ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება შინაგან საქმეთა სამინისტროს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საჯარო ინფორმაციის არასრულყოფილად მოწოდების ფაქტს და მოუწოდებს უწყებებს, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მაქსიმალურად უზრუნველყონ დაინტერესებული სუბიექტების და მთლიანად საზოგადოებისთვის საჯარო ინფორმაციის დროული და სრულყოფილად მიწოდება.

EMC-მ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და შსს-ს რამდენიმე კვირის წინ მიმართა თხოვნით, მოეწოდებინათ საჯარო ინფორმაცია საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ გატარებული ღონისძიებების თაობაზე. კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან გამოთხოვილი ინფორმაცია უკავშირდებოდა კრიტერიუმებს, რომლის გათვალისწინებითაც იღებენ სასამართლოები გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, როგორ ფორმატში განიხილონ კონკრეტული საქმე - სხდომის დარბაზში, თუ დისტანციურად; შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, შევიდა თუ არა ცვლილებები საქმეთა ელექტრონული განაწილების წესში; საბჭოდან აგრეთვე გამოთხოვილი იყო საქმეთა განხილვის თაობაზე სტატისტიკური მონაცემები. რაც შეეხება შსს-ს - უწყებიდან გამოთხოვილი იყო ინფორმაცია საგანგებო მდგომარეობის პერიოდში დანაშაულის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების სტატისტიკაზე, აგრეთვე, გამოიცა თუ არა სპეციალური შიდა-ინსტრუქციები პოლიციის თანამშრომლებისთვის, საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში გასატარებელ ღონისძიებებზე და მოქალაქეებთან ურთიერთობის ფორმებზე.

აღსანიშნავია, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე შეიმუშავა სპეციალური რეკომენდაციები საერთო სასამართლოებისთვის, ქვეყანაში პანდემიის გავრცელების პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებებთან დაკავშირებით.[1] რეკომენდაციები, მათ შორის, საქმეების ნაწილის დისტანციურ რეჟიმში განხილვას უკავშირდებოდა, თუმცა ამ დრომდე უცნობია, რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობენ სასამართლოები ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას, ან რა რაოდენობის საქმე განიხილება დისტანციურად. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მხოლოდ განმარტა, რომ საქმეთა განაწილების წესში ცვლილება არ განხორციელებულა ამ პერიოდში და აგრეთვე მოგვაწოდა ინფორმაცია, თუ რა პროგრამის საშუალებით მიმდინარეობს სასამართლოებში საქმეთა ელექტრონული განხილვა და ამისთვის რა ტიპის გადამზადება გაიარეს თანამშრომლებმა.

რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, უწყება მარტის ბოლოდან ყოველდღიურ რეჟიმში აქვეყნებს სტატისტიკურ მონაცემებს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევასთან დაკავშირებით გამოვლენილ სამართალდარღვევებზე. ამ მონაცემების თანახმად, 30 მარტიდან 5 მაისის ჩათვლით, ადმინისტრაციული წესით 5835 პირია დაჯარიმებული,[2] ხოლო ჯარიმების საერთო რაოდენობა ამ პერიოდში 17,505,000 ლარზე მეტს შეადგენს. თუმცა, უწყება ინფორმაციას არ ამუშავებს ფოკუსირებულად იმ რეგიონების მიხედვით, რომლებშიც დაწესებულია კარანტინის რეჟიმი. აგრეთვე, ხელმისაწვდომი არაა საგანგებო მდგომარეობით დადგენილი შეზღუდვების განმეორებითი დარღვევის თაობაზე წარმართული სისხლის სამართლის საქმეების შესახებ მონაცემები. უწყება აგრეთვე არ გვაწვდის ინფორმაციას საგანგებო მდგომარეობის პირობებში სხვა ტიპის სამართალდარღვევებზე, როგორიცაა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა, ან წვრილმანი ხულიგნობა. ასევე უცნობია, რა ტიპის სპეციალური ინსტრუქციები არსებობს პოლიციის თანამშრომლებისთვის საგანგებო მდგოამრეობის დროს მოქალაქეებთან ურთიერთობისას და კონკრეტული იძულების ღონისძიების გამოყენებისას.

“EMC” აცნობიერებს, რომ საგანგებო მდგომარეობასთან გამკლავება განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს რიგი სახელმწიფო უწყებებისგან. ამის მიუხედავად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ არაერთი უფლების ინტენსიურად შეზღუდვის ფონზე, საზოგადოებას შეძლებისდაგვარად მიუწვდებოდეს ხელი საჯარო ინფორმაციაზე. გასათვალისწინებელია, რომ შექმნილ მდგომარეობაში პოლიცია ერთ-ერთი ის უწყებაა, რომელსაც ყველაზე ხშირად უწევს მოქალაქეებთან კომუნიკაცია და სხვადასხვა ტიპის იძულების მექანიზმების გამოყენება, რაც თავის მხრივ უკავშირდება ძალის შერჩევითად, ან არაპროპორციულად გამოყენების რისკებს, თვითნებობას, ან სხვა ტიპის უკანონობებს. ამ პირობებში ასევე მნიშვნელოვანია, სასამართლომ შეძლოს გამჭვირვალედ და ღიად ფუნქციონირება, რათა ეფექტიანად დაიცვას მოქალაქეთა უფლებები და საზოგადოებას გაუმყაროს რწმენა მართლმსაჯულების მიმართ.

არსებული კრიზისული ვითარების ეფექტიანად მართვისთვის, აუცილებელია საზოგადოება მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული თითოეული უწყების საქმიანობაზე და ზოგადად არსებულ ვითარებაზე. საგანგებო მდგომარეობის პირობებში, როცა ადამიანის უფლებების დარღვევის ისედაც მომეტებული საფრთხეები არსებობს, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ მაქსიმალური ძალისხმევა გაწიოს უწყებების დემოკრატიული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, უფლებების პოტენციური დარღვევის ფაქტები დაფარული და საზოგადოებრივი კონტროლის მიღმა აღმოჩნდეს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, რომელიც უკავშირდება საგანგებო მდგომარეობას და ამ პირობებში შესაბამისი უწყებების საქმიანობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, EMC მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, უზრუნველყონ საჯარო ინფორმაციის სათანადოდ დამუშავება და მისი ხელმისაწვდომობა.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 13 მარტის რეკომენდაცია N1.

[2] იხ. https://police.ge/ge/press-center/news