Library Thumbnail Image

გვერდების რაოდენობა: 17

წინამდებარე დოკუმენტი პირველადი კვლევის შედეგებზე დაფუძნებით მომზადდა და მისი მიზანია, პოლიტიკურ პარტიებში და აგრეთვე, პოლიტიკის სფეროში მომუშავე სხვადასხვა ინსტიტუციაში გაზარდოს ცოდნა საქართველოში აზერბაიჯანული თემის ინტეგრაციის პრობლემატიკაზე. დოკუმენტის მიზანია, ყურადღება გაამახვილოს აზერბაიჯანული თემის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, თემში გაჩენილ თვითიდენტიფიკაციის ახალ პროცესზე და მის პოლიტიკურ განზომილებაზე.

ჩატარებული პირველადი კვლევის მიზანს წარმოადგენდა ქვემო ქართლში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა თემში ეთნიკური და კულტურული იდენტობის პრობლემატიკის პირველადი შესწავლა, ასევე, იდენტობის კონსტრუირებასთან დაკავშირებული პოლიტიკური, სოციალური და კულტურული მიზეზების გამოვლენა. კვლევის ძირითადი კითხვები იყო: წარმოადგენს თუ არა იდენტობის „გამოღვიძება“ პროცესს, რომელიც უშუალოდ ადგილობრივ თემში გაჩნდა? ასეთის შემთხვევაში, რა არის ამის გამომწვევი მიზეზები? რა ნარატივებს ეფუძნება ახალი იდენტობა? როგორი თვითაღქმა აქვთ ქვემო ქართლში მცხოვრებ აზერებაიჯანელებს? ასევე, კვლევის ნაწილს წარმოადგენდა იმ სოციო-კულტურული და პოლიტიკური მიზეზების იდენტიფიცირება, რომელიც ზეგავლენას ახდენს იდენტობის კონსტრუირების ან მისი რევიტალიზაციის პროცესზე.

საველე კვლევა ჩატარდა 2018 წლის მარტიდან ივლისამდე. კვლევის სამიზნე ჯგუფების შერჩევაში გათვალისწინებულ იქნა ასაკი, განათლება, ბინადრობა, ინტეგრაციის ხარისხი და ორგანიზაციასთან აფილიაცია. სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენდა: აზერბაიჯანელი ახალგაზრდები თბილისში, მარნეულში, ბოლნისში, გარდაბანში, დმანისში (მიმდებარე სოფლებში); მარნეულსა და თბილისში მოქმედი აზერბაიჯანელთა სათემო ორგანიზაციები; მუსლიმი სასულიერო პირები რეგიონში და რელიგიური ორგანიზაციების სხვა წარმომადგენლები. კვლევის ფარგლებში, მთლიანობაში ჩატარდა 35 ჩაღრმავებული ინტერვიუ (მარნეულში, გარდაბანში, ბოლნისში, დმანისსა და თბილისში) და 2 ფოკუს-ჯგუფი აზერბაიაჯანელ სტუდენტებთან თბილისში.