10 ოქტომბერს უსახლკაროთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღეს მრავალ ქვეყანაში პრიორიტეტულად მსჯელობენ უსახლკარობაზე, როგორც კონკრეტული ადამიანების გამოწვევასა და მთლიანად საზოგადოების კრიზისზე, მისი გადაწყვეტის გზებზე. უსახლკარობა არის სოციალური გარიყულობის ერთ-ერთი მძიმე ფორმა და იწვევს სხვადასხვა უფლების ხელყოფას, მათ შორისაა სათანადო საცხოვრებლის უფლება, სიცოცხლის უფლება, ჯანმრთელობის უფლება, პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება, ასევე დაკავშირებულია არაადამიანური მოპყრობის შემთხვევებთან. არსებობისთვის მინიმალურ საჭიროებებზე ზრუნვის პირობებში, საზოგადოების ეს ნაწილი რთულად ახერხებს მისი უფლებების შესახებ საუბარს და ბაზისური ინტერესების ადვოკატირებას.

საქართველოში უსახლკარობის, როგორც პრობლემის, ეროვნულ დონეზე აღიარების თვალსაზრისით აღსანიშნავია საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია (2014-2020), რომელიც გამოწვევის დაძლევის მიზნით სახელმწიფოს მხრიდან თანმიმდევრულ და უწყვეტ მცდელობას მოითხოვს. მიუხედავად ამისა, სტრატეგიის განსახორციელებლად შემუშავებულ ვერცერთ სამოქმედო გეგმაში მინიმალურ დონეზეც კი ვერ მოხვდა უსახლკარობის საკითხი. მეორე მხრივ, აღსანიშნავია, რომ 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში საქართველოს კონსტიტუციაში პრინციპების დონეზე გაჩნდა ჩანაწერი, რომ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ადამიანის ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე;[1] ხოლო 2018 წელს ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში აღებული ვალდებულებით,[2] შეიქმნა შესაძლებლობა, რომ 2021 წლისთვის საქართველომ შექმნას უსახლკარობის აღმოფხვრის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.[3]

საქართველოში უსახლკარობის პრობლემასა და სახელმწიფოს უმოქმედობაზე არაერთი წელია მიუთითებენ სახალხო დამცველი[4], ამ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები[5]. ამ დრომდე არ არსებობს ოფიციალური მონაცემები უსახლკარობის მასშტაბის და მისი გამომწვევი მიზეზების შესახებ; შესაბამისად, სახელმწიფოს არ აქვს სტრატეგიული ხედვა, თუ როგორია მისი მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნები ამ პრობლემასთან საბრძოლველად (თუ არ ჩავთვლით ზოგიერთი მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ტიპის ძალისხმევას); არსებული მხარდაჭერის პროგრამები არასათანადოა და უსახლკარობის ვიწროდ განმარტების პირობებში არ ქმნის უსახლკარო პირის გაძლიერების შესაძლებლობას.

საქართველოში უსახლკარობის პრობლემა ცხადს ხდის სახელმწიფოს მხრიდან გადაუდებელი მოქმედების აუცილებლობას. ამ მიზნით არსებითია, რომ:

  • შეფასდეს უსახლკარობის პრობლემის მასშტაბი. მნიშვნელოვანია, დადგინდეს უსახლკაროთა და უსახლკარობის საფრთხის წინაშე მყოფი ჯგუფები და მათი რაოდენობა; განისაზღვროს უსახლკარობის გამომწვევი მიზეზები;
  • შემუშავდეს რელევანტური სტრატეგია. სტრატეგია უნდა მიემართებოდეს, როგორც ცენტრალურ ხელისუფლებას, ასევე მუნიციპალიტეტებს. იგი უნდა იყოს ცხადი მხარეების შორის პასუხისმგებლობების განაწილების თვალსაზრისით. იმავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ უსახლკარობასთან ბრძოლა დეკლარაციულ ჩარჩოებს გასცდეს და ხელშესახებ შედეგებს მიაღწიოს როგორც უსახლკარობის აღმოფხვრის, ისე მისი პრევენციის გზაზე. არსებითია, დაინერგოს სტრატეგიის მონიტორინგისა და მისი შესრულების ეფექტიანობის შეფასების სისტემა (მათ შორის, შუალედური შეფასების მიმართულებით).
  • განისაზღვროს მხარდაჭერის ადეკვატური პროგრამები. არსებითია, რომ უსახლკარო და უსახლკარობის საფრთხის წინაშე მყოფი პირების მხარდაჭერის პროგრამები მხოლოდ ჭერის უზრუნველყოფასთან არ იგივდებოდეს და ითვალისწინებდეს ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებს, ასევე, კარგ პრაქტიკას.

ამ წინაპირობების განუხორციელებლობის შემთხვევაში უსახლკარობის პრობლემის მოგვარებისკენ მიმართული ლოკალური ან/და ფრაგმენტული მცდელობები გამორიცხავს უსახლკარობის შემცირებას და შეიცავს კრიზისის გაღრმავების მნიშვნელოვან რისკებს.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] საქართველოს კონსტიტუცია (1995), მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი. სათანადო საცხოვრებლის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებით საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესახებ იხ. უფლება სათანადო საცხოვრებელზე: ძირითადი გამოწვევების ანალიზი, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) (2018)

[2] ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმამ ერთ-ერთ ვალდებულებად გაითვალისწინა სათანადო საცხოვრისის უფლების განხორციელების მიზნით სტრატეგიის დოკუმენტისა და სამთავრობო სამოქმედო გეგმის შემუშავება

[3] ვალდებულების საბოლოო ეტაპს წარმოადგენს საცხოვრისის პოლიტიკის დოკუმენტის და სამოქმედო გეგმის დასამტკიცებლად წარდგენა, რომლის ბოლო ვადად განსაზღვრულია 2021 წლის სექტემბერი

[4] საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ (2018); საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ (2017); საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ (2016); საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში „უფლება სათანადო საცხოვრისზე“ (2015)

[5] უფლება სათანადო საცხოვრებელზე: ძირითადი გამოწვევების ანალიზი, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) (2018); საბინაო პოლიტიკა საქართველოში თბილისის მაგალითზე, ურბან რეაქტორი (2018); უსახლკარობა: სახელმწიფო პოლიტიკის ანალიზი, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) (2016)