“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” სარჩელით მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ქმედებების შედეგად, კერძოდ, ზვიად რატიანის პერსონალური მონაცემების გავრცელებით, მისთვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.

ზვიად რატიანი, სპეციალური საპოლიციო კონტროლის (რეიდის) ფარგლებში, 2018 წლის 23 დეკემბერს დააკავეს. პოლიცია მას წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა. თბილისის საქალაქო სასამართლოში სამართალდარღვევის საქმის განხილვისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან, წარდგენილ იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ, საკუთარი მობილური ტელეფონით გადაღებული, ფრაგმენტული ვიდეოჩანაწერები. ზვიად რატიანის გადაღება პოლიციელებმა განახორციელეს ეპიზოდურად, ისე რომ მასზე აღბეჭდილი არ ყოფილა პოლიციისა და მოქალაქის კომუნიკაციის საწყისი ეტაპი, ასევე ინცინდენტის განვითარება.

შსს-ს მიერ წარდგენილი ვიდეოჩანაწერის გამოკვლევა განხორციელდა ღია სასამართლო სხდომაზე. თუმცა, მისი აღქმადობა შეზღუდული იყო უშუალოდ მხარეებისა და სასამართლოსთვის. სხდომაზე დამსწრე სხვა პირებისთვის, მათ შორის მედიის წარმომადგენლებისთვის, აღნიშნული მტკიცებულების ზუსტი შინაარსი აღქმადი არ ყოფილა.

სასამართლოს სხდომის შემდეგ, 2017 წლის 27 დეკემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვა, აღნიშნული მტკიცებულების გადაცემა. მითითებული წერილის საფუძველზე შსს-მ საზოგადოებრივ მაუწყებელს, უკანონოდ, მოსარჩელის ინფორმირებისა და მისი ნებართვის აღების გარეშე გადასცა ვიდეო ჩანაწერი, რომელიც გავიდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მითითებული ვიდეოკადრების გავრცელების შემდგომ, ისინი სხვა მედიასაშუალებებმაც გამოაქვეყნეს. იმის გათვალისწინებით, რომ მითითებული საკითხი იმ პერიოდისთვის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანს წარმოადგენდა, ზვიად რატიანის ამსახველი ვიდეოკადრები ათიათასობით ადამიანმა ნახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ვიდეოკადრების მედიისთვის გადაცემისა და მისი გავრცელების შემდგომ, ზვიად რატიანი მუდმივი საზოგადოებრივი წნეხისა და ყურადღების ქვეშ ცხოვრობს. საჯარო სივრცეში ყოფნისას, მისი მისამართით ხშირად ისმის ირონიული, დამცინავი შეძახილები, კომენტარები, გამუდმებული მზერა, რამაც მას თავისუფლად ცხოვრების შესაძლებლობა წაართვა. ვიდეოჩანაწერების გასაჯაროვების შემდეგ, მის მიმართ, სხვადასხვა დროს, ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და აგრესიას. აღნიშნულის შედეგად, ზვიად რატიანის ფსიქოლოგიური და ემოციური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა, მას მოერღვა უსაფრთხოების განცდა და განუვითარდა პოსტტრავმული სტრესული აშლილობა. აღნიშნული მოვლენების შედეგად გამოწვეული საზოგადოების მუდმივი წნეხის ქვეშ ცხოვრება მისთვის გაუსაძლისი გახდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის კარგად იყო ცნობილი, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მტკიცებულების სახით არსებული ვიდეოჩანაწერის გადაცემა მედია საშუალებისთვის, მის გასაჯაროებას გულისხმობდა, რაც თავის თავში გულისხმობდა იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის პერსონალური მონაცემების ამსახველ ვიდეოს მრავალი ათასი ადამიანი ნახავდა. სამინისტრო ასევე აცნობიერებდა, რომ ის მედიას გადასცემდა პერსონალური მონაცემების ამსახველ ვიდეოჩანაწერს, რომელსაც შესაძლოა მოსარჩელისთვის ჰქონოდა მსგავსი შედეგი. ამაზე მიუთითებს შსს-ს, 2017 წლის 24 დეკემბერის განცხადებაც, სადაც საუბარია, რომ სამინისტროს გააჩნია ზვიად რატიანის მხრიდან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ამსახველი ვიდეო-მასალა, მაგრამ ამ დროისთვის არ მიიჩნევს სწორად საჯაროდ გამოიტანოს უცენზურო გამონათქვამებით აღსავსე ჩანაწერი.

აღსანიშნავია, რომ ზვიად რატიანის პოლიციელთა პირადი მობილური ტელეფონით ვიდეოგადაღების და შემდგომში, ამ ჩანაწერის მედია საშუალებისთვის გაზიარების კანონიერებაზე იმსჯელა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა და 2018 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდამრღვევად ცნო ორივე ნაწილში. ინსპექტორის გადაწყვეტილებით, შს სამინისტრო დაჯარიმდა 2000 ლარით, ზვიად რატიანის პოლიციის თანამშრომლების პერსონალური ტელეფონით ვიდეოგადაღების და პერსონალური მონაცემების ამსახველი ვიდეოკადრების მედიისთვის გადაცემის გამო.

ამის გათვალისწინებით, EMC სასამართლოსთვის წარდგენილი სარჩელით ითხოვს, შინაგან საქმეთა სამინისტროს უკანონო ქმედების შედეგად, ზვიად რატიანისთვის მიყენებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებას.