ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) ადამიანის უფლებათა აქტივისტის, ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს "სასამართლო მეგობრის" მოსაზრებით (amicus curiae) მიმართა და სასამართლოს შეუწყნარებლობის მოტივის იდენტიფიცირებისკენ მოუწოდებს. ჩვენი შეფასებით, დანაშაულის მოტივის დადგენა არსებითია სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების პრევენციისთვის და უმცირესობების ჯგუფებისთვის უსაფრთხო და თანასწორი პოლიტიკური და სოციალური გარემოს შექმნისთვის.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2018 წლის 30 სექტემბერს თბილისში მოკლული ვიტალი საფაროვის საქმეზე პროკურატურამ ბრალი ორ პირს ეთნიკური ნიშნით შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის გამო წაუყენა. თუმცა, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 22 ივნისის განაჩენით არ დაადგინა, რომ ბრალდებულმა პირებმა სასტიკი მკვლელობა ეთნიკური შეუწყნარებლობის მოტივით ჩაიდინეს და ისინი დამნაშავედ მხოლოდ ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობის გამო ცნო.

EMC მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში სათანადოდ არ არის შეფასებული საქმის ის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რომლებიც დანაშაულის შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენაზე მიუთითებს და მან სრულად უგულებელყო სისხლის სამართლის კანონმდებლობისა და პოლიტიკის განსაკუთრებით მკაცრი მიდგომა დისკრიმინაციული დანაშაულების მიმართ. თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ რამდენადაც კონფლიქტი დაიწყო არა ეროვნული მოტივით, არამედ შელაპარაკების ნიადაგზე, მსჯავრდებულების მიერ უშუალოდ ჩხუბის დროს ნათქვამი სიტყვები "მოკალი, ამის ებრაელი დედა" ვერ შეფასდებოდა შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის ფაქტად. სასამართლომ მიიჩნია, რომ არ გამოირიცხება ეჭვი, რომ მსჯავრდებულები იგივენაირად იმოქმედებდნენ ეროვნებით ქართველი მსხვერპლის შემთხვევაში. სასამართლოს ამგვარი მსჯელობა ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს - მომხდარის მოწმეები დეტალურად აღწერდნენ, რომ კონფლიქტის მიზეზი სწორედ ნაციონალიზმთან დაკავშირებული საკითხი გახდა და უშუალოდ საფაროვზე ძალადობის დროს, თავდამსხმელებმა აშკარად ქსენოფობიური ენა გამოიყენეს და მას განსაკუთრებით სასტიკად გაუსწორდნენ. მოწმეები იხსენებენ, რომ კონფლიქტის დროს, სიტუაციის განეიტრალების მიზნით, ვიტალი საფაროვმა მსჯავრდებულს განუმარტა, რომ ის ებრაელი იყო, მაგრამ არავისზე ნაკლებად არ უყვარდა საქართველო და გაუგებარი იყო, რატომ კამათობდნენ ქართველობაზე და საქართველოზე. მოწმეთა განმარტებით, სიტყვიერი გარჩევის რაღაც ეტაპზე, ავთანდილ კანდელაკიშვილი გაემართა ვიტალი საფაროვისკენ, ჯერ შეაგინა "შენი ებრაელი დედაო" და დაუწყო დანით სხეულზე დარტყმის მიყენება. სწორედ, ამ დროს ადგილზე მყოფ სხვა პირებს ხელიდან დაუსხლტა მეორე მსჯავრდებული გიორგი სოხაძე, მიირბინა ვიტალი საფაროვთან და კანდელაკიშვილთან, ზურგიდან შებოჭა ვიტალი, მას ურტყამდა ორ თითზე წამოცმულ კასტეტს და კანდელაკიშვილს უყვიროდა "მოკალი მაგის ებრაელი დედაო". კონფლიქტის დროს მოძალადეების რიტორიკაში ანტისემიტური და ქსენოფობიური რიტორიკის დომინირება და კონტექსტი სამწუხაროდ სასამართლომ სათანადოდ ვერ გაიაზრა. ამასთან, სასამართლომ სათანადო ყურადღება არ მიაქცია თავდამსხმელების კავშირს ნეონაცისტურ ჯგუფებთან და მოწმეთა ჩვენებებს, რომელიც სხვა შემთხვევებში მათი მხრიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების შევიწროების და ქსენოფობიური რიტორიკის გამოყენების ფაქტებზე უთითებდა.

სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში, რომელიც EMC-მ თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინა, ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ რას წარმოადგენს შეუწყნარებლობის მოტივი და როგორია მისი გამოკვეთის ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტი. ამასთან, EMC-ს მოსაზრებაში დეტალურად არის მიმოხილული სიძულვილის მოტივის იდენტიფიკატორები და ამ პროცესში კონფლიქტის დაწყების, მიმდინარეობის ან დასრულების შემდგომ თავდამსხმელის მიერ გამოყენებული რიტორიკის, სიმბოლოების, აფილაციის, წარსული გამოცდილების შესწავლის მნიშვნელობა.

ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმე ჩვენს საზოგადოებაში ქსენოფობიის და შეუწყნარებლობის ყველაზე მძიმე გამოვლინება იყო, რაც სახელმწიფო ინსტიტუტების და ასევე, პოლიტიკური და სამოქალაქო ჯგუფების მხრიდან სათანადო გააზრებას და ქმედითი პრევენციული ზომების მიღებას ითხოვს. ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეში კიდევ ერთხელ გამოჩნდა ნეონაცისტური/ულტრაკონსერვატიული ჯგუფების რადიკალიზების და ძალადობრივი ორგანიზების მძიმე შედეგები, რაც სახელმწიფოს მხრიდან ეფექტიანი სამართალდაცვითი მუშაობის მიღმა, სისტემური და სპეციალური საგანმანათლებლო და სოციალური პოლიტიკის გატარებას მოითხოვს. არსებითია, სახელმწიფომ და მართლმსაჯულების სისტემებმა გაიაზროს, რომ დისკრიმინაციული დანაშაული ზიანს აყენებს არა მხოლოდ კონკრეტულ მსხვერპლს, არამედ მთელს სოციალურ ჯგუფს/ჯგუფებს, რომელსაც მსხვერპლი მიეკუთვნება და ამდენად, ის არღვევს სოციალურ მშვიდობას, ერთიანობის და თანასწორობის განცდას. სამწუხაროდ, აღნიშნული საქმის მძიმე სოციალური და უფლებრივი კონტექსტი სასამართლომ სათანადოდ ვერ გაიაზრა და ამ საქმეს არც საკმარისი პოლიტიკური მხარდაჭერა ჰქონდა ხელისუფლების მხრიდან.

სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში EMC ხაზს უსვამს, სააპელაციო სასამართლოს მხრიდან საქმის მნიშვნელობას და დისკრიმინაციული ძალადობის პრევენციისა და არადომინანტური რელიგიური/ეთნიკური ჯგუფებისთვის უსაფრთხო და თანასწორი გარემოს შექმნისთვის მსგავსი დანაშაულების სწორი კვალიფიკაციის და სამართლიანი სასჯელების გამოყენების მნიშვნელობაზე მსჯელობს.

აღსანიშნავია, რომ ვიტალი საფაროვის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე სასამართლო მეგობრის მოსაზრება თბილისის სააპელაციო სასამართლოს წინაშე სახალხო დამცველმაც წარადგინა. ვიტალი საფაროვის დედის ინტერესებს გამოძიებისა და სასამართლოს წინაშე, ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს.

EMC იმედოვნებს, რომ სააპელაციო სასამართლო გაიაზრებს დაზარალებულის უფლებამონაცვლის, სახალხო დამცველისა და ჩვენს პოზიციებს და საქმეზე ეთნიკური ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივს დაადგენს.