დღეს თემირლან მაჩალიკაშვილი 20 წლის გახდებოდა, თუმცა 2017 წლის 26 დეკემბერს, მის საცხოვრებელ სახლში სიცოცხლის უფლებების სტანდარტების დარღვევით დაგეგმილი და ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ის გარდაიცვალა. EMC თანაგრძნობას უცხადებს მაჩალიკაშვილების ოჯახს და მათი უფლებების დაცვას, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, სამართლებრივი დაცვის საშუალებების გამოყენებით აგრძელებს.

თ. მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტთან დაკავშირებული გამოძიების დაწყებიდან თითქმის ერთი წელი გავიდა, თუმცა, ამ დრომდე საგამოძიებო ორგანოს არ გამოუვლენია და არ დაუსჯია მომხდარზე პასუხისმგებელი პირები, ხოლო თავად გამოძიების პროცესი მნიშვნელოვანი ხარვეზებით მიმდინარეობს, არსებითად ფორმალისტური ხასიათისაა და ვერ აკმაყოფილებს ყოველმხრივი, ეფექტიანი და დამოუკიდებელი გამოძიების სტანდარტებს.

წინამდებარე განცხადებით EMC მიმდინარე გამოძიების ფუნდამენტურ ხარვეზების შემაჯამებელ მიმოხილვას წარმოადგენს:

  1. საქმეზე დაირღვა გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის ფუნდამენტური პრინციპი, რამაც ამოღებული მტკიცებულებების ვალიდურობა და სანდოობა იმთავითვე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. თ. მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პირველადი უმნიშვნელოვანესი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, ხელყუმბარის, სროლის დროს გამოყენებული იარაღის ამოღება მოხდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ, მაშინ როდესაც სწორედ მათი ქმედების კანონიერების საკითხი უნდა შეესწავლა პროკურატურაში დაწყებულ გამოძიებას. სპეცოპერაციის შემდეგ, რამდენიმე საათის განმავლობაში თ. მაჩალიკაშვილის სხეულსა და ოთახზე სრული კონტროლი მხოლოდ სუს-ის თანამშრომლებს ჰქონდათ. მათ მიერვე, დამოუკიდებელი დამსწრეებისა და შემთხვევის ადგილის პირველი ეპიზოდების ვიდეო/ფოტო გადაღების გარეშე ჩატარდა ჩხრეკა და ამოღება, რამაც არსებითი კითხვის ნიშნები გააჩინა ამოღებული მტკიცებულებების (მათ შორის, ხელყუმბარის) სანდოობასა და ვალიდურობაზე;
  2. პროკურატურის როლი გამოძიების პროცესში უფრო მეტად ფორმალისტურ ხასიათს ატარებს. ყველაზე მნიშვნელოვან მტკიცებულებებზე ზემოქმედება (ხელყუმბარის აფეთქება, იარაღის ნაწილის შეცვლა) სუს-მა თავად განახორციელა. სუს-ის მიერ შეკრებილი ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებების გამოთხოვა კი პროკურატურის მიერ 1.5. თვის დაგვიანებით მოხდა;
  3. სუს-ის მიერ პირველადი საგამოძიებო მოქმედებების არასათანადოდ ჩატარების შედეგად პრობლემური გახდა შემდგომი ექსპერტული კვლევების ჩატარება, მათ შორის, არ იქნა ამოღებული ვაზნა, რის გამოც არსებითად შეუძლებელი გახდა სროლის მანძილის განსაზღვრა;
  4. გამოძიების ფარგლებში ჩნდება ცალკეული მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და განადგურების ეჭვები. კერძოდ, სუს-ის გადაწყვეტილების საფუძველზე თითქოსდა ამოღებულ ხელყუმბარაზე დაინიშნა ბალისტიკური ექსპერტიზა და ნივთი განადგურდა. იმ პირობებში, როდესაც საქმის სამართლებრივი შედეგისთვის აბსოლუტურად არარელევანტური იყო ხელყუმბარის ვარგისიანობის საკითხის გარკვევა. სუს-ის გადაწყვეტილებით თვითნებურად შეიცვალა იმ იარაღის ნაწილები, რომლიდანაც გასროლა მოხდა;
  5. არაერთი მიმართვის მიუხედავად, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი არ უზრუნველყოფს სხვდასხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას, მათ შორის არ არის შესწავლილი თ. მაჩალიკაშვილის კუთვნილ მობილურ ტელეფონზე და ყურსასმენზე არსებული კვლები, რაც გამოძიებას იმ გარემოების შემოწმების შესაძლებლობას მისცემდა, თუ რას აკეთებდა თ. მაჩალიკაშვილი სპეცოპერაციის დაწყების მომენტში და რამდენად შეეძლო მას სათანადოდ აღექვა მომხდარი. ამ გარემოებას არსებითი მნიშვნელობა აქვს სპეცრაზმელის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ლეგიტიმურობის და პროპორციულობის შეფასებისთვის, მით უფრო, რომ გამოძიების ფარგლებში გამოკითხული მოწმეები ოთახში შევარდნისა და სროლის განხორციელების თანადროულობაზე და მყისიერობაზე უთითებენ;
  6. ამ დრომდე სათანადოდ არ არის შესწავლილი თ. მაჩალიკაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის დროულობის საკითხი. EMC-ის მიერ მოპოვებული მასალებით დგინდება, რომ გასროლიდან მხოლოდ 20-30 წუთის შემდეგ გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება;
  7. პროკურატურის დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებით თ. მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი ამ დრომდე არ არის ცნობილი დაზარალებულის უფლებამონაცვლედ;
  8. თ. მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებსა და ინტერესების დამცველ ადვოკატებს ამ დრომდე არ აქვთ შესაძლებლობა გაეცნონ სისხლის სამართლის საქმეში არსებულ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ მასალებს, რაც არსებითად უნდა მოიცავდეს იმ სპეცრაზმელების ჩვენებაც, რომლების ადგილზე იმყოფებოდნენ და გაისროლეს.
  9. EMC-ის არაერთი მიმართვის მიუხედავად, პროკურატურა ამ დრომდე არ უზრუნველყოფს სპეცოპერაციის დაგეგმვასა და ჩატარებაზე პასუხისმგებელ პირთა გამოკვეთას. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ საქმეში გამოძიების დაწყებისთანავე EMC არა მხოლოდ იმ პირის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამოძიებას ითხოვს, რომელმაც გაისროლა, არამედ სუს-ის იმ თანამდებობის პირების, რომლებმაც სათანადო რისკების არარსებობის პირობებში ამ მასშტაბის სპეცოპერაცია დაგეგმეს თ. მაჩალიკაშვილის დასაკავებლად და არ მოახდინეს ძალის გამოყენების სათანადო მინიმიზაცია. თ. მაჩალიკაშვილის დაკავება არ მომხდარა გადაუდებელი აუცილებლობის პირობებში და სუს-ს ამ ღონისძიების გატარება, ძალის დემონსტრაციაზე ორიენტირებული სპეცოპერაციის გარეშე, ნაკლებად შემზღუდავი საშუალებებით შეეძლო. მოწმეების ჩვენებით, მთელი დღის განმავლობაში თემირლან მაჩალიკაშვილი ჭალაში ეხმარებოდა მამას და საღამოს მეჩეთში იმყოფებოდა;
  10. გამოძიების პროცესი ჭიანურდება და ეფექტიანი და დროული გამოძიების მიღწევა რთულდება. 2018 წლის 22 ივნისს კომპლექსური ექსპერტიზის ფარგლებში ჩატარებული მოდელირების (რომლის შედეგადაც უნდა დადგინდეს თ. მაჩალიკაშვილის სხეულის მდგომარეობა გასროლის მომენტში) შედეგები ამ დრომდე უცნობია და ჩვენთვის გაუგებარი მიზეზების გამო ლ. სამხარაულის სახელობის სასმართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო აჭიანურებს შესაბამისი დასკვნის გაცემას;

ამასთან, აღსანიშნავია, რომ მაჩალიკაშვილების ოჯახში სპეცოპერაციის ჩატარების დროს ოჯახის წევრების მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე დასაბუთებული განცხადებისა და ოჯახის წევრების გამოკითხვის მიუხედავად, გამოძიება ამ ნაწილში ამ დრომდე არ დაწყებულა.

თ. მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ხარვეზების გარდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და საქართველოს მთავარი პროკურატურა ამ დრომდე არ უზურნველყოფენ ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში თ. მაჩალიკაშვილის მიმართ გამოძიების შეწყვეტის შესახებ შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებას და სუს უწყების მაღალი თანამდებობის პირების განცხადებებითა და მედია საშუალებების გამოყენებით პერიოდულად ავრცელებს სხვადასხვა ფრაგმენტულ ინფორმაციას, რომელიც თ. მაჩალიკაშვილის დამნაშავედ წარმოჩენას ცდილობს. ეს პროცესი ერთის მხრივ, არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციის კონსტიტუციურ პრინციპს, მეორეს მხრივ, კი მაჩალიკაშვილების ოჯახის წევრების ღირსებას და პატივს ლახავს. თ. მაჩალიკაშვილს ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე არ გააჩნია რაიმე სამართლებრივი სტატუსი, რის გამოც ოჯახის წევრებსა და ადვოკატებს არ გვაქვს საქმის მასალების გაცნობისა და გავრცელებული ფრაგმენტული ინფორმაციის ნამდვილობის კრიტიკული შემოწმებისა და დაცვის შესაძლებლობა.

დასახელებული დარღვევების შესახებ სახლმწიფო უწყებების არაერთხელ ინფორიმირებისა და ქმედითი ნაბიჯების გადადგმის მოთხოვნის მიუხედავად რაიმე რეაგირება არ მომხდარა.

თ. მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე ჯეროვანი მართლმსაჯულების განხორციელებას მისი ოჯახის წევრების მიმართ სამართლიანობის აღდგენის მიზნის მიღმა, პანკისის ხეობაში სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობაზე სამართლებრივი კონტროლის განხორციელებისა და ადამიანის უფლებების და ღირსების დაცვაზე დაფუძნებული პოლიტიკის გატარების მნიშვნელობა აქვს. სხვადასხვა ხელისუფლებების დროს ხეობაში ჩატარებულ არც ერთ შეიარაღებულ სპეცოპერაციას, რომელსაც სადავო პირობებში და ბრუტალური ფორმებით ადამიანების სიცოცხლის ხელყოფა მოჰყვა, არ მოჰყოლია სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელება და პასუხისმგებელი პირების დასჯა, რაც ხეობაში მცხოვრებ ადამიანებში დაუცველობის და მათი, როგორც ადამიანის უფლების სუბიექტების არასათანადო აღიარების განცდას ქმნის. თ. მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელებას არსებითი მნიშვნელობა აქვს პანკისის ხეობაში ადამიანის უფლებებზე, სამართლიანობასა და ნდობაზე დაფუძნებული პოლიტიკის განხორციელებისთვის. სამწუხაროდ, ხელისუფლება აღნიშნული საქმის უფრო ფართე სოციალურ კონტექსტს სათანადოდ ვერ იაზრებს და მნიშვნელოვან ნაბიჯებს არ დგამს შექმნილი მძიმე მდგომარეობის გადასაჭრელად. სამწუხაროა ისიც, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის მამის უწყვეტი სამოქალაქო ბრძოლის მიუხედავად, მისი შვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმის განხილვამ არც ერთ ინსტიტუციურ და პოლიტიკურ სივრცეში არ გადაინაცვლა და ის და მისი ოჯახი, სახელმწიფო ინსტიტუტებისგან და პოლიტიკური ელიტებისგან უგულებელყოფის პრობლემას აწყდებიან.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, EMC კიდევ ერთხელ მოუწოდებს

თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს

უზრუნველყოს თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე ეფექტიანი, ობიექტური და დროული გამოძიების ჩატარება და იმ პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამოკვეთა, რომლებმაც არასათანადოდ დაგეგმეს და ჩაატარეს სპეცოპერაცია მაჩალიკაშვილების სახლში. ასევე, მათი, ვინც მტკიცებულებების ფალსიფიკაციასა და განადგურებასთან დაკავშირებული სავარაუდო დანაშაული ჩაიდინეს;

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და საქართველოს მთავარ პროკურატურას

აღიაროს და შეწყვიტოს თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის ფუნდამენტური პრინციპის დარღვევა;

უზრუნველყოს თ. მაჩალიკაშვილის მიმართ შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება და გამოძიების შეწყვეტა.

საქართველოს პარლამენტს

გამოიყენოს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები (მათ შორის, სუს-ის ხელმძღვანელი პირების დაბარება, საკომიტეტო მოსმენა) მიმდინარე საქმეზე სუს-ის საქმიანობის კანონიერებისა და ადამიანის უფლებების სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასების მიზნით.