სტატია წარმოადგენს იმ რეფლექსიების მიმოხილვას, რომელიც ჩაწერილია სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური, დომინანტური და არადომინანტური ჯგუფის აქტივისტებთან. დისკუსიაში მონაწილეობას იღებდნენ ეთნიკურად ქართველი აქტივისტები ცენტრიდან, პერიფერიიდან და კონფლიქტური ზონიდან, მათ შორის მუსლიმი ქართველები. ასევე საქართველოს აზერბაიჯანელები, საქართველოს სომხები და აქტივისტები პანკისიდან.

მარიამი: რას ვგულისხმობთ, როდესაც ვსაუბრობთ „სამშობლოზე“?

ქამრანი: სამშობლო უფრო ემოციური გამოხატულებაა იმ ტერიტორიის, მიწის თუ რეალობის, სადაც შენ რაღაცნაირად დაკავშირებული, მიბმული ხარ. ვფიქრობ, სამშობლო უფრო ადგილთან რომანტიზებული კავშირის ქონას გულისხმობს. სახელმწიფო კი უფრო პოლიტიკურია. ჩემთვის სამშობლო საქართველოა, მასთან მაქვს ემოციური ბმა. თუმცა საქართველოში სამშობლოს და სახელმწიფოს ექსკლუზიური გაგება დომინირებს - თითქოს მხოლოდ აქ მცხოვრები ადამიანების ნაწილისთვის შეიძლება იყოს საქართველო სამშობლო და თუ არ ხარ ქრისტიანი მართლმადიდებელი ან ეთნიკურად ქართველი, შენთვის საქართველო სამშობლო ვერ იქნება. თითქოს ჩვენთვის საქართველო ავტომატურად არ შეიძლება იყოს ჩვენი სახელმწიფო და სამშობლო. ხშირად ახსენებენ ხოლმე, ქართველი აზერბაიჯანელების ისტორიული სამშობლო აზერბაიჯანიაო, რასაც ხშირად პოლიტიკოსებიც იმეორებენ. პოლიტიკურ მესიჯებშიც ჩანს ხოლმე ეს შეხედულება.

კრისტი: ალბათ, „სამშობლოს“ ორი ან მეტი გაგება არსებობს. ერთი, რომელიც დომინანტურ ჯგუფს და მეორე, რომელიც არადომინანტურ ჯგუფს უკავშირდება. ორივე შემთხვევაში ეს სიტყვა გრძნობებთან, შინაგან შეგრძნებებთანაა დაკავშირებული. დომინანტური ჯგუფი „სამშობლოს“ გაგებისას ტრავმული მეხსიერებით ხელმძღვანელობს. ეს  ისეთი ტიპის მიკუთვნებულობაში ვლინდება, რომ თითქოს სხვებს არც კი უნდა ჰქონდეს პრეტენზია, საქართველოს სამშობლო უწოდონ. ეთნიკურად არაქართველ ჯგუფებში „სამშობლო“ უფრო აღიქმება იმ ადგილად, სადაც დავიბადეთ და გავიზარდეთ. თუმცა ჩვენი, ეთნიკურად არაქართველი მოსახლეობის ეს გრძნობები აღიქმება ისე, თითქოს პრეტენზია გვაქვს ამ ტერიტორიაზე.

ლუიზა: სამშობლოს გაგების ილუსტრაციისთვის ქართული სუფრა მახსენდება. დავით აღმაშენებელის, დიდგორის ბრძოლის ხსენება და ამაზე სადღეგრძელოები, რაც ბევრისთვის შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენებიც იყოს, თუმცა ეს ყველასთვის თანაბარი ემოციური კავშირის დამყარების შესაძლებლობას არ გვაძლევდეს. წარსულ მოვლენებზეა აქცენტი, წარსულის ხსენებას ვერ გაცდა. საქართველოში იშვიათად აღვიქვამთ თანამედროვე სახელმწიფოს ნაწილებად ჩვენს თავს, სახელმწიფოზე მეტი აქცენტი გვაქვს დასასმელი.

ზაზა: სამშობლო თავისი არსით არ არის გეოგრაფიული სივრცის ან ტერიტორიის მოცემულობა, არამედ ესაა ის, რაც გაკავშირებს შენს მითოლოგიზირებულ, საერთო წარსულთან. ის მუდმივად ნოსტალგიზირებულია. მუჰაჯირები მახსენდება, რომელთა მეხსიერებაშიც ისტორიული სამშობლოს - საქართველოს - განცდა ისტორიულ მეხსიერებაზე დგას, რომელიც მათ თავად არ გამოუცდიათ და წინაპრების გადმოცემით იციან. თუმცა ეს ადამიანები იმ ადგილსაც აღიქვამენ სამშობლოდ, სადაც ისინი ამჟამად ცხოვრობენ. ალბათ სამშობლოს აღქმა ძალიან არაერთგვაროვანია და ყველას თავისებური აღქმა აქვს. თუმცა საქართველოში მხოლოდ ერთ კონკრეტულ ჯგუფს აქვს უფლება, ჰქონდეს სამშობლოს განცდის შესაძლებლობა და მხოლოდ მისი ექსკლუზიური ქვეყანა იყოს საქართველო. ეს არ უტოვებს მეორე ადამიანს სივრცეს ან უფლებას, რომ იყოს ისეთივე ნაწილი სამშობლოსი, როგორც სხვები, სადაც საკუთარ თავს ამ ქვეყნის ნაწილად მოიაზრებდა.

ისტორიული მეხსიერება რადგან ასეთი ძლიერია, საზოგადოება ხშირად ვერ ახერხებს, რომ კრიტიკული პერსპექტივით დაინახოს ან გაანალიზოს ეს ყველაფერი. ნებისმიერი კრიტიკის მცდელობა ყოველთვის წარუმატებლობისთვისაა განწირული და მძაფრად ულტრანაციონალისტურ დამოკიდებულებას ეჯახება. ლუიზას მიერ სუფრის ილუსტრაციის ხსენება ფარდას ხდის იმას, თუ რაოდენ ფასადურია სამშობლოზე შეხედულებების ზემოთ ნახსენები ფორმები. ეს არაა ადამიანების შინაგანი გამოძახილი, არამედ კულტურული და იდეოლოგიური გავლენების დამსახურებაა. რელიგიური უმცირესობების პერსპექტივით რომ ვილაპარაკო, აბსოლუტურად იგივე განცდა მაქვს, რაც ეთნიკურ უმცირესობებს აქვთ. თითქოს ჩვენ ვერ ვაკმაყოფილებთ იმ პირობებს, რომ შეგვეძლოს სამშობლო ჩვენც ისევე გვეკუთვნოდეს. უმცირესობების მიმართ ასეთი დამოკიდებულება არა მხოლოდ ყოველდღიურ, ყოფით დონეზე გამოიხატება, არამედ სახელმწიფო პოლიტიკის საშუალებით, რაც სხვადასხვა ჯგუფებს პოლიტიკის მიღმა ტოვებს.

მარიამი: თქვენთვის რა არის სამშობლო? როგორია თქვენი დამოკიდებულება ამ სიტყვის მიმართ? იწვევს თუ არა რაიმე ტიპის დისკომფორტს, უხერხულობას ან არაერთგვაროვან გრძნობებს?

ლაშა[1]: ვიღაც რომ სამშობლოს ახსენებს, ვიძაბები. მეშინია ამ სიტყვის, რადგან ხშირად ნაციონალისტები იყენებენ. საქართველო არ ეცადა არასოდეს, რომ ჩემთვისაც ისეთი სამშობლო ყოფილიყო, როგორც სხვებისთვის. უფრო მითიური არსებაა ჩემთვის. ჩემთვის სიტყვა „სამშობლო“ ძალაუფლების მქონე ადამიანთა მცირე ჯგუფმა გამოიგონა, რათა ღარიბებმა ხმა არ აიმაღლონ უსამართლობაზე, უთანასწორობაზე, შიმშილზე, ჩაგვრაზე. ეს მცირე ჯგუფი ამბობს: „თქვენ და ჩვენ ერთი „სამშობლო“ გვაქვს, რომლის დასაცავად პატრიოტი ღარიბები უნდა წახვიდეთ (ჩვენი შვილები კი უცხოეთში სწავლობენ). თქვენ უნდა მოკვდეთ ომის დროს, რათა დაიცვათ ჩვენი საკუთრება, ჩვენი ბიზნესი, ჩვენი მიწები, სახლები, ქონება... რადგან თქვენ არაფერი გაქვთ დასაკარგი, გარდა „სამშობლოსთვის“ თავდადებული სიყვარულისა. რატომ უნდა მიხაროდეს იმ ქვეყნის დაბადების დღე, სადაც ერთი მეტრი კვადრატული მიწა არ ყოფილა ჩემი?

გიორგი: სახელმწიფო, რეალურად, არ განიხილავს და არ აღიქვამს რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობებს, როგორც საზოგადოების ისეთივე ბუნებრივ ნაწილს, რასაც კულტურულად დომინანტური ჯგუფები (ქრისტიანები, ეთნიკური ქართველები) წარმოადგენენ. შესაბამისად, სახელმწიფოსთვის აღნიშნული უმცირესობები არის უცხო სხეული. თუმცა დომინანტურ ჯგუფთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი პრობლემა ისაა, რასაც ვაწყდებით ხშირად გაგონილ ფრაზაში „ჩემს (ქართველის, ქრისტიანის, კაცის) უფლებებს ვინ დაიცავს?“ აქ თავმოყრილია ბოლო 30 წლიანი პოლიტიკური გამოცდილება, სადაც, ერთის მხრივ, პოლიტიკური კლასი არ ახდენს მოსახლეობის ღარიბი უმრავლესობის რეპრეზენტაციას, მათ პრობლემებზე არ ფოკუსირდება და არც მათ ინტერესებზე ზრუნავს. ამავდროულად, არ არსებობს ისეთი პოლიტიკური აქტორი, რომელიც ღარიბ უმრავლესობას ეტყოდა, რომ ნამდვილად ჩაგრული ხარ. თუმცა არა იმიტომ, რომ ქრისტიანი, კაცი ან ქართველი ხარ, არამედ იმიტომ, რომ ღარიბი, მშრომელი კლასი ხარ. ხოლო მეორეს მხრივ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გაძლიერებულია არასამთავრობო დისკურსი, რომელიც მუდმივად უმცირესობების ჩაგვრებზე საუბრობს, თუმცა, ძირითადად, კულტურულ ჩაგვრაზე ამახვილებს ყურადღებას, ეკონომიკურ და სოციალურ ასპექტებს კი სრულიად გამოტოვებს. აქედან გამომდინარე, მოსახლეობის უმრავლესობასაც უჩნდება სრული გაუცხოება და უნდობლობა სახელმწიფოში, ვინაიდან ისიც არის ჩაგრული, მაგრამ მისი ჩაგვრის მიზეზი სოციალურ და ეკონომიკურ სისტემაშია. იმის აღიარება, რომ დომინანტური ჯგუფიც და არადომინანტური ჯგუფებიც არიან სოციალურ და ეკონომიკურ სისტემაში ჩაგრულები, არ ხდება არც პოლიტიკური ელიტის მიერ და არც დომინანტურ დისკურსში.

მელსი: რომ ვფიქრობდი ამ თემაზე, მივხვდი, რომ სამშობლო არის ადგილი, სადაც თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში ანუ საქართველო. მაგრამ ასევე მიმაჩნია, რომ ჩემი სამშობლო არის ჩეჩნეთი იმის მიუხედავად, რომ არ მაქვს იქ არანაირი გამოცდილება, არ ვყოფილვარ იქ. რა აქცევს მას ჩემს მეორე სამშობლოდ? ალბათ ეს წინაპრების ისტორია და ფესვებია. როდესაც შენი წინაპრების სისხლია შეწირული რაღაც ადგილს, ის შენთვის განსაკუთრებულად არის მნიშვნელოვანი. ბევრი ადამიანი თუ ეწირება კონკრეტულ ადგილს, მეტი პასუხისმგებლობა გიჩნდება, მეტი ვალდებულება გაქვს მის მიმართ. მე ახსნას ამით ვუძებნი - ქართველების დიდი სისხლია დაღვრილი ამ მიწაზე, ქართველებს უჩნდებათ გრძნობა, რომ მათმა ბევრმა წინაპარმა შესწირა თავი, ამიტომ სხვებსაც უნდა გვიწევდეს იმის დამტკიცება, რომ ჩვენც ღირსები ვართ ამ მიწაზე ცხოვრების. ეს შეხედულება თანამედროვე სახელმწიფოში ჩვენთვის ძალიან დიდი გამოწვევაა. შეიძლება ქვეცნობიერად მეც მქონდეს ის აზრები, რომ ლეკიანობის დროს, ერეკლე მეფის დროს საქართველოს მიწის დაცვას ბევრი ქისტის სისხლი შეეწირა. თითქოს ეს უნდა იყოს ლეგიტიმაცია, რომ ჩეჩნებსაც გვეკუთვნოდეს სამშობლო. მაგრამ ეს აჩვენებს, რომ სამშობლო უფრო ინსტინქტებთან, თავის გადარჩენასთან არის კავშირში და არ შეიძლება იყოს თანამედროვე ადამიანისთვის სამართლიანი. ალბათ უსამართლოა, საუკუნეები გჭირდებოდეს ამის დასამტკიცებლად, რომ კონკრეტული მიწა შენთვის მშობლიურია. ამიტომ ჩვენ, პირველ რიგში, სახელმწიფო გვესაჭიროება. სამშობლო გთხოვს, რომ მუდმივად მას ემსახურო, სიცოცხლეც კი შესწირო. თუმცა ადამიანებს აქვთ საჭიროებები და მოთხოვნები, ამიტომ ჩვენ პოლიტიკური და უფრო სამართლიანი გარემოს შესაქმნელად უნდა ვიბრძოლოთ. სახელმწიფო ორმხრივი შეთანხმებაა სადაც ადამიანს სჭირდება სახელმწიფო, ხოლო სახელმწიფოს - მოქალაქე. ეს არაა სამშობლოს მსგავსად ცალხრივი კავშირი.

ზაზა: ჩვენ მუდმივად გვკარნახობენ, როგორები უნდა ვიყოთ, რომ სამშობლო გვიყვარდეს. ჩვენ გაასმაგებული მტკიცების რეჟიმში გვიწევს ცხოვრება, რაც კიდევ უფრო მეტად აღძრავს ემოციურ კავშირს არადომინანტური რელიგიის წარმომადგენლებში. გვიჩნდება სურვილი, რომ ლეგიტიმაცია სხვამაც აღიაროს. სხვამაც აღიაროს, რომ ეს სამშობლო შენია. ეს ხშირად იწვევს ნიჰილიზმს - შენ მიერ გაწეული წვლილის მიუხედავად, პასუხისმგებლობის მოხდის მიუხედავად, მაინც უცხო ხარ და განსხვავებული. დაახლოების მაგივრად მეორე მხრიდან დაშორების მცდელობებს აწყდები. შენი, როგორც მუსლიმის მტრის ხატად შექმნა აძლიერებს იმედგაცრუებას, თუმცა სამშობლოსადმი განცდა ძლიერდება და მიკუთვნებულობის ხარისხი უფრო ფეხს იკიდებს შენში. მტრის მხარდამჭერად მოიაზრები, გეუბნებიან, რომ ღალატობ მთავარ პრინციპებს. აჭარელი მუსლიმები გამყიდველებად წარმოვჩინდებით. გვეუბნებიან, რომ ჩვენ ვუღალატეთ რელიგიას, რაც მათთვის ავტომატურად ქართველობის დათმობად და სამშობლოს წინააღმდეგ წასვლად აღიქმება. პირად ურთიერთობებშიც ხშირად გვასწავლიან, როგორი უნდა იყოს ჩვენთვის სამშობლო. გვასწავლიან, რომ ისეთები უნდა ვიყოთ, როგორებიც უმრავლესობა. სისტემა ხშირად არ გვიტოვებს სივრცეს ინტეგრაციისთვის.

აჭარის შემთხვევაში მუდმივი განცდა გაქვს, რომ შენს რეალობას ის კი არ უნდა წარმოადგენდეს, რაც თავად გამოცადე, არამედ რასაც გკარნახობს დომინანტური ჯგუფი და დომინანტური აკადემიური სივრცე, რომლებიც ცოდნას ქმნიან. ხშირად გკარნახობენ, თუ როგორი კულტურა უნდა გქონდეს: „შენი კილოც კი ცუდია, შენი ცხოვრების წესი ცუდია, შენი არაა, უცხოსგან თავმოხვეულია.“ ეს საკუთარ თავთან გაუცხოებას იწვევს, კომპლექსებს იწვევს სამშობლოსთან დაკავშირებით. ხშირად გვესმის, „წავიდნენ საკუთარ ქვეყანაში და იქ ილოცონ.“ სად წავიდე? ქართველი ვარ. ჩვენი პოლიტიკისთვის მთავარი უნდა იყოს მოქალაქეებს შორის ერთმანეთთან კავშირი, ესაა მთავარი.

ქამრანი: ნარატივი სამშობლოს შესახებ სკოლაში ყალიბდება და მის მითოლოგიურ გაგებას ქმნის, რომელიც ექსკლუზიაზე და გამრიყავ მეთოდებზეა აგებული. რაღაც ეტაპზე ეს გასაგებია. საქართველო მუდმივად იყო პერიფერია და იმპერიების მიერ იყო დაპყრობილი, მაგრამ ანტი-იმპერიალისტური მიდგომა არა მხოლოდ ამ იმპერიებს მიემართება, არამედ იმ თანამოქალაქეების წინააღმდეგაცაა მომართული, რომლებიც იმ მითიური ჩარჩოს ნაწილები არ არიან. ამიტომ იმპერიის მიერ დაქვემდებარებული ქართველი თავის დაქვემდებარებულებს გაიჩენდა და ხშირად ეს მეორე მსხვერპლი ჩვენ ვიყავით, ანუ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები, რომელთაც სხვადასხვა ნიშნით და ნარატივით გვახარისხებენ.

ლუიზა: განათლების სისტემაში სერიოზული ხარვეზია. ისტორიის საგანს ვასწავლი, კლასში მიწევს ყოველდღე შესვლა და გაკვეთილის ჩატარება. სამშობლოსთან დაკავშირებით ისტორიის საგანი გადამწყვეტია. ისტორიას ისე ვსწავლობთ, რომ არანაირი კითხვის დასმის საშუალება არ გვეძლევა - ისტორია არ ხედავს განსხვავებულ ჯგუფებს. რადენჯერმე უბრალოდ ნახსენებია, რომ საქართველო მულტირელიგიურია და ჭრელია, მაგრამ ეს ფაქტი მხოლოდ ამ ფრაზად რჩება. მაშინ, როცა ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ მუსლიმები, ისტორიის სახელმძღვანელოში ისლამს ვსწავლობთ, როგორც მტრის რელიგიას.

სამირა: ჩემთვის ეს ემოციური თემაა. მუდმივად გესმის, რომ თურმე აზერბაიჯანიდან ჩამოსახლებული ადამიანი ხარ. კამათი მიდის იმაზე, ღირსი ხარ თუ არა აქ ცხოვრების. რომ ჩემი საქართველოსადმი სიყვარული საკმარისი არ არის. მასწავლიან, როგორ უნდა მიყვარდეს ის, ზომავენ ჩემი სიყვარული არსებულ ჩარჩოში ჯდება თუ არა, საკმარისი არის თუ არა.  შენი თავი უნდა დაამტკიცო,  ბევრი პროცესი უნდა გაიარო. გიწევს მტკიცება, რომ საქართველოში წვლილი შენც გაქვს შეტანილი. ეს მორალურად და ემოციურად რთულია. არადა სოციალური და პოლიტიკური პრობლემები გაქვს, მოქალაქედ არ ითვლები. კანონში არის შენთვის ადგილი, მაგრამ პრაქტიკაში ეს თითქმის არ არსებობს. შედეგად ძალიან ბევრ რესურსზე არ გვაქვს წვდომა.

ქვემო ქართლის რეგიონში საჯარო სექტორში ძალიან მცირე პროცენტით არიან წარმოდგენილი აზერბაიჯანული ან სომხური თემის წარმომადგენლები. ვერ ხერხდება აზერბაიჯანული და სომხური სოფლების განვითარება, პოლიტიკაში ჩართულობა ან საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვა. ხოლო ეს მცირე პროცენტიც, ვინც საკრებულოში სოფლების წარმომადგენლები არიან და ვინც გადაწყვეტილებებს იღებენ, ისეთი ადამიანები არიან, ვინც ხშირად არც ქართული ენა არ იცის, ხშირად არც კვალიფიკაცია აქვს. შესაბამისად, საკითხების წამოჭრაში ან გადაწყვეტაში მონაწილეობის უნარი არ გააჩნია. ვფიქრობ, ეს ხელოვნურადაა შექმნილი. ცენტრმა ძალიან კარგად იცის, რომ გადაწყვეტილების მიმღებებმა ენა არ იციან და ვერ ერთვებიან გადაწყვეტილებების მიღებაში. მეორეს მხრივ, სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს თემში ქართული ენის სწავლებას და სოფლის ჩვეულებრივი მაცხოვრებლები ვერ მონაწილეობენ პროცესებში, მაგალითად, უმრავლესობას საჩივარიც ვერ შეაქვს უწყებებში. შესაბამისად, ის ადამიანები, რომლებიც სოფლებში ცხოვრობენ, გაუცხოებულები არიან ხოლმე ცენტრიდან.

ქვემო ქართლის რეგიონი არის სოფლის მეურნეობის რეგიონი. მაგრამ ჩვენთან ბევრი პრობლემაა: მიწის გადანაწილების, უწყლობის, რაც ხელს უშლის ჩვეულებრივ მოსახლეობას, ფლობდეს საკუთარ მიწას, დაამუშაოს იგი და იქიდან შემოსავალი მიიღოს - ჩვენთან უზარმაზარი და მოსაგვარებელი პრობლემა არის წყლის პრობლემა. ქვემო ქართლის რეგიონის უმრავლესობას ხელი არ მიუწვდება სახელმწიფო სერვისებზე, სოციალურ სერვისებზე.

ლაშა: სამშობლო ყველასგან მოითხოვს მსხვერპლს, მაგრამ თავად მას კრიტიკა არ ეხება. სახელმწიფოს ეხება კრიტიკა, მაგრამ სამშობლოს - არა. თუ თავის შეწირვაა, მე მირჩევნია ადამიანებს და გარემოს შევწირო თავი, ვისთან ერთადაც ვცხოვრობ, ვიდრე მეტაფიზიკურ საგანს - სამშობლოს. რაც შეეხება მიწას, ერთმა დევნილად მაქცია, რადგან ვერ ვჯდებოდი მის ეთნიკურ ქსოვილში, ხოლო მეორემ - არ მიმიღო. პაპაჩემი ახლაც კონფლიქტის ზონაში ცხოვრობს. მისთვის სამშობლო ჯერ საბჭოთა კავშირი უნდა ყოფილიყო, მერე - საქართველო, ახლა კიდევ ახალი რესპუბლიკა უნდა იყოს, არადა თვითონ არსად წასულა თავისი სახლიდან. მახსენდება წანაწერი კედელზე, “რატომ სამშობლო არ მოკვდა ჩემთვის”, რომელიც რამდენიმე წლის წინ თბილისშიც გამოჩნდა. სამშობლოები ადამიანებისთვის არ კვდებიან ხოლმე.

კრისტი: როცა ვსაუბრობთ დისკომფორტზე, ეს პირველ რიგში საკუთარ თავთან მიმართებაში არსებობს. 25 წლამდე არ ვიცოდი სამშობლო რას ნიშნავს, რომელი ქვეყანაა სამშობლო ჩემთვის. საქართველოში მეუბნებოდნენ, სომხეთიაო, სომხეთში - საქართველოო. გაორება მქონდა. კითხვები მაწუხებდა, ბოლო-ბოლო ვინ ვარ? თითქოს ცასა და დედამიწას შორის გამოკიდებული ადამიანი ვიყავი. შემდეგ საკუთარ თავს ვუთხარი, რომ თურმე სამშობლო ემოციური კავშირებია, სახლია თურმე. ჩემი სახლი ერთპიროვნულად საქართველოა. მე აქ დავიბადე და გავიზარდე, ახლაც აქ ცხოვრობ. მაგრამ მაინც გიწევს სულ ამტკიცო, თუ რამდენად გიყვარს შენი სამშობლო. გიწევს ამტკიცო, რომ კეთილმოსურნე ხარ შენი სახლისთვის და მტერი არ ხარ. სომხებს აფხაზეთის დამკარგავებს გვეძახიან. ეს ყველაფერი ემოციურად ყველანაირად გფიტავს. ეს დამოკიდებულებები ხშირად ადამიანის ღირსების შემლახავია.  შედეგად, მუდმივად ხარ აფორიაქებული, არ გაქვს სიმშვიდე და სახელმწიფოსგანაც ვერ გრძნობ, რომ თანასწორი ხარ. სამშობლოზე რომ ვსაუბრობთ და მიწა გვახსენდება, სინამდვილეში სამშობლო ეს ხომ არ არის, სამშობლო ჩვენი ქვეყნის თითოეული ინდივიდია. სხვებიც საუბრობდნენ ამაზე, რომ ჩვენ ველით მიმღებლობას. ჩვენ ველით, რომ სხვები მიგვიღებენ, არადა ავტომატურად არაფრის მტკიცების გარეშე უნდა ვიყოთ ამ ქვეყნის მოქალაქეები. არაფრის მტკიცება არ უნდა გვჭირდებოდეს.

დომინანტური ჯგუფები უნდა ხვდებოდნენ, რომ პასპორტის ფლობის გარდა ჩვენ ვიხდით იმავე გადასახადებს და ისეთივე უფლება გვაქვს მოვითხოვოთ პრივილეგიები, ან უფლებები, ეს იქნება სოციო- ეკონომიკურ სიკეთეებზე წვდომა, პოლიტიკური მონაწილეობა თუ განათლება. როცა სამშობლოს დედაშვილურ ურთიერთობას ვადარებთ, დედაშვილურ ურთიერთობაში დედა უფრო მეტად წირავს თავს, ვიდრე შვილი. ზოგადად, ასე ხდება ხოლმე. ახლა სამშობლომაც უნდა დაგვიმტკიცოს, რომ ისიც მზადაა ჩვენს მხარში დგომისთვის.

მელსი: ვფიქრობ, სამშობლოს გაგება უფრო პასუხობდა წარსულის გამოცდილებებს, დღეს კი სხვა გამოწვევების წინაშე ვართ და დროა, ძლიერი სახელმწიფოს შექმნის პრინციპით გადავლახოთ ჩვენი ემოციური ტკივილები და სხვა გამოწვევები. მგონია, რომ ვერ გავიაზრეთ სახელმწიფოს მნიშვნელობა და საჭიროება. როდესაც გეკითხებიან, რას აკეთებ სამშობლოსთვის? რა გაგიკეთებია? პასუხად სიცოცხლის შეწირვა კი არ უნდა იგულისხმებოდეს, არამედ ქვეყნის კეთილდღეობაში მონაწილეობა. სახელმწიფო არა მხოლოდ უმცირესობების, არამედ თითოეული მოქალაქის საჭიროებაზე უნდა იყოს დაფუძნებული. იმისთვის, რომ ჩვენ ყველამ ვიცხოვროთ კარგად და იმედი გვქონდეს ამ ქვეყნის, გვჭირდება ძლიერი სახელმწიფო და ბევრი ერთგული მოქალაქე, რომელიც საკუთარ თავს ამ სახელმწიფოს მიაკუთვნებს. დღეს კი სახეზე გვაქვს გათიშვის, გარიყულობის პოლიტიკა - უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში აქტიურად მუშაობს უსაფრთხოების სამსახური, ხშირია დაშინება, ძალადობა, ამგვარი მექანიზმებით მართვა, რაც ბევრად უფრო სუსტს ხდის სახელმწიფოს. მაგრამ პოლიტიკა როცა მიმართული იქნება იმაზე, რომ განსხვავებული წარსულის, ღირებულებების, ეთნოსის, რელიგიის მქონე პირები გავერთიანდეთ და გვქონდეთ საერთო სამოქალაქო ინტერესი, საერთოობის გარშემო მოვახერხოთ გაერთიანება - მეტად მოვახერხებთ უკეთესი ქვეყნის ჩამოყალიბებას.

ახლა, როცა საქართველოში არ ვცხოვრობ და მიგრაციაში ვარ, იმის მიუხედავად, რომ აქ დროებით ვარ, ვიგრძენი რომ ეს სახელმწიფო მეტად ზრუნავს ჩემზე. მე აქ არ მიწევს თავდაცვა სახელმწიფოსგან. ის გამოცდილება, რაც აქ მივიღე ძალიან მნიშვნელოვანია. გავიაზრე, თუ რას ნიშნავს მზრუნველი, ერთიანობაზე ორიენტირებული სახელმწიფო და როგორ რადიკალურად შეუძლია ამ პოლიტიკას საზოგადოების პოზიტიური ცვლილება.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] სახელი შეცვლილია ანონიმურობის დაცვის გამო