„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) პოლიციის მხრიდან ზვიად რატიანის შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტს და ამ საქმეზე მიმდინარე გამოძიებას ეხმაურება. პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან ზვიად რატიანის ცემის სავარაუდო ფაქტზე გამოძიებას თბილისის პროკურატურა, 2017 წლის 24 დეკემბრიდან, უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების მუხლით აწარმოებს.

როგორც ცნობილია, ზვიად რატიანი 2017 წლის 23 დეკემბერს სპეციალური საპოლიციო კონტროლის ფარგლებში ძველი თბილისის სამმართველოს მეხუთე განყოფილების თანამშრომლებმა შეაჩერეს. ზვიად რატიანის განცხადებით, ადმინისტრაციული წესით მისი დაკავების შემდეგ, პოლიციის თანამშრომლებმა მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რაც სხეულზე არსებულ არაერთ დაზიანებაშია გამოხატული.

გამოძიების დაწყებიდან გონივრული ვადის გასვლის და საქმეში არსებული სათანადო საფუძვლების არსებობის მიუხედავად, ზვიად რატიანს დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ აქვს მინიჭებული. მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურამ რატიანს და მისი ინტერესების დამცველს, მისცა სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა, დაზარალებულის სტატუსის მიუნიჭებლობა გამოძიების პროცესის დამოუკიდებლობის და სანდოობის მიმართ კითხვებს აჩენს.

ამ დრომდე საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით ცნობილია შემდეგი:

  1. ზვიად რატიანის სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებების არსებობა დადასტურებულია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით. დასკვნის თანახმად, ზვიად რატიანს სხეულსა და სახეზე მთლიანობაში ოცამდე დაზიანება, სისხლჩაქცევები და ესკორიაციები აღენიშნება;
  2. საქმეში არსებული მასალებით დადგენილია ისიც, რომ ზვიად რატიანს პოლიციის თანამშრომლებთან კომუნიკაციამდე არანაირი დაზიანება არ აღენიშნებოდა;
  3. საქმის მასალებით ასევე დგინდება პოლიციის თანამშრომელთა მიერ ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით გაკეთებული ახსნა-განმარტებების მცდარობა. სასამართლო პროცესზე პოლიციელებმა განმარტეს, რომ რატიანის დაკავება განპირობებული იყო საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევით და ქუჩაში უმისამართო, ხმამაღალი გინებით. საქმეში არსებული ერთ-ერთი ვიდეოჩანაწერით დაფიქსირებულია ზვიად რატიანის გადაადგილების ეპიზოდი თამარ მეფის გამზირზე. აღნიშნული ჩანაწერი ნათლად აჩვენებს, რომ ზვიად რატიანის მხრიდან საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას და უმისამართო გინებას მითითებულ დროს ადგილი არ ჰქონია. ეს გარემობა საეჭვოს ხდის პოლიციელთა ახსნა-განმარტებებს ამ საქმესთან დაკავშირებით და უკარგავს სანდოობას მათ პოზიციებს;
  4. საქმის მასალებით დგინდება, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორში შეყვანამდე, ზვიად რატიანი პოლიციას დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში დაკავებული ყავდა იზოლატორის მიმდებარე ავტოსადგომზე. გამოძიებისთვის ზვიად რატიანის მიერ მიცემული ინფორმაციის თანახმად, პოლიციის თანამშრომლები მასზე განსაკუთრებით სწორედ დროებითი მოთავსების იზოლატორთან ყოფნის დროს ძალადობდნენ. საქმეში არსებული ერთ-ერთი ვიდეოჩანაწერით, დგინდება, რომ ძველი თბილისის სამმართველოს მეხუთე განყოფილების თანამშრომელთა ავტომანქანა, რომელშიც ზვიად რატიანი იყო მოთავსებული, დროებითი მოთავსების იზოლატორთან საათზე მეტი ხნის განმავლობაში იყო გაჩერებული. პოლიციის თანამშრომლები ამ დაყოვნებას დმი-ში სხვა დაკავებულის მიღებით ხსნიდნენ, თუმცა ვიდეოკადრებზე ასახულია, რომ პოლიციის თანამშრომელთა მიერ იზოლატორის ტერიტორიაზე რატიანის მიყვანიდან შვიდ წუთში, სხვა ავტომანქანით მიყვანილი, დაკავებული პირი დაუყოვნებლივ შეჰყავთ იზოლატორში. ეს გარემოება საეჭვოს ხდის პოლიციის თანამშრომელთა განმარტებების სისწორეს, როგორც აღნიშნულ ეპიზოდთან, ისე რატიანის საქმეში არსებულ სხვა საკითხებთან დაკავშირებით.
  5. გამოძიებას ჯერ-ჯერობით სათანადოდ არ აქვს გამოკვლეული იზოლატორთან რატიანის ხანგრძლივი დაყოვნების ეპიზოდი, მათ შორის, დაყოვნების პერიოდში იზოლატორში სხვა დაკავებულების შეყვანის შესაძლო შემთხვევები.

მიგვაჩნია, რომ საქმის გამოძიების ამ ეტაპისთვის, არსებობს საკმარისი სამართლებრივი საფუძველი ზვიად რატიანისთვის დაზარალებულის სტატუსის მისანიჭებლად. ასევე, მნიშნელოვნად მიგვაჩნია, რიგი საგამოძიებო მოქმედებების (მათ შორის, პოლიციელების ამოცნობა) უმოკლეს ვადებში ჩატარება იმისთვის, რომ დროულად იყოს მიღებული საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება.

მოვუწოდებთ თბილისის პროკურატურას:

  • ზვიად რატიანს მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი;
  • დროულად ჩატარდეს ზვიად რატიანის სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში მონაწილე პოლიციის თანამშრომელთა ამოცნობა;
  • დადგინდეს ზვიად რატიანის დროებითი მოთავსების იზოლატორთან საათნახევრის განმავლობაში დაყოვნების რეალური მიზეზი, მათ შორის, მოხდეს იმ პირების გამოკითვხა, რომლებიც დროის იმავე მონაკვეთში იმყოფებოდნენ იზოლატორის ავტოსადგომზე და შესაძლოა ფლობდნენ გამოძიებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.