ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვა და პოლიტიკური მონაწილეობა

საჯაროდ გამოქვეყნებული პროგრამების უმრავლესობა,  ევროპული საქართველოს და ლელოს გარდა, ცალკე თავად ან ქვეთავად არ გამოყოფს არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების საკითხს.

პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო პროგრამების ანალიზი ცხადყოფს, რომ პარტიები ხშირად არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების საჭიროებებს, წუხილებს და გამოწვევებს სიღრმისეულად არ იცნობენ. წინასაარჩევნო პროგრამები ხშირად ავლენს პარტიების ტრაფარეტულ და ზედაპირულ მოსაზრებებს არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების უფლებების დაცვისა და საჯარო-პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი  მონაწილეობის საკითხებზე. ამ კუთხით საგულისხმოა რამდენიმე პარტიის მიერ განსხვავებული ნარატივების და ტექსტების შემოთავაზების მცდელობა. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მათ პროგრამებს ფრაგმენტულობა და ხელოვნურობას  ახასიათებს. 

არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების უფლებების დაცვისა და საჯარო პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი რეალური მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, 2020 წლის საპარლამეტო არჩევნებში რეგისტრირებული პოლიტიკური სუბიექტების პროგრამებში, უმთავრესად, ორი ცვლილების თეორიაა თვალშისაცემი: უმცირესობებისთვის სახელმწიფო ენის სწავლება და დისკრიმინაციის ფაქტების აღმოფხვრა. აღსანიშნავია, რომ თითქმის ყველა პარტიის პროგრამა გამოსავალს უმცირესობებისთვის სახელწიფო ენის სწავლებაში ხედავს, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების საჯარო ცხოვრებაში მონაწილეობისთვის. თუმცა, არც ერთი პოლიტიკური პარტია არაფერს ამბობს, ერთი მხრივ, ამ ჯგუფების სახელმწიფო ენის მცოდნე მოქალაქეების ხმის გაძლიერებაზე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, ხოლო მეორე მხრივ, იმ ადამიანების პოლიტიკური მონაწილეობის უზრუნველყოფაზე, რომლებმაც არ იციან და ვერ ისწავლიან სახელმწიფო ენას მათი სოციალურ-ეკონომიკური ყოფის, ასაკის ან საცხოვრებელი გარემოს გამო.  ამ კუთხით, ხაზგასასმელია მმართველი გუნდის, ქართული ოცნების პროგრამა, რომელიც მხოლოდ ერთი წინადადებით ფარავს არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების საჯარო-პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის საკითხს და მხოლოდ სახელწიფო ენის სწავლების ხელმისაწვდომობაზე აკეთებს აქცენტს.

ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ გავრცელებულ ცვლილების თეორიას,_ დისკრიმინაციის აღმოფხვრას და კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფას, თანაბრად იზიარებს ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა. ევროპული საქართველო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია და გირჩი სწორედ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრაზე და კანონის წინაშე თანასწორობაზე აკეთებენ აქცენტს, სადაც მათი თეორიული ჩარჩოს ძირითადი სუბიექტები არიან ინდივიდები და მათი ინდივიდუალური თავისუფლება და არა სოციალური ჯგუფები და მათი კოლექტიური უფლებები.  ეს პოლიტიკური პარტიები თითქმის არაფერს ამბობენ არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების უფლებრივი, სოციალური და ძალაუფლებრივი ასიმეტრიისა და ამ საკითხების გადაჭრის სპეციალური პოლიტიკებისა და ინტერვენციების შესახებ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ შემოთავაზებულ პროგრამაში ვკითხულობთ: „კანონის წინაშე ყველა მოქალაქე თანასწორია და ამის გარანტი იქნება როგორც დამოუკიდებელი სასამართლო, ისე პოლიტიკურად ნეიტრალური ადმინისტრაციული ორგანო.“ აღნიშნული განაცხადი პოლიტიკურად ნეიტრალური ადმინისტრაციული ორგანოს შესახებ, თითქოსდა თავის თავში გულისხმობს კულტურულ  ნეიტრალურობასაც. თუმცა, ჩვენი მუშაობა არადომინანტურ ეთნიკურ ჯგუფებთან ცხადყოფს, რომ ადმინისტრაციული ორგანოები არღვევენ რელიგიური და კულტურული ნეიტრალიტეტის პრინციპს და საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების დროს ხშირად ავლენენ ლოიალობას დომინანტური რელიგიური ინსტიტუტების ან სოციალური ჯგუფების მიმართ. ამ ვითარებაში ბუნდოვანი რჩება ის, თუ კონკრეტულად რა მეთოდებით და როგორ აპირებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა უმცირესობების რეგიონებში და ზოგადად ქვეყანაში აღნიშნული ნეიტრალიტეტის უზრუნველყოფას. პარტიის პროგრამის მიხედვით, ეფექტიანი ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის გატარების მიზნით, ყველა საჯარო დაწესებულებაში დისკრიმინაციის შესახებ საჩივრების განხილვის შიდა მექანიზმი შეიქმნება. ეს ნამდვილად საინტერესო ნაბიჯია დისკრიმინაციის ფაქტების აღმოსაფხვრელად, თუმცა, არსებულ რეალობაში, როცა არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები სისტემური ბარიერების შედეგად ხშირად ვერ საქმდებიან საჯარო სამსახურებში და არც სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ შექმნილი სერვისებია მათთვის ხელმისაწვდომი, ასეთი მექანიზმი უფუნქციო და გამოუყენებელი რჩება. ამ შემოთავაზების ეფექტიანად მუშაობისთვის, უპირველს ყოვლისა, აუცილებელია არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების საჯარო სამსახურებში დასაქმებისა და ასევე, სახელმწიფო ინსტიტუტებსა და ეთნიკურ უმცირესობებს შორის გაუცხოების მიზეზების აღმოფხვრისკენ მიმართული სტრატეგიის შექმნა.    

ახალი პოლიტიკური ცენტრის - გირჩის ხედვიდან ნათლად ჩანს, რომ პარტია არ აღიარებს საქართველოს მოქალაქეების განსხვავებულ იდენტობებს და უმცირესობებზე საუბრის ნაცვლად ხაზს უსვამს საქართველოს მოქალაქეობას. მზარდი და პოლიტიკურად ინსტრუმენტალიზებული შოვინისტური ტენდეციების ფონზე გამაერთიანებელი ჩარჩოს შემოტანა ნამდვილად მნიშვნელოვანია, თუმცა, პარტიის ეს განაცხადი არადომინანტური ჯგუფების სპეციფიკური ჩაგვრის, გარიყულობისა და გამოწვევების მიმართ სიბრმავეს უფრო წარმოაჩენს.

ევროპული საქართველო საკუთარ პროგრამაში ძირითად აქცენტს დისკრიმინაციის აღმოფხვრაზე და ჩაგვრის და ძალადობის დასჯაზე აკეთებს. რაც, როგორ უკვე აღინიშნა, არსებული შოვინისტური და ეთნონაციონალისტური რიტორიკის გაძლიერების ფონზე, შესაძლოა, პროგრესულ მიდგომად მოინიშნოს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ დასჯაზე ორიენტირებული მიდგომები, საერთაშორისო პრაქტიკების გათვალისწინებით, ხშირად უფრო მეტად ზრდის შოვინისტურ და ეთნონაციონალისტურ რიტორიკას, მაშინ როდესაც ევროპული საქართველო არაფერს ამბობს იმ სტრუქტურულ სოციალური და პოლიტიკურ მიზეზებზე,  რომელიც ამ შოვინიზმს და ეთნონაციონალიზმს კვებავს.  ამასთანავე, ევროპული საქართველო საკუთარ პროგრამაში აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო უწყებებში უზრუნველვყოფთ ისეთ სიტუაციას, როცა უმცირესობები არ დაიჩაგრებიან და მათთვის სხვა მოქალაქეებივით ხელმისაწვდომი იქნება სახელმწიფო სერვისები“. მაგრამ არაფერს ამბობს, თუ როგორ  და რა მეთოდებით აპირებენ აღნიშნულის მიღწევას.     

სტრატეგია აღმაშენებლის პროგრამის მიხედვით, არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში სრულფასოვანი ინტეგრაცია მხოლოდ კანონმდებლობის დახვეწით არ არის შესაძლებელი. სტრატეგია აღმაშენებლის გადმოსახედიდან, საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპები და წინასწარგანწყობები თანასწორობის მიღწევის პროცესს ანელებს. მისასალმებელია, რომ აღნიშნული პოლიტიკური გაერთიანება არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების თანასწორობის მისაღწევად სამოქალაქო სექტორის, კერძო სექტორის და სახელმწიფოს კოორდინირებულ მუშაობას კრიტიკულად მიიჩნევს და სახელმწიფოს პროაქტიულ და პრევენციულ ნაბიჯების საჭიროებაზე აკეთებს აქცენტს. სტრატეგია აღმაშენებლის მიხედვით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და საგანმანათლებლო აქტივობების დაგეგმვა არა მხოლოდ საზოგადოების ფართო მასებისთვის, არამედ საჯარო მოხელეებისა და ძალოვანი უწყებების თანამშრომლებისთვის, „რათა გაიზარდოს მათი ტოლერანტობა სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის მიმართ“. თუმცა, პარტია არაფერს ამბობს ამ ჯგუფების საჭიროებების, წუხილების და გამოწვევების შესახებ. ამასთანავე, პარტია საკუთარ საიტზე გამოქვეყნებულ პროგრამაში ცალკე თემად ან ქვეთემად არადომინანტური ჯგუფების საკითხებს არ გამოყოფს. უფრო მეტიც, საკუთარ პროგრამაში პარტია არადომინანტურ ეთნიკურ ჯგუფებს ერთხელაც კი არ ახსენებს.

ლეიბორისტული პარტიის მიერ შემოთავაზებულ ხედვაში, მიუხედავად მათი იდეების ფრაგმენტულობისა, მკვეთრად ჩანს ახლებური ხედვების შემოტანის მცდელობა. აღსანიშნავია, რომ პარტია გამოყოფს არადომინანტური ეთნიკური ჯგუფებით დასახლებულ რეგიონებში მომუშავე მასწავლებლების მიერ ორივე ენის (სახელმწიფო და უმცირესობების) ცოდნის საკითხს. ამასთანავე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, არადომინანტური ეთნიკური ჯგუფებისთვის 5%-იანი კვოტის დაწესების საკითხი სახელმწიფოს მიერ გასაცემ გრანტებზე და დაფინანსებებზე. გარდა ამისა, არსებითად ახლებური მიდგომაა ლეიბორისტული პარტიის მიერ შემოთავაზებული ხედვა ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის მიმართულებით, რაც ითვალისწინებს ყველა სახელმწიფო საიტის და ელექტრონულ მომსახურეობის სერვისის ადაპტირებას უმცირესობებისთვის და არადომინანტური ეთნიკური ჯგუფებისთვის.

ლელო საქართველოსთვის პროგრამის მიხედვით, პარტია გეგმავს არადომინანტურ ეთნიკურ ჯგუფებს აქტიურ ჩართავს ქვეყნის პოლიტიკაში,  მათთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას და ქართული ენის სწავლების ხელშეწყობას. აღსანიშნავია, რომ ლელოს მიხედვით, მათ მიერ შემოთავაზებული 10-წლიანი პროგრამის შედეგად „ქართული ენის არმცოდნეთა რაოდენობა საქართველოს მოსახლეობის 1%-ზე ნაკლები იქნება.“ თუმცა, აღნიშნულ გეგმაში მინიშნების დონეზეც კი არაფერია ნათქვამი  იმის შესახებ, თუ როგორ იქნება უზრუნველყოფილი განათლების ინსტიტუციური სისტემების გარეთ დარჩენილი მოსახლეობისთვის (საშუალო და საშუალოზე ზედა ასაკის ადამიანები) ქართული ენის სწავლება. ეს საკითხი მჭიდროდ უკავშირდება არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების საჯარო და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობას. ხშირად, განსაკუთრებით თვითმმართველობების დონეზე, არადომინანტური ეთნიკურ ჯგუფები საჯარო და პოლიტიკურ ცხოვრებაში ვერ ერთვებიან სახელწიფო ენის არცოდნის გამო, ხოლო, ლელო არაფერს ამბობს, თუ რა მექანიზმებით გაზრდის არადომინანტური ჯგუფების წარმომადგენლების პოლიტიკურ მონაწილეობას სახელწმიფო ენის არცოდნის შემთხვევაში. მნიშვნელოვანია ლელოს განაცხადი, რომ „ლელო შეცვლის პოლიტიკის ვექტორს ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებთან დაკავშირებით - სახელმწიფოსთვის საფრთხის შემცველად შეფასდება არა უმცირესობების წარმომადგენელთა „ზედმეტი“ პოლიტიკური აქტიურობა (როგორც ეს ათწლეულების განმავლობაში გრძელდება), არამედ მათი ნაკლები ჩართულობა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებასა და მმართველობის სისტემაში.“ აღნიშნული საკითხის ასეთი ფორმულირება ტრანსფორმაციული და ახლებური ხედვაა ქართულ პოლიტიკასა და პარტიების პროგრამებში. თუმცა, ასევე ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია შეიქმნას ინსტიტუციური და პოლიტიკური გარანტიები, რომელიც ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობასა და სახელმწიფო უწყებებთან კომუნიკაციისა და ნდობის გაზრდას რეალურად შეუწყობს ხელს.  

აღსანიშნავია, რომ ლელო კრიტიკულად აფასებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტროს და რელიგიის საკითხთა სააგენტოს საქმიანობებს. ლელოს პროგრამის მიხედვით, სამოქალაქო თანასწორობის საკითხები უნდა გამოეყოს შერიგების სამინისტროს და შეიქნას სამოქალაქო თანასწორობის სააგენტო, რომელიც იმუშავებდა არადომინანტური ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების საკითხებზე. ჩვენი შეფასებით, ეს მიდგომა საინტერესოა, თუმცა, ის დამატებით დაზუსტებებს საჭიროებს პარტიის მხრიდან, მათ შორის, ახალი სააგენტოს მანდატისა და მოწყობის შესახებ  და აგრეთვე, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვაზე მომუშავე ორგანიზაციებთან ურთიერთობის და თანამშრომლობის  სტრატეგიებთან დაკავშირებით.   

მისასალმებელია, ლელოს შემოთავაზება არადომინანტური ეთნიკური ჯგუფებისთვის მათი მშობლიური ენის და ლიტერატურის ხარისხიანი სახელმძღვანელოების შექმნის შესახებ. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი დაპირება დიდი ხანია განათლების სამინისტროს აქვს გაცემული, საინტერესო იქნებოდა ლელოს განმარტება, თუ ისინი სად ხედავენ პრობლემას არსებულ სიტუაციაში და რატომ არ შექმნილა ასეთი სახელმძღვანელოები დღემდე, რის შედეგადაც, ლელო განმარტავდა, თუ თავად რას და როგორ შეცვლიდა.

ლელოს ერთ-ერთი შემოთავაზების მიხედვით, საქართველოს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად საჯარო სკოლებში შემოვა ახალი სასკოლო საგანი - „მრავალფეროვანი საქართველო“. თუმცა, არაფერია ნათქვამი, თუ რით იქნება განსხვავებული ეს სასკოლო საგანი უკვე არსებული სამოქალაქო განათლების საგნისგან, რომელსაც იგივე მიზნები აქვს.

აღსანიშნავია, რომ ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური მონაწილეობის პრობლემაზე ბოლო წლებში გახმოვანებული არაერთი კრიტიკისა და უკმაყოფილების მიუხედავად, პოლიტიკური პარტიების პროგრამების უმეტესობა ამ საკითხზე საგანგებო ხედვებსა და რეფორმისტულ იდეებს არ შეიცავს. პარტიები არ ეხებიან არც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების დონეებზე საკონსულტაციო მექანიზმების არარსებობის პრობლემას[1] და არც უმცირესობების პოლიტიკური მონაწილეობის შესახებ სპეციალური მექანიზმების საკითხებს, მაგალითად, აღიარებულ მექანიზმებს, როგორიცაა კვოტები, დარეზერვებული ადგილები, დაფინანსების გზით პარტიების წახალისება თუ ეთნიკური პარტიების დაშვება. [2]

ცალკე უნდა აღინიშნოს არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების ინფორმაციული იზოლაციისა და გაუცხოების საკითხი, ასევე ეთნიკური უმცირესობებისთვის გასაგებ ენაზე, მათ საჭიროებებზე და ინტერესებზე ორიენტირებული გაშუქების პრობლემები საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან[3], რომელიც კიდევ ერთხელ აშკარად გამოჩნდა პანდემიისა და ყარაბაღში მიმდინარე სამხედრო ესკალაციის დროს. სამწუხაროდ, ეს საკითხები არ მოხვდა პოლიტიკური პარტიების ინტერესთა სფეროში. 

კიდევ უფრო არაღიარებული და უხილავია ეთნიკური უმცირესობების განსაკუთრებული მოწყვლადობის საკითხები და სახელმწიფო სერვისებზე, სასიცოცხლო რესურსებზე და სოციალურ ინფრასტრუქტურაზე ამ ჯგუფების შეზღუდული წვდომა. პარტიები, სამწუხაროდ, ვერ იაზრებენ იმ მოცემულობას, რომ პოლიტიკური და კულტურული იზოლაცია არა მხოლოდ დემოკრატიულ პროცესებს აზიანებს, არამედ თავად ამ ჯგუფების სოციალურ განვითარებას აფერხებს, მათ კიდევ უფრო მეტად აღარიბებს და აშკარად არასახარბიელო სოციალურ გარემოს უქმნის.

შეჯამების სახით უნდა ითქვას, რომ პარტიების ძირითადი ნარატივები მეტწილად მიმართულია არადომინანტური ეთნიკური ჯგუფებისთვის ენის სწავლებისკენ, დისკრიმინაციის შემთხვევების გამოვლენის და დასჯისკენ და ამდენად, პარტიები უფრო მოძველებულ პარადიგმებს იყენებენ. გარდა ცალკეული შემთხვევებისა, არც ერთი პოლიტიკური პარტია არ საუბრობს არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების რეალური საჭიროებების, წუხილების და გამოწვევების შესახებ, რომელიც არა ერთ კვლევასა[4] და რეკომენდაციების პაკეტში[5] არის წარმოდგენილი. ამასთან, არც ერთი პარტია არ გვთავაზობს ისეთ კონკრეტულ მექანიზმებს, რომელიც არა მხოლოდ ტრაფარეტულად ისაუბრებდა ქვეყანაში თანასწორობის მიღწევაზე, არამედ შექმნიდა ახალ ხედვებს, პოლიტიკებს და მექანიზმებს ეთნიკური უმცირესობების საჯარო ცხოვრებაში რეალური მონაწილეობისთვის, სამართლიანი პოლიტიკური და სოციალური გარემოს შექმნისა და მულტიკულტურული გარემოს მშენებლობისთვის. პარტიების ხედვები არ შეიცავს აქამდე გატარებული ინტეგრაციის პოლიტიკის სტრუქტურულ, კრიტიკულ ანალიზს და ნიუანსირებულ ხედვებს ცვლილებების, ახალი ალტერნატივებისა და გზების შესახებ.   

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] ეთნიკური უმცირესობების საკონსულტაციო მექანიზმები - რეალობა საქართველოში და საერთაშორისო გამოცდილება, EMC, 2020, ხელმისაწვდომია: https://emc.org.ge/ka/products/etnikuri-umtsiresobebis-sakonsultatsio-mekanizmebi-realoba-sakartveloshi-da-saertashoriso-gamotsdileba

[2] პოზიტიური მექანიზმები უმცირესობების პოლიტიკური მონაწილეობის მხარდასაჭერად – საერთაშორისო გამოცდილების მიმოხილვა, EMC, 2020, ხელმისაწვდომია: https://emc.org.ge/ka/products/pozitiuri-mekanizmebi-umtsiresobebis-politikuri-monatsileobis-mkhardasacherad-saertashoriso-gamotsdilebis-mimokhilva

[3] ეთნიკური უმცირესობების საჭიროებები, საზოგადოებრივი მაუწყებელი და პანდემია, EMC, 2020, ხელმისაწვდომია: https://emc.org.ge/ka/products/etnikuri-umtsiresobebis-sachiroebebi-sazogadoebrivi-mautsqebeli-da-pandemia-1

[4] კვლევის შედეგები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის შესახებ, OSGF, 2019, ხელმისაწვდომია: https://osgf.ge/kvlevis-shedegebi-etnikuri-umciresobebis-warmomadgenlebis-politikur-ckhovrebashi-monawileobis-shesakheb/

[5] სახალხო დამცველთან არსებულმა ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს მიერ ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის შესახებ შემუშავებული რეკომენდაციები, 2020, ხელმისაწვდომია: http://ombudsman.ge/geo/rekomendatsiebi/sakhalkho-damtsvelma-erovnuli-umtsiresobebis-uflebebis-datsvisa-da-samokalako-integratsiis-shesakheb-shemushavebuli-rekomendatsiebi-tsaradgina