპორციული ძალის გამოყენების ფაქტის მიმართ არსებობს.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, EMC მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს:

  • უზრუნველყოს თ. მაჩალიკაშვილის დაჭრის ფაქტზე ეფექტიანი და არა ფორმალური გამოძიების ჩატარება, რომ გამოძიებამ სრულად დააკმაყოფილოს ყოველმხრივი, სრული, ობიექტური გამოძიების სტანდარტი. ამ მიზნით სრულყოფილად გამოიკვლიოს თ. მაჩალიკაშვილის მიმართ გამოყენებული ლეტალური ძალის ლეგიტიმურობისა და პროპორციულობის, ასევე მისთვის აღმოჩენილი სამედიცინო მომსახურების დაგვიანების საკითხი და უზრუნველყოს დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და დასჯა;  
  • უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების საქმეზე დროულად უზრუნველყოს საქმესთან დაკავშირებული მტკიცებულებების მოპოვება და საპროცესო დამაგრება, მათ შორის შემთხვევის ადგილის დეტალური დათვალიერება, რელევანტური პირების გამოკითხვა და საჭირო ექსპერტიზის ჩატარება;
  • საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლის შესაბამისად დროულად უზრუნველყოს თემირლან მაჩალიკაშვილისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება, რაც შესაძლებლობას მოგვცემს მონიტორინგი გავუწიოთ და აქტიურად ჩავერთოთ მიმდინარე გამოძიების პროცესში. ამასთან, საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გამოაქვეყნოს გამოძიების პროგრესის შესახებ ინფორმაცია;
  • სსკ-ის 331 1-ე მუხლით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის წარმოებისა და საქმეზე საჯარო კომუნიკაციის დროს სუს-მა დაიცვას თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფცია და თ. მაჩლიკაშვილი სრულად აღჭურვოს შესაბამისი პროცესუალური უფლებებით.