ფრაგმენტი

ფრაგმენტულობა იმ აზროვნების მოკრძალებაა, რომელიც თვალს უსწორებს აზრებს შორის ნაკლულ კავშირს. ფრაგმენტი აღიარებს, რომ კავშირების დასადგენად სამუშაო ჯერაც გასაწევია და გვპირდება, რომ გამრთელება შესაძლებელია. ფრაგმენტი თვალს უსწორებს აზრთა უსისტემობას, როგორც რეალური უძლურების სიმპტომს: რომ თეორიის კავშირი პრაქტიკასთან, ისტორიის მოცემულ მომენტში, დაბეჩავებულია თეორიის პრაქტიკაში განხორციელების ისტორიული ჩაფლავების შედეგად.

18 სექტემბერი

კონკრეტულ თარიღზე, მაგალითად, 2013 წლის 17 მაისზე ჩაციება იქნება ეს თუ 2012 წლის 18 სექტემბრის საღამოს „ციხის კადრებით“ გამოწვეული შოკი, რომელმაც ერთგვარი დაღი დაასვა შემდგომ პოლიტიკურ პროცესებს, ორივე შემთხვევა გარკვეულწილად „მოვლენად“ ქვავდება. თითქოს ის არსაიდან გაჩენილიყოს, აბსოლუტური ათვლის წერტილი იყოს და იმ ერთი ან რამდენიმე დღის მანძილზე ამოხეთქილი ენერგიის გარდა, არც სხვა და უფრო ღრმა შინაარსი გააჩნდეს და არც წარსული ან სამომავლო ჰორიზონტი.

გადაუმოწმებელი/გადაუმოწმებადი ჰიპოთეზა: 2012 წლის 18 სექტემბერს აგორებული სკანდალის დავიწროებამ „ციხის კადრებსა“ და მის სექსუალურ ინვენტარზე ხელი შეუწყო იმასაც, რომ დღემდე მწირია სიღრმისეული რეფლექსია ციხეში პატიმრებზე განხორციელებული ძალაუფლების ძალადობრიობის არსებითად სექსუალური ხასიათის შესახებ. „მოვლენაზე“ ფიქსაცია აბუნდოვანებს იმ კავშირსაც, რაც 2012 წლის 18 სექტემბერსა და 2013 წლის 17 მაისს შორის შეიძლება არსებობდეს. 17 მაისი 18 სექტემბრის გარეშე რომ ვერ იქნებოდა, იმას ნიშნავს, რომ ეს ორი თარიღი არა ორი სხვადასხვა მოვლენა ან დღე, არამედ ერთი დიდი პრობლემის ორგვარი გამომჟღავნებაა, რომლებიც ერთმანეთისგან განცალკევებულა; ერთიმეორეს ეხმიანება; ერთმანეთის გარეშე ვერ აიხსნება, მაგრამ ვერც მხოლოდ მათი შეკრება-დაჯამებით აიხსნება. 18 სექტემბერს აღშფოთება დიდწილად კონცენტრირდა პატიმარი მამაკაცის უკანალის დაკავებაზე მთავრობის მესვეური მეციხოვნის პენისით ან პენისის ნაცვალი და აღმნიშვნელი სხვა საგნებით. 17 მაისს აღშფოთება მიემართა საზოგადოების იმ ჯგუფის შესაძლო ხილვადობას, რომელიც მამაკაცის უკანალს, როგორც პენეტრაციისათვის აკრძალულს, არ აღიარებს სექსუალურ ტაბუდ. ჰომოფობია ბევრნაირ დროსა და ადგილას არსებულა, მაგრამ ყველა დროსა და სივრცეში ჰომოფობიას არ მიუღია 2013 წლის 17 მაისს გამოვლენილი აგრესიის სახე. 18 სექტემბერი იმიტომ უნდა მივიჩნიოთ 17 მაისის წინაპირობად, რომ 17 მაისს გამოვლენილი ძალადობა პირდაპირპროპორციულია იმ ძალადობრიობისა, რომელიც მოუშორებლად მიეტმასნა „ციხის კადრებში“ აღბეჭდილს: მამაკაცის „კაცობის“ გატეხვის მიზნით მისი უკანალის დაკავებას ძალაუფლების მიერ და ამით გამოწვეულ ფიზიკურ და სიმბოლურ ტკივილს. ამ ტკივილის სიმძაფრე კი იმ აკრძალული სიამოვნების პროპორციულია, რომელსაც გულისხმობენ კიდეც 17 მაისს ხილვადობისთვის მებრძოლი ჯგუფის მიმართებაში მამაკაცის უკანალთან: სიამოვნება პენეტრაციის პირვანდელი ფიზიკური ტკივილის დროსაც კი.

გამოსაკვლევია: ზუსტად ვინ იყვნენ 17 მაისის კონტრაქციის მონაწილეები და რა კავშირი ჰქონდა მათ უმრავლესობას 2012 წლისათვის საქართველოს ციხეებში ჩადენილ სისტემურ ძალადობასთან.

17 მაისი უმალ ბიძგია უფრო ფართო გააზრებისთვის და თავადაც უფრო ფართო გადმოსახედიდან საჭიროებს ახსნას. ამ აზრით, „17 მაისზე“, როგორც ლოკალურ, ერთჯერად მოვლენაზე სასაუბროდ დეტალებისა და ლოკალური სპეციფიკისათვის კირკიტზე ბევრად უფრო მართებული ხერხი შეიძლება უზოგადეს საკითხებზე მსჯელობა გამოდგეს, მისივე სპეციფიკის უკეთ გასაგებად, სპეციფიკისა და ლოკალურობის წინასწარვე გაფეტიშების გარეშე. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ არსებულ ისტორიულ მდგომარეობაში ყოველგვარი ლოკალური სპეციფიკა იმთავითვე ჩართული და გაშუალებულია გლობალური პროცესებით. შესაბამისად, თუ „17 მაისის“ მიზეზების ძიებაზე მეტად მისი წაკითხვის შესაძლებლობის გაფართოებას ვცდილობთ, მასში რაღაცის სიმპტომის ამოსაცნობად, „17 მაისზე“ სალაპარაკოდ ყველაზე მართებული გზაა ვილაპარაკოთ სხვა რამეზე და არა თავად „17 მაისზე“. ასე შეიძენს „17 მაისზე“ ლაპარაკი აზრს და, კრიტიკული ანალიზის შედეგად, გაიწოვება საგანგაშო „მოვლენად“ შეკუმშული „17 მაისი“ მისი, როგორც გაქვავებული კონცენტრატის, შემადგენელ მრავალ ელემენტში.

საერთო

ის, რომ ანტიკომუნისტურის გარდა, სხვა ჰორიზონტი აღარ დაგვრჩა, ჯერ კიდევ 1980-იანი წლების დასაწყისში შეინიშნა (Nancy, 2004, გვ. 28), რამდენიმე წლით ადრე, ვიდრე მარგარეტ ტეტჩერი ისედაც ფაქტობრივად გამარჯვებულ ტენდენციას მოაქცევდა სენტენციაში, საზოგადოება არ არსებობსო. მით უმეტეს ქართული გამოცდილების შემთხვევაში, კომუნიზმის ისტორიული მარცხი ის წმინდად ნეგატიური წყაროა, რომლიდანაც რაციონალურ-ეგოისტური ინტერესით მოქმედი ინდივიდის ფიქცია რაცხავს თავს პოზიტიურად, როგორც ბუნებრივს. საბჭოთა წარსულის უარყოფა ეყრდნობა - ჰეგელის ენაზე - აბსტრაქტულ ნეგაციას: ისტორიული პირობების ყრუ, აბსოლუტურ, მღვრიე უარყოფას, რომელიც აწმყოსვე უქვავებს და აზეიმებს უარყოფილი წარსულის სარკისებურად შეტრიალებულ პოზიტიურ ვარიანტს: რომ ჯუნგლების კანონებით ცხოვრების გარდა, ადამიანებს სხვა არჩევანი არ გააჩნიათ.

საბჭოთა კომუნიზმს არ ეპატია ბუნების საკითხთან ვერგამკლავება: მან ინჟინერული ინტერვენციით მოისურვა, ადამიანის ახალი ბუნება გამოეძერწა თუ „აღედგინა“ ადამიანის პირველყოფილი არაეგოისტური ბუნება. მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა გარდამავლობასა და გარდაუვალობას შორის ავი ქორწინება, გარდამავალ ღონისძიებათა (ძალადობრივ-ქირურგიულ ჩარევათა) გარდაუვალობის გახევება გარდაუვალ, აღარგარდასულ გარდამავლობად. ჯერაცბურჟუაზიული პარადოქსი, რომ შრომაა საჭირო, რათა აღარ იყოს შრომა; და რომ დიქტატურა და ძალადობაა საჭირო, რათა აღარ იყოს დიქტატურა და ძალადობა, გააბსოლუტურებულ შრომად და ბატონობად გაიყინა. დაიკარგა გარდაუვალობასა და გარდამავლობას შორის ლენინისეული დაძაბულობა იმ „ბუნების-ისტორიულ პროცესთან“ მიმართებით (შდრ. ლენინი, 1937, გვ. 58), რომლის მიხედვითაც, ადამიანი ჯერაც ბუნებაა, მარქსისეულად: ჯერაც წინარეისტორიაში იმყოფება (მარქსი, 1950, გვ. 409), ისტორია სინამდვილეში ჯერ არც დაწყებულა და მხოლოდ ბუნების ბუნებითვე, ჩაგვრის ჩაგვრითვე დათრგუნვა დაგვრჩენია, “სანამ სხვაგვარნი არ იქნებიან“ ადამიანები (ლენინი, 1937, გვ. 59). არ/ვერ დადგა ის რთული მომენტი, სადაც „თვალი თვალის წილ“ და „კბილი კბილის წილ“ შურისძიებისა და ძალადობის ამ მარადიულ წრებრუნვას მართლაც გაარღვევდა და ჩაგვრით დათრგუნული ჩაგვრა არა ახალი ჩაგვრის აღმოცენებას, არამედ საერთოდ ჩაგვრის გაქრობას მოიტანდა. ხელოვნური მცდელობის ისტორიულად განპირობებული წარუმატებლობიდან სასწრაფოდ დაისკვნა, რომ ამ მკრეხელობას წინ თვით ბუნება აღუდგა: ადამიანების „ჯანსაღი“ ეგოიზმისა და მათ შორის კონკურენციის მარად ურყევი კანონი. ის, რომ მთელი საკაცობრიო ისტორია კონფლიქტსა და ჩაგვრას უკავია, ისტორიისავე ბუნებად, მუდმივ სამოქალაქო ომად, გაქვავების საბაბად იქცა.

დღეს, სახელი „კომუნიზმი“ აერთიანებს იმ იდეის გარშემო, რომ ვერაფერი საერთო ვერ იარსებებს. მაგრამ ანტიკომუნიზმი საკუთარ ექოდ კომუნიზმის აჩრდილს გამოიხმობს, საერთოს ახლებურად სათქმელად. მისი ბოლოსართი „იზმი“ მისივე ხელოვნურობის, თითიდან გამოწოვილობის დასტურად ისახება და თავად კომუნის, ადამიანის, როგორც საზოგადოებრივი, კომუნალური არსების ხელოვნურობას გულისხმობს. მაგრამ ეს ხელოვნურობა, ბუნებაში ფესვგაუდგმელობა გამამტყუნებელ სამხილად და შეუძლებლობის განაჩენად მხოლოდ მათ ესახებათ, ვინც არაფერს სცნობს იმის გარდა, რაც ისედაც უკვე არის და საკუთარი უბრალო არსებობითვე საკუთარი სისწორის გამართლებაა. რახან კომუნიზმის ჯერ-არ-ნახულობის გამო ვერანაირ ბუნებას ვერ დაეყრდნობოდა, პრაქსისი მხოლოდ საკუთარ ცდას თუ მიენდობოდა. და ენასაც წინსწრებით ან ნასესხობის ფასად უწევდა ეთქვა ის, რაც აქამდე არ არსებულიყო. “ჩვენს ენაზე ასეთი სიტყვა არ მოიპოვება და, შეიძლება, საჭირო გახდეს ავირჩიოთ ფრანგული სიტყვა „კომუნა“, თუმცა ამასაც აქვს თავისი უხერხულობა.“ (იქვე, გვ. 77)

დღეს, ქართულში „საერთო“ არის ის სიტყვა, რომელსაც ყველაზე მეტად ცდილობენ, შეუთვისონ ეს ენობრივი ძიება. თავისთავად ცხადი ჩანს, რას ნიშნავს „საერთო“, როცა მას „კერძოსთან“, საზოგადოებრივი ინტერესის წინააღმდეგ მოქმედ, ეგოისტურ, მომხვეჭ ინტერესთან აპირისპირებენ. მაგრამ ისიც თითქოს იმით კმაყოფილდება, რომ საკუთარი თავი მხოლოდ ანტიკაპიტალიზმით, საპირისპიროს ნეგაციის მეშვეობით განსაზღვროს; „საერთოს“ დაუზუსტებელი ზოგადობა წინ უსწრებს საკუთარსავე შესაძლო შინაარსს.

წინასწარი ზოგადი დაზუსტება: საერთო არის, როცა ერთი თავისას არ იღებს მეორის ხარჯზე. საერთოა, რაც ყველას ასაზრდოებს, ვინმეს მსხვერპლად შეწირვის გარეშე; მდგომარეობა, სადაც ადამიანებს ერთმანეთის ყვლეფაზე არ დაუფუძნებიათ თანაცხოვრება და ამდენადვე არიან ერთმანეთთან თავისუფალნი.

განა ტყუილად ეხამუშებათ სიტყვა „კაპიტალიზმი“ ან „ნეოლიბერალიზმი“ მის აპოლოგეტებს? „კაპიტალი“ და მოგების ინტერესი ხომ ზედმეტად ბუნებრივია იმისათვის, რომ რაიმე „იზმისთვის“ იქნეს გამეტებული.

გაეცანით სტატიის სრულ ვერსიას⇓

ნახვა

გადმოწერა

საჩვიდმეტმაისო_მანიფესტი_1529837308.pdf