ეროვნული უმცირესობების დაცვის შესახებ ევროპული ჩარჩო კონვენციის (FCNM) მრჩეველთა კომიტეტმა რამდენიმე დღის წინ საქართველოზე მესამე მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ის საქართველოს მიერ ეროვნული უმცირესობების დაცვის შესახებ ევროპული ჩარჩო კონვენციის მოთხოვნების შესრულებას აფასებს.

მრჩეველთა კომიტეტის შეფასებით, ჩარჩო კონვენციის დანერგვის პროცესი წინა მონიტორინგის შემდეგ არსებითად უცვლელია. კომიტეტი მიესალმება თანასწორობის და ინტეგრაციის მხარდაჭერის მიზნით ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის, ინტეგრაციის სფეროში სპეციალური სტრატეგიის, სამოქმედო გეგმებისა და პროგრამების ამუშავებას, თუმცა, არსებით გამოწვევებს ხედავს ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციის და თანასწორობის რეალობაში უზრუნველყოფის კუთხით.

მრჩეველთა კომიტეტის აზრით, ეს დიდწილად იმითაა გამოწვეული, რომ ქართული საზოგადოება ეროვნულ უმცირესობასთან მიმართებით ამბივალენტურობას გამოხატავს. ერთი მხრივ, მრავალფეროვნების გასაძლიერებლად სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების ძალისხმევა აშკარაა - სახელმწიფო, სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, მრავალფეროვნების დანერგვას ცდილობს, რაც სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის და მისი 2015-2020 წლის სამოქმედო გეგმის მიღებაშიც გამოიხატება. თუმცა, მეორე მხრივ, უმცირესობების საკითხები უსაფრთხოების ჭრილში და ერი-სახელმწიფოს შენების კონტექსტში განიხილება და შესამჩნევია ზოგიერთი უმცირესობისადმი უნდობლობაც. რელიგიური და ენობრივი უმცირესობების საკითხები პოლიტიზირებულია, საკითხების ობიექტურად შესწავლის გარეშე.

კომიტეტის თქმით, შემაშფოთებელია კავკასიის კვლევითი რესურს ცენტრის ახალი კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც, მოსახლეობის თითქმის ნახევარი ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებას უარყოფითად მიიჩნევს. ეს კვლევა კარგად უნდა გაანალიზდეს ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების მიერ და აუცილებელია ისეთი პროგრამის შემუშავება, რომელიც მიემართება როგორც უმცირესობებს, ასევე უმრავლესობის ცნობიერების ამაღლებას და საჭიროა ამ თემებზე დიალოგი.

საქართველომ ახალი სტრატეგიები შექმნა ადამიანების უფლებებისა და ინტეგრაციის მიმართულებით, მათ შორის სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის ახალი სახელმწიფო პროგრამა და მისი მოქმედების გეგმა 2015-2020 წლებისთვის. იმის მიუხედავად, რომ კომიტეტი დადებითად აფასებს მოქმედების გეგმის მიზნებსა და ნაბიჯებს, მისი შეფასებით, გეგმა არაა დაფუძნებული საკმარის მტკიცებულებებსა და კვლევებზე, განსაკუთრებით, ეთნიკური წარმომავლობის შესახებ მონაცემებზე.

მრჩეველთა კომიტეტი აღნიშნავს, რომ პრობლემურია მოსახლეობის აღწერის მონაცემების ოფიციალური მოპოვების მექანიზმი. შემდეგი აღწერისთვის, რომელიც სავარაუდოდ ჩატარდება 2023 წელს, ამჟამინდელი ცნობებით, არ არის დაგეგმილი აღწერის ფორმის ცვლილება, თუმცა აღწერის ფორმას ხარვეზები ჰქონდა წინა აღწერის დროს თვითიდენთიფიკაცის ან შერეული წარმომავლობის დაფიქსირების კუთხით. საბჭო ხაზს უსვამს, რომ თავისუფალი თვითიდენტიფიკაციის შესაძლებლობა აუცილებელია უმცირესობების დაცვისთვის. ფორმაში ასევე გარკვევით არ იყო მითითებული, რელიგიის, ენისა და ეთნიკური წარმომავლობის შესახებ კითხვები სავალდებულო იყო თუ არა. ოფიციალური სტატისტიკის მოპოვება უმცირესობებისთვის ეფექტიანი პოლიტიკის შექმნის წინაპირობაა, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ პოლიტიკური კურსი მხოლოდ ოფიციალურ სამთავრობო სტატისტიკაზე არ უნდა იყოს დაფუძნებული და პოპულაციის ეთნიკური მონაცემები დამოუკიდებელი კვლევებითაც უნდა გადამოწმდეს, რომლის ნაკლებობაც შეიმჩნევა. კომიტეტის თქმით, აღწერის ჩატარებამდე ასევე გასაზრდელია აღწერის მნიშვნელოვნებისა და ინფორმაციის შეგროვების დროს მათი უფლებების შესახებ ცნობადობის გაზრდა ეროვნულ უმცირესობებში.

ეროვნულ უმცირესობების მონაწილეობა პოლიტიკურ ცხოვრებაში ისევ დაბალია, თუმცა ბოლო არჩევნებმა აჩვენა ეროვნული უმცირესობების მაღალი აქტიურობა, რამაც შეიძლება დააინტერესოს პოლიტიკური პარტიები. კომიტეტი ფიქრობს, რომ ტერიტორიული ნიშნით პოლიტიკური პარტიის შექმნის აკრძალვა ეროვნული უმცირესობების მიმართ ბარიერია პოლიტიკურ მონაწილეობაში. რაც შეეხება უმცირესობების წარმომადგენლობებს, პარლამენტში მათი წარმომადგენლობა დამაკმაყოფილებელია, მაგრამ ზოგიერთ ქალაქში, სადაც უმცირესობების განსაკუთრებით დიდი რაოდენობა ცხოვრობს, უმცირესობების წარმომადგენლობა ხელისუფლების ორგანოებში შემაშფოთებლად დაბალია.

სახელმწიფო ცდილობს ქართული ენის დამკვიდრებას საჯარო სფეროს ყველა ასპექტში, თუმცა უმცირესობების ენებზე სწავლება, ამ ენების შესწავლა და უმცირესობების ენის გამოყენება ადმინისტრაციულ და სხვა საქმიანობებში ჩარჩოს კონვენციის სტანდარტებზე დაბალია, მათ შორის სამართლებრივ სფეროსა და საავადმყოფოებში: სამართლებრივი დოკუმენტების, კანონების, ადმინისტრაციული და სხვა სახის ინფორმაციის თარგმნა და კვალიფიცირებულ თარჯიმანებზე წვდომა პრობლემაა უმცირესობების წარმომადგენლებისთვის. კომიტეტისთვის შემაშფოთებელია, რომ საავადმყოფოებში არ არსებობენ ოფიციალური პირები, რომლებიც თარგმანს უზრუნველყოფენ. ეს დაწესებულებები ნაცნობების პოვნის მეშვეობით ამყარებენ უმცირესობებთან კომუნიკაციას. კომიტეტი დადებითად აფასებს თავისუფლებააღკვეთილი პირებისთვის დოკუმენტების თავის ენაზე წარდგენის შესაძლებლობას და თარჯიმნის სერვისებს, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ იქ, სადაც უმცირესობები მცირე რაოდენობით ცხოვრობენ, ეს ვერ ხერხდება თარჯიმანის კვალიფიკაციის ნაკლებობის ან ფინანსური რესურსის ნაკლებობის გამო, მათ შორის აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. უმცირესობათა ენების ევროპული ქარტია კი 2000 წლის დაპირების მიუხედავად, დასამტკიცებელია.

პრობლემაა უმცირესობების მიერ ქართულის არცოდნაც, რაც ზღუდავს ამ ადამიანების მონაწილეობას სოციალურ ცხოვრებაში და ასევე განათლებასა და დასაქმებაზე წვდომას. ამ პრობლემის გადაწყვეტა ხელისუფლების მთავარი მიზანი უნდა იყოს. ეს პრობლემა განსაკუთრებულად მწვავეა საშუალო, დაწყებითსა და მის ქვედა საფეხურზე. კომიტეტის აზრით, პრობლემა თვითონ საგანმანათლებლო პოლიტიკაშია. ასევე აუცილებელია ახალგაზრდა მასწავლებლების მხარდაჭერა, მრავალენოვანი პროგრამის შესახებ ცნობადობის გაზრდა და ასევე მრავალეროვანი პროგრამის საქართველოს კონტექსტზე მორგება.

პრობლემურია უმცირესობების ენებზე არსებული სასწავლო მასალა, რომელიც არაა სრულიად ნათარგმნი და არც ადაპტირებულია. ხელისუფლებამ, განათლების გზით, უნდა უზრუნველყოს კულტურული დიალოგის და უმცირესობების მონაწილეობის შესაძლებლობა, ამისთვის კი გაცვლითი პროგრამებისა და საზაფხულო სკოლების ორგანიზებაა აუცილებელი უმცირესობათა სკოლებსა და ქართულენოვან სკოლებს შორის. ასევე აუცილებელია უმაღლესი განათლების პროგრამების მხარდაჭერა და გაგრძელება. სამწუხაროა, რომ სკოლებში იმ ენებზე სწავლებაა პრობლემური, რომელზე მოსაუბრეებიც მცირე რაოდენობით ცხოვრობენ საქართველოში, საგაკვეთილო საათები არაა ამ ენების სასწავლებლად საკმარისი.

მრჩეველთა კომიტეტი მიესალმება ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებასა და თანასწორობის სპეციალური მექანიზმების შექმნას, თუმცა წუხს, რომ სახალხო დამცველის ფინანსური რესურსები საკმარისი არ არის რეგიონებისთვის. მარნეულსა და ახალქალაქში ეთნიკურ დისკრიმინაციაზე საჩივრების არარსებობა იმაზე უნდა მიუთითებდეს, რომ ეთნიკურმა უმცირესობებმა მათი დაცვის სამართლებრივი მექანიზმის შესახებ არ იციან. ამ კუთხით კი კომიტეტმა აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის ფინანსები ზოგადად არასაკმარისია ცნობადობის გაზრდის კუთხით. იმის მიუხედავად, რომ ტრენინგები ჩატარდა საჯარო მოხელეებთან კანონის შესახებ, მოსახლეობას არსებულ კანონზე ინფორმაცია ნაკლებად აქვს, ასევე მოსახლეობას ნდობა არ აქვს ხელისუფლებისადმი ამ საკითხის მოგვარებასთან დაკავშირებით. კომიტეტი შეშფოთებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაციები სისტემატიზებული ფორმით არ მოდის სისრულეში და შედეგად, რეკომენდაციების ნაწილი რეაგირების გარეშე რჩება. ამას გარდა, სახალხო დამცველის ოფისებში მუშაობენ ადამიანები, რომლებიც უმცირესობების ენებზე საუბრობენ, თუმცა მათი რაოდენობა არასაკმარისია. უმცირესობების წარმომადგენლების საჩივრები ითარგმნება არასერთიფიცირებული თანამშრომლების მიერ და ესეც პრობლემურია. ამასთან, სახალხო დამცველის ეგიდით მოქმედი ეთნიკური უმცირესობების საბჭოსა და რელიგიათა საბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინება არ ხდება და კომიტეტი იმედს იტოვებს, რომ რეკომენდაციები მომავალში მხედველობაში იქნება მიღებული.

კომიტეტი მიესალმება კონსტიტუციურ ცვლილებებს რელიგიის თავისუფლების შეზღუდვების შემცირების კითხით, თუმცა სამწუხაროა სტრუქტურულად მერყევი მდგომარეობა, რომელშიც რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს უწევთ ცხოვრება. აღსანიშნავია, რომ “კონსტიტუციური შეთანხმება” საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის და საგადასახადო პრივილეგიები. ამ კონტექსტში საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფოდან ეკლესიის მფლობელობაში გადასაცემი ქონება და ეკლესიების აღდგენისას გადასახადებისგან გათავისუფლება დისკრიმინაციული პრაქტიკაა. აუცლებელია, რომ სახელმწიფო, რომელიც პრივილეგიას და განსაკუთრებულ სტატუსს ანიჭებს კონკრეტულ რელიგიურ თემს, დარჩეს ნეიტრალური. საჭიროა, რომ სხვა რელიგიურ ჯგუფებსაც ჰქონდეთ ამ სტატუსზე წვდომის თანაბარი შესაძლებლობა.

კომიტეტის თქმით, რელიგიური უმცირესობები სტრუქტურულ დისკრიმინაციას აწყდებიან დაფინანსების და ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებით. რესტიტუციის პროცესი და საკულტო ნაგებობების მშენებლობის პროცედურები არ არის საკმარისად გამჭირვალე და არ ეფუძნება ნათელ და ობიექტურ სამართებრივ კრიტერიუმებს. საბჭოთა კავშირის დროს ჩამორთმეული რელიგიური ნაგებობების შესახებ კომიტეტი ფიქრობს, რომ პროცესი წინ არ მიდის და ისტორიული მემკვიდრეების პოვნა ჯერაც კი არ ხერხდება, რამაც შეიძლება კიდევ უფრო შეუწყოს ხელი ამ ნაგებობების მდგომარეობის გაუარესებას.
რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელი ორგანიზაციები ვერ იღებენ რელიგიურ ნაგებობებზე წვდომის უფლებას, ხოლო შენობების ნაწილი მართლმადიდებლური ეკლესიის სახელზე რეგისტრირდება. კომიტეტი შეშფოთებას გამოთქვამს რელიგიური დისკრიმინაციის შემთხვევებზე სკოლებში, მათ შორის უმცირესობების მიმართ ფიზიკურ შეხების შემთხვევებზე, იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლებზე, სკოლაში კოლექტიურ დაძალებულ ლოცვებსა და მასწავლებლების მიერ სკოლებში რელიგიური ატრიბუტიკის გაყიდვაზე. აუცილებელია დისციპლინარული თანმიმდევრული და ეფექტური კანონის შემუშავება განათლების სამინისტროს მიერ ამ საკითხთან დაკავშირებით.

მუსლიმების წარმომადგენელ ორგანიზაციებთან მიმართებით გაზრდილია სახელმწიფო კონტროლი. 2014 წელს შეიხის სავარაუდო იძულებითი გათავისუფლების გამოძიება შეჩერებულია, ასევე შემაშფოთებელია სხვა შეიხის დაპატიმრება გაურკვეველ ვითარებაში.

კომიტეტი ხაზს უსვამს სახალხო დამცველთან მოქმედი რელიგიათა საბჭოს მნიშვნელობას, რომელიც 33-ზე მეტ რელიგიურ ორგანიზაციას აერთიანებს და დამოუკიდებელი და ჰორიზონტალური პლატფრომა. საბჭოს მხარდაჭერა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა კომიტეტის თქმით, რელიგიური უმცირესობების დაბალ ნდობას ავლენენ სსიპ რელიგიის საკითხთა სახელწიფო სააგენტოს მიმართ.

სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშში მოხვედრილი შემთხვევებიც საგანგაშოა: თურქეთიდან გადმოსული მუსლიმი პირებისთვის ყურანის ჩამორთმევა, მათი ხანგრძლივი დაყოვნება საზღვარზე და ასევე მუსლიმური თემის მიმართ დამოკიდებულება პანკისის ხეობაში. იმის მიუხედავად, რომ კანონმდებლობა იცავს რელიგიის თავისუფლებას, მრჩეველთა კომიტეტი წუხს, რომ სამოქალაქო თანასწორობის და ინეგრაციის სტრატეგია ასეთ სისტემურ და აშკარა დისკრიმინაციასთან საბრძოლველად გამოსავალს არ გვთავაზობს.

რაც შეეხება მესხების დაბრუნების პროექტს, კომიტეტის თქმით, ხელისუფლების მცდელობები დასაფასებელია, მაგრამ დეპორტირებულების მხოლოდ ნაწილია დაბრუნებული, რადგან აზერბაიჯანის მოქალაქეობის მქონე ადამიანებისთვის ბარიერები იქმნება აზერბაიჯანული მოქალაქეობის უარყოფასთან დაკავშირებით. ბოშა თემისთვის ყველაზე დიდი პრობლემაა მოქალაქეობის სტატუსი და დოკუმენტაცია, მათ შორის ბავშვების განათლებაზე წვდომის გამო.

საქართველოს გენერალური პროკურორის ოფისის 2016 წელს გამოქვეყნებული რეკომენდაცია სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის შესახებ დადებითად ფასდება და ასევე დადებითად ფასდება ასეთი ტიპის დანაშაულებზე სტატისტიკის შეგროვება. მისასალმებელია 2018 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაარსებული ადამიანთა უფლებების განყოფილება, რომელიც სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მონიტორინგის და სიტუაციის გაუმჯობესებისთვისაა შექმნილი. შინაგან სამინისტროში გამომძიებლების ტრენინგების სერიაც დადებითად ფასდება. საქმე ბევრად მეტი სიძულვილით განპირობებული დანაშაულების მოტივით აღიძრება, თუმცა პრობლემაა ის, რომ გამოძიება ბოლომდე ვერ მიდის. 2018 წლის სექტემბერში უმცირესობის წარმომადგენლის მკვლელობის შედეგი ჯერ არ გამოცხადებულა. საბჭო ამ საქმეს განსაკუთრებული ინტერესით დააკვირდება.

2018 წლის ივლისში პარლამენტმა სახელწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ ახალი კანონი მიიღო, რასაც კომიტეტი მიესალმება. თუმცა პოლიციის ძალის გადაჭარბების შემთხვევების გამოძიება ეთნიკური უმცირესობების მიმართ არ ხორციელდება. მათ შორისაა პანკისში 2017 წელს ჩატარებული სპეცოპერაცია. ამ საქმეში მოკლულის ოჯახსა და ოჯახის ინტერესების წარმომადგენლებს საქმის მასალებზე წვდომა გართულებული აქვთ.

კომიტეტი ხაზს უსვამს, რომ სიძულვილის ენის ხმარება საჯარო დისკურსებში ხშირად არის სიძულვილით განპირობებული დანაშაულების განმაპირობებელი. მათ შორის, 2017 წლის მარტში „ქართული მარშის“ არატოლერანტული პროტესტის წევრების მიერ სოციალურ ქსელების გამოყენება. მრჩეველთა კომიტეტის წინა რეკომენდაციების მიუხედავად, სიძულვილის ენის მონიტორინგის სქემა სახელმწიფოში არ არსებობს. სამოქალაქო საზოგადოება მონიტორინგს უწევს სიძულვილის ენას მედიაში, თუმცა მას იშვიათად მოჰყვება ხოლმე ხელისუფლების მიერ რეაგირება. როგორც გამოჩნდა, ხშირად საჯარო მოხელეები ხშირად აკეთებენ სიძულვილის შემცველ განცხადებებს, მათ შორის, ეროვნული უმცირესობების მიმართ, რაც შემაშფოთებელია. აუცილებელია, საჯარო მოხელეების მიმართ რეაგირება სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევებში.

საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა აირეკლავდეს იმ მრავალფეროვნებას, რაც ქვეყნის მაცხოვრებლებში არსებობს, თუმცა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე გასული “მოამბე,” რომელიც სხვადასხვა უმცირესობების ენაზე ითარგმნებოდა, შეწყდა. კომიტეტის აზრით, საინფორმაციო გადაცემები მხოლოდ კი არ უნდა ითარგმნებოდეს, არამედ მორგებული უნდა იყოს უმცირესობების ხედვებსა და პრობლემებზე და უზრუნველყოს მათი ჩართულობა როგორც ლოკალურ, ისე მთლიანად საქართველოში განვითარებულ მოვლენებში. საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ პლატფორმა, რომელიც ოცდაოთხი საათის მანძილზე 7 ენაზე საინფორმაციო გამოშვებაზე წვდომას სთავაზობს მაყურებელს, დადებითად ფასდება. საბჭო ამ პროცესს აკვირდება. ამ პირობებში უმცირესობებისთვის ინტერნეტის მიწოდების პროცესები შეუფერხებლად მიმდინარეობდეს და რომლის მიწოდებაც უმცირესობებისთვის ამ შემთხვევაში პრიორიტეტული უნდა იყოს. ტელევიზია, როგორც ინფორმაციის მიღების მთავარი წყარო, არ უნდა იყოს დავიწყებული და სატელევიზიო მაუწყებლობებში უმცირესობების ენებზე ინფორმაციის არარსებობა დამაფიქრებელია. ზოგიერთი ბეჭდური გამომცემლობის დაფინანსება უმცირესობების ენაზე მისასალმებელია, თუმცა არასაკმარისი და საბჭო იმედოვნებს სხვა გაზეთების სხვა ენებზე დაფინანსების შესაძლებლობაც იქნება შესაძლებელი. იმის მიუხედავად, რომ 2015 წლის მიღებულ კანონში წერია, რომ საჭიროების შემთხვევებში დოკუმენტების, პოსტერები, ნიშნები და ა.შ. ითარგმნება უმცირესობების ენებზე, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც ქართველებთან ერთად სხვა ეთნიკური უმცირესობებიც თანაცხოვრობენ, კომიტეტი წუხს, რომ თვითონ ეს კანონი უმცირესობების ენაზე არ თარგმნილა. ტოპოგრაფიული ნიშნები უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში არ არის უმცირესობათა ენაზე და საჭიროა ამის გამოსწორება.

კომიტეტი დადებითად აფასებს 2025 წლის კულტურულ სტრატეგიას, თუმცა, მისი აზრით, მატერიალურ და არამატერიალურ მემკვიდრეობასთან დაკავშირებით სტრატეგიები ბუნდოვანია. სტრატეგიის პრობლემა ისიცაა, რომ მისი ეფექტები გრძელვადიან პერსპექტივაში ნაკლებადაა შეფასებული და კონცენტრირდება კონკრეტულ ნაბიჯებსა და პროექტებზე. საბჭო მიესალმება გრანტის მოპოვების გამჭვირვალე პროცედურებს. პრობლემა ისაა, რომ მაღალი კონკურენციის პირობებში იმარჯვებენ ძალიან გამოცდილი კომპანიები, რაშიც ეთნიკური უმცირესობები ვერ ხვდებიან.

პრობლემური იყო დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების, ჰესების მშენებლობების მცდელობა პანკისში მოსახლეობასთან შეთანხმების გარეშე. ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ისეთ ადგილებში, სადაც უმცირესობებიც ცხოვრობენ, მათი აზრის გათვალისწინებით უნდა დაიგეგმოს. უმცირესობებს საკმარისი ინფრასტრუქტურა უნდა ჰქონდეთ თბილისში ჩასვლისა და სერვისების მისაღებად, მაგალითად, გზები. ასევე იმ ადგილებში, სადაც ეროვნული უმცირესობები დიდი რაოდენობით ცხოვრობენ, ინფრასტრუქტურულ პროექტებში აუცილებელია ადგილობრივების ჩართვაც მათი ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

ანგარიშის სრული ტექსტი ინგლისურ ენაზე