საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადება, თითქოს უმუშევრობის შემცირების მთავარ დაბრკოლებას შრომის ბაზარზე ქალი დიასახლისების დაბალი აქტიურობა წარმოადგენდეს, ხოლო ამის მიზეზი კი იყოს ის, რომ  დიასახლისებს მუშაობა არ სურთ - პრობლემური და საფრთხის შემცველია. კერძოდ, გარდა იმისა, რომ აღნიშნული განცხადება შინაარსობრივად არაზუსტი და დაუსაბუთებელია, ის ასევე  ახალისებს დიასახლის ქალებთან დაკავშირებით არსებულ პატრიარქალურ მცდარ წარმოდგენას, თითქოს ისინი ეკონომიკური თუ შრომითი სფეროს მიღმა მოქმედებდნენ და მათ მიერ გაწეული საშინაო თუ რეპროდუქციული შრომა არანაირი მატერიალური თუ ფიზიკური ღირებულების მატარებელი არ იყოს.

პირველ რიგში უდნა აღინიშნოს, რომ განცხადების არაზუსტი შინაარსი მდგომარეობს მონაცემებისა თუ ფაქტების დაუსაბუთებელ ინტერპრეტაციაში - ქალთა შედარებით დაბალი აქტიურობის დონე შრომის ბაზარზე არა მარტო დიასახლისი ქალების პირად არჩევანს წარმოადგენს, არამედ ის უფრო ფართო სტრუქტურული მოცემულობებით არის განპირობებული. არაერთი კვლევა თუ ანგარიში, რომელიც ქალთა ეკონომიკური აქტიურობისა და გაძლიერების საკითხებს იკვლევს, დასაქმების, სოციალურ, პოლიტიკურ თუ კულტურულ სფეროებში არსებულ სხვადასხვა სტრუქტურულ ბარიერებზე მიუთითებს[1].  სტრუქტურულად დამაბრკოლებელ გარემოებებს შორის დასახელებულია ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა - საკანონმდებლო დონეზე არსებული ხარვეზები, სადაც შრომითი კანონმდებლობა არ არის მორგებული ქალთა საჭიროებებზე და მოქნილია დამსაქმებელთა მხრიდან დისკრიმინაციული გადაწყვეტილებების მიღებისთვის. ასევე სტრუქტურულ ფაქტორებს შორის უნდა იქნეს მოაზრებული ქალთა შორის ფინანსურ წყაროებზე და კაპიტალზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობა, ბავშვებზე ზრუნვისთვის არასათანადო ინსტიტუციური მოცემულობა, რაც  მშობლებს ხელს უშლის სრული  განაკვეთით დასაქმებაში, კულტურული თუ ტრადიციასთან დაკავშირებული წარმოდგენები ქალების როლის, მათი საზოგადოებრივი ფუნქციის შესახებ, ასევე ღრმად გამჯდარი წარმოდგენები ქალებისთვის „შესაფერისი“ განათლების მიღების თუ დასაქმების ადგილების შესახებ, რომელიც შემდგომ სისტემურად განაპირობებს ქალთა დაბალ მატერიალურ შესაძლებლობას, მათ მაღალ მოწყვლადობას და საშინაო სფეროში სუბორდინაციის მაღალ შესაძლებლობებს. გარდა აღნიშნულისა, ქალთა დაბალი ეკონომიკური აქტიურობა (საქართველოს სტატისტიკის სამსახური: მამაკაცების შრომითი აქტიურობის დონე 75%, ქალთა შრომითი აქტიურობის დონე - 58%)[2], სტატიის თანახმად, ასევე გაპირობებულია სოციალური სერვისების შეზღუდულობით, რაც სახელმწიფო ორგანოებისა და სახელმწიფო დონეზე გატარებული სოციალური პოლიტიკის არაეფექტურობიდან გამომდინარეობს.  ყველა ეს ბარიერი ერთობლიობაში კი დაბრკოლებას უქმნის როგორც დაოჯახებულ და შვილებიან ქალებს, ასევე დაუოჯახებელ თუ მარტოხელა ქალებს, რომ ჩაერთონ შრომით ურთიერთობებში, გახდნენ ეკონომიკურად აქტიურები და იშრომონ ანაზღაურებადი შრომის სანაცვლოდ.

რაც შეეხება მინისტრი ქობულიას განცხადების პატრიარქალურ შინაარს, ეს გარემოება განსაკუთრებით მძიმე ტონალობას იძენს როდესაც მსგავს მოსაზრებებს სამთავრობო გუნდის წარმომადგენელი, ქვეყნის ეკონომიკის სფეროს მთავარი პასუხისმგებელი პირი და მამაკაცი მინისტრი აჟღერებს. ქალთა აუნაზღაურებელი შრომა, რომელიც მნიშვნელოვან ეკონომიკური კონტრიბუციის მქონეა როგორც შინამეურნეობებისთვის, ასევე ქვეყნის ზოგადი კეთილდღეობისთვისაც, საქართველოს შემთხვევაში რამდენიმე სახის შრომით განზომილებას მოიცავს. კერძოდ, ერთის მხრივ ესაა ტიპური საშინაო შრომა (დალაგება, საჭმლის მომზადება, საჭირო პროდუქციის შეძენა და ა.შ.), ხოლო მეორეს მხრივ დიასახლისი ქალების უმეტესობა ჩაბმულნი არიან ე.წ. სოციალურ-რეპროდუქციულ შრომაში, რაც გულისხმობს ბავშვთა მოვლას და აღზრდას, ასაკოვან თუ მხცოვან ადამიანებზე ზრუნვას, ოჯახის ავადმყოფი წევრების მეთვალყურეობას და მოვლას და ა.შ. დამატებით კი, დიასახლის ქალთა უმეტესობა, განსაკუთრებით კი რეგიონებში, მონაწილეობს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაშიც - იქნება ეს მცირე მასშტაბის მიწათმოქმედება, მესაქონლეობა, მეფრინველეობა თუ მებახჩეობა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, და საქართველოს შრომის ბაზარზე არსებული მოცემულობის გათვალისწინებით, სადაც ქალთა შრომის საშუალო ანაზღაურება მამაკაცების საშუალო ანაზღაურებას 37%-ით ჩამოუვარდება[3], ხოლო დასაქმების ბაზარზე ქალებისთვის უმეტესად გაცილებით დაბალანაზღაურებადი, არასტაბილური და პრეკარიალური ხასიათის სამუშაოებია წარმოდგენილი, გასაგები ხდება თუ რამდენად ფასდაუდებელი შეიძლება იყოს დიასახლის ქალთა შრომის ფასი შინამეურნეობებისთვის, ხოლო მეორეს მხრივ მატერიალურად რამდენად  არამომგებიანი მათი ფორმალურ შრომით სექტორში გადანაცვლება და მონაწილეობა.

ამავე თემაზე: ანაზღაურება საშინაო შრომისთვის

 

 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] დეტალური და თანმიმდევრული შეჯამებისთვის იხ. ანა დიაკონიძის სტია: ეკონომიკური განვითარების დღის წესრიგის ფემინისტური ანალიზი: საერთაშორისო პროგრამები, სახელმწიფო პოლიტიკა და ქალების გაძლიერება

[2] Geostat - დასაქმება და უმუშევრობა, http://geostat.ge/?action=page&p_id=145&lang=geo

[3] Georgia: Country Gender Assessments 2016 – The state of Gender Equality, World Bank Group