EMC-ს შეფასებით, ჯანდაცვის სამინისტროს დაკვეთით, DMT GmbH&Co.KG მიერ, ტყიბულის შახტის შესახებ მომზადებული აუდიტის დასკვნა მნიშვნელოვან და ფართო საზოგადოებისთვის აქამდე უცნობ ინფორმაციას შეიცავს. ამავდროულად, ის სრულყოფილ სურათს ვერ აჩვენებს. DMT GmbH&Co.KG-ს დასკვნა საჯარო გასულ თვეს გახდა.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს, ტყიბულში ქვანახშირის მოპოვებასთან დაკავშირებულ საწარმოო შემთხვევებს 10 მეშახტე შეეწირა. 2018 წლის აპრილში შრომით უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებმა წამოაყენეს მოთხოვნა მინდელის შახტის N 1 უბანზე საწარმოო პროცესის შეჩერებისა და უსაფრთხოების ზომების ინსპექტირების მიზნით ფართომასშტაბიანი კვლევითი სამუშაოების ჩატარების შესახებ. ამის მიუხედავად, ტყიბულის შახტებზე სამუშაო პროცესი მხოლოდ დროებით შეჩერდა შრომის ინსპექციის მიერ საგამოძიებო საქმიანობის ჩასატარებლად. 2018 წლის ივლისში, მინდელის შახტის იმავე უბანზე კიდევ 4 საწარმოო პროცესს 4 მეშახტის სიცოცხლე შეეწირა. ტრაგედიაზე პასუხად, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, შახტების მუშაობა შეჩერდა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მოიწვია გერმანული კომპანია DMT GmbH&Co.KG, რომელსაც უნდა შეეფასებინა მინდელის შახტში ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების რისკები, გაეცა რეკომენდაციები რისკის შემცირებისა და სისტემური კონტროლის მექანიზმებზე და წარმოედგინა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების გაუმჯობესების კონცეფცია.

დასკვნის ავტორები 2018 წელს მომხდარ ფატალურ ინციდენტებს ადგილზე შეგროვებული ინფორმაციის საფუძველზე აანალიზებენ და იმ აშკარა ჩავარდნებზე მიუთითებენ, რაც ზემოთ ხსენებული შემთხვევებისას გამოვლინდა. საგულისხმოა, რომ დასკვნის ავტორების აზრით, 2018 წლის ფატალური ინციდენტების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.

შახტში ვიზიტის დროს ექსპერტთა ჯგუფმა დააფიქსირა უსაფრთხოების ნორმების მძიმე დარღვევები, როგორიცაა შახტში ჩასასვლელი გზების დაზიანებული ჭერი და კედლები, მრავალ ადგილას დაზიანებული ვაგონის ლიანდაგები, უსაფრთხოების წესების დარღვევით მოწყობილი სამუშაო პლატფორმები და სხვა. დასკვნის მიხედვით, ეს დარღვევები აშკარა საფრთხეს უქმნის შახტში მყოფი და მომუშავე ადამიანების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას და დამსაქმებლის მხრიდან საკითხებისადმი გულგრილ დამოკიდებულებას ავლენს.

ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ დასკვნის ავტორებს ქვანახშირის მოპოვების პროცესი არ უნახავთ - მათი ვიზიტისას მოპოვება ადგილზე უკვე შეჩერებული იყო. ამიტომ მათ ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლის ტექნიკური მდგომარეობის შემოწმება მხოლოდ მუშაობის პროცესშია შესაძლებელი, ვერ შეაფასეს. ავტორები საუბრობენ იმაზეც, რომ მათი ვიზიტისთვის შახტში საგანგებოდ ემზადებოდნენ, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ გარემოებას, რომ დასკვნაში აღწერილი რეალობა შახტის სამუშაო ყოველდღიურობისგან შორსაა. დასკვნა არასრულია იმიტომაც, რომ სრული და სანდო ინფორმაცია ავტორებისთვის ხელმისაწვდომი არ ყოფილა. მათთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაციის ნაწილი, მათ შორის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მასალა, ინგლისურ ენაზე ვერ მოიძებნა. ავტორებმა ვერც არსებული კანონმდებლობის სრულყოფილად შეფასება შეძლეს, რადგან მისი ინგლისური ვერსია მათთვის ხელმისაწვდომი არ ყოფილა.

აღსანიშნავია, რომ მინდელის შახტის აუდიტის ანგარიში მზად იყო 2019 წლის იანვარში, თუმცა ის ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი მხოლოდ დეკემბერში, 11 თვის შემდეგ გახდა. ტყიბულელებისთვის, მათ შორის შახტში მომუშავე ადამიანებისთვის, დასკვნის შინაარსი დღემდე უცნობია, რაც სახელმწიფოსა და კომპანიის მხრიდან დასაქმებულთა ინტერესის უგულებელყოფაზე მიუთითებს. ქალაქის მაცხოვრებლებმა, დასაქმებულებმა და ფართო საზოგადოებამ დღემდე არ იციან, არსებობს თუ არა გეგმა, რაც სახელმწიფოსა და კომპანიის შემდგომ ნაბიჯებს მოიცავს და პასუხს გასცემს მთავარ შეკითხვას, თუ რა ბედი ელის ტყიბულს.

ჯერჯერობით გაუგებარია რა დასკვნები გამოიტანეს სახელმწიფო უწყებებმა DMT-ის ექსპერტების მიერ მომზადებული კვლევიდან. პრობლემურია ისიც, რომ კვლევა, რომელიც მათთვის ხელმისაწვდომი 2019 წლის იანვრიდან გახდა, ჯერაც არ გამხდარა ფართო დისკუსიის საგანი არც ექსპერტთა შორის - როგორც ამას დასკვნა ითვალისწინებდა - და არც უშუალოდ ტყიბულში.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, EMC მოუწოდებს საქართველოს მთავრობას:

  • არ დაუშვას შახტებში ნახშირმოპოვებითი სამუშაოების განახლება და დაუყოვნებლივ შეაჩეროს ნაწილობრივ აღდგენილი სამუშაოები დასკვნაში მითითებული რეკომენდაციების შესრულებამდე;
  • DMT-ის აუდიტის ანგარიში ხელმისაწვდომი გახდეს ტყიბულის შახტში დასაქმებული და ყველა სხვა დაინტერესებული პირებისათვის, მათ შორის ანგარიშის მეშახტეებისათვის წარდგენის და მისი ქართულ ენაზე გამოქვეყნების გზით; ასევე, დაიწყოს აქტიური შეხვედრები ადგილობრივებთან დასვკნის განხილვის მიზნით, შეიქმნას მონაწილეობითი პროცესი და ადგილობრივების აქტიური ჩართულობით შემუშავდეს შახტის განახლების გეგმა.
  • იმის გათვალისწინებით, რომ ჩატარებული კვლევა ზემოთნახსენები მიზეზების გამო ვერ ჩაითვლება სრულყოფილად, მოპოვების გაგრძელებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მისაღებად ჩატარდეს დამატებითი გეოლოგიური, საინჟინრო და ეკოლოგიური კვლევები, რომელიც საწარმოო პროცესთან დაკავშირებულ რისკებს სრულად შეაფასებდა.
  • რეგულარულად მოხდეს ტყიბულის შახტების დასაქმებულთა, დაინტერესებულ პირთა და ასევე ფართო საზოგადოების ინფორმირება შახტში მიმდინარე ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სამუშაოებთან და ანგარიშში მითითებული რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით;
  • სამუშაოების განახლებამდე დასაქმებულები სრულად იქნან უზრუნველყოფილნი ხელფასებით;
  • ადგილობრივი ხელისუფლების, რეგიონის მოსახლეობისა და დაინტერესებული აქტორების ჩართულობით წარმოადგინოს ტყიბულის ალტერნატიული ეკონომიკური განვითარების გეგმა, რომელიც დაეფუძნება რეგიონის შესაძლებელობებს, გაითვალისწინებს მოსახლეობის ინტერესებს და იქნება მათი სოციალური უსაფრთხოების გარანტი.

აუდიტის დასკვნის შეფასება სრულად შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილში.

ნახვა

გადმოწერა

DMT_შეფასება_სრულად_1580713233.pdf