ლალხორი

სოფელ ხაიშის მკვიდრი სვანები, 1980-იანი წლების წარმატებული პროტესტის შემდეგ, კვლავ დარაზმულან ხუდონ-ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ, რომლის პროექტმაც  აქტუალურობა “ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს დაიბრუნა. მოსახლეობის აყრა საუკუნოვანი სამკვიდროდან, სოფლის ეკლესიის და წინაპართა საფლავების დატბორვა, დამანგრეველი ჩარევა ხეობის ბუნებაში და ეროვნულ სტრატეგიად გასაღებული კერძო ეკონომიკური ინტერესი - ყველაფერ ამის წინააღმდეგ აღძრული ხაიშელები უთანასწორო ბრძოლაში აღმოჩნდნენ გლობალიზებულ ეკონომიკურ სისტემასა და ქართულ სახელმწიფოსთან. ამის გამო, 2013 წელს მათ მიმართეს ადგილობრივ ადათს და თემის ეკლესიაში წმინდა გიორგის ხატზე ფიცი დადეს, რომ არ დაუშვებდნენ ხუდონ-ჰესის აშენებას და დღემდე ამ ფიცის ქვეშ არიან. მას შემდეგ ამ ფიცს სვანეთის ბევრი სხვა თემიც შეუერთდა და ეს პრაქტიკა დანარჩენ იმ მაღალმთიან რეგიონებშიც აიტაცეს, რომლებიც მსგავსი ე.წ. სტრატეგიული პროექტების სამიზნედ იქცნენ.

სვანები არ ჯერდებიან მოქალაქეობის იმ სუსტ, გამოფიტულ ფორმას, რომელსაც მათ სახელმწიფო სთავაზობს, და თავად იღებენ ინიციატივას საერთო ინტერესზე, რომლის თანაგანსაზღვრის უფლებაც მათ სახელწმიფომ ე.წ. ეროვნული ინტერესის სახელით ჩამოართვა. მათი საჯარო გამოსვლები კანონის, უფლებებისა და ეროვნული ინტერესის ენაზე მეტყველებს; ისინი ითხოვენ, “მიეცეს საქართველოს მოსახლეობას უფლება, ძირითადი და მტკივნეული საკითხები გადაიჭრას მისი უშუალო ჩარევით ანუ საერთო სახალხო რეფერენდუმისა და პლებისციტის გზით“.[1] ამავდროულად, წმ. გიორგის ხატზე ფიცი იდება; 2018 წელს კი, პირველად 1948 წლის შემდეგ, ეწყობა სრულიად სასვანეთო ლალხორი, სვანეთის თემთა წარმომადგენლების შეკრება, რომლის გადაწყვეტილებებიც ტრადიციულად ასევე ხატზე ფიცის დადებით მტკიცდებოდა. “17 თემისგან შედგება სვანეთი და თითოეული თემისგან არჩეული 3-4 ადამიანი ჩაიბარებს მართვის სადავეებს, განა იმიტომ, რომ ხელისუფლება უნდა გადავაყენოთ, არამედ უფლებამოსილება უნდა შევუკვეცოთ ასეთი უკანონო გადაწყვეტილებების მიღების გამო.“ ეს სულისკვეთება თავისუფალ-უბატონო სვანეთის ხსოვნით იკვებება და აქა-იქ ხალდეს საარაკო სახელიც გაკრთება ხოლმე: “ასეთი მასობრივი დაფიცება სვანეთის ისტორიაში დიდი ხანია, არ ყოფილა - ხალდეს აჯანყების, 1875-76 წლების მერე“, “როდესაც დაუპირისპირდნენ რუსეთის იმპერიის გადაწყვეტილებას, რომ აეზომათ მიწები და დაემორჩილებინათ სვანეთი. სოფელი იავარქმნილ იქნა, მაგრამ სული ვერ გატეხეს.“

ფიცის სიმტკიცე, როგორც პოლიტიკური ერთობის ზნეობრივი საფუძველი, უპირისპირდება თანამედროვე სახელმწიფოს ლეგიტიმაციის მორალურ სიმყიფეს. დღეს რომ კონსტიტუცია მოხეტიალეა და ნებისმიერი ჩინოვნიკის წამოსაკიდებელი, ასეთი არ არის სვანური ხატზე დაფიცება, მაგან საუკუნეებს გაუძლო და დღესაც ძალაშია. ვინც დაიფიცა, რაც არ უნდა ნაძირალა იყოს, ხატს არ გატეხავს.“ როცა სახელმწიფო “ნებისმიერი ჩინოვნიკის“ ანუ უპრინციპო, უსახო ბიუროკრატიის საჯიჯნად ქცეულა და თავისი რეპრესიული აპარატიც გლობალიზებული კერძო ეკონომიკური ინტერესის სამსახურში ჩაუყენებია, მაშინ მოქალაქეებს ისღა დარჩენიათ, ძირძველ სვანურ ჩვეულებით სამართალს მიმართონ. “დღევანდელ ვითარებაში, საქართველოში რაც ხდება, როცა სამართლებრივად დაუცველი ხარ აბსოლუტურად ყველა დონეზე, მაშინ უნდა ამოქმედდეს ის სამართალი, რომელიც ხალხს ჰქონდა. ანუ მე უნდა გავაჩინო მაშინ სამართალი, თუ შენ არ მიცავ, შენ, სახელმწიფო ინსტიტუცია, არ მიცავ. მაშინ ხალხს ჰქონდა ძალიან ბრძნული სასამართლო, ხალხური სამართალი და მივემხრობით იმას, რომ ეს ამოქმედდეს და ეს ამოქმედდება, გაუხარდება ეს გახარიას თუ არა.“

 

განვითარება

ხაიშელთა წინააღმდეგობისათვის ლეგიტიმურობის ჩამოსართმევად სახელმწიფოს მესვეურები გამუდმებით აპელირებენ “განვითარებაზე“, “წინსვლასა“ და “გამდიდრებაზე“. ამ დროს ერთმანეთს ეჯახება ორნაირი, უფსკრულით დაშორებული ხედვა მეურნეობისა და ზოგადად არსებობის შესახებ.

2012 წლის დოკუმენტურ ფილმში ხაიშის შესახებ, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ყაველაშვილი, რომელსაც თითქოს კარიკატურული სიზუსტით მოურგია სტერილური, ცინიკური, ტექნოკრატი ჩინოვნიკის როლი, ამბობს: “...ხაიშში თუ ხართ ნამყოფი, რა ვიცი, სოფელია, რომელიც გზის პირას... ეხლახან გაკეთდა მესტია-ხაიშის გზა. იქ აქამდე საერთოდ არაფერი არ არსებობდა. მოსახლეობა ძირითადად რითი ცხოვრობს - რაღაც პატარა სოფლის მეურნეობით და მეტყევეობით, რომელსაც დიდი შემოსავალი არა აქვს...“ ის ცხოვრება, რომლითაც ცხოვრობენ ადგილობრივები, ცენტრის ვერდიქტით,  ცხოვრება არ არის, რადგან არ ექვემდებარება “განვითარების“ გაბატონებულ ლოგიკას. ნენსკრა-ჰესის წინააღმდეგ მობილიზებულ ჭუბერის თემშიც იხსენებენ, როგორ მიაძახა ერთ-ერთი ვიზიტისას ქედმაღლურად ჰესის ლობისტმა ჩინოვნიკმა: “თუ არ გინდათ, იყავით მაშინ და იშიმშილეთ თქვენს ტყე-ღრეში“. არადა, ჭუბერში ისიც ახსოვთ, რომ აფხაზეთის ომის დროსაც კი, როცა თითო ოჯახი ათობით ლტოლვილს იფარებდა, მიუხედავად სვანეთის მკაცრი საცხოვრებელი გარემოსი, მაინც ყველასთვის უხვად სამყოფი იყო ადგილობრივი საზრდო. აუცილებელი არ არის, სამყოფობა სიღარიბეს უდრიდეს; სიუხვეც სხვანაირად შეიძლება იზომებოდეს და მაინცდამაინც არ იგივდებოდეს უკიდეგანო “ზრდასთან“, რომელიც უგულებელყოფს არსებულ ბუნებრივ გარემოს და ნებისმიერ ფასად ლამობს გამდიდრებას.

ბუნებრივ მოცემულობად ხევდება სვანეთის დღევანდელი მდგომარეობა, თითქოს მას არასდროს გაევლოს საბჭოთა მოდერნიზაცია; თითქოს, სხვა რეგიონებივით, მასაც საბჭოთა ინფრასტრუქტურის სრული რღვევა არ ეწვნიოს 1990-იან წლებში და მართლაც მხოლოდ ახლა იწყებოდეს მოდერნიზაცია, ისიც უალტერნატივო, ცენტრიდან თავსმოხვეული ფორმით, რაც განვითარებას ცენტრის ექსკლუზივად აქცევს. 

“ვთქვათ აშენდა ხუდონი. როგორ უნდა განვვითარდე, წყალქვეშ განვვითარდე? განვითარების ყველა საშუალება იკეტება. ხაიში ჰგონიათ ეს - მეტი არაფერი. ხაიშს იმხელა განშტოებები აქვს, იმხელა სამთო სავარგულები აქვს, ათვისებული იყო თავიდან ბოლომდე. იქ აბანო იდგა, აქ უზარმაზარი კლუბი იდგა თავისი უზარმაზარი ბიბლიოთეკით, 250 ადგილიანი, 100 კაციანი სააქტო დარბაზი, თეატრალური წარმოდგენები იმართებოდა. აქ კარგი, რესტორნის ტიპის სასადილო იყო. იქ სახანძრო იყო, იქ გაზეთების ჯიხური იყო, იქით აფთიაქი იყო (ეხლაც არი, კერძოს ხელშია). უზარმაზარი ბაზარი იყო, სადაც გლეხებს მოქონდათ თავიანთი პროდუქცია და ადგილზე იყიდებოდა. საწყობი იყო, სადაც სხვადასხვა ტიპის პროდუქცია იყიდებოდა, მაღაზიები იყო (...). რომ ქონდეთ გონიერება, აქ უნდა განავითარო სოფლის მეურნეობა, მეცხოველეობა სხვადასხვა მიმართულებებით და პლუს ტურიზმი. აი ეს იქნება განვითარების პერსპექტივა.“

 

ლაგნაჟი ლიგნე

ფიცს სვანები ქმედით ბარიერად აღმართავენ თანამედროვე ეკონომიკის თვითკმარი ლოგიკის წინააღმდეგ. ყველასა და ყველაფრის აბსოლუტური ეკვივალენტობის, ყველაფრის გასაქონლებისა და ჩანაცვლებადობის პრინციპის წინააღმდეგ, დამფიცებლები ამტკიცებენ, რომ მათი სამკვიდრო ფასდაუდებელია, უთანაზომოა ნებისმიერი დათვლადი და გაზომვადი კომპენსაციის მიმართ. “ეკლესია და სასაფლაოები რომ გენანებათო, მიწიანად ავწევთ და სადაც გვეტყვით, იქ აგიშენებთ უკეთეს ეკლესიასო. ამას რომ გეტყვის, იმ კაცს რომელი კონსტიტუცია, რომელი ადამიანის უფლება, რომელი რა უნდა მოსთხოვო. დემონტაჟი ეკლესიისა მე არ გამიგია. ერთ ადგილას დაანგრიო, გადაიტანო...“ წმინდა რაოდენობრივი ეკვივალენტობის პრინციპს, რომლისთვისაც სულერთია, მიწის ერთ ნაკვეთზე იცხოვრებ თუ მეორეზე, ერთ კუთხეში თუ მეორეში, სვანები ადგილობრივი სამართლის ძირეულად თვისებრივ მიდგომას უპირისპირებენ.

ეს მიდგომა ეფუძნება მეორე მხარის უშინაგანესი მოტივაციებისა და მდგომარეობის გასიგრძეგანებას, უთანაზომოსა და აუნაზღაურებლის გათავისებას, მისი ბრმა ფულად ფარდობითობაზე დაყვანის გარეშე. “ამოსავალი წერტილი სვანური სამართლის არის პირველი და უცვლელი - ნაცვალგების კანონი. დააყენე შენი თავი ჩემს ადგილას. რას მოიმოქმედებდი შენ, ჩემ ადგილას რომ ყოფილიყავი? შემირიგდებოდი? ან არ შემირიგდებოდი? ლაგნაჟი ლიგნე.“ სწორედ ამ პრინციპით მიმართავს, ხუდონჰესის პროექტის განხილვისას, ხაიშის მკვიდრი პროექტის ავტორებს: ”მე ვერ ვგრძნობ თქვენს ტკივილს. პირველ რიგში, უნდა ვილაპარაკოთ ადამიანის ფაქტორზე. ჩვენ იქ წინაპრების საძვალეს ვტოვებთ. მიცვალებულს ყველა ვერ გადაასვენებს. გაითავისეთ ეს პრობლემა. თითქოს თქვენ ხართ ჩვენს ადგილას, თითქოს თქვენ უნდა აიყაროთ იმ ადგილებიდან და, აი, ამ კუთხით შეხედეთ პრობლემას და შემდეგ შევაფასოთ ტექნიკური მხარე, ეკონომიკური მხარე და ა.შ.”

2013 წელს, გადაცემა “რეალურ სივრცეში“, მაშინდელი ეკონომიკის მინისტრის, კახა კალაძის მოადგილე ელოშვილი შემდეგნაირად ანუგეშებს ხაიშის მკვიდრს, რომელიც საბჭოთა დროს ჰესის პროექტის ნიადაგზე ერთხელ უკვე გადაასახლეს და ახლა ხელმეორედ ემუქრება აყრა და წინაპრების საფლავების გადატანა: “როდესაც ქვეყანა მიდის წინ და ვითარდება, სამწუხაროდ, ესეთი ქმედებები თან ახლავს აი ამ დიდ, სტრატეგიულ პროექტებს.“ ხოლო, როცა პროექტის მოწინააღმდეგე ეკონომისტი ელოშვილს რიტორიკულად წამოაძახებს, თუ რა ღირს ის 4 კვადრატული მეტრი საფლავი, რომლის ამოთხრა და გადატანა მოუწევთ ხაიშელ ჭირისუფლებს, ელოშვილი პასუხობს: “თქვენ ეხლა ეკონომისტივით არ საუბრობთ, თქვენ საუბრობთ ემოციებით. თქვენ ეკონომისტი არა ხართ.“ ოპონენტ ეკონომისტს რომ მოუწოდებს, არ გასცდეს თავის მსჯელობაში ეკონომიკის დარგობრივ ლოგიკას, ამით ელოშვილი მოდერნულობის რუპორად გვევლინება, რომელიც დარგების ფუნქციურ დიფერენციაციას გულისხმობს. თუმცა, ეკონომიკის გამოცალკევება ყველა დანარჩენი ფაქტორისგან მისთვისვე აღმოჩნდება საშარო საქმე; რაწამს ირკვევა, რომ ხუდონჰესის ენერგეტიკული და ეკონომიკური სარგებელი სწორედ წმინდა მათემატიკის დონეზეა არასათანადოდ გამოთვლილი, საჭირო ხდება ამ ნაპრალის დაგმანვა ისეთ გარე-ეკონომიკურ ფაქტორებზე პათეტიკური აპელირებით, როგორიცაა ეროვნული ინტერესი და ის მსხვერპლი, ადგილობრივებმა რომ უნდა მიიტანონ სახელმწიფოს საკურთხეველზე.

ასეთ დროს, ფიცის სიმტკიცეც ეგოისტურ გაჯიუტებად ირაცხება, რითიც არქაულ ტრადიციებში “ჩარჩენილი“ მთიელები საერთო განვითარებას თუ მოდერნიზაციას ამუხრუჭებენ. მოდერნულობის სახელით მოსაუბრენი მას ყოველთვის წარმოაჩენენ, როგორც უწყვეტ გარდაქმნასა და ინოვაციას. ამ დროს კი იმალება ის, რაზეც პროგრესის იდეოლოგიისადმი ეჭვის თვალით მომზირალი მრავალი მოაზროვნე მიუთითებს: რომ სინამდვილეში განვითარების და წინსვლის იდეა სრულიად სტატიკურია, რადგან ერთადერთი, რაც იცვლება, ისაა, რომ მოგების, ზედმეტი ღირებულების წარმოების, მარად-იგივე მექანიზმი ეწევა, წმინდად რაოდენობრივად, უსასრულო ექსპანსიას. მის სამსახურში ჩამდგარი სახელწიფო კი მუდმივად აპელირებს მოდერნულობაზე, როგორც დიად, თავისთავად მიმდინარე, ბუნებრივ და წინაღუდგომელ მსოფლიო-ისტორიულ პროცესზე, რათა რამენაირად შეაკოწიწოს და გაამრთელოს თავისი წყვეტილი, არათანმიმდევრული, ძალისმიერი პოლიტიკურ-ეკონომიკური ღონისძიებები.

უძრავი ტრადიციისა და შეუსვენებელი განვითარების ყალბი შეპირისპირება, რომელიც ნაგულისხმევია სახელმწიფოს მეტყველებაში, ფიცის სიმტკიცეს წარმოაჩენს, როგორც რაღაც გახევებულს. არადა, თავად ფიცის ფაქტი, მისი საჭიროება და მისი მუშაობის წესი სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ, ადამიანური ცვალებადობის გათვალისწინებით, ფიცის შენახვა განუწყვეტელ ძალისხმევას მოითხოვს და ფიცი რაღაც ინერტული გადმონაშთი არ არის - “კი არ შემორჩა, გადავარჩინეთ.“

 

სეკულარული ქვეშევრდომები

"სახელმწიფოს უპირისპირდებიან, ფაქტობრივად. არავითარ შემთხვევაში ამ პრეცენდენტის დაშვება არ შეიძლება. შეიძლება, ხვალ ადამიანების გარკვეულმა ჯგუფმა, ზოგმა ხატზე დაიფიცოს, ვიღაცამ ყურანზე დაიფიცოს, მიიღოს გადაწყვეტილება, რომ გარკვეულ პროექტს შეეწინააღმდეგოს. ჩვენ ამ პრეცენდენტს ვერ დავუშვებთ" - აცხადებს ეკონომიკის მინისტრი. “რეალური სივრცის“ ხსენებულ გამოშვებაში მისი მოადგილეც მსგავს რეაქციას იძლევა ფიცის ხსენებაზე: “ის, რომ თქვენ დაიფიცეთ ხატზე, ეს, რა თქმა უნდა, თქვენი უფლებაა, თქვენი ნებაა, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაიზარდოს სახელმწიფოსთან დაპირისპირებაში. ეს დაფიცება არცერთ შეფიცულს არ აძლევს იმის უფლებას, რომ გაცდეს კანონის ფარგლებს, არავითარ შემთხვევაში.“

სახელმწიფოს განცდა, რომ ფიცი შეფიცულებს სახელმწიფოებრივი კონტროლის მიღმა ექაჩება, ერთ უმთავრეს ფაქტორს ეფუძნება: ფიცის მეშვეობით ისინი ტოვებენ იმ სივრცეს, რომელშიც თითოეული მათგანი გარკვეული უფლებებით აღჭურვილი კერძო ინდივიდია და მეტი არაფერი. ელოშვილის შეგონება, რომ “არცერთ შეფიცულს“ არ აქვს უფლება, კანონის ფარგლებს გასცდეს, იმთავითვე ცალობით ანგარიშობს იმას, თუ რა სახის სიდიდეა შეფიცულთა ერთობა, და, ამიტომაც, ვერ იხელთებს მას. ფიცი, რითიც შეფიცულები “რადიკალურად“, “ფანატიკურად“ იცავენ თავიანთ კოლექტიურ საჯარო პოზიციას, არყევს თანამედროვე სახელმწიფოს მიერ ნაგულისხმევ წარმოდგენას, თუ როგორი უნდა იყოს მისი სუბიექტი - სიტყვა-სიტყვით, ქვე-შევდრომი - მოქალაქე: ინდივიდუალიზებული და თავის ქმედებებსა და რწმენა-წარმოდგენებში ზომიერი და დრეკადი, მოკლედ, ის, რასაც ზოგიერთი მკვლევარი სეკულარულ სუბიექტს უწოდებს.

სეკულარული ამ შემთხვევაში სულაც არ უდრის არარელიგიურს ან არასაეკლესიოს. ამ მხრივ, ნიშანდობლივია, რა დამოკიდებულება აქვთ სვანების ფიცთან ეკლესიის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც ცენტრის სახელით საუბრობენ. ხატზე დაფიცება “წარმართულ“ ტრადიციად ირაცხება. ერთერთი სამღვდელო პირი ამბობს: “იცით, არ მიფიქრია, რომ ხატზე დაფიცების რიტუალი დღესაც იყო. ეს ერის, ხალხის პრობლემაა.“ ამ გადმოსახედიდან, დაფიცება უბრალოდ ჭეშმარიტ მრწამსს კი არ ეწინააღმდეგება, არამედ პირველ რიგში “ჩამორჩენილობის“ ნიშანი და ჯერაც გადაულახავი “გადმონაშთია“. ეკლესია თანაზიარი ხდება იმ არა-ქრისტიანული, პროგრესისტული, სეკულარული დროისა, რომელშიც სუვერენული სახელმწიფო ყველა ქვეშევრდომისა და ყველა დროის სინქრონიზაციას ეწევა და ძალაუფლებრივი ცენტრის საზომით განსაზღვრავს, ვინაა ჩამორჩენილი და ვინ არაა ბოლომდე თანამედროვე.

ამ ირიბი შეთამაშებულობის მიღმა, ხელისუფლება და საეკლესიო ცენტრი პირდაპირი თანამზრახველები აღმოჩნდებიან, როცა ფიცის დისკრედიტაციის მეშვეობით ცდილობენ, კონტროლი დაიბრუნონ მათი ძალაუფლების ველიდან გასულ ადამიანებზე. “ახსენებდნენ საპატრიარქოს, რომ თურმე საპატრიარქოში გაურკვევიათ და ფიცს აგხსნითო. საუბრობდნენ მეუფე ილარიონის სახელით. მეუფე ილარიონს შევუთანხმდით და ის აგხსნით ფიცსო – ეს ყველაფერი არის ტყუილი! მეუფე ილარიონს ნუ ახსენებთ, ნურც საპატრიარქოს ახსენებთ, იმიტომ რომ ისტორიის მანძილზე არასდროს მომხდარა ფიცის ახსნა და არც არასდროს მოხდება.“

საეკლესიო ცენტრი ხაზს უსვამს დამფიცებლის ინდივიდუალურ ამპარტავნებას, მაგრამ ეს არ ემსახურება მხოლოდ იმის შეხსენებას, რომ სახარება და საეკლესიო სწავლება ფიცს კრძალავს, მით უმეტეს საკუთარი ინიციატივით და საეკლესიო იერარქიისთვის გვერდის ავლით დადებულს. იმის გათვალისწინებით, რომ შეფიცულები იმთავითვე ლახავენ ინდივიდისთვის თანამედროვე სახელმწიფოს მიერ შემოფარგლულ საზღვრებს, ეკლესიის შეგონებაც სახელმწიფოს მიერ დადგენილი წესრიგის თანამზრახველად იქცევა. “დაიწყეს ფიცის ინსტიტუტის დაცინვა და დამახინჯება. (...) თითქოს ჩვენ არა ვართ სწორად დაფიცებულები, რომ მოხდება გამოფიცვა და ასე შემდეგ. ახსენეს მონანიება და თურმე, ჩვენ რომ ღმერთთან სიტყვა დავდეთ, უნდა მივიდეთ და შევთხოვოთ –  ვაიმე, მაპატიე, ის სიტყვა არ უნდა მეთქვა და ასე შემდეგ.“ სუბიექტს მოუხმობენ, იყოს დრეკადი, განცალკევებადი, მუდამ მზად, რომ მის მიერვე დადებული სიტყვა გადათქვას. და თავისთავად საეჭვოდ, საშიშად მიიჩნევა, თუ ის უბრალოდ დროებით და არგუმენტების უკმარისობის საფუძველზე კი არ რჩება გადაურწმუნებელი, არამედ აბსოლუტურად და უპირობოდ. “ე.ი. მე შემიძლია დღეს დავიფიცო და ხვალ ამ ფიცს ვიღაცა ამხსნის და კიდევ ჩავიდენ მორიგ სისულელეს და მორიგ დანაშაულს, რაც მინდა, თუკი ფიცის ახსნა ასეთი იოლია, რომ მოვა ვიღაც გადაგვარებული მამაო და ამხსნის. ეს არის გაუგონარი ფაქტი სვანურ სამართალში.“

მაგრამ სიტყვის გადამთქმელი, გადარწმუნებადი სუბიექტის იდეალს მხოლოდ სახელმწიფო და ეკლესია როდი ებღაუჭება. მის მიღმა ხშირად ვერც შეფიცულთა ინტერესების გულშემატკივარ აქტივისტთა წარმოსახვა გადის. კომპანია “ტრანს ელექტრიკას“ იმაში ედავებიან, რომ ის სათანადოდ ვერ არწმუნებს ადგილობრივებს, დათანხმდნენ მის მიერ შემოთავაზებულ კომპენსაციას, განსახლების გეგმასა თუ ეკონომიკურ და ეკოლოგიურ ხედვას. თუ ელოშვილის შეგონება, რომ “არცერთ შეფიცულს“ არ აქვს უფლება, გასცდეს კონსტიტუციურ ფარგლებს, სახელმწიფოს მცდელობაა, ხაიშელთა ფიცი მოთარგმნოს სახელმწიფოებრივი კონტროლის უზენაესობის ენაზე, ხაიშელთა მხარდამჭერი გარემოსდამცველი - სახელმწიფოსთვის სრულებით გასაგებ ენაზე - ფიცის საწინააღმდეგო თარგმანს წამოაყენებს: “ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური უფლება, დავუპირისპირდეთ სახელმწიფოს, მაშინ, როცა მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო არასწორად იქცევა.“ ამ შემთხვევაში ფიცი საზოგადოებრივი ხელშეკრულების ლიბერალურ ენაზე ითარგმნება, როგორც სახელმწიფოსთან სამართლიანი შეწინააღმდეგების უფლება. მაგრამ თარგმანში აშკარად იკარგება ის, რასაც შეფიცულთა ერთობა განასხეულებს და რაც მას ძალაუფლების მპყრობელი ინსტიტუციებისათვის ასე საშიშს ხდის.

“როდესაც ხატის წინაშე დგები, ხატი არის კარი გახსნილი ზეცაში, უფალს ესაუბრები.“ შეფიცულები, ეკლესიისა და სახელმწიფოს შუამავლობის გარეშე, მათთვის ნებადაუკითხავად, პირდაპირ ღმერთის გავლით, ეკვრებიან ერთმანეთს, როგორც საჯაროდ წარმომადგარი უხილავი ერთობა, რომელიც ყოველგვარ საზოგადოებრივ კონტროლსა თუ ინდივიდუალურ მოთვინიერებას უსხლტება. ჩემსა და ღმერთს შორის ვერავინ ვერ ჩადგება. არ მჭირდება შუამავალი. ეს ჩემს შიგნითაა. ვინ უნდა ამხსნას მე ფიცი?”  

 

პროექტი  ხორიცელდება ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მიერ, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. მასალის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID-ის) დაფინანსებით. მასალაში გამოხატული პოზიციები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

 

[1] სტატიაში გამოყენებულია ციტატები ინტერნეტში მოძიებული სტატიებიდან, სატელევიზიო გადაცემებიდან და 2019 წელს ჩემ მიერ სვანეთში ჩაწერილი ინტერვიუებიდან.