თანასწორობის პრინციპი დემოკრატიული საარჩევნო სისტემის არსებობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია და გულისხმობს თანასწორობას ხმების შეჯამების დროს ანუ მიდგომას რომლის თანახმადაც, ყოველი ხმა თანაბარია; შესაბამისად, ამ პრინციპის მიხედვით, ყოველ ხმას არჩევნების სამართლებრივ შედეგზე თანაბარი ზეგავლენის მოხდენის შანსი უნდა ჰქონდეს.

საარჩევნო ხმის თანასწორობა ნებისმიერი საარჩევნო სისტემის პირობებში უნდა იყოს უზრუნველყოფილი. მაჟორიტარულ სისტემაში ეს ნიშნავს, ოლქების დაახლოებით თანაბარ სიდიდეს, რათა ყველა ამომრჩევლის თანაბარი ხმის წონა იყოს გარანტირებული; ხოლო პროპორციული სისტემის შემთხვევაში, ყოველ ხმას უნდა ჰქონდეს თანაბარი მნიშვნელობა პარლამენტში მანდატების გადანაწილებისას.

არჩევნების თანასწორობის პრინციპი დემოკრატიის თანასწორობის პრინციპის მატერიალური განხორციელებაა, ამიტომ იგი წმინდა ფორმალური გაგებით აღსაქმელია. ამ პრინციპიდან გადახვევა, როგორც წესი გამორიცხულია და მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ხდება კონსტიტუციური რანგის ფასეულობების სასარგებლოდ.

ძირითადი საერთაშორისო სტანდარტები საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით დადგენილია ვენეციის კომისიის გაიდლაინში საარჩევნო საკითხების კარგი პრაქტიკის შესახებ და ეუთოს კოპენჰაგენის დოკუმენტში.

ზემოაღნიშნულ სტანდარტთან საქართველოს საარჩევნო სისტემის შედარება ცხადყოფს, რომ პრობლემურია საქართველოში მოქმედი საარჩევნო სისტემის არაერთი კომპონენტი, მათ შორის ხმის თანაბრობის საკითხი. შესაბამისად, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებებისა და რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა საქართველოში საარჩევნო უფლების თანასწორობის პრინციპს. ერთ-ერთი თემა, რომელსაც აღნიშნული მოსაზრებები ეხმიანება შეეხება საარჩევნო ოლქებში რეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდენობასა და მიღებულ საპარლამენტო მანდატებს შორის მნიშვენლოვანი დისპროპორციის არსებობას. კერძოდ, ამომრჩეველთა სხვაობა ოლქებს შორის, ხშირად 100%-ს აღემატება. ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ყაზბეგისა (5400 ამომრჩეველი) და ქუთაისის (116 000 ამომრჩეველი) ერთმანდაიტიანი საარჩევნო ოლქების შედარებაა. ორგანიზაციების შეფასებებით კი, მსგავსი დისპროპორციები პირდაპირ გავლენას ახდენენ ამომრჩეველთა ხმის წონაზე და სისტემის მნიშვნელოვან ნაკლს წარმოადგენენ.

შერეული საარჩევნო სისტემა, რომელიც საქართველოში იქნა არჩეული, ვენეციის კომისიის მოსაზრებით შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, თუმცა ვერ მოხერხდა საქართველოში, დაახლოებით, თანაბარი ზომის საარჩევნო ოლქების უზრუნველყოფა, რითაც შერეული სისტემის ფარგლებში ხმის მიცემის თანასწორუფლებიანობა იქნებოდა გარანტირებული.

სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის ანგარიშის მიხედვით, არსებული სისტემით, მაგალითად, პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლა შეუძლია 30–35%–იანი მხარდაჭერის მქონე პარტიას, თუ ის იმავდროულად ყველა მაჟორიტარ კანდიდატსაც გაიყვანს. აქვე აღნიშნულია, რომ მაჟორიტარული მანდატები დღესდღეობით “არასამართლიანად” არის გადანაწილებული, რადგან საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით მაჟორიტარულ ოლქების ამომრჩევლებს შორის რაოდენობრივი სხვაობა 15–20%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

რეკომენდაციები

ვენეციის კომისიისა და ეუთოს რეკომენდაციების თანახმად, უნდა გადაიხედოს საარჩევნო ოლქების საზღვრები, რათა არ იყოს 10%-ზე მეტი სხვაობა (15% განსაკუთრებული გარემოების არსებობის შემთხვევაში) ოლქებზე რეგისტრირებულ ამომრჩევლებს შორის და დაცული იყოს ხმათა თანაბრობის პრინციპი, ან საარჩევნო სისტემა იმგვარად უნდა შეიცვალოს, რომ უზრუნველყოფილი იყოს საერთო პროპორციულობა.

მიუხედავად იმისა, რომ 2011 წელს ხელისუფლებას თითქოს ჰქონდა გეგმები საარჩევნო ოლქების საზღვრების ცვლილებასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით ეს არ მომხდარა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია აქვს დაფიქსირებული სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას. ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ გადახედოს საარჩევნო სისტემას და დაიცვას ხმის თანასწორობის პრინციპი.

უკანასკნელი წლების გამოცდილება აჩვენებს, რომ ხშირად პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით მთავრობა არ ითვალისწინებს საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებს, რაც გარკვეულწილად მიუთითებს მთავრობის ნების არარსებობას, საარჩევნო სისტემის რეფორმირება მოახდინოს სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების აქტიური ჩართულობის ფონზე. თუმცა, ბოლო პერიოდში არსებობს მისასალმებელი ტენდენცია და პოლიტიკური ნება, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკითხები ფართო დისკუსიის საგანი გახდეს და იგი არსებითად გადაიხედოს.