2019 წლის 9-12 აგვისტოს „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC)“ წარმომადგენლები მესტიის რაიონის სოფელ იდლიანის ადგილობრივ თემს შეხვდნენ. იდლიანის თემი მესტიის მუნიციპალიტეტიდან 85 კილომეტრის მოშორებით მდინარე ენგურის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს.   

ვიზიტი მიზნად ისახავდა ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემატიკის შესწავლას და მათთვის საჭირო საკითხებზე სამართლებრივი კონსულტაციის გაწევას. საუბრისას გამოიკვეთა მნიშვნელოვანი პრობლემები, რომლებიც ადგილობრივებს აწუხებთ. განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ 1984 წელს ენგურჰესის წყალსაცავის დაგუბების შედეგად დატბორილი და განადგურებული საავტომობილო ხიდი, რომელიც იდლიანის თემს მესტია-ზუგდიდის ცენტრალურ საავტომობილო გზასთან აკავშირებდა, დღემდე არ არის აღდგენილი. ამის გამო, იდლიანის თემში შემავალი 4 სოფლის - იდლიანი, ლებურცხილა, ნაშიხვი და ჭალე - 137 კომლიან მოსახლეობას, ფაქტობრივად, სამი ათეული წელია, ბართან დასაკავშირებლად შემოვლითი გზებით უწევს სარგებლობა.

ხიდის არარსებობის გამო თემის მოსახლეობას, ფაქტობრივად, არ აქვს წვდომა მნიშვნელოვან სერვისებზე და ვერ ახერხებს რიგი ფუნდამენტური უფლებების ეფექტიან რეალიზებას, როგორიცაა სიცოცხლის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, პიროვნების თავისუფალი განვითარების და სხვა უფლება. მაგალითად, იდლიანის თემი ეფექტურად ვერ სარგებლობს სახანძრო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერვისებით. თემს გადაუდებელი დახმარების სერვისები დაბა ჯვარიდან (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) მიეწოდება. თუმცა ხიდის არქონის გამო სასწრაფო დახმარების და სახანძროს მანქანებს ბევრად გრძელი გზის გავლა უწევთ სოფლებამდე მისაღწევად და შესაბამისად, ვერ ახერხებენ დახმარების დროულად აღმოჩენას. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ჯვარიდან იდლიანამდე მისასვლელად სასწრაფო დახმარების მანქანას საათ-ნახევარი სჭირდება. ყოფილა გარდაცვალების შემთხვევები სასწრაფო დახმარების გუნდის დროულად ვერმისვლის გამო.

გარდა ამისა, ხიდის არარსებობა ხელს უშლის თემში მცხოვრები ბავშვების და მოზარდების მიერ საშუალო განათლებაზე ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზებას. თემის ორსართულიანი, სავალალო მდგომარეობაში მყოფ შენობაში არსებული სკოლა სრულ საშუალო განათლებას ვერ იძლევა. აქ, იდლიანის თემის ბავშვებს და მოზარდებს მხოლოდ 9 კლასის ჩათვლით შეუძლიათ მიიღონ განათლება. ამჟამად, იდლიანის სკოლაში 67 მოსწავლე სწავლობს. მეათე კლასიდან მოსწავლეებს მეზობელი სოფლის, ხაიშის სკოლაში უწევთ სიარული. მოზარდებს ავტობუსი ემსახურება, თუმცა გზაში ერთ საათზე მეტი დრო სჭირდებათ, რაც განსაკუთრებული პრობლემაა მკაცრი ზამთრის  შემთხვევაში - ცუდი გზების პირობებში, ტრანსპორტით გადაადგილება შეუძლებელია.[1] შედეგად, ყოველდღიურად ხაიშში სიარული იდლიანის თემის სკოლის მოსწავლეებისათვის საშიშ, გრძელ და დამღლელ გზასთან ასოცირდება, რაც აისახება მათ შრომისუნარიანობასა და საბოლოო ჯამში, მათ მიერ მიღებული განათლების ხარისხზე. ხიდის არსებობის შემთხვევაში კი აღნიშნული გზის მანძილი და სირთულე მნიშვნელოვნად შემცირდებოდა. სწორედ ამ მიზეზების გამოა, რომ სოფელ ხაიშში იდლიანიდან ამჟამად მხოლოდ 2 მოსწავლე ახერხებს სიარულს. 30 მოსწავლეს კი იდლიანის არასრული საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა აღარ გაუგრძელებიათ.  

განათლების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული პრობლემის გარდა, ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ხიდის და გამართული გზის არარსებობის გამო სოფელში ვერ ვითარდება ტურიზმი, მაშინ როდესაც გეოგრაფიული მდებარეობა, ლანდშაფტი და ბუნებრივი რესურსი იძლევა ამის შესაძლებლობას. აღნიშნული პრობლემა კიდევ უფრო თვალშისაცემი ხდება ადგილობრივი მოსახლეობის თვითრეალიზების/დასაქმების საშუალებების არარსებობისა და სიღარიბის გათვალისწინებით.

უკვე წლებია, იდლიანის თემის მოსახლეობა ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებისგან ხიდის აშენებას ითხოვს, თუმცა აღნიშნულს დღემდე ეფექტიანი რეაგირება არ მოჰყოლია. არა ერთი საჯარო დაპირების მიუხედავად, სამი ათეული წელია, რაც იდლიანის თემი ფაქტობრივად მოწყვეტილია გარესამყაროს, ეზღუდება წვდომა ბაზისურ უფლებებზე და მოკლებულია განვითარების შესაძლებლობას. 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, EMC მოუწოდებს ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებებს:

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიას:

  • დროულად მოახდინოს რეაგირება ხიდის მშენებლობის თაობაზე იდლიანის თემის განცხადებებზე და მიმართოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს.

საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს:

  • ბიუჯეტის დაგეგმვისას გაითვალისწინოს იდლიანის თემის ცენტრალურ გზასთან დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობის ხარჯები და დროულად დაიწყოს ხიდის აღდგენის/მშენებლობის სამუშაოები.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს:

  • რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე გამოყოს შესაბამისი საბიუჯეტო სახსრები ხიდის ასაშენებლად.

მესტიის, ლენტეხის, ამბროლაურის, ონის და ცაგერის მაჟორიტარ დეპუტატს, ბ-ნ გოჩა ენუქიძეს:

  • მხედველობაში მიიღოს იდლიანის თემის წინაშე არსებული გამოწვევები და მისი მანდატის ფარგლებში აქტიურად დააკვირდეს და ზედამხედველობა გაუწიოს აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობას ამ საკითხზე.

EMC მზადყოფნას გამოთქვამს, გაუწიოს სამართლებრივი დახმარება იდლიანის მოსახლეობას და საჭიროების შემთხვევაში, დაეხმაროს აღნიშნული პრობლემის სასამართლოს გზით მოგვარებაში.   

 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] იხილეთ სტატია „იდლიანი - თემი, სადაც საშუალო განათლება ერთეულების ხვედრია“; ხელმისაწვდომია ბმულზე https://www.livepress.ge/ka/sazogadoeba/article/29716-idliani-themi-sadac-sashualo-ganathleba-ertheulebis-khvedria-video-.html, ნანახია 2019 წლის 15 აგვისტოს.