2003 წლიდან საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე 14 ივნისს აღინიშნება. ეს დღე არის სახელმწიფოს ვალდებულებების კიდევ ერთი სიმბოლური გამოხატულება, ეფექტიანად დაიცვას შშმ პირთა უფლებები, გააუმჯობესოს ამ თემის წევრთა სოციალური დაცვის სტანდარტები და ეფექტიანად უზრუნველყოს საზოგადოებიდან მათი გარიყვისა და მარგინალიზაციის პრევენცია.

სახელმწიფოს მიერ ფორმალურ დონეზე გაცხადებული ნება, ცალკეული მიმართულებებით გადადგმული ფრაგმენტული ნაბიჯების გარდა, ძირითადად მხოლოდ ფურცელზე რჩება და შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობა რეალურად არ იცვლება - ისინი კვლავ დგანან დისკრიმინაციისა და მარგინალიზაციის პრობლემის პირისპირ.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირებას მთლიანად უნდა გარდაექმნა სახელმწიფოს პოლიტიკა ამ მიმართულებით, რაც გამოიწვევდა მთელ რიგ სფეროებში (მათ შორის, დამოუკიდებელი ცხოვრების, მისაწვდომობის, თანაბარი სამართლებრივი ქმედუნარიანობის, დასაქმებისა და განათლების მიმართულებით) შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის რეალურ ცვლილებას და ამ მიზნით რელევანტური მექანიზმების ჩამოყალიბებასა და განვითარებას.

მიუხედავად კონვენციის შინაარსისა და მისი რეფორმატორული ბუნებისა, საქართველოს მიერ მისი რატიფიცირებიდან 5 წლის თავზეც კი შშმ პირთა უფლებების დაცვა და ამ მიზნით ერთიანი, სისტემური და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი პოლიტიკის განხორციელება არ გამხდარა სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულება. ქვეყანას ამ დრომდე არ მიუღია შესაბამისი ზომები კონვენციის ეფექტიანად განხორციელებისთვის.

ეს პროცესი, პირველ რიგში, უნდა წარმართულიყო კონვენციის იმპლემენტაციასა და კოორდინაციაზე პასუხისმგებელი ორგანოების განსაზღვრით, კანონმდებლობის ყოვლისმომცველი რევიზიით, დიდი ზომის დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციით, შშმ პირების საჭიროებების კვლევითა და ამ კვლევაზე დაფუძნებული სერვისების შექმნა/განვითარებით. ამ პროცესში კი შშმ პირთა უშუალო ჩართულობა სახელმწიფოს უპირველესი პრიორიტეტი უნდა გამხდარიყო.

თუმცა, ამჟამად სახელმწიფოს მიერ აღებული მნიშვნელოვანი ვალდებულებების შესრულების ვადა წლიდან წლამდე, პოლიტიკის ერთი დოკუმენტიდან მეორე დოკუმენტამდე იწელება. დღემდე არ მომხდარა კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება, რის გამოც შშმ პირებს არ ეძლევათ შესაძლებლობა, უფლების დარღვევის კონკრეტული ფაქტების გამო მიმართონ გაეროს შესაბამის კომიტეტს. კვლავ არ გადადგმულა ეფექტიანი ნაბიჯები სოციალური მოდელის დანერგვისა და სტატისტიკის წარმოების გაუმჯობესების მიმართულებით. კანონმდებლობა და პრაქტიკა ვერ პასუხობს შეზღუდული შესაძლებლობის ცალკეული ჯგუფების საჭიროებებს, რაც გამორიცხავს შშმ ქალებისა და ბავშვების უფლებების ეფექტიან დაცვას. ქვეყანაში მწვავედ დგას შშმ პირთა თანასწორუფლებიანობისა და დისკრიმინაციისგან დაცვის, მართლმსაჯულების, ფიზიკური გარემოსა და ინფორმაციის მისაწვდომობის, რეაბილიტაცია/აბილიტაციის, ინკლუზიური განათლების ხარისხისა და დასაქმების საკითხები. შშმ პირთა ოჯახური ცხოვრების უფლება შესაბამისი სახელმწიფო სერვისების არარსებობის პირობებში სრულად უგულებელყოფილია. აღნიშნული განსაკუთრებით პრობლემურია სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი პირების შემთხვევაში. შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული პრობლემებიდან განსაკუთრებით უნდა გამოიყოს ქვეყანაში არსებული სოციალური დაცვის პოლიტიკა, რომელიც ვერ პასუხობს შშმ პირთა რეალურ საჭიროებებს.

სახელმწიფოს მიერ ამ მიმართულებით სისტემური და ეფექტიანი პოლიტიკის განუხორციელებლობის პირობებში, გამოწვევად რჩება საზოგადოების დამოკიდებულება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ და ის სტიგმა, რომელსაც ეს პირები ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე საუბრისას, მნიშვნელოვანია ცალკე გამოიყოს ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის საკითხი:

ერთი მხრივ, სახელმწიფომ 2014-2015 წლებში განახორციელა ქმედუნარიანობის რეფორმა, რომლის ფარგლებშიც სისტემა არსებითად გადაიხედა, გაუქმდა მეურვის ცნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე ადამიანებს თავადვე მიეცათ საკუთარი ცხოვრების წარმართვის და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების უფლება.

ეს რეფორმა, სახელმწიფოს მხრიდან იშვიათი წინგადადგმული ნაბიჯია შშმ პირთა უფლებების დაცვის კუთხით. სამწუხაროდ, რეფორმის დიდი ნაწილი დღემდე ფურცელზე რჩება და ხელისუფლება არ დგამს ნაბიჯებს მისი პრაქტიკაში დანერგვისთვის. გარდა ამისა, მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ის ფაქტიც, რომ სახელმწიფოს ფაქტობრივად, არ უზრუნია პროცესის ყველა მონაწილე მხარის ჯეროვან ინფორმირებაზე.

მეორე მხრივ, უმწვავესი და განგრძობადი პრობლემაა დიდი ზომის ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მყოფი პირების უფლებრივი მდგომარეობა. ამ ადამიანების მნიშვნელოვანი ნაწილი წლების განმავლობაში იძულებულია, ცხოვრობდეს საზოგადოებისგან შორს, ხშირ შემთხვევაში უმძიმეს და ღირსების შემლახავ პირობებში და არ ჰქონდეს შესაძლებლობა, დაუბრუნდეს საზოგადოებას იმის გამო, რომ სახელმწიფო ვერ სთავაზობს შესაბამისი საცხოვრისის, ასევე, დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობ სერვისებს. მიუხედავად სახელმწიფოს მიერ დეინსტიტუციონალიზაციის გაცხადებული პოლიტიკისა, ამ მიმართულებითაც ხელშესახები შედეგები ჯერჯერობით არ გვაქვს.

ზემოაღნიშნული გამოწვევებიდან გამომდინარე, განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სახელმწიფოს, გაატაროს ეფექტიანი პოლიტიკა, რომელიც რეალურად იქნება მიმართული შშმ პირთა უფლებების დაცვისაკენ, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი ინკლუზიისკენ, გადაწყვეტილების მიღებისას რეალური ჩართულობის უზრუნველყოფისაკენ. გარდა ამისა:

  • მნიშვნელოვანია სახელმწიფომ, შშმ პირთა უფლებების დაცვა, პოლიტიკურ დღის წესრიგში პრიორიტეტად აქციოს;
  • მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ კანონმდებლობის ახლებურად გააზრების და გადასინჯვის პროცესი დაიწყოს, ასევე, ჩამოაყალიბოს გაეროს კონვენციის იმპლემენტაციისათვის აუცილებელი ინსტიტუციური ჩარჩო და უზრუნველყოს მისი ეფექტიანი დანერგვა;
  • სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს პოლიტიკის შემუშავების პროცესში შშმ პირთა ეფექტიანი ჩართულობა;
  • აუცილებელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეალური საჭიროებების ანალიზი და მასზე დაფუძნებული სერვისების შექმნა ან/და განვითარება მთელი ქვეყნის მასშტაბით;
  • სახელმწიფომ უნდა გადადგას ნაბიჯები ქმედუნარიანობის რეფორმის ჯეროვანი იმპლემენტაციისთვის და ამ მიზნით, უნდა დაიგეგმოს კონკრეტული, დროში გაწერილი და სათანადო რესურსებით უზრუნველყოფილი საქმიანობები. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა უწყებებმა უზრუნველყონ ყველა შესაბამისი აქტორის ინფორმირება რეფორმის შესახებ;
  • უმნიშვნელოვანესია, გონივრულ ვადაში დასრულდეს შშმ პირთა დიდი ზომის დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი და აღიკვეთოს ბენეფიციართა უფლებების განგრძობადი და უხეში დარღვევების პრაქტიკა;
  • ქვეყანამ უნდა შექმნას ან/და გააუმჯობესოს შესაბამისი სერვისები, შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის.

ხელმომწერები:

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის (PNO)

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)

თანამშრომლობა თანაბარი უფლებებისთვის (PER)

გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი (GIP – Tbilisi)

საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია

ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის;

ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)

კავშირი ქალი და რეალობა

ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ (FAD)

საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია

სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაცია

გადავარჩინოთ ბავშვები (Save the Children)

პირველი ნაბიჯი საქართველო

მთავარანგელოზ გაბრიელისა და პეტრე მოციქულის სახელობის ფონდი

ააიპ ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება

კობა ნადირაძე (საქართველოს სახალხო დამცველის შშმ პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს წევრი)

ასოციაცია "ანიკა"

მოძრაობა „ინკლუზიური საზოგადოება - საქართველო“

ა(ა)იპ „საჩხერის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეგისტრირებული კავშირი"

კოალიცია "მოძრაობა ცვლილებებისთვის"

ვოლფრამის სინდრომი - საქართველო