ზღაპარში და დაწყევლილი ძმების საძებნელად მიდის. ცხრა მთას იქეთ გედებად გადაქცეულებს  იპოვის და ჯადოს ახსნის საიდუმლოსაც გაიგებს. ექვსი წელი ხმა არ უნდა ამოიღოს, ერთი სიტყვაც არ თქვას და ჭინჭრისაგან თითოეულს პერანგი მოუქსოვოს.

სვანეთში, 1934 წლის ზაფხულის ღამეებს ყველა ერთ ამბავზე ლაპარაკში ათენებდა. ადამიანები უშბის განჯადოებას ელოდნენ. ბეჩოს თემის სოფლის მკვიდრნი  თვალს არ აშორებდნენ ყველაზე მაღალ მწვერვალს.  ადგილობრივებს სწამდათ, რომ უშბაზე ვინც ავიდოდა, ცოცხალი ვეღარ დაბრუნდებოდა. უშბის სამხრეთის კედელზე  ალექსანდრა ჯაფარიძე და მისი ძმა ალიოშა მიდიოდნენ.

ალექსანდრა ჯაფარიძე ჭიათურაში, სოფელ ხრეითში დაიბადა. მისი უფროსი ძმა ვანო რევოლუციონერი იყო.  მან მიიყვანა ალექსანდრა ქუთაისის ქალთა გიმნაზიაში, თვითონ კი რუსეთში გაემგზავრა სასწავლებლად. მუშათა გამოსვლებში მონაწილეობისთვის დააპატიმრეს და პეტრე-პავლეს  ციხეში მძიმე სნეულებისგან გარდაიცვალა. სიკვდილამდე ციხიდან გამოგზავნილ წერილებში მხოლოდ იმას სთხოვდა მშობლებს, რომ ყველაფერი გაეყიდათ და შვილებისთვის განათლება მიეცათ. დაღუპული ძმის უკანასკნელი თხოვნა პირნათლად შესრულდა.  ღარიბმა ოჯახმა გიმნაზიაში უმცროსი ძმებიც მიაბარა. ალექსანდრა იხსენებდა, რომ ერთხელ მამამ ხრეითიდან ჭითაურამდე, თვრამეტი კილომეტრი, ქარბუქში  ზურგზემოკიდებული ატარა, საშობაო არდადაგების შემდეგ გიმნაზიაში რომ მიეყვანა.  

გიმნაზიის დასრულების შემდეგ ალექსანდრა მასწავლებელი გახდა, ჯერ სოფელ ლაილაშში,  ხოლო შემდეგ მშობლიურ სახლში  დაბრუნდა და დაწყებითი სკოლა გახსნა, სადაც ყველა საგანს თავად ასწავლიდა, უამინდობისას თვითონვე ეხმარებოდა მოსწავლეებს სკოლამდე მისულიყვნენ.

1921 წელს ალექსანდრამ ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე დაიწყო სწავლა, პარალეურად კი თბილისის გეოფიზიკურ ობსერვატორიაში დაიწყო მუშაობა. მალევე პირველი ექსპედიცია დაგეგმა მყინვარწვერზე.

პირველად ალექსანდრამ მთაში უმცროსი ძმა სიმონი წაიყვანა. ერთად დალაშქრეს იალბუზი და მყინვარწვერი. სიმონი გეოლოგი იყო და დასთან ერთად მეცნიერულად შეისწავლა მყინვარწვერი და კავკასიონის სხვა მწვერვალები. სიმონი თეთნულდზე ასვლის დროს დაიღუპა. ალექსანდრამ და ალიოშამ  დაიფიცეს, რომ სიმონის გულისთვის მომდევნო წელს თეთნულდზე ავიდოდნენ. თავიდან გადაწყვეტილებას მშობლებს უმალავდნენ, რადგან ფიქრობდნენ, რომ საშინელი ტრაგედიის შემდეგ შვილების გადაწყვეტილებას წინ აღუდგებოდნენ.  მამამ თქვა, რომ მწვერვალთან ისიც წამოვიდოდა, ხოლო დედამ შვილებს ხელთათმანები და წინდები მოუქსოვა.  ალიოშა იხსენებდა, რომ არა სიმონის სიკვდილი, არასოდეს წავიდოდა მთაში.   1930 წელს და-ძმა თეთნულდზე ავიდა და  მაშინვე ჩაიფიქრეს, რომ სიმონის ყველაზე დიდი ოცნება - უშბაზე ასვლაც განეხორციელებინათ.

უშბაზე ასვლა მაშინ თითქმის წარმოუდგენელი იყო. არცერთ ქართველს იქ ფეხი არ დაედგა.  ექსპედიციის მოიერიშე ჯგუფში  და-ძმასთან ერთად იყვნენ იაგორა კაზალიკაშვილი და  ადგილობრივი გიო ნიგურიანი. ალიოშა ჯაფარიძე იხსენებს: ,,პირველ ხანებში ცოტა არ იყოს შეყოყმანდა გიო ნიგურიანი, რა აფიქრებდა კლდეებზე შესანიშნავ მოსიარულეს?! ერთადერთი მიზეზი გიოს გაუბედაობისა ის იყო, რომ შეურყეველი რწმენა ჰქონდა იმისა, რომ უშბაზე არავინ ასულა და ვერც ვერავინ შეძლებს იქ ასვლას, რომელიც ესოდენ გავრცელებული იყო მოსახლეობაში, მაგრამ ის მალე დათანმხდა და ამის შემდეგ ამაზე საუბარი აღარ ყოფილა. იაგორას და ალექსანდრას საერთოდ ლაპარაკიც არ დასჭირვებიათ, მათ ვერც კი წარმოედგინათ, საერთოდ რა აზრი ჰქონდა ექსპედიციაში წამოსვლას თუკი არ მიიღებდნენ მონაწილეობას მწვერვალზე ასვლაში….’’

მწვერვალამდე სულ რამდენიმე ასეული მეტრი რჩებოდა, ბინდდებოდა და თოვდა.  გზის გაგრძელება შეუძლებელი გახდა, ციცაბო კლდეზე მცირე ადგილიც  არ იყო ბანაკის მოსაწყობად, ექსპედიციის წევრები იძულებული გახდნენ, უკან დაბრუნებულიყვნენ. ამ რთულ ვითარებაში ალექსანდრამ გადაწყვიტა, რომ კლდეზე დარჩენილიყო.

ალიოშა ჯაფარიძე ამ ამბავს ასე გვიამბობს:

„ალექსანდრას დატოვებას კლდეებში მე მიკარნახებდა სხვა გარემოებაც. ქვემოთ ჩამოსვლისას და იმის გათვალისწინებით, რომ ასვლის დროს ჩვენ მოგველოდა უდიდესი და სახიფათო სიძნელეების გადალახვა, რომელიმე ჩვენგანს შეეძლო ყოყმანი დაეწყო და უარი ეთქვა ასვლაში მონაწილეობაზე. ეს კი უეჭველად დაასუსტებდა ჯგუფს სულიერად და ფიზიკურად. ახლა კი კლდეებზე დატოვებული ალექსანდრა იმ ცოცხალ საწინდარს წარმოადგენდა, რომელიც ყოვლად შეუძლებელს ხდიდა ჯგუფის რომელიმე წევრის უკან დახევას და უკარხანებდა ჯგუფს ყოველ მიზეზგარეშე განეახლებინა უშბაზე შეტევა.“

ალექსანდრამ ის ღამე კლდეზე თოკით დაკიდებულმა გაატარა. დილით მის წინაშე საოცარი სურათი გადაიშალა, რომელსაც ძალიან ლამაზად აღწერს.  „...ჩანდა ყველა მწვერვალი, თითქოს ხელს გავიწვდიდი და იალბუზის შეხებას ვიგრძნობდი. ღამე სულ სხვაგვარად ბრწყინავდნენ ბროლის კოშკივით აღმართული ყინულოვანი ქედები. ზევით უშბა იყო და მე უკვე ვიცოდი, რომ ხვალ, ჩვენ, ყველანი მწვერვალზე ავიდოდით და გაცოცხლდებოდა სიმონის ოცნება. ეს ასვლაც მის ხსოვნას ეძღვნებოდა. მხოლოდ აქ, ამ უფსკრულებში გებადება ნამდვილი პატივისცემის გრძნობა იმის მიმართ, ვინც პირველმა შებედა უშბას, ვინც ავიდა, ან იფიქრა მასზე ასვლა".

 ალექსანდრას ამ ჟესტმა  ზღაპრული ძალა მისცა მის თანამებრძოლებს.  ალიოშა იხსენებს, რომ გიო ნიგურიანი ფეხშიშველი ავიდა  მწვერვალის გლუვ კედელზე.

,,მთელი საათის განმავოლბაში მე და გიო ვცვლიდით ერთმანეთს და მორიგეობით თავგამოდებული იერიში მიგვქონდა ციცაბო კედელზე, მაგრამ ყოველივე ამაო იყო, კლდის გლუვი ზედაპირი ნებას არ გვაძლევდა ავსულიყავით. გიო ფეხს იხდის და ფეხშიშველი ცდილობს გლუვ კლდეებზე აცოცებას, მისი ცდა შედეგს აღწევს. შიშველი ფეხები კლდეებზე მაგრდება, გიო მიცოცავს ზევით, თითქმის ღარის ნახევრამდე და ასწრებს კლდის ბზარში რკინის პალოს ჩარჭობას. კედელი დაძლეულ იქნა’’.

მწვერვალზე ასულებმა  ბენგალის ცეცხლი აანთეს, რომელიც რამდენიმე წუთი ანათებდა უშბას. საპასუხოდ, ბეჩოს მიდამოში ხალხმა  კოცონები დაანთო.

1945 წელს ალიოშა ჯაფარიძე ისევ  უშბაზე დაბრუნდა. ლეგენდარული მთასვლელი ზვავმა დაღუპა. "პირველად მე დავადგი ფეხი მთების ამაყ გულს. პირველად მე შევაღე მათი სული და ჩემს ძმებზე კი იყარეს ჯავრი. იქნებ, ამით უფრო მეტი ვნება მომაყენეს, სული ჩამითუთქეს, გამომიწვიეს..." - წერდა ალექსანდრა დღიურში.

ყველაფრის მიუხედავად,  ალექსანდრა ჯაფარიძემ ამის შემდეგ მრავალ ექსპედიციაში მიიღო მანაწილეობა. 1948 წელს მან აღმოაჩინა ბეთლემის  გამოქვაბული. ამით გაცოცხლდა ის ლეგენდა, რომელმაც ილია ჭავჭავაძეს ,,განდეგილის’’ დაწერა შთააგონა. სწორედ ამ სიმბოლოზე წერდა მწერალი ლევან გოთუა. დაუჯერებელი იყო, რომ განდეგილის საიდუმლო საუკუნეების შემდეგ სწორედ ქალმა ამოხსნა.

უკანასკნელად ალექსანდრა ჯაფარიძე 1963 წელს ავიდა მყინვარწვერზე. მის გვერდით იყო მისი ნაბოლარა ძმა ნოე. ალექსანდრამ მასთან ერთად მყინვარზე აიყვანა 52 მაღაროელი. ისინი, ვისთან ერთად ბრძოლაშიც დაიღუპა მისი უფროსი ძმა ვანო, ალექსანდრამ შავი ქვის უფსკრულებიდან  გამოიყვანა და მყინვარისკენ წაიყვანა. იქედან  ჩანდა თეთნულდი, სადაც სიმონი დაიღუპა, უშბა, სადაც ალიოშა დაიკარგა, ალექსანდრა უკანსაკნელად ხედავდა მათ და ეს ასვლაც განჯადოება იყო,  კრულვით დაღდასმულთა, რომელთაც ყოველთვის თვალს არიდებენ, რადგან შესაძლოა, მგრძნობიარე ადამიანებმა თქვან  სიტყვები მათ სიმამაცეზე, ბიუროკრატებმა ილაპარაკონ შრომით უფლებებზე, ერთნი სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, კონკურენციაზე და სოციალურ მობილობაზე იტყვიან, ხოლო სხვებმა შესაძლოა, ადეკვატურ ხელფასზე და შრომის პირობებზე თქვან რაიმე, ყველა ეს სიტყვა  შამანის დაზეპირებული შელოცვასავით ჟღერს, რომელიც კრულვის  დაუსრულებლობას გაჯერებს. არავის არასოდეს შეუძლია თვალი გაუსწოროს ამ ადამიანების  ტანჯვას და მრისხანებას, რომელიც ყველაზე ნათლად ააშკარავებს  დაქირავებული შრომის წყევლას.

 

 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

წყაროები:

  1. ალექსანდრე ჯაფარიძე - „რჩეული ნაწერები“, თბ., 1949
  2. ივანე ჯაფარიძე- ,,მყინვარწვერიდან ევერესტამდე’’ თბ., 2010
  3. ეკა აღდგომელაშვილი ,,50 ქალი საქართველოდან’’