ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის, ირაკლი ჩიმაკაძის მიერ ,,კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, განუხრელად დაიცვას უდანაშაულობის პრეზუმფციის კონსტიტუციური პრინციპი და აღნიშნულ საქმეზე საკუთარი საქმიანობა და კომუნიკაცია კანონის და ადამიანის უფლებების ჩარჩოში მოაქციოს.

როგორც ცნობილია EMC იცავს და წარმოადგენს თ. მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრების ინტერესებს ადგილობრივი გამოძიებისა და ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე.

ზემოთ მითითებულ ინტერვიუში ი. ჩიმაკაძე აფასებს 2017 წლის 21-22 ნოემბერს ბერი სალოსის გამზირზე ჩატარებულ სპეცოპერაციას და სისხლი სამართლის საქმის გამოძიებას. ინტერვიუში ის საუბრობს სისხლის სამართლის საქმეში თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ არსებულ მასალებზეც. კერძოდ, ი. ჩიმაკაძე აღნიშნავს, რომ თ. მაჩალიკაშვილის სახელზე ფიქსირდება ფულადი გზავნილები, მობილური ტელეფონის საგარანტიო ფურცლები, ასევე ჩატაევის მიერ მაჩალიკაშვილის სახელზე გაფორმებულ ნომერზე განხორციელებული ზარი. ამასთან ერთად, უთითებს, რომ ამერიკელი კოლეგების დახმარებით აღდგენილი სატელეფონო მიმოწერაში ნათლად ჩანს, თუ როგორ თანაუგრძნობს თ. მაჩალიკაშვილი თვითმკვლელ ტერორისტებს.

თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი შინაარსის განცხადებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კვლავ აგრძელებს თ. მაჩალიკაშვილის დისკრედიტაციას იმ პირობებში, როდესაც თემირლან მაჩალიკაშვილს ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არ გააჩნია რაიმე სამართლებრივი სტატუსი, ის არ იყო ბრალდებული, არ იყო დაკავებული და მის მიმართ არ მიმდინარეობდა სისხლისსამართლებრივი დევნა. შესაბამისად თემირლანის დანაშაულებრივ ქმედებაზე მტკიცებით ფორმაში საუბარი და კონკრეტულ ინფორმაციაზე მითითება, მაშინ როდესაც ოჯახის წევრებსა და მათ ადვოკატებს მათი ვალიდურობის შემოწმების, გაბათილებისა და საკუთარი თავის დაცვის საშუალებაც კი არ ეძლევათ, არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციის კონსტიტუციურ პრინციპს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ დრომდე თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახისთვის და ადვოკატებისთვის, უცნობია ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე მიმდინარე გამოძიების საქმის მასალები. ჩვენი არაერთი მიმართვის და ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის დაპირების მიუხედავად, საქართველოს მთავარი პროკურატურა ამ დრომდე არ გვაძლევს შესაძლებლობას გავეცნოთ აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის მასალებს და შევამოწმოთ მოიცავს თუ არა საქმე თემირლან მაჩალიკაშვილის ბრალეულობის დამადასტურებელ რეალურ და ვალიდურ მტკიცებულებებს. ამის პარალელურად კი ჩანს, რომ სუსი აგრძელებს გამოძიებას უშუალოდ თ. მაჩალიკაშვილის პასუხისმგებლობის ნაწილში და EMC-ის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, პროკურატურა არ უზრუნველყოფს შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებას და გამოძიების შეწყვეტას ამ ნაწილში.

ამასთან მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას იმ გარემოებას, რომ ბატონი ჩიმაკაძის მიერ დასახელებული ინფორმაცია გარდა იმისა, რომ მათი ვალიდურობა და მტკიცებულებითი მნიშვნელობა სათანადო და კრიტიკულ შემოწმებას მოითხოვს, მთლიანობაში არ უთითებს თ. მაჩალიკაშვილის მხრიდან დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებაზე. ამ დრომდე სუს-ის მიერ პირდაპირ თუ არაპირდაპირ გავრცელებული ინფორმაცია არ აჩვენებს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილმა იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ დაკავებული და გარდაცვლილი პირები, შ. ბორზიევი და ა. სოლტახმადოვი, რომლებიც 2 წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდნენ და პანკისის ხეობას ასევე ხშირად სტუმრობდნენ, აჰმედ ჩატაევთან დაკავშირებული პირები იყვნენ. მეტიც, გავრცელებულ ფრაგმენტულ მასალებში სუს საერთოდ ვერ ახერხებს დაამტკიცოს, რომ თ. მაჩალიკაშვილმა იცოდა ა. ჩატაევის საქართველოში ყოფნის შესახებ. ცოდნის ელემენტი, რომ ეს პირები იყვნენ დაკავშირებული ტერორისტულ ორგანიზაციასთან ან ტერორისტთან დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი (სუბიექტური) ასპექტია და მის გარეშე დანაშაული სახეზე ვერ გვექნება. ამ კუთხით როგორც საზოგადოებისთვის არა ერთხელ იქნა განმარტებული თ. მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებისა და სხვა პირების მიერ, თ. მაჩალიკაშვილი და ხეობაში მცხოვრები სხვა ადამიანები შ. ბორზიევსა და ა. სოლტახმადოვს სხვა ვინაობით იცნობდნენ და მათი მიზნების შესახებ არაფერი იცოდნენ. შესაბამისად, ყოველდღიური ურთიერთობების ფარგლებში დამყარებული კომუნიკაციის ამსახველი ფაქტების ჩვენება დანაშაულის არსებობაზე per se არ უთითებს.

ამასთან კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გავუსვათ, ხელყუმბარაზე დნმ-ის კვალის აღმოჩენის საკითხს, რომელიც ასევე ხაზგასმული იყო ი. ჩიმაკაძის ინტერვიუში. როგორც EMC-მა არა ერთხელ განმარტა, ხელყუმბარაზე იდენტიფიკაციისთვის საჭირო მასალის არასაკმარისობის გამო არ იქნა აღმოჩენილი თ. მაჩალიკაშვილის თითის ანაბეჭდი, თუმცა დაფიქსირდა მისი დნმ-ის კვალი. თუმცა, იმ პირობებში, როდესაც სპეცოპერაციის შემდეგ თ. მაჩალიკაშვილის ოთახზე და სხეულზე რამდენიმე საათის განმავლობაში სრული კონტროლი სუს-ის თანამშრომლებს ჰქონდათ და მათ ოჯახის წევრების ან სხვა დამოუკიდებელი დამსწრეების დაშვებაც კი არ უზრუნველყვეს შემთხვევის ადგილზე, ამასთან იმის გამო, რომ გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრინციპის სრული უგულებელყოფით, საქმისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებების ჩხრეკა და ამოღება სუს-ის მიერ განხორციელდა, ამ მოცემულობაში და ამ წესით ამოღებული მტკიცებულებების ვალიდურობა და სანდობაა არსებითად კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ამასთან კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ თ. მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმესთან დაკავშირებული არსებითი და გადამწყვეტი მტკიცებულებების განადგურების ან დაზიანების პრობლემაზე. სუს-მა გამოძიების პირველივე თვეს ხელყუმბარა მისი შემოწმების მიზნით ააფეთქა, იმ ცეცხლსასროლი იარაღის მნიშვნელოვანი ნაწილი კი, საიდანაც სროლა განხორციელდა თვითნებურად შეცვალა სროლის განმახორციელებელმა სპეცრაზმელმა. თ. მაჩალიკაშვილისთვის ჩატარებული ოპერაციის დროს კი დაზიანების კვალის დოკუმენტირება სათანადოდ არ მოხდა, რის გამოც მთლიანობაში გართულდა სროლის მანძილის განსაზღვრა.

ამდენად იმ პირობებში, როდესაც თ. მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე სახელმწიფოს ნეგატიური და პროცესუალური/გამოძიების ვალდებულებების საკითხი კრიტიკულად დგას, ერთი წლის განმავლობაში ადამიანის უფლებების სტანდარტების დარღვევით და სამართლებრივი პროცესის მიღმა სუს-ის მიერ თ. მაჩალიკაშვილის დამნაშავედ წარმოჩინების მცდელობა აზიანებს მისი და მისი ოჯახის ღირსებას, მათი დეჰუმანიზების მცდელობაა და არსებითად თ. მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის პრობლემის გადაფარვის მცდელობაა.

ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ

  • საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს თავი შეიკავონ თ. მაჩალიკაშვილისა და მისი ოჯახის წევრების დისკრედიტაციისგან და უზრუნველყონ უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის განუხრელი დაცვა;
  • საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უზურნველყოს თ. მაჩალიკაშვილის მიმართ შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება და გამოძიების შეწყვეტა;
  • საქართველოს მთავარ პროკურატურამ უზრუნველყოს თ. მაჩალიკაშვილის საქმეზე ეფექტიანი, დროული და დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება და დამნაშავე პირების გამოვლენა და დასჯა.