მიშელ ალექსანდერი (1967) არის იურისტი, უფლებადამცველი და ავტორი. ის ჩართული იყო სტრატეგიული სამართალწარმოების გზით რასობრივი და გენდერული დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლაში და სასამართლო დავებში წარმოადგენდა დისკრიმინირებულ ჯგუფებს. მისი წიგნი „ახალი ჯიმ ქროუ: მასობრივი დაპატიმრება კანის ფერის განურჩევლობის ეპოქაში“ (2010) აღწერს მეოცე და ოცდამეერთე საუკუნეში სტრუქტურული რასიზმის ახალ ასპექტებს. ჯიმ ქროუს კანონები წარმოადგენდა შტატების ფარგლებში მოქმედ კანონმდებლობას, რომელიც ამერიკის სამხრეთ შტატებში რასობრივ გამიჯვნას და სეგრეგაციას აძლიერებდა. ეს კანონები მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეში შეიქმნა და ზოგიერთი მათგანი მოქმედებდა 1965 წლამდე.

 

სტატია მოამზადა ჯოდი სოკოლოუერმა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ იხილოთ აქ და აქ.

 

მთარგმნელი: მარიამ შალვაშვილი

 

ალექსანდერი გვთავაზობს გამჭრიახ და დამაფიქრებელ დებულებას: შეერთებულ შტატებში რასობრივი დისკრიმინაცია ახალი სახით გამოიხატა - მასობრივი თავისუფლების აღკვეთით, რომელიც ორგანიზებული და გამართლებულია ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის არგუმენტით. 1970 წელთან შედარებით, ქვეყანაში საპყრობილეში მყოფი ადამიანების რიცხვი  600 პროცენტით გაიზარდა. ამ ციფრებთან დაკავშირებით რაც ყველაზე გამაოგნებელია, ეს რასობრივი განზომილებაა. შეერთებული შტატები თავისი შავკანიანი მოსახლეობის უფრო დიდ პროცენტს სვამს ციხეში, ვიდრე სამხრეთ აფრიკაში სვამდნენ აპარტეიდის პიკის დროს. მაგალითად, წინასწარი გამოთვლებით, ვაშინგტონში ახალგაზრდა შავკანიანი კაცების დაახლოებით 75 პროცენტს ციხეში რაღაც პერიოდის გატარება მოუწევს.

ასევე შემაშფოთებელია ალექსანდერის მიერ აღწერა იმ შედეგებისა, რაც პატიმრობას მოსდევს და სამოქალაქო და ადამიანის უფლებების კუთხით აისახება ადამიანების მთელს ცხოვრებაზე თუ იმ საზოგადოებაზე, რომელსაც ჩვენ დღეს „პოსტ-რასობრივს“ ვუწოდებთ. როგორც ავტორი თავის შესავალში განმარტავს:

 ჯიმ როუს ნგრევის შემდეგ გამოწვეული ცვლილებები ნაკლებად უკავშირდება ჩვენი საზოგადოების ძირითად სტრუქტურას, ის უფრო მეტად იმ ენის შეცვლასთან არის კავშირში, რომელსაც სტრუქტურის გაამართლებლად ვიყენებთ. კანის ფერის განურჩევლობის ეპოქაში საზოგადოებაში აღარ არის ნებადართული ცხადად აპელირება რასაზე როგორც დისკრიმინაციის, გამორიცხვისა და სოციალური ზიზღის გამამართლებელ ნიშანზე. ამიტომ ამ გზას არ ვიყენებთ. იმის ნაცვლად, რომ რასას დავეყრდნოთ, ჩვენ ვიყენებთ ჩვენ სისხლის სამართლის სისტემას, რათა ფერადკანიანი ადამიანები „კრიმინალებად მოვნიშნოთ ​​და შემდეგ სწორედ პრაქტიკებს მივმართავთ, რაც თითქოს წარსულში მოვიტოვეთ. დღეს სავსებით კანონიერია კრიმინალების დისკრიმინაცია თითქმის ყველა იმ საშუალებით, რომლითაც ოდესღაც აფრო-ამერიკელების დისკრიმინაცია იყო კანონიერი. მას შემდეგ, რაც დამნაშავის იარლიყი მოგეწებება, უეცრად ლეგალური ხდება დისკრიმინაციის ყველა ძველი ფორმ — დასაქმების საშუალებით დისკრიმინაცია, საცხოვრებლის მეშვეობით დისკრიმინაცია, ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევა, საგანმანათლებლო შესაძლებლობებზე უარი, კვების ვაუჩერებისა და სხვა საზოგადოებრივ სიკეთეებზე უარის თქმა და ნაფიც მსაჯულთა სამსახურიდან გამორიცხვა. როგორც ბოროტმოქმედს, სულ ოდნავ უფრო მეტი უფლებ გაქვს და, ალბათ, ბევრად ნაკლები პატივისცემა, ვიდრე ჯიმ როუს პიკის დროს ალაბამაში მცხოვრებ შავკანიან ადამიან. ჩვენ კი არ აღვკვეთეთ რასაზე დამყარებული კასტური სისტემა ამერიკაში, ჩვენ უბრალოდ მას ფორმა შევუცვალეთ.

 

კითხვა: რა გავლენა აქვს მასობრივი დაპატიმრების პრაქტიკას აფრო ამერიკელ ბავშვებსა და მოზარდებზე?

პასუხი: წარმოუდგენელი გავლენა აქვს. კერძოდ, აფრო-ამერიკელი ბავშვებისთვის საკმაოდ დიდია ალბათობა, რომ მათ ეყოლებათ მშობელი, საყვარელი ადამიანი, ნათესავი, რომელმაც გარკვეული დრო ან გისოსებს მიღმა გაატარა, ან კიდევ აღრიცხვაზეა. შესაბამისად, ითვლება, რომ ის ქვემდგომთა კასტის წარმომადგენელია, ანუ ადამიანთა იმ ჯგუფის, რომლებიც მთელი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში ლეგალურ ჩარჩოებში დისკრიმინირებულები შეიძლება იყვნენ. მრავალი აფრო-ამერიკელი ბავშვის მამაა დაპატიმრებული და ახლა უკვე მზარდი ტენდენციაა ბავშვების დედების გისოსებს მიღმა აღმოჩენის. ბავშვებისთვის მათი მონახულება რთულია. მრავალი ადამიანი პატიმრობაში სახლიდან ასობით ან ათასობით მილის დაშორებით იმყოფება. უზარმაზარი სირცხვილის გრძნობაა მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის პატიმრობასთან დაკავშირებული. შეიძლება ბავშვებს ეშინოდეთ, რომ სკოლაში სხვები ამ ფაქტს გაიგებენ.

თუმცა, ამასთან ერთად, ამ ბავშვებისთვის ცხოვრებაში შესაძლებლობები მნიშვნელოვნად არის შემცირებული. უფრო მეტია ალბათობა, რომ ისინი უკიდურეს სიღარიბეში გაიზრდებიან, ნაკლებ სავარაუდოა, რომ მათმა მშობლებმა სამუშაოს ან საცხოვრებლის პოვნა შეძლონ, ნასამართლეობის გამო ხშირად მათ უარს ეუბნებიან საკვების ვაუჩერებზეც. ბავშვებისთვის მასობრივი დაპატიმრების ეპოქა ნიშნავდა დიდი რაოდენობით ოჯახის დაშორების, დანგრევის შემთხვევებს, სიღარიბეს და უიმედობის გაცილებით, გაცილებით უფრო მაღალ დონეს, რადგან ისინი თავიანთი საყვარელი ადამიანების ციხეში დაბრუნების და ციხიდან გამოსვლის განმეორებადი ციკლის მომსწრენი არიან. ბავშვები, რომელთაც ნასამართლევი მშობლები ჰყავთ, გაცილებით უფრო მეტი ალბათობით მოხვდებიან ციხეში თავად.

როდესაც ახალგაზრდა შავკანიანი ბიჭები გარკვეულ ასაკს მიაღწევენ, იმის მიუხედავად, ჰყოლიათ თუ არა პატიმრობაში ოჯახის წევრები, ისინი თავად იქცევიან უმიზეზოდ პოლიციის მიერ შემოწმებების, დაკითხვების, ჩხრეკვის სამიზნედ. რა თქმა უნდა, შევიწროების ამხელა ხარისხი ადრეულ ასაკში მათ მიანიშნებს: „არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ ან რას აკეთებ, ამ გზით თუ არა სხვა საშუალებით შენ მაინც აღმოჩნდები გისოსებს მიღმა.“ ეს აძლიერებს იმ აზრს, რომ ციხე მათი ბედისწერაა და იქ მოხვედრა არაა დამოკიდებული ადამიანების გადადგმულ ნაბიჯებზე.

 

გალია, როგორც მეტაფორა

კითხვა: „ახალ ჯიმ ქროუს“ ერთ ნაწილში თქვენ სტრუქტურული რასიზმის აღწერისთვის ახსენებთ ფრინველის გალიის მეტაფორას და მას მასობრივ პატიმრობას უკავშირებთ. როგორ უკავშირდება სკოლებში აფრო-ამერიკელი ახალგაზრდების მდგომარეობა ამ სურათს?

პასუხი: ამ მეტაფორის იდეა ისაა, რომ შეიძლება არსებობდეს მრავალნაირი გისოსები, მავთულხლართები, რომლებიც ადამიანს ხაფანგში გამოკეტავს. ყოველი მათგანი იმ მიზნით კი არ შექმნილა, რომ ფრინველის დაზიანება ან მისი გალიაში გამოკეტვა გამოეწვია, მაგრამ ისინი მაინც ამ ფუნქციას ასრულებენ. აშკარაა, რომ ფერადკანიანი ახალგაზრდები, განსაკუთრებით გეტოში მცხოვრებლები, უკვე გალიაში იბადებიან. ისინი იმ საზოგადოებაში იბადებიან, სადაც წესები, კანონები, პოლიტიკა სხვადასხვა სტრუქტურები მათ ცხოვრებაში პრაქტიკულად, იმის საწინდარია, რომ ისინი მთელი სიცოცხლის მანძილზე ხაფანგში დარჩებიან. ეს იწყება ძალიან ადრეულ ასაკში, როდესაც მათი მშობლები ან თავად იმყოფებიან გისოსებს მიღმა, ან მუდმივად მეორე კლასის მქონე სტატუსის საზღვრებში არიან მოქცეულები და იმ შესაძლებლობებზე წვდომა არ აქვთ, რაზეც უნდა ჰქონოდათ. მაგალითად, მათ, ვისაც ნასამართლეობა აქვთ, უარს ეუბნებიან საზოგადოებრივ საცხოვრებელში განთავსებაზე, მათ არ აქვთ წვდომა იმ ასობით პროფესიაზე, რომლებიც საჭიროებენ სერტიფიკატებს, მათ უარს ეუბნებიან განათლების ფინანსურ მხარდაჭერაზე და ზოგჯერ ხმის მიცემის უფლებაზეც კი. ათასობით ადამიანი ვერ ახერხებს საკვების ვაუჩერების მიღებას, რადგან ისინი ოდესღაც ნარკოტიკებით დაიჭირეს.

გალია თავის თავს გამოავლენს გეტოს სახით, რომელიც რასობრივად სეგრეგირებულია, იზოლირებულია, მოწყვეტილია სოციალური და ეკონომიკური შესაძლებლობებიდან. გალიას წარმოადგენს ის არათანაბარი საგანმანათლებლო შესაძლებლობები, რომელსაც ამ ბავშვებს ძალიან ადრეულ ასაკში აწვდიან. ამას ემატება მუდმივი საპოლიციო კონტროლი და ეს უფრო მეტად სავარაუდოს ხდის იმას, რომ მათ მოუწევთ პატიმრობაში ყოფნა — ალბათ მათ დაიჭერენ სხვადასხვა მცირე ტიპის დანაშაულის ჩადენისთვის, განსაკუთრებით ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულებისთვის, რომლებიც დაახლოებით თანაბარი სიხშირით გვხვდება საშუალო კლასის თეთრკანიან საზოგადოებებში, მაგრამ იქ დიდწილად იგნორირებულია.

ამიტომ, ბევრი ფერადკანიანისთვის მათი ციხეში წასვლა-არ წასვლის საკითხი გაცილებით ნაკლებად არის დამოკიდებული მათ ცხოვრებისეულ არჩევანზე და ბევრად მეტად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა სახის გალიაში დაიბადნენ ისინი. საშუალო კლასის თეთრკანიანებს, პრივილეგირებული კლასის შვილებს ბევრად მეტი შეცდომის დაშვების უფლება აქვთ და შეცდომების მიუხედავად მაინც შეუძლიათ უნივერსიტეტში სწავლა, დიდ ოცნებებზე ფიქრი. მაგრამ იმ ბავშვებისთვის, რომლებიც მასობრივი დაპატიმრებების ეპოქაში გეტოში იბადებიან, სისტემა ისეა მოწყობილი, რომ ისინი ხაფანგში გაებმებიან, საიდანაც, ხშირად მთელი სიცოცხლის განმავლობაში ვერ აღწევენ თავს.

 

კითხვა: როგორ განსაზღვრავთ და აანალიზებთ „მილსადენს სკოლიდან ციხისაკენ“?

პასუხი: მილსადენი სწორედ იმ დიდი გალიის ან კასტებად შემოფარგვლის ნაწილია, რაც ზემოთ აღვწერე. „მილსადენი სკოლიდან ციხისაკენ“ კიდევ ერთი მეტაფორაა და კარგად ასახავს იმ ფაქტს, თუ როგორ ხდება ბავშვების გადინება სკოლიდან პირდაპირ ციხეში. იმის მაგივრად, რომ სკოლები შესაძლებლობების მილსადენად იქცეს, სკოლები ჩვენს ციხეებს კვებავენ.

მნიშვნელოვანია გვესმოდეს, თუ რა გავლენა ჰქონდა სკოლის დისციპლინურ პოლიტიკაზე ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლას და მოძრაობას სახელად „გამოიჩინე სიმკაცრე“[1]. ბევრი ფიქრობს, რომ ნულოვანი ტოლერანტობის რიტორიკა თავდაპირველად სასკოლო გარემოდან აღმოცენდა, მაგრამ ეს ასე არ არის. სინამდვილეში, წინსვლის პროექტმა გამოაქვეყნა მოხსენება, სადაც ნათქვამია, რომ სკოლის დისციპლინულ სახელმძღვანელოებში ნულოვანი ტოლერანტობის ენის ერთ-ერთ პირველ ნიმუშს წარმოადგენდა აშშ-ს ნარკოტიკების აღსრულების ადმინისტრაციის სახელმძღვანელოდან გადმოწერილი ნაწილები. სადამსჯელო ტალღამ, რომელმაც შეერთებულ შტატებს ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლასთან ერთად და „გამოიჩინე სიმკაცრის“ მოძრაობასთან ერთად გადაუარა, ჩვენი სკოლები ნამდვილად წალეკა. იმ სკოლებმა, რომლებიც ამ მორევში აღმოჩნდნენ, დაიწყეს ბავშვების აღქმა კრიმინალებად ან ეჭვმიტანილებად. არ ხედავდნენ მათ იმ მოზარდებად, ვისაც უზარმაზარი პოტენციალი აქვთ და სხვადასხვა სახის სირთულეების გადატანა და სხვადასხვა რთულ კონტექსტში არსებობა უწევთ, რომლებიც, იმედია წარმატების მიღწევას შეძლებენ. ჩვენ ახალგაზრდებს ვხედავდით, როგორც პოტენციურ მოძალადეებს და არა ბავშვებს, რომლებსაც ჩვენი დახმარება სჭირდებათ.

 

მითოლოგია კანის ფერის დაუნახავობის შესახებ

კითხვა: თქვენს წიგნში ახსენებთ, რომ მასობრივი დაპატიმრების პოლიტიკა, ფორმალურად, „კანის ფერს არ არჩევს“, მაგრამ რეალურად მკვეთრად რასიალიზებულ შედეგებს იწვევს. თქვენი აზრით, როგორ ახდენს ის განსაკუთრებულ გავლენას ფერადკანიან ბავშვებსა და მოზარდებზე?

პასუხი: კანის ფერის დაუნახავობის გარშემო არსებული მითოლოგია ხალხის წარმოდგენაში აყალიბებს იმ აზრს, რომ თუ ღარიბი ფერადკანიანი ბავშვები სკოლაში დიდი რაოდენობით იჭრებიან ან ციხეში მიდიან, ეს მათი ბრალია. ეს იმას იწვევს, რომ ფერადკანიანი ახალგაზრდები გარშემო მიმოიხედავენ და იტყვიან: „მე რაღაც მჭირს. ჩვენ რაღაც გვჭირს. არსებობს რაღაც თანდაყოლილი თვისება, რაც სხვებისგან განსხვავებით მე მახასიათებს — ჩვენ, როგორც ადამიანთა ჯგუფს გვახასიათებს, რაც გვიბიძგებს იმისკენ, რომ ასე ხშირად ჩავიჭრათ საგნებში, რაც გვიბიძგებს ამ უბედურ პირობებში ცხოვრებისკენ, რაც გვიბიძგებს ციხეში ჩაჯდომისკენ?“

კანის ფერის განურჩევლობის შესახებ მითოლოგია რასის საკითხს გვერდით გასწევს. ამიტომ ადამიანებს ამ კითხვების დასმაც კი უჭირთ: შეიძლება რომ მიზეზი ინდივიდუალურ არჩევანზე უფრო დიდი ფაქტორი იყოს? შესაძლოა, არსებობს რაღაც, რაც უკავშირდება რასის ისტორიას ჩვენს ქვეყანაში და რომელიც, გარკვეული გზით, თანამედროვეობაში რასას კვლავაწარმოებს.

ჩემი აზრით, ესაა მითოლოგია, რომლის მიხედვითაც, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი რასას ყურადღებას არ ვაქცევთ. რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიციელები არ არიან რასისტები. რა თქმა უნდა, ჩვენს პოლიტიკოსებს არ სურთ ფერადკანიანებს რაიმე ზიანი მიადგეთ. ის მოსაზრება, რომ ჩვენ ეს ყველაფერი უკვე გადავლახეთ (და ამიტომ მიზეზი სხვაგან უნდა ვეძებოთ) ართულებს ახალგაზრდებისთვის, ისევე როგორც ზრდასრულებისთვის, იმის ნათლად და გულწრფელად დანახვას, თუ რა ხდება სინამდვილეში. ეს ართულებს იმის დანახვას, რომ სამოქალაქო უფლებების მოძრაობის წინააღმდეგ მიმართულმა უარყოფითმა ტალღამ გამოვლინება პოვა მასობრივი დაპატიმრებების სახით, ფერადკანიანი ბავშვების სკოლების გაუფასურების და ნაკლები დაფინანსების მიცემის სახით და ასევე სხვა შედეგებით. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ თავიდან ვირიდებდით ღიად და გულწრფელად საუბარს რასის შესახებ იმის შიშით, რომ ეს გამოიწვევდა გაუცხოებას და პოლარიზაციას. ჩემი აზრით, რასაზე  ღიად და გულახდილად საუბარზე უარის თქმაა ის, რაც იწვევს ადამიანების გამორიცხვის, დაყოფის და კასტის-მსგავსი სისტემის დაბადების განმეორებად ციკლს, რომელზეც ვამტკიცებთ, რომ უკან მოვიტოვეთ.

 

კითხვა: ჩვენ ახლა ვიმყოფებით საჯარო განათლებაზე თავდასხმის ეპიცენტრში - იქნება ეს ჩარტერული სკოლების და ვაუჩერების მეშვეობით მათი პრივატიზება, სტანდარტიზაციის გაზრდა, რეჟიმის წყობის შემოტანა და ტესტირების პროცესი თუ მასწავლებელთა პროფკავშირების განადგურება. ამ ცვლილებების უმეტესობას ამართლებენ ანტი-რასისტული რიტორიკის მეშვეობით, რომ სკოლები ვერ აკმაყოფილებენ შიდა ქალაქებში ბავშვების საჭიროებებს და ამიტომ მათ მშობლებს სხვა სკოლაში გადაყვანის არჩევანი უნდა ჰქონდეთო. როგორ უყურებთ ამ პროცესებს?

პასუხი: ის ადამიანები, რომლებიც მხოლოდ იმაზე აკეთებენ აქცენტს, თუ რა უნდა მოვიმოქმედოთ არსებულ კონტექსტში, თავს არიდებენ კონტექსტის გამომწვევ მიზეზებზე საუბარს. რატომ არის, რომ ეს სკოლები ვერ აკმაყოფილებენ ამ ბავშვების საჭიროებებს? რატომ ხდება, რომ დღეს გეტოებში აფრო-ამერიკელი მოსახლეობის ამხელა პროცენტი ხაფანგშია მომწყვდეული? რა არის უფრო დიდი სურათი?

უფრო დიდი სურათი ისაა, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში, ჩვენ დავხარჯეთ $1 ტრილიონი დოლარი ნარკომანიის წინააღმდეგ, რამაც ვერ მოახერხა ნარკომანიის ან ნარკოტიკების მოხმარების მნიშვნელოვნად შემცირება, მაგრამ, ამის მიუხედავად, მაინც გამოაცალა სხვა საჯარო სერვისებს უზარმაზარი რესურსი. ეს განსაკუთრებით განათლებას შეეხო. ჩვენ იმ სოციალურ და პოლიტიკურ კონტექსტში ვართ, რომლის მიხედვითაც ნორმალურია ფერადკანიანი ღარიბი ადამიანების დასჯა მათთვის განათლების მიცემისა და ეკონომიკური შესაძლებლობების მეშვეობით მათი გაძლიერების მაგივრად. ეს სწორედ ის პოლიტიკური კონტექსტია, რატომაც ზოგიერთი ადამიანი კითხვებს სვამს: კი მაგრამ, ბავშვებს არ უნდა შეეძლოთ ცუდი ხარისხის სკოლებს რამენაირად თავი დააღწიონ? ცხადია, არავინ უნდა იყოს გამომწყვდეული ცუდ სკოლებში ან ცუდ უბნებში. სრულიად არავინ. მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენ უფრო დიდ კითხვებს უნდა ვსვამდეთ: როგორ შევცვალოთ ის ნორმა, ის დიდი კონტექსტი, რომელსაც ადამიანები, როგორც ჩანს, მოცემულობად იღებენ? განა ჩვენ ისე ვხუჭავთ თვალს ჩვენს გარშემო მიმდინარე პროცესებზე, რომ ვერც კი დავიწყებთ სერიოზულ საუბარს იმის შესახებ, თუ როგორ შევქმნათ ის გარემო, რაც უნდა არსებობდეს?

განათლების სამართლიანობის მოძრაობა და ციხის სამართლიანობის მოძრაობა ბევრგან ცალ-ცალკე ოპერირებს, თითქოს მათ შორის დიდი უფსკრული იყოს. მაგრამ სინამდვილეში ჩვენ ვერ მივცემთ ღირებული განათლების შესაძლებლობს ღარიბ ბავშვებს, ფერადკანიან ბავშვებს მანამ, სანამ ჩვენ არ ვაღიარებთ, რომ ჩვენ ვფლანგავთ ტრილიონ დოლარს წარუმატებელ სისხლის სამართლის სისტემაზე. ბავშვები ისეთ საზოგადოებებში იზრდებიან, სადაც თავიანთი ახლობლები ციხეში მიდიან, გამოდიან და ისევ უკან ბრუნდებიან და სადაც ბავშვებს უთვალავი გზით ეუბნებიან, რომ ისინიც წავლენ ციხეში. ჩვენ ვერ შევძლებთ ავაშენოთ ჯანსაღი, კარგად მომუშავე სკოლები იმ კონტექსტში, სადაც არ არსებობს დაფინანსება, რადგან ფული იხარჯება ციხეების საშენებლად და პოლიციური ძალების გასაძლიერებლად.

 

კითხვა: და ომებში, არა?

პასუხი: დიახ, ომებში ბრძოლაში იმ დროს, როცა ამდენი უიმედობა არსებობს მასობრივი დაპატიმრებების გაბატონების გამო. ამავე დროს, სისულელე იქნება ვიფიქროთ, რომ მასობრივი დაპატიმრების პრაქტიკა დასრულდება თუ არ გავითვალისწინებთ იმ რეალობას, რომ ღარიბი ადამიანების უზარმაზარი პროცენტი  უმუშევარია და ძირითადი ეკონომიკიდან გამორიცხულია მანამ, სანამ არ მიიღებს ხარისხიან განათლებას, რომელიც მათ ახალ ეკონომიკაში ჩართვისთვის მოამზადებს. ამ ორ მოძრაობას შორის გაცილებით მეტი თანამშრომლობა უნდა იყოს და მათ დამცველ ადვოკატებს ბევრად უფრო მეტი დაფასება ჰქონდეთ თითოეულ საზოგადოებაში. ეს უნდა იყოს მოძრაობა, რომელიც იქნება მიმართული განათლებაზე და არა დაპატიმრებებზე, სამუშაო ადგილებზე და არა ციხეებზე. მოძრაობა, რომელიც, ჩემი აზრით, ამ სხვადასხვა ბანაკში ადამიანების უფლებების პერსპექტივას შეიტანს.

 

წინააღმდეგობის გაწევა

კითხვა: რა როლი აქვთ მასწავლებლებს ამ კრიზისთან რეაგირებაში? რას უნდა ვაკეთებდეთ საკლასო ოთახებში? რას უნდა ვაკეთებდეთ  განათლების აქტივისტები?

პასუხი: ეს მშვენიერი კითხვაა და ახლა მე ერთგვარად ჩემს თავს ვეჯიბრები. ზუსტად ახლა ვცდილობ სხვებთან ერთად შევიმუშავოთ სასწავლო გეგმა და ის მასალა, რაც გაუადვილებს ახალგაზრდებს ამ თემებზე საუბარს იმ გზებით, რაც არ გამოიწვევს მათ პარალიზებას, შიშს ან უკან დახევას, არამედ ამის მაგივრად გაანათლებს და შთააგონებს მათ იმოქმედონ და კრიტიკულად იაზროვნონ მომავალში. ეს ძალიან რთული პროცესია, მაგრამ აუცილებლად უნდა გაკეთდეს.

ჩვენ მზად უნდა ვიყოთ გარკვეული რისკების გასაწევად. ჩემი გამოცდილებით, ბევრი თავს იკავებს ამ საკითხების კლასში განხილვისგან იმის შიშით, რომ სტუდენტები ანერვიულდებიან ან გაბრაზდებიან, ან რომ ეს ინფორმაცია მათში საკუთარი ცხოვრებისა და გამოცდილების შესახებ ამაოების გრძნობას გააღვივებს. მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს დავანახოთ სისტემის რეალური სახე — რომ სინამდვილეში ისინი ნამდვილად უსამართლოდ არიან მიზანში ამოღებულები, რომ წესები ისეა შექმნილი, რომ მათ მიმართ უსამართლო მოპყრობას განაპირობებს და რომ ძალიან რთულია ამ კანონების წინააღმდეგ დავა სასამართლოებში. ჩვენ უნდა ვასწავლოთ მათ, თუ როგორ შეიცვალა ჩვენი პოლიტიკა ბოლო წლებში და რომ სინამდვილეში მას თან ახლდა წინააღმდეგობა. ჩვენ ეს ინფორმაცია უნდა  დავუკავშიროთ ადამიანების ისტორიებს, თუ როგორ უპირისპირდებოდნენ წარსულში ადამიანები ამ სახის უსამართლობას და რა როლს თამაშობდნენ ახალგაზრდები ისტორიულად ამ ბრძოლებში.

ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ახალგაზრდების წახალისება, მოყვნენ საკუთარი ისტორიები და ღიად ისაუბრონ სისხლის სამართლის სისტემაში საკუთარი თუ მათი ოჯახის გამოცდილების შესახებ. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ საკლასო გარემო მხარს უჭერდეს მათ, რომ სირცხვილი და სტიგმა გაუქრეთ. ამის შემდეგ მასწავლებლებს შეუძლიათ გამოიყენონ ის ისტორიები, რასაც სტუდენტები თავად შეესწრნენ ან თავად გამოსცადეს და დასვან კითხვები: როგორ მოვედით აქამდე? რატომ ხდება ასე? რით განსხვავდება სხვა თემებში არსებული სიტუაცია? როგორ არის ეს პრობლემები დაკავშირებული ჩვენი ერის ისტორიის გარდასულ პერიოდთან? და რისი გაკეთება შეგვიძლია ამის წინააღმდეგ?

მხოლოდ ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, თუ რა ცუდია არსებული მდგომარეობა, მხოლოდ პატიმრობის შესახებ სტატისტიკური მონაცემები და პარამეტრები ნამდვილად იწვევს უფრო ღრმა დეპრესიას, არაფრის გაკეთების სურვილს და არ უწყობს ხელს მოსწავლეების გაძლიერებას. ინფორმაცია უნდა იყოს წარმოდგენილი ისე, რომ გაამხნევოს სტუდენტები კრიტიკულად და კრეატიულად იფიქრონ იმაზე, თუ როგორი რეაგირება შეიძლება ჰქონდეთ უსამართლობაზე და იცოდნენ, თუ როგორ რეაგირებდნენ ახალგაზრდები უსამართლობაზე წარსულში.

 

კითხვა: ზუსტად რას გულისხმობთ?

პასუხი: არსებობს მთელი რიგი შესაძლებლობები. მე ძალიან შთაგონებული ვარ იმ მეთოდებით, რასაც ზოგიერთი სკოლის მოსწავლეები მიმართავენ, იქნება ეს საპროტესტო გაფიცვები თუ ამგვარი აქტივობები, რითაც აპროტესტებენ დაფინანსების სიმცირეს. მოსწავლეებს შეუძლიათ იმ ტიპის საპროტესტო აქციებში ჩაერთონ, როგორიცაა ქუჩაში გასვლა, მაგრამ ასევე არსებობს მთელი რიგი სხვა ფორმები — ლექსების წერა, მუსიკის შექმნა, საკუთარი თავის გამოხატვა, ფორუმების ჩატარება, ერთმანეთის განათლება. მაგალითად, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ელა ბეიკერის ცენტრი ოკლენდში, კალიფორნიაში  ორიენტირებული იყო მასობრივ პატიმრობასთან შეწინააღმდეგების მიზნით ახალგაზრდების ჩართულობასა და ადვოკატირებაზე. მათ მოზარდების ჩართულობით წამოიწყეს კამპანია ჩრდილოეთ კალიფორნიაში მოზარდების საპყრობილე ობიექტების დახურვის მიზნით. მათ აჩვენეს, რომ ნამდვილად არის შესაძლებელი ჰიპ-ჰოპის კულტურის შერწყმა შემოქმედებითი გზებით კონკრეტული სახის ადვოკატირებასთან და ახალგაზრდა ლიდერების განვითარებისთვის. დღეს ახალგაზრდები ძალიან კრეატიულ გზებს მიმართავენ სოციალური მედიის გამოყენებისას და არსებობს უამრავი მეთოდი, რომლის მეშვეობითაც მათ ამ პროცესებში ჩართვა შეუძლიათ.

ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის გამოღვიძების შთაგონება. დღეს მასობრივ პატიმრობასთან დაკავშირებით ხშირია დაბნეულობა და დაუჯერებლობა და ეს ყველაზე დიდი ბარიერია ერთიანი მოძრაობის მშენებლობაში. სანამ ჩვენ ამ სისტემის დანახვაზე უარს ვამბობთ, მოძრაობის მშენებლობა შეუძლებელი იქნება. საკლასო ოთახებში ახალგაზრდებისთვის ამ სისტემის შესახებ ჭეშმარიტების დანახება და მათთვის კრიტიკული შესაძლებლობების განვითარება, ვფიქრობ, გააღებს კარს არსებითი ჩართულობისა და შთაგონებული, კოლექტიური ქმედებებისკენ.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] “Get-tough on crime” – „გამოიჩინე სიმკაცრე კრიმინალის წინააღმდეგ“ იყო 1960-70-იან წლებში შექმნილი პოლიტიკა, რომელმაც გამოიწვია უფრო ხშირი გაჩხრეკვების პრაქტიკა ნარკოტიკების ამოჩენის მიზნით, თავისუფლების აღკვეთა უფრო დიდი ვადით, არასრულწლოვანების, ფერადკანიანების და დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის უფრო მკაცრი დასჯა.