ნაწყვეტი კვლევიდან "უსაფრთხოების მზერის ქვეშ - ისტორია, პოლიტიკა და რელიგია პანკისის ხეობაში"

11 სექტემბრის ტრაგედიის შემდგომ დამკვიდრებული პოპულარული მოსაზრება, რომ ტერორიზმი თავისთავადი, აბსოლუტური ბოროტებაა, რომლის მიზეზებს არათუ ვერ მოიძიებ, არამედ ამგვარ ძიებათა მცდელობაც კი ამორალურია (იხ. თავი 2), 2004-2005 წლებიდან მოყოლებული ნელ-ნელა ლეგიტიმურობას კარგავს.283 ქაოსმა და პროტესტმა, რომელიც ავღანეთსა და ერაყში სამხედრო ინტერვენციებს მოყვა, და ტერორისტულმა აქტებმა მადრიდსა და ლონდონში (განსაკუთრებით კი საშინაო ტერორისტების „გაჩენამ“), აიძულა სხვადასხვა სახელმწიფოთა ხელისუფლებები დაფიქრებულიყვნენ და ეძიათ ახალი მიდგომები ომის, დაპატიმრებისა და ფიზიკური განადგურების მიღმა. ტაბუ ტერორიზმის მიზეზთა ძიებაზე უნდა მოხსნილიყო. სწორედ, ამ პერიოდში წარმოდგინდა ტერმინი რადიკალიზაცია საშუალებად, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდებოდა იმ პროცესის კვლევა, რომლის შედეგადაც ტერორისტი წარმოიშვებოდა და რომლის გამოკვლევასაც ანალიტიკური ბაზა უნდა შეექმნა ახალი პრევენციული სტრატეგიებისათვის. თუმცა, როგორც ერთხელ უკვე შევნიშნეთ (იხ. თავი 2), ეს ახალი ინიციატივები არათუ ერთმნიშვნელოვნად დადებითი შედეგების მომტანი არ აღმოჩნდა, არამედ სწორედ ტერმინ რადიკალიზაციაზე დაფუძნებული მოდელების შემუშავება უშუალოდ დაუკავშირდა იმგვარი ფართო ცოდნის დამკვიდრებას, რომელიც ისლამური იდენტობის მატარებელ ადამიანებს „საშიშებად“ და „უვნებლებად“, „არაცივილიზებულებად“ და „ცივილიზებულებად“ ყოფს. ამ კვლევის წინა, მესამე თავში, უკვე ვნახეთ თუ როგორ ისხამს ადამიანთა ამგვარი სეგრეგაცია ხორცს პანკისის ხეობის ადგილობრივ კონტექსტში. რატომაა თავად ტერიმინი რადიკალიზაცია პრობლემური, რა კავშირშია ის ტერორიზმის ცნებასთან, როგორ უკავშირდება ტერორიზმი და მისი თანმდევი ტერმინები – რადიკალიზაცია, ძალადობრივი ექსტრემიზმი, თუ რელიგიური იდეოლოგია ადამიანების სეგრეგაციას მათი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ან საერთოდაც რა იგულისხმება ტერმინ რადიკალიზაციაში, ვისი რადიკალიზაცია, რის მიხედვით, რომელი „ამოსავალი წერტილიდან“ რომელ „დანიშნულების წერტილამდე“ – ეს ის საკითხებია, რომლებსაც ამ თავში შევეხებით. ხანდახან ისეც ხდება ხოლმე, რომ სიტყვები, რომლებსაც ადამიანების, თუ მათი ცხოვრების წესის აღსაწერად ვიყენებთ, ასე ცხადი და უვნებელი რომ გვეჩვენება ერთი შეხედვით, იმთავითვე გამოავლენენ ხოლმე მათსავე შინაგან წინააღმდეგობრიობას და სიცხადის ელფერსაც კარგავენ, რა წამსაც უმარტივეს, მათსავე საზრისთან დაკავშირებულ შეკითხვებს დავსვამთ. თუნდაც ასეთს: როგორაა შესაძლებელი, რომ ერთი და იგივე სიტყვა – რადიკალური/რადიკალიზმი/რადიკალიზაცია – ერთდროულად ორ მნიშვნელობას ატარებდეს, დადებითსა და უარყოფითს, სასურველსა და საშიშს, იმის მიხედვით, თუ ვის მიემართება ის? როგორაა შესაძლებელი, რომ ერთ სიტყვაში ამ ერთდროულად მოცემულ, თითქოსდა ურთიერთგამომრიცხავ მნიშვნელობებში იერარქიასაც ვხვდებით და ამ ორიდან ერთი იერარქიის სათავეში მოექცევა ხოლმე? მაგალითად ასე: წინადადებაში „ჩვენ გვჭირდება რადიკალური პოლიტიკური და სოციალური ცვლილებები“ რადიკალური პოლიტიკური და სოციალური ცვლილება დადებითი, სასურველი მნიშვნელობის მატარებელიც ხდება თუკი ამ წინადადებას, მოცემული სიტუაციის მიხედვით, „ლეგიტიმური“ ჯგუფის, ვთქვათ, ქალთა ან სექსუალური უმცირესობების უფლებებისათვის მებრძოლი „თეთრი“, „სეკულარული“ ადამიანი ამბობს; მაგრამ, თუკი იმავე წინადადებას იტყვის, ვთქვათ, „ჰიჯაბიანი“ ქალი ანდაც „წვერმოშვებული“ მუსლიმი კაცი, რომელიც ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ იბრძვის, რადიკალური უკვე უარყოფითის და საშიშის მნიშვნელობასაც კი იძენს. სწორედ ამიტომაა, რომ ამ თავში ჩვენ ვცდილობთ კრიტიკულად გავერკვიოთ ისეთ ტერმინებსა და კვლევით მოდელებში როგორებიცაა რადიკალიზაცია და რადიკალიზაციის ინდივიდუალური, ეტაპობრივი კვლევითი მოდელები, ძალადობრივი ექსტრემიზმთან და ტერორიზმთან გამკლავება და ძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენციული პროგრამები.

ნახვა

გადმოწერა

გლობალური_უსაფრთხოების_ჩრდილქვეშ_1551877754.pdf