ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აფასებს უცხო ქვეყნის მოქალაქის, ვ. პ.-ს სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე საქართველოში მიმდინარე არაეფექტური გამოძიების პროცესს და შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას დროული, ეფექტიანი და ობიექტური გამოძიების ჩატარებას სთხოვს.

ვ.პ-ს სავარაუდო გაუპატიურების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ანალიზი აჩვენებს, რომ უკანასკნელი წლებში  ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში გაუმჯობესებული სისხლის სამართლის პოლიტიკის მიუხედავად, სქესობრივი თავისუფლების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს კვლავ თან სდევს სამართლებრივი, ინსტიტუციური და კულტურული გამოწვევები, რომლებიც მსგავსი საქმეების ეფექტიანი და რეალური გამოძიების პროცესს აზიანებს. ვ.პ-ს საქმეზე გამოძიება 2019 წლის თებერვალს დაიწყო თუმცა, ამ დრომდე საქმეზე სამართლებრივი შედეგი არ დამდგარა, არ განხორციელებულა ვ.პ.-ს დაზარალებულად ცნობა და მისთვის სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობა. ამასთან ერთად, გამოძიების დროს გამოვლინდა, რომ საგამოძიებო ორგანოში არსებული გარემო ხელს უწყობს ძალადობის მსხვერპლის მეორეულ ვიქტიმიზაციას და ადგილი აქვს მნიშვნელოვანი საპროცესო მოქმედებების აშკარა გაჭიანურებას.

 

ზოგადი მიმოხილვა

ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ვ. პ. საქართველოში, სტუდენტური გაცვლითი პროგრამით 2019 წლიდან იმყოფებოდა. 2019 წლის 19 თებერვალს ის მეგობრის დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებაზე იყო, სადაც ალკოჰოლი მიიღო და რატომღაც გონება დაკარგა. დილით სხეულზე და სასქესო ორგანოზე მძიმე დაზიანებები აღმოაჩინა. ვ.პ-ს მეგობარი იხსენებს, რომ ოთახში შესულებს ვ.პ. შიშველ და უგონო მდგომარეობაში დახვდათ, ვ.ქ. (სავარაუდო მოძალადე) ტანსაცმელს იცვამდა და დაადასტურა ვ.პ.-სთან სექსუალური კავშირი. მომხდარი სავარაუდო გაუპატიურებაზე მიუთითებდა და ვ. პ.-მ პოლიციას მიმართა.

ძველი თბილისის პოლიციის განყოფილებამ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (გაუპატიურება) დაიწყო. გამოძიების დაწყვებისთანავე განხორციელდა ვ.პ.-ს და მისი მეგობრების გამოკითხვა, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ვ.ქ.-მ არანებაყოფლობით დაამყარა სქესობრივი კავშირი უგონო მდგომარეობაში მყოფ ვ.პ.-სთან. დაინიშნა სხვადასხვა, მათ შორის ქიმიური და სამედიცინო ექსპერტიზა და დეტალურად აღიწერა ვ.პ-სთვის მიყენებული მძიმე დაზიანებები. ამავე დროს, ვინაიდან ვ.ქ.-ს დაკავება სათანადო მტკიცებულებითი სტანდარტის მიღწევამდე ვერ განხორციელდებოდა, შსს-მ უზრუნველყო შემაკავებელი ორდერის გამოცემა და ვ.ქ.-ს აეკრძალა ვ.პ.-თან მიახლოება, ნებისმიერი ფორმით კომუნიკაცია.  

 

დაზარალებულად ცნობის და სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის პრობლემა

გამოძიების დაწყების მიუხედავად, პროკურატურამ არ უზრუნველყო ვ.პ.-ს დაზარალებულად ცნობა, შესაბამისად, მის ადვოკატებს არ მოგვეცა შესაძლებლობა გავცნობოდით სისხლის სამართლის საქმის მასალებს. EMC-იმ ვ.პ.-ს დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით პროკურატურას რამდენჯერმე მიმართა. გამოძიების საწყის ეტაპზე პროკურატურა გვითითებდა, რომ საქმეზე დანიშნული იყო ექსპერტიზა, რომლის შედეგების შემდგომ მიღებული იქნებოდა გადაწყვეტილება ვ.პ.-ს დაზარალებულად ცნობაზე.თუმცა, მას შემდეგ, რაც ცნობილი  გახდა ქიმიური და სამედიცინო ექსპერტიზის შედეგი (თუმცა, ვ.პ.-ს და მის ადვოკატებს ექსპერტიზის შედეგები არ გაგვაცნეს), ვ.პ.-ს კვლავ არ მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი. უარის თქმის საფუძვლად კი მიეთითა ის გარემოება, რომ გამოძიების მიმდინარეობისას არ გამოვლენილა ვ.პ.-ს  გაუპატიურების რეალური ფაქტი. პროკურორის გადაწყვეტილებაზე წარდგენილი  EMC-ის საჩივარი არც ზემდგომი პროკურორის და არც სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა. ორივე შემთხვევაში, კვლავ მიეთითა ზედაპირული განმარტება, რომ საქმის გარემოებები არ ჰქმნიდა რეალურ სურათს შემაჯამებელი გადაწყვეტილების მისაღებად და ექსპერტიზის დასკვნა არ ჰქმნიდა დასაბუთებულ ვარაუდს დაზარალებულთან მიმართებით. ამგვარი განმარტების მიუხედავად, არც პროკურატურა და არც სასამართლო მიღებულ გადაწყვეტილებებში არ ასახელებს კონკრეტულ გარემოებებს, რის გამოც შეუძლებელია ამ საქმეზე მიღებული იქნეს შემაჯამებელი გადაწყვეტილება. კერძოდ, არ უთითებენ რა გარემოებები იქნა დადგენილი ჩატარებული საექსპერტო კვლევებით, რა გარემოებების დადგენა ვერ მოხერხდა, რატომ არ ჰქმნის ექსპერტიზის შედეგი დასაბუთებულ ვარაუდს და რა კავშირშია თითოეული გარემოება დაზარალებულად ცნობაზე უარი თქმის გადაწყვეტილებასთან. 

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, დაზარალებული არ წარმოადგენს სისხლის სამართლის პროცესის მხარეს[1], შესაბამისად იმისთვის, რომ მან  შეაფასოს რამდენად ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად მიმდინარეობს გამოძიება, ერთადერთ საშუალებას სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობა წარმოადგენს. თუმცა, საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობას დანაშაულის მსხვერპლი მხოლოდ მაშინ იღებს, როდესაც პროკურატურა მას პროცესუალურ, დაზარალებულის სტატუსს ანიჭებს. იმ შემთხვევაში თუ მსხვერპლს ამგვარი სტატუსი არ გააჩნია პროკურატურა უფლებამოსილია უარი თქვას საქმის მასალების გაცნობაზე. განსახილველ შემთხვევაშიც, ვინაიდან პროკურატურამ და სასამართლომ უარი თქვეს ვ.პ-ს დაზარალებულად ცნობაზე, უარი გვეთქვა საქმის მასალების გაცნობაზეც და ამ დრომდე ჩვენთვის უცნობია ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებით დადგენილი გარემოებები, მათ შორის, უცნობია კონკრეტულად რა დაადგინა ჩატარებულმა სამედიცინო ექსპერტიზამ. ამ მდგომარეობას ართულებს ისიც, რომ პროკურატურა და სასამართლო საკუთარ გადაწყვეტილებებში დეტალურად არ ასაბუთებენ და უშუალოდ არ უთითებენ ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების შედეგებზე, რის გამოც დანაშაულის მსხვერპლი ფაქტობრივად ინფორმაციულ ვაკუუმში რჩება. ცხადია, შესაძლოა საქმის გამოძიების ფარგლებში ვერ ხერხდებოდეს მტკიცებულებების მოგროვება, რომელიც პირისთვის ბრალის წაყენებას შესაძლებელს გახდიდა, თუმცა, ბუნებრივია ეს არ უნდა ნიშნავდეს დანაშაულის მსხვერპლის სათანადო ინფორმირებაზე და მის მიმართ დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღებაზე უარს.

 

საგამოძიებო ორგანოში არსებული გარემო, მსხვერპლის მეორეული ვიქტიმიზაცია და საპროცესო მოქმედებების გაჭიანურება

ვ.პ.-ს სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების პროცესში მონაწილეობამ ცხადი გახადა ის სირთულეები, რაც სქესობრივ დანაშაულთან გამოძიების პროცესს ახლავს თან და იწვევს მსხვერპლის მეორეულ ვიქტიმიზაციას.

როგორც ზემოთ აღინიშნა, ვ.პ.-მ 2019 წლის 20 თებერვალს, დილით აღმოაჩინა  მასზე სექსუალური ძალადობის ფაქტი და შექმნილი ემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით, მხოლოდ საღამოს შეძლო პოლიციის განყოფილებაში მისვლა. განყოფილებაში მისვლისთანავე ვ.პ.-ს სამი მამაკაცი გამომძიებლის თანდასწრებით მოუწია ესაუბრა მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე. ინფორმაციის მიღების შემდგომ კი, პოლიციის განყოფილებამ აღმოაჩინა, რომ საქმის გამოძიება სხვა პოლიციის განყოფილების კომპეტენციას წარმოადგენდა და ვ.პ. სხვა განყოფილებაში გადაიყვანეს. ამ განყოფილებაშიც საღამოს საათებში არ აღმოჩნდა მდედრობითი სქესის გამომძიებელი და არც ცალკე ოთახი, სადაც მსხვერპლი ჩვენების მიცემას შეძლებდა. ვ.პ-მ მამაკაცი გამომძიებლის თანდასწრებით, საერთო ოთახში (სადაც სხვა გამომძიებლებიც იმყოფებოდნენ ) კიდევ ერთხელ ისაუბრა ძალადობის ფაქტზე. ჩვენების მიცემის შემდგომ კი მან საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებაში (სამედიცინო ექსპერტიზაში) მიიღო მონაწილება. მოგვიანებით, ვ.პ. დამატებით ორჯერ გამოიკითხა და საგამოძიებო ორგანო ინტერესდებოდა საკითხებით, რომლებიც საქმის გარემოებებს არ ეხებოდა და მსხვერპლს დამატებით სტრესს იწვევდა.

საგამოძიებო ორგანომ, გამოძიების საწყის ეტაპზე, ვ.პ.-ს არ შესთავაზა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სერვისი და არ უზრუნველყო სხვადასხვა სერვისზე ინფორმაციის მიწოდება. მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი, პროკურორთან ერთად, მხოლოდ ადვოკატის მოთხოვნით შეხვდა დანაშაულის მსხვერპლს და საქმეზე გამოძიების მიმდინარეობის განმარტებებით შემოიფარგლა. 

აქვე ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ვ.ქ.-ს დაკავება არ განხორციელებულა, მას ვ.პ.-თან საერთო გარემოში, უნივერსიტეტში ერთ სივრცეში უწევდა ყოფნა, რაც ვ.პ-ზე  განმეორებითი ძალადობის შესაძლებლობის რისკს ჰქმნიდა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მხოლოდ EMC-ის და ვ.პ.-ს დაჟინებული მოთხოვნით მიიღო შემაკავებელი ორდერის გამოცემის გადაწყვეტილება.

მსგავს ვითარებაში, ცხადია, დანაშაულის მსხვერპლის მეორეული ვიქტიმიზაცია განხორციელდა, რამდენადაც საგამოძიებო ორგანოსთან ნებისმიერი კომუნიკაცია და უკვე განცდილ ძალადობაზე არაერთხელ საუბარი სტრესს იწვევდა, რასაც ართულებს ის, რომ ამ დრომდე საგამოძიებო ორგანომ ვერ შეძლო დანაშაულის იდენტიფიცირება.

მეორეული ვიქტიმიზაციზაციას ხელს უწყობდა ის გარემოებაც, რომ გამოძიების ფარგლებში ჩატარებული საპროცესო მოქმედებების შედეგის დადგომა არსებითად გაჭიანურდა. მაგალითად, სამედიცინო ექსპერტიზის შედეგი 2019 წლის დეკემბრის თვეში, მომხდარიდან 10 თვის შემდგომ გახდა გამოძიებისთვის ცნობილი. ექსპერტიზის შედეგების გაცნობა კი დანაშაულის მსხვერპლისთვის არ განხორციელდა, რამაც იგი კვლავ გაურკვეველ მდგომარეობაში დატოვა.

 

სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე ადეკვატური მართლმსაჯულების განხორციელების პრობლემა

როგორც ზემოთ აღინიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე სისხლის სამართლის პოლიტიკა გაუმჯობესდა, კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე საქართველოში ადეკვატური მართლმსაჯულების განხორციელება, რამდენადაც იკვეთება საკანონმდებლო რეგულირების, გამოძიებისა და პროპორციული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების პრობლემები. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას სექსუალური ძალადობის შემთხვევაში, ამ დანაშაულების საკანონმდებლო რეგულირება ხარვეზიანია, კერძოდ, მაგალითად გაუპატიურების შემთხვევაში დანაშაულის დეფინიციის შემადგენელი ნაწილი მხოლოდ ძალადობა, ძალადობის მუქარა და დაზარალებულის უმწეო მდგომარეობის გამოყენებაა და საერთოდ არ არის გათვალისწინებული დაზარალებულის თანხმობის არარსებობა. სექსუალური ძალადობის დანაშაულის მსგავსი რეგულირება კი ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას და  სტამბოლის კონვენციას, რომლიც საქართველოს რატიფიცირებული აქვს[2]. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2020 წლის მაისის თვიდან საქართველოში პარლამენტი განიხილავს საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც სექსუალური ძალადობის დანაშაულების რეგულირებას სტამბოლის კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანას ისახავს მიზნად.[3]

საკანონმდებლო ხარვეზების მიღმა პრობლემურია თავად მართლმსაჯულების განხორცილების პროცესი. დანაშაულის დეფინიციიდან გამომდინარე, საგამოძიებო ორგანოების მხრიდან აქცენტი მთლიანად ძალადობის დადასტურებაზეა გადატანილი და სექსუალური ძალადობის დამადასტურებელი მტკიცებულებებთან დაკავშირებით ძალიან მაღალ სტანდარტს აწესებენ[4], მაშინ, როცა ცხადია, რომ სექსუალური ძალადობის დანაშაულები მიეკუთვნება დანაშაულების ისეთ კატეგორიას, რომელიც მოწმეთა სიმრავლით და მტკიცებულებათა მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა.  მსგავსი მიდგომა კი როგორც უკვე არაერთხელ აღინიშნა, სექსუალური ძალადობის დანაშაულების გამოძიებას და დამნაშავის დასჯას ხელს უშლის.

ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებასაც, რომ  სხვა სექსუალური ძალადობის საქმეებში აგრეთვე ფიქსირდება მეორეული ვიქტიმიზაციისა და პოლიციის თანამშრომელთა არასენსიტიური დამოკიდებულების პრობლემა. საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის ანგარიში აჩვენებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევაში სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი საქმეებიდან უმეტეს შემთხვევაში მსხვერპლები უთითებენ, რომ "ერთსა და იმავე საკითხზე რამდენჯერმე უწევთ ახსნა-განმარტების მიცემა და, შესაბამისად, ხანგრძლივი დროის განმავლობაში ყოფნა პოლიციის განყოფილებაში. ამასთან, არასათანადო ინფრასტრუქტურის გამო, პოლიციის შენობაში, ხშირად, დაუცველია კონფიდენციალობა". ამასთან ერთად, ზოგიერთ შემთხვევაში ადგილი აქვს პოლიციის თანამშრომლის მხრიდან მსხვერპლი ქალის მიმართ შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას. [5]

 

შეჯამება

ზემოთ აღწერილი გარემოებები აჩვენებს, რომ ვ.პ.-ს სავარაუდოდ გაუპატიურების ფაქტზე მიმდინარე გამოძიება არაეფექტურია, ამ დრომდე არ ხდება დანაშაულისა და შესაძლო დამნაშავის იდენტიფიცირება, რასაც თან ახლავს დანაშაულის მსხვერპლის არასათანადო ინფორმირებისა და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების მიღების პრაქტიკა პროკურატურისა და სასამართლოს მიერ.  აღნიშნულის გათვალისწინებით, EMC მოუწოდებს

 

პროკურატურას

  • საქმის გარემოებების, ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების შედეგების გაცნობის მიზნით მოახდინოს ვ.პ.-ს ინტერესების დამცველთა ინფორმირება;
  • უზრუნველყოს ვ.პ-ს დაზარალებულად ცნობა და საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს

  • უზრუნველყოს პოლიციის განყოფილებებში სქესობრივ დანაშაულთა სავარაუდო მსხვერპლთათვის ადეკვატური გარემოსა და მოპყრობის პრაქტიკის შექმნა;
  • გაიაზროს დანაშაულის მსხვერპლის მეორეული ვიქტიმიზაციის მაღალი რისკები და უზრუნველყოს ინსტიტუციური და სოციალური ზომების გატარება მისი თავიდან აცილების მიზნით.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] იხ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-5 ნაწილი

[2] იხ. საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 200

[3]https://netgazeti.ge/news/451285/

[4] იხ. საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 200

[5] იგივე. გვ. 199