მეტროს თანამშრომელთა დამოუკიდებელი პროფკავშირი, „ერთობა 2013“, 235 მემანქანეს და 110-მდე მეტროს თანამშრომლებს აერთიანებს. ისინი მეტროში დასაქმებულების შრომითი პირობების გაუმჯობესებისთვის იბრძვიან.

2016 წელს „ერთობა 2013“-ის წევრებმა სახელფასო პოლიტიკის გადახედვის მოთხოვნით მოლაპარაკებები დაიწყეს. სასამართლოს გზით შეუჩერდათ გაფიცვის უფლება, თუმცა, 2017 წლიდან სახელფასო პოლიტიკის გადახედვის შეთანხმებას მიაღწიეს. შეთანხმების მიუხედავად, დადებული პირობა არ აღსრულდა. სწორედ ამ პირობის დარღვევას მოჰყვა 2018 წლის მეტროს გაფიცვის მოვლენები.

მეტროს თანამშრომლებმა გაფიცვა 2018წლის 3 მაისს დაანონსეს. თუმცა, სასამართლომ 1 მაისს გამოსცა განჩინება გაფიცვის 30 დღით გადადებასთან დაკავშირებით. შემდგომ კი, 21 მაისს, განუსაზღვრელი ვადით შეეზღუდათ გაფიცვაში მონაწილეობა „სამუშაო საათების განმავლობაში“.

2018 წლის 3 ივნისს „ერთობა-2013“-ის ორგანიზებით, სასამართლოს განჩინებების დაცვით, მეტროს 500-მდე თანამშრომლმა გაფიცვა და შიმშლობა გამოაცხადა არასამუშაო საათებში.

გაფიცვამ 3 დღეს გასტანა. გაფიცვის მეორე დღიდან პირდაპირი მოლაპარაკებები მიმდინარეობდა მხარეებს შორის. ამ მოვლენების შედეგად გაფიცულებსა და თბილისის მერიას შორის შედგა შეთანხმება 2019 წლიდან ხელფასის მატებასთან დაკავშირებით. შეთანხმების თანახმად ახალი სახელფასო პოლიტიკა შეეხება როგორც „ერთობა -2013“-ის წევრებს, ასევე მეტროს ყველა თანამშრომელს.