ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმესთან დაკავშირებით 6 მაისს საქართველოს პროკურატურის მიერ გაკეთებულ განცხადებას და პროკურატურას მოუწოდებს, დროულად მიიღოს სამართლიანი და ადეკვატური გადაწყვეტილება ამ საქმეზე და დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა როგორც უშუალოდ იმ სპეცრაზმელის მიმართ, რომელმაც გაისროლა, ასევე სპეცოპერაციის დაგეგმვასა და განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირების მიმართ.

საქართველოს პროკურატურის მიერ, 2019 წლის 6 მაისს გაკეთებული საჯარო განცხადების თანახმად, ამ ეტაპზე გამოძიების ფარგლებში, თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე, კვლავ ინტენსიურად ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებები. მათივე ინფორმაციით, მაჩალიკაშვილისთვის ჩატარებული სამედიცინო დახმარების დროულობისა და ადეკვატურობის დასადგენად, დანიშნულია კომისიური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაც, რომელის შედეგებიც ამ დროისთვის არ არის ცნობილი, თუმცა, პროკურატურა უთითებს, რომ უახლოესი 2 თვის ვადაში საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ამის საპირისპიროდ, EMC განმარტავს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის, უკვე ჩატარებულია ყველა არსებითი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი ექსპერტიზისა და საგამოძიებო მოქმედებების პასუხები პროკურატურას ჯერ კიდევ 2018 წლის 21 დეკემბერისთვის გააჩნდა. EMC-ს შეფასებით, შეგროვებული მტკიცებულებები კონკრეტული პირების მიმართ დევნის დაწყების სამართლებრივ საფუძველს უკვე ქმნის. მათ შორის, გამოძიების მიერ დადგენილია, რომ 1. სროლის მომენტში თემირლან მაჩალიკაშვილი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში იმყოფებოდა; 2. მოწმეთა ჩვენებები ადასტურებს ოთახში შესვლისა და გასროლის თანადროულობას 3. საძინებელ ოთახში აღმოჩენილი ნივთები, მათ შორის, ტელეფონი და ფოტოსურათებზე დაფიქსირებული ყურსასმენები, მაღალი ალბათობით, ნიშნავს იმას, რომ თემირლან მაჩალიკაშვილმა ვერც კი გაიგო მის ოთახში სპეცრაზმის შესვლის მომენტი; 4. აშკარად ჩანს გამოძიების პროცესში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უკანონო ინტერვენციის და ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებების შესაძლო განადგურების/ფაბრიკაციის ნიშნები.

ამ პირობებში ჩვენთვის გაუგებარია, ამ დრომდე რატომ არ იღებს პროკურატურა შემაჯამებელ გადაწყვეტილებას და რატომ არ ანიჭებს მალხაზ მაჩალიკაშვილს დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსს. მეტიც, 2019 წლის განმავლობაში, გამოძიების მიმდინარეობის ანალიზი აჩვენებს, რომ პროკურატურას არ გადაუდგამს საქმის ეფექტიანი გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი და არსებითი ნაბიჯები. უწყება უპასუხოდ ტოვებდა EMC-ს განცხადებებსაც.

ჩვენი შეფასებით, სრულიად არარელევანტურია ის, რომ პროკურატურა შემაჯამებელი გადაწყვეტილების მისაღებად, ელოდება ექსპერტიზის დასკვნას, იმის შესახებ, რამდენად ადეკვატური იყო თემირლანისთვის გაწეული სამედიცინო დახმარება, იმ ფონზე, როცა გამოძებისთვის უკვე 5 თვეა, ცნობილია სასამართლო-სამედიცინო ექსპრტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც თემირლან მაჩალიკაშვილის სიკვდილის მიზეზი სწორედ თავის არეში ცეცხლნასროლი დაზიანებაა და არა შემდგომ ეტაპზე ჩატარებული მკურნალობა.

აღსანიშნავია, რომ EMC-იმ 2018 წლის დეკემბრის შემდგომ, თბილისის პროკურატურას არაერთი განცხადებით მიმართა და ითხოვა მალხაზ მაჩალიკაშვილის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობა, თუმცა თბილისის პროკურატურამ არცერთ განცხადებაზე არ დადებითი და არც უარყოფითი პასუხი არ გაგვცა. EMC-იმ თბილისის საქალაქო სასამართლოსაც მიმართა და ითხოვა მალხაზმაჩალიკაშვილის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობა, რაც არ დაკმაყოფილდა სწორედ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ პროკურატურა არ იღებს დადგენილებას მალხაზ მაჩალიკაშვილის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობაზე, ან ცნობაზე უარის თქმის შესახებ. შესაბამისად, პროკურატურის მხრიდან გამოვლენილი უმოქმედობა და ინგორირება, არღვევს დაზარალებულის/დაზარალებულის უფლებამონაცვლის მნიშვნელოვან საპროცესო უფლებებს.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, EMC პროკურატურას მოუწოდებს დროულად უზრუნველყოს:

  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მხრიდან სპეცოპერაციის დაგეგმვის და განხორციელების, ასევე გამოძიების პროცესში ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისმგებელ პირთა სისხლისსამართლებრივი დევნა;
  • მალხაზ მაჩალიკაშვილისთვის დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსის მინიჭების თაობაზე დადგენილების მიღება;
  • თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატების დაშვება იმ საქმის მასალებზე რომელზეც ჩვენ ამ დრომდე წვდომა დაუსაბუთებლად გვაქვს შეზღუდული.