EMC თეონა ბაკურიძის სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილებას ეხმიანება და მიიჩნევს, რომ მაუწყებლის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის მიერ მიღებული ბრძანება უკანონო და დაუსაბუთებელია და ის ახალი მენეჯმენტის მიერ მაუწყებლის დამოუკიდებლობის ხელყოფის წინასწარ ორგანიზებული და ორკესტრირებული პროცესის კიდევ ერთი მძიმე გამოვლინებაა.

2020 წლის 13 მარტს გიორგი კოხრეიძის მიერ გამოცემული ბრძანების თანახმად, თეონა ბაკურიძემ უხეშად დაარღვია მაუწყებლის შინაგანაწესითა და შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, კერძოდ, „2020 წლის 6 მარტს სამუშაო საათების დაწყებისთანავე, თეონა ბაკურიძემ შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი სიტყვებით მიმართა სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს, ხელი შეუშალა მას სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაში, ასაკობრივი ნიშნით შებღალა მისი ღირსება და პატივი, აბუჩად აიგდო იგი. ამას გარდა, დირექტორის ბრალდებით, ბაკურიძე მიზანმიმართულად, შეგნებულად აიგნორებდა რედაქტორის მითითებებს, ქმნიდა დაძაბულობას და კონფლიქტურ სიტუაციას, რაც საფრთხის ქვეშ აყენებდა საინფორმაციო სამსახურის გამართულ მუშაობას. ამას გარდა, დირექტორის ბრძანებით თეონა ბაკურიძის მხრიდან გიორგი აბაზაძისა და ფირუზ ბოლქვაძის მიმართ ადგილი ჰქონდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას და აშკარა ბულინგს.“

გამოცემულ ბრძანებაში გაჟღერებული დარღვევები აშკარად დაუსაბუთებელია და ბრძანება, ფაქტობრივად, არც კი მსჯელობს, თუ კონკრეტულად რაში გამოიხატა თეონა ბაკურიძის მხრიდან ხელმძღვანელი პოზიციის მქონე პირების ბულინგი და კონკრეტულად რა მტკიცებულებების საფუძველზე მიიღო დირექტორმა ეს გადაწყვეტილება. იმ პირობებში, როდესაც სადავო ეპიზოდის დროს ახალი ამბების საინფორმაციო სამსახურის უფროსი (მ/შ) მხოლოდ რამდენიმე საათის დანიშნული იყო, გაუგებარია, თეონა ბაკურიძემ რომელი მისი დავალება და მითითება არ შეასრულა. ამ ნაწილში ბრძანება არც კი აზუსტებს კონკრეტული მითითების გაცემისა და მის შეუსრულებლობის ფაქტს.

თეონა ბაკურიძის მხრიდან დარღვევის გამოვლენა და მისი უხეშ დარღვევად შეფასება წინააღმდეგობაში მოდის ეროვნულ კანონმდებლობასთან და პრაქტიკასთან. იმის გათვალისწინებით, რომ დისციპლინური დევნის საფუძველზე სამსახურიდან გათავისუფლება დამსაქმებლის ხელში თვითნებური, დასაქმებულის მიზანმიმართული დევნის მექანიზმად შეიძლება გადაიქცეს, სასამართლოები მას უკიდურეს საშუალებად განიხილავენ, რისი გამოყენების შემთხვევაშიც დამსაქმებლებმა უნდა დაასაბუთონ ამგვარი გამოყენების "უკიდურესი აუცილებლობის საჭიროება" და დაამტკიცონ თანამშრომლობის გაგრძელების შეუძლებლობა. გარდა ამისა, დარღვევის „უხეშად“ შეფასებისათვის დამსაქმებელი ვალდებულია შეაფასოს დარღვევის ინტენსივობა, ხასიათი, შინაარსი, ასევე, დამრღვევის მიერ დამსაქმებლისათვის მიყენებული ზიანი.

უნდა ითქვას, რომ თეონა ბაკურიძის მიმართ გაჟღერებული ბრალდება მისი უფროსების შევიწროების თაობაზე, გარკვეულწილად წინააღმდეგობაში მოდის შრომით ურთიერთობებში შევიწროების არსთან და იდეასთან, რომელიც, როგორც წესი, სწორედ მეტი ძალაუფლების მქონე მენეჯმენტის მხრიდან დასაქმებულის მიმართ ხორციელდება. შრომითი ურთიერთობის იმთავითვე ასიმეტრიული ბუნების გათვალისწინებით, ის გარემოება, რომ თეონა ბაკურიძეს დარღვევად მისი უშუალო ხელმძღვანელების ზეწოლას და ბულინგს ედავებიან, პრობლემურია და საეჭვოა შევიწროებისგან დაცვის მექანიზმების არსებობა შრომით ურთიერთობებში უპირატესად დასაქმებულთა დაცვის მიზანს ისახავს.

თეონა ბაკურიძის მიმართ გამოყენებული სახდელი გარდა იმისა, რომ არაპროპორციულად მძიმე და უსამართლოა და ვერ აკმაყოფილებს ამ კუთხით დადგენილ სამართლებრივ სტანდარტებს, ის ერთი და იგივე ქმედებისთვის პირის ორჯერ ბრალდების და დასჯის აკრძალვის ფუნდამენტურ სამართლებრივ პრინციპთან მოდის წინააღმდეგობაში. 2020 წლის 6 მარტს დირექტორის მიერ გაცემული ბრძანება თეონა ბაკურიძისთვის შრომის ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების შეჩერებისა და ტელეეთერიდან მოხსნის შესახებ, უკვე წარმოადგენდა დისციპლინურ სახდელს, რადგან მაუწყებლის დებულების შესაბამისად, სხვა საფუძვლით და ფორმით მენეჯმენტს პირისთვის შრომითი უფლებამოსილებების შეჩერების კომპეტენცია არ გააჩნდა. ცხადია, რომ 1 კვირის შემდეგ იმავე ეპიზოდთან და ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით თეონა ბაკურიძის სამსახურიდან გათავისუფლება ორჯერ დასჯის აკრძალვის პრინციპს არღვევს.

ამასთან, საქმეში დარღვეულია დისციპლინური წარმოების პროცედურები, რადგან წარმოების ფარგლებში თეონა ბაკურიძეს არ მიეცა ადეკვატური მონაწილეობის, მტკიცებულებების წარდგენის, საქმისწარმოების მასალების გაცნობისა და მათი გაქარწყლების შესაძლებლობა, რაც თავის მხრივ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველია.

თეონა ბაკურიძის სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება კანონის დარღვევით ჩატარებული დისციპლინური დევნისა და შრომითი უფლებების დარღვევის მიღმა, მაუწყებლობის შესახებ კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლის დამოუკიდებლობაში ჩარევის აშკარა ნიშნებს შეიცავს და ამასთან, იმის გამო, რომ თეონა ბაკურიძე, ახლად ჩამოყალიბებული ალტერნატიული პროფესიული კავშირების აქტიური წევრია და ახალი მენეჯმენტის პრობლემური გადაწყვეტილებების მიმართ ღიად კრიტიკული პოზიციებს იკავებს, დისკრიმინაციულია.

ცხადია, რომ თეონა ბაკურიძის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება ახალი მენეჯმენტის მიერ მანამდე მიღებული უკანონო გადაწყვეტილებების გაგრძელებაა და ახალი მენეჯმენტის მხრიდან აჭარის მაუწყებელზე კონტროლის მოპოვებისა და მისი სარედაქციო დამოუკიდებლობის დასუსტების მიზანს ატარებს. ახალი ამბების სამსახური, რომელიც მაუწყებელში კრიტიკული შინაარსის შემქმნელი მნიშვნელოვანი და საკვანძო რგოლია, ახალი მენეჯმენტის ორკესტრირებული გადაწყვეტილებებით „იწმინდება“ კრიტიკული თანამშრომლებით, რაც ცხადია, რომ უახლოეს პერიოდში მის შინაარსზეც აისახება. დირექტორის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები მაუწყებლის კრიტიკულობის შერბილების მოტივაციას იმთავითვე ავლენს.

ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი (EMC) თეონა ბაკურიძის ინტერესების დაცვის მიზნით უახლოეს დღეებში სასამართლოს მიმართავს მაუწყებლის დირექტორის მიერ გამოცემული გათავისუფლების ბათილად ცნობის, დისკრიმინაციის დადგენისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნებით.