ფოტოს ავტორი: ჰურიე აბაშიძე 

სტატია შეეხება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს და უნივერსიტეტში ისლამის და მუსლიმი სტუდენტების მიმართ დამოკიდებულებას. შესწავლის თავდაპირველი მიზანი ამ უნივერსიტეტში ისტორიის სწავლების მეთოდოლოგიის და ისტორიის სწავლების დროს ისლამის შესახებ წარმოდგენების შესწავლა იყო, თუმცა კურსდამთავრებულების ინტერვიუს პროცესის დროს გამოიკვეთა, რომ მათ ნაწილს უნივერსიტეტში სწავლის დროს საკუთარი აღმსარებლობის გამო მძიმე გამოცდილებები აქვს, რაც სტატიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფოკუსად იქცა.

კვლევის ფარგლებში გამოიკითხა ბათუმის უნივერსიტეტის 8 კურსდამთავრებული და 3 ლექტორი. ისლამთან დაკავშირებით უნივერსიტეტში არსებული პრობლემები შეგვიძლია ორ ნაწილად დავაჯგუფოთ. პირველი ნაწილი შეეხება რამდენიმე ლექტორის მუსლიმ სტუდენტებთან დამოკიდებულებას, ხოლო მეორე საკითხი ეხება უშუალოდ საქართველოს ისტორიის ჭრილში ისლამის როლის პრობლემურ წარმოჩენას. ამასთან აშკარაა, რომ ზოგიერთი ლექტორის მიერ სწორედ საქართველოს ისტორიის არგუმენტი გამოიყენება მუსლიმი სტუდენტების გასაკიცხად.

 

მუსლიმ სტუდენტებთან დამოკიდებულება

ზოგიერთი სტუდენტი (მათ შორის ისეთი სტუდენტებიც, რომლებსაც თავად აქვთ დისკრიმინაციის გამოცდილება) ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ლექტორების დიდი ნაწილი პროფესიონალია, მათგან არასდროს უგრძვნიათ რაიმე ტიპის დისკრიმინაცია და ეს ლექტორები საკუთარ აღმსარებლობას ხაზს არასდროს უსვამდნენ. თუმცა იგივე რესპონდენტები სხვა ლექტორებისგან იხსენებენ პრობლემური დამოკიდებულების შემთხვევებს. ზოგი კურსდამთავრებულის შემთხვევაში სარწმუნოების საკითხზე კონფლიქტს რეგულარული ხასიათი ჰქონდა, ზოგს კი ერთხელ ან ორჯერ მოსვლია ლექტორთან ამ თემაზე კამათი. რესპონდენტები იხსენებენ იმ შემთხვევასაც, როდესაც მუსლიმი ლექტორი გაქრისტიანდა, გაქრისტიანების ფაქტს უნივერსიტეტში ხმამაღლა აფიქსირებდა და ამბობდა: „ქართველი უნდა იყოს ქრისტიანი და ისლამი არაა ქართული რელიგია.“

ერთ-ერთი კურსდამთავრებული ყვება, რომ მისმა ლექტორმა ის ბათუმის მეჩეთის აშენების მხარდასაჭერი ხელმოწერების შეგროვებისას დაინახა და სემინარზე ამ ფაქტის გარჩევა დაიწყო: „ამ ლექტორმა სემინარზე მკაფიოდ დააფიქსირა აზრი, რომ საქართველო იყო ქრისტიანული სახელმწიფო. მეუბნებოდა, რომ მე მხარს ვუჭერდი დამპყრობლის რელიგიას. მითხრა, სირცხვილია ქართველი ახალგაზრდა ქალი ამას აკეთებ, ვერ აცნობიერებო. მე ვუხსნიდი, რომ მე გაცნობიერებულად ვარ მუსლიმი. ვუთხარი, მუსლიმი რომც არ ვყოფილიყავი, მეჩეთის აშენებას მხარს მაინც დავუჭერდი, რადგან მუსლიმები მისი აშენების საჭიროებას ხედავდნენ ... ლექტორმა მითხრა, საღი აზრის მქონე ახალგაზრდა და მომავალი პედაგოგი ამას არ უნდა აკეთებდეო. შენნაირი აზროვნების ადამიანი სკოლაში არ უნდა შევიდესო. მე დემონსტრაციულად დავტოვე აუდიტორია და აღარც მის ლექციებზე მივსულვარ. რადგან მის ლექციებზე აღარ დავდიოდი, ნიშნების დაწერის დროს პრობლემებიც შემექმნა ... საბოლოოდ ლექტორმა გადააკეთა თავისი ნათქვამი და ბოლოს თქვა აზიზიეს სახელობის მეჩეთზე მაქვს პრობლემაო. ამაზე მეც მქონდა პრობლემა და ხმამაღლა ვაფიქსირებდი, რომ მისი სახელობის არ უნდა ყოფილიყო მეჩეთი. თუმცა თავიდან ეს ლექტორი ნამდვილად მეჩეთის მშენებლობას ეწინააღმდეგებოდა ... ისიც ვიცი, რომ ამ ლექტორს ჩემამდეც ჰქონია მუსლიმ სტუდენტებთან პრობლემები და ჩემს შემდეგაც. ის დღესაც იქ ასწავლის.“

იგივე სტუდენტი სხვა რამდენიმე ლექტორისგანაც იხსენებს მუსლიმების მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას: „გვეკითხებოდნენ, შენ ქართველი ხარ? მაშინ რატომ ხარ მუსლიმი? გვიხსნიდნენ, რომ არაბები და სპარსები იყვნენ მუსლიმები. ხშირად ახსენებდნენ შუშანიკს და აბოს. გვიმეორებდნენ, რომ ჩვენ არ უნდა ვყოფილიყავით მუსლიმები, რომ ეს მტრის რელიგიაა ... როგორც მუსლიმი მე ნამდვილად ვგრძნობ თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად და ამისი [დისკრიმინაციის] აღიარების ძალიან მრცხვენია.“

ერთ-ერთი კურსდამთავრებული, რომელიც უნივერსიტეტში სწავლისას უნივერსიტეტში არსებულ სიტუაციაზე და ზოგადად, მუსლიმი ადამიანების პრობლემებზე ხმამაღლა საუბრობდა იხსენებს: „ჩემზე უფრო ხშირად გადაკვრით იყო საუბარი. ჩემს მეგობრებთან მჭორავდნენ, შეურაცხყოფას მაყენებდნენ მაშინ, როცა სემინარზე არ ვიყავი. ლექტორები თავისთანაც კი მიბარებდნენ და მეუბნებოდნენ, ასე რატომ ლაპარაკობ, შენს სიტყვას ბევრი ისმენსო ... მე ვფიქრობ მათ ის არ მოსწონდათ, რომ ჩვენი ისლამური იდენტობა წამოვწიეთ წინ და ხმამაღლა ვსაუბრობდით ამაზე. ასე მგონია, რომ ამაზე ჰქონდათ პრობლემა და ეს იწვევდა მათ გაღიზიანებას.“

ის ქალები, რომლებსაც თავსაფარი ეხურათ, ლექტორების მხრიდან განსაკუთრებით ხშირად ექცეოდნენ ყურადღების ქვეშ. რესპონდენტების აზრით ეს იმიტომ ხდებოდა, რომ ამ ქალების რელიგია თავსაფრის მეშვეობით მკვეთრად იყო გამოკვეთილი, ხოლო სხვა სტუდენტების შემთხვევაში ლექტორმა ყოველთვის არ იცოდა მისი სტუდენტი მუსლიმი იყო თუ არა. „ჩემს მეგობრებს თავსაფრის გამო ბევრი პრობლემა შეხვედრიათ. ხშირად მესმოდა მათ მიმართ ნათქვამი ფრაზები, გააზრებული უნდა გქონდეთ თქვენი სარწმუნოება, მითუმეტეს სტუდენტები რადგან ხართო, სამარცხვინოები არ უნდა იყოთო. არ უნდა საჭიროებდეთ ახსნას რატომაა ეს პრობლემაო ... ვიცი, რომ პრობლემა არსებობს ეკონომიკის, ტურიზმის, მათემატიკის საგნებზეც, სადაც ლექტორი ხანდახან სალაპარაკო თემას გადაუხვევს და ამ დროს საუბრობს რელიგიაზე. ადამიანს თავსაფარი თუ ეხურა, ავტომატურად ლექციაზე სალაპარაკო თემა ჩნდებოდა და აუდიტორიის წინაშე მათ შეურაცხყოფას აყენებდნენ და განხილვის საგნად ხდიდნენ მათ რელიგიას ... ლექტორები აღნიშნავდნენ, დღეს აღარ უნდა იყოთ ამ რელიგიაზე, წინაპრებს უნდა სცეთ პატივი, მტრის რელიგიაზე არც უნდა ვსაუბრობდეთო. ასევე ძალიან ხშირად ამბობდნენ, წაიკითხეთ ისტორიაო, ისტორია არ წაგიკითხავსო? იქ ნახავ მიზეზსო,“ იხსენებს ერთ-ერთი რესპონდენტი.

კიდევ ერთი კურსდამთავრებული იხსენებს შემთხვევას, როდესაც მისმა ლექტორმა პირველ ლექციაზე გაცნობითი სიტყვის დროს ყურადღება გაამახვილა თავის სარწმუნოებაზეც, „პირველი შეხვედრის დროს მან ლექცია დაიწყო საკუთარი თავის გაცნობით და იმასაც გაუსვა ხაზი, რომ ქრისტიანი იყო. როგორც ჩანს არ ელოდა, რომ მე მუსლიმი ვიქნებოდი. მითხრა, ისეთი ევროპული შეხედულება გაქვს, რომ ქრისტიანი მეგონე, რატომ ხარ მუსლიმიო. ისეთი გარეგნობა გაქვს შეიძლება მოინათლო კიდევაცო. როგორც ჩანს, ისლამი მისთვის აზიასთან ასოცირდება და ძალიან გაუკვირდა, რომ საკმაოდ მორწმუნე მუსლიმი ვიყავი. ეს ლექტორი მათემატიკურ საგანს ასწავლიდა და ფიქრობდა, რომ ყველა ქართველი უნდა ყოფილიყო ქრისტიანი. მისთვის რატომღაც მუსლიმანობა ასოცირდებოდა თურქებთან, დიდ თურქობასთან, არაბულ დაპყრობასთან, იძულებასთან ... ჩემთვისაც და ჩემი ახლობლებისთვისაც ეს რელიგია სულიერი არჩევანია და იძულებით არავინ ვართ მუსლიმები. ეს რელიგია ჩვენთვის არ ასოცირდება თურქებთან, არაბებთან .... თუმცა ამ შემთხვევის გარდა კონფლიქტი არ მოგვსვლია და არც ნიშანზე ასახულა რამენაირად.“

რესპონდენტების თქმით, ლექტორებთან მოსული უთანხმოება მათ პრობლემას ჯგუფელებთან ურთიერთობისას არ უქმნიდათ და სტუდენტების მხრიდან მხარდაჭერის შემთხვევებს უფრო იხსენებენ. მათი თქმით, ლექტორთან დისკუსიაში შესვლის დროსაც კი ჯგუფელები ხშირად მუსლიმების მხარეს იდგნენ იმის მიუხედავად, თუ რა იყო მათი აღმსარებლობა. „სტუდენტების ურთიერთკავშირის დროს ეს [სარწმუნოება] არ ქმნიდა პრობლემებს. ჯგუფელებს ერთმანეთი ნამდვილად არ გაგვირიყავს ... უბრალოდ არსებობენ ლექტორები, ვისაც ეს პრობლემა აქვს და გეუბნებიან: მუსლიმი ხარ, რაც ნიშნავს, რომ რელიგიას უღალატე და მოღალატე ხარ.“

ბათუმის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ლექტორების კიდევ ერთ პრობლემურ შემთხვევას სკოლის პერიოდიდანაც იხსენებს: „ასეთი ტრადიციაა, რომ აჭარის მაღალმთიანი სკოლის მედალოსანი მოსწავლეები დაჰყავთ ტაო-კლარჯეთში სხვადასხვა ძეგლის მოსანახულებლად. ეს ერთგვარი ჯილდოა 12 წლიანი წარმატებული სწავლისთვის. ამ მოგზაურობის დროს თან გვახლდნენ ბათუმის უნივერსიტეტის ლექტორებიც, რომლებიც უნივერსიტეტში ისტორიას ასწავლიან. ამ ძეგლების თვალიერებისას ამ ლექტორების მხრიდან მუდმივად ვხვდებოდით ისლამის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას. იქ არსებული ძეგლები და ეკლესიები იყო და არის პოლიტიკური დავის საკითხი და ეს გასაგებია. თუმცა მე, როგორც მუსლიმი, რა შუაში ვარ? შეგიძლია შეეხო იმ პიროვნებებს, რომლებიც შენს ეკლესიებს უდიერად ეპყრობიან, მაგრამ არ მიმაჩნია სწორი იყოს, რომ ეხებოდე რელიგიას ან მე, როგორც ამ რელიგიის აღმსარებელს. ჩვენ ვიცით, რომ ეს რელიგიები [ქრისტიანობა და ისლამი] ტოლერანტობაზეა აგებული და ამოსავალი წერტილი ტოლერანტობაა ... ამ დამოკიდებულების გამო ძალიან დაძაბული ვიყავი ამ მოგზაურობის დროს, ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს. იყვნენ მოსწავლეები, რომლებიც ვერ უძლებდნენ ამ ზეწოლას და ბულინგს, ამიტომ იმალებოდნენ ან იტყუებოდნენ, რომ არ იყვნენ მუსლიმები.“

 

ისლამი და საქართველოს ისტორია

ლექტორები და რამდენიმე კურსდამთავრებული აცხადებენ, რომ ბათუმის უნივერსიტეტში  ზოგადი ისტორიის სწავლება სხვა უნივერსიტეტებში სწავლების პროცესის მსგავსია: მასალას გადიან იმავე წიგნებით, იმავე სილაბუსითა და მეთოდიკით, რაც საქართველოს სხვა უნივერსიტეტებშია მიღებული. ამის გამო აჭარის ისტორია ცალკე საგნად არ ისწავლება და არც თემატურად  არის რამენაირად გამოყოფილი. ლექტორების თქმით, საქართველოს ისტორიის შესავალი კურსი ინტენსიური არ არის და მიმოხილვითი ფუნქცია უფრო აქვს.

გამოკითხული რესპონდენტებიდან ორი ლექტორი და ორი კურსდამთავრებული მიიჩნევს, რომ რელიგიას არ აქვს რაიმე მნიშვნელოვანი ყურადღება დათმობილი და უნივერსიტეტში ყველა რელიგიის აღმსარებელი ადამიანისთვის თანასწორი გარემოა შექმნილი. მათი თქმით, ერთადერთი საგანი, რომელიც რელიგიას ეხება რელიგიის ისტორიაა და ამ საგნის ფუნქცია სხვადასხვა რელიგიის ისტორიის მიმოხილვაა. თუმცა ერთი რესპოდენტი, რომელსაც თავად ბათუმის უნივერსიტეტში სწავლის გამოცდილება აქვს, იხსენებს, რომ მისი სწავლის პერიოდშიც ხშირად ახსოვს ლექტორების მხრიდან რელიგიაზე ხაზგასმის და საქართველოს ქრისტიან სახელმწიფოდ მოხსენიების შემთხვევები და ფიქრობს, რომ სიტუაცია დიდად დღესაც არაა შეცვლილი.

დანარჩენი კურსდამთავრებულები იხსენებენ, რომ საქართველოს ისტორიის შესავალი საკმაოდ ზოგადი საგანი იყო და დიდად არ განსხვავდებოდა სკოლის მასალისგან. ის წარმოადგენდა საქართველოს ისტორიის მოკლე მიმოხილვას, ძირითადად მეფეების მმართველობის ისტორიას და საქართველოს სამეფოს ურთიერთობას სხვადასხვა სახელმწიფოებთან. რესპონდენტები იხსენებენ, რომ დიდი თურქობა და აჭარაზე ისლამის გავრცელება საგნის მნიშნელოვან თემებს წარმოადგენდა.

იმის მიუხედავად, რომ ისტორიის ლექტორების ნაწილი ცდილობდა უარეყო ისლამის სისხლით გავრცელების შესახებ წარმოდგენები, ზოგიერთი კურსდამთავრებული სხვა ლექტორებისგან იხსენებს საპირისპირო გამოცდილებასაც: „მარტო მესმოდა: „ხმალი,“ „შემოესიენ,“ „იპყრობდნენ,“ „ჭამდნენ,“ „კლავდნენ.“ ისლამის შესახებ მხოლოდ სკოლის და უნივერსიტეტის ისტორიის საგნებიდან რომ მესწავლა, ცხოვრებაში არასდროს გავეკარებოდი ამ რელიგიას. ის ყველგან ცუდადაა მოხსენიებული, იმის მიუხედავად ნამდვილად იყო თუ არა ისლამი კავშირში. თუ მუსლიმი ადამიანი რაიმე უარყოფითს აკეთებდა, მაშინვე ყველაფერში რელიგია იყო დამნაშავე.“ ამას გარდა მუსლიმები იხსენებენ, რომ ლექტორების მიერ ხშირად გამოიყენება სიტყვა „გამაჰმადიანებაც,“ რაც არასწორი ტერმინია.

სტუდენტები იშვიათად იხსენებენ შემთხვევებს, როცა უნივერსიტეტში სწავლის დროს ისლამი რაიმე კონტექსტში დადებითად ყოფილიყო მოხსენიებული:  „ერთადერთი ლიტერატურის საგანი მახსენდება, სადაც არაბული ლიტერატურაც უნდა გაგვევლო. ლექტორი თავად ქრისტიანი იყო, თუმცა როცა გაიგო მუსლიმი ვიყავი და არაბულის კითხვა ვიცოდი ძალიან გაუხარდა. დადებითად იყო განწყობილი ისლამის და მუსლიმების მიმართ,“ ამბობს ერთ-ერთი მუსლიმი კურსდამთავრებული. ლიტერატურის კურსს სხვა რესპონდენტიც იხსენებს: „ერთხელ მახსენდება ისლამი დადებითად ლიტერატურის საგანზე ახსენა ლექტორმა. აღმოსავლური მუსლიმური კულტურა შეაქო, კარგი კულტურა აქვთ დატოვებულიო. სხვა სრულიად არაფერი მახსენდება.“ ამას გარდა კურსდამთავრებულები ვერ იხსენებენ საქართველოს მრავალფეროვნებაზე საუბრის მცდელობებს და მათი გამოცდილებით, არასდროს ყოფილა იმის მცდელობა, რომ ისლამი აღქმული ყოფილიყო ქართველების და საქართველოს ნაწილად.

დასკვნის სახით მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში აშკარაა ზოგიერთი მუსლიმი სტუდენტის მიმართ მტრული დამოკიდებულება. იმის მიუხედავად, რომ ყველა მუსლიმი არ განიცდის რაიმე ტიპის დისკრიმინაციას ან ჩაგვრას, მნიშვნელოვანია იმ შემთხვევების აღმოფხვრა, როდესაც სტუდენტებს მტრული გარემო ექმნებათ. მათ მიმართ ხშირად გამოიყენება ისტორიის არგუმენტი და სარწმუნოების გამო მათ სამშობლოს ღალატს აბრალებენ. ლექტორების მიერ ისლამი აღიქმება როგორც უცხო, გარედან მოსული და ქართველობისთვის მიუღებელი და ისინი ამ რელიგიას ვერ უკავშირებენ ქართულ იდენტობას. უნივერსიტეტში აქცენტი არ კეთდება საქართველოს მრავალფეროვნებაზე და არ არის გააზრებული ისლამის როლი აჭარელი მუსლიმების ისტორიასა და დღევანდელ ყოველდღიურობაში. რადგან ლექტორები იაზრებენ აჭარის საქართველოს ფარგლებში შემოერთების მნიშვნელობას, საჭიროა მათ ასევე გაიაზრონ აჭარის რეალობაში ისლამის როლი და მუსლიმი აჭარლების მონაწილეობა იყოს აღიარებული და დაფასებული.

ქრისტიანობისა და ქართველობის იგივეობის შესახებ შეხედულებები გაამყარა საქართველოს უახლოესმა ნაციონალისტურმა წარსულმა, როდესაც მართლმადიდებლობა გამოირჩა ქართველების ერთ-ერთ მთავარ გამაერთიანებელ ვექტორად. ამ აზრების გამყარებაში დღეს სკოლა და სკოლის მასწავლებლებიც აქტიურად იღებენ მონაწილეობას[1]. არც პოლიტიკური სისტემა აყენებს ეჭვის ქვეშ ამ შეხედულებას და მუსლიმი აჭარლები ხშირად არიან მონიშნულნი მეორეხარისხოვან მოქალაქეებად. ისტორიის წიგნებში, ყოველდღიურ ენასა და დისკურსებში და ასევე აჭარის საჯარო სივრცეებში უკან არის გადაწეული ის ისტორიული და ამჟამინდელი მნიშვნელობა, რაც ისლამს ქართველი მუსლიმებისთვის აქვს[2] და აჭარაში ისლამი საჯარო სივრცეებში ხშირად საერთოდ არც კი ჩანს. ასევე არ კეთდება აქცენტი მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ქართველი მუსლიმების ეროვნულ მოძრაობაზე, მეოცე საუკუნის დასაწყისში საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების პროცესებში მუსლიმთა მეჯლისის მონაწილეობაზე. ისლამი მხოლოდ დამპყრობლების კონტექსტშია მოხსენიებული და მათ რელიგიასთან არის გაიგივებული. მნიშვნელოვანია, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გააცნობიეროს თავისი როლი და ხელი შეუწყოს ამ ნარატივებისა და წარმოდგენების ცვლილებას, მათი გამეორებისა და გამყარების ნაცვლად.

ბათუმის უნივერსიტეტის ზოგიერთი ლექტორის შეხედულებები იმეორებს იმ აზრს, რომ ისლამი არა მხოლოდ არაქართული, არამედ არაევროპულია. ეს საკმაოდ გავრცელებული წარმოდგენაა, რასაც ხშირად აკრიტიკებენ მუსლიმი აქტივისტები, ისლამის მკვლევარები და ფემინისტი ინტელექტუალები. არსებობს მცდარი აზრები იმასთან დაკავშირებით, რომ „სამყაროში ცივილიზაციათა ან კულტურათა შეჯახება მიმდინარეობს, რომ დასავლეთსა და „დანარჩენ სამყაროს“ შორის გადაულახავი უფსკრულია“[3] და ამ წარმოდგენის მიხედვით ისლამი მიჩნეულია დასავლეთთან (ევროპასთან) შეუთავსებელ რელიგიად. ისლამი მოინიშნება როგორც ჩამორჩენილობის, არაევროპულის, არაპროგრესულის სიმბოლო. ეს პრობლემური შეხედულებები, როგორც ჩანს, უნივერსიტეტშიც არსებობს და თავს სტუდენტებთან ურთიერთობისას ავლენს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, აჭარის უნივერსიტეტებში კრიტიკულად იქნას გააზრებული ეს წარმოდგენები და მოხდეს მათთან დაპირისპირება.

მნიშვნელოვანია, სერიოზული ყურადღება ექცეოდეს მუსლიმი სტუდენტების თითოეული დისკრიმინაციის შემთხვევას და უნივერსიტეტმა არ დაუშვას სტუდენტების რელიგიური ნიშნით ჩაგვრა. რესპოდენტებს არ დაუსახელებიათ არც ერთი შემთხვევა, როცა მათ მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხრიდან მოჰყვა რეაგირება და ლექტორის მიმართ გამოყენებული იქნა ადმინისტრაციული სანქცია. თუმცა აუცილებელია დისკრიმინაციის შემთხვევების თავიდან ასარიდებლად უნივერსიტეტმა პრევენციულად იმოქმედოს: მხარი დაუჭიროს სხვადასხვა რელიგიის სტუდენტებს შორის არაფორმალური კომუნიკაციის საშუალებებს; ხელი შეუწყოს უნივერსიტეტის პერსონალის და რელიგიური თემების ლიდერებს შორის თანამშრომლობას არა აკადემიური მიზნების გარშემო;  შექმნას წახალისების მექანიზმები იმ მეცნიერებისთვის, რომლებიც გამოიკვლევენ შედარებით უცნობ და შეუსწავლელ რელიგიური უმცირესობების ისტორიას; გაეცნოს და საკუთარი კონტექსტის შესაბამისად გაიზიაროს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა განსხვავებული რელიგიური მრწამსის ადამიანების ერთ აკადემიურ სივრცეში საქმიანობის შესახებ.

საქართველოს ისტორიის გაბატონებული პარადიგმა, რომელიც უკანა პლანზე გადასწევს რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობების როლს ჩვენი ქვეყნის წარსულის წინაშე, მასშტაბური აკადემიური გადააზრების გარეშე ვერ შეიცვლება. შეუძლებელია ასეთი მნიშვნელოვანი მისია მხოლოდ ერთ უნივერსიტეტს დააწვეს ტვირთად. თუმცა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს მისი გეოგრაფიული მდებარეობის და პოლიტიკური მიზანშეწონილობის გამო, ყველაზე მეტად ეკისრება ვალდებულება შექმნას ახალი კვლევები საქართველოში მუსლიმი თემის მრავალსაუკუნოვანი წარსულის ღირსეულად წარმოსაჩენად...

 

სტატიის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. სტატიის  შინაარსზე პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC). ის შესაძლოა არ ასახავდეს USAID-ის, აშშ-ის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის შეხედულებებს.

   

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] Gurchiani, Ketevan. “Georgia In-between: Religion in Public Schools.” Nationalities Papers 45, no. 6 (November 2, 2017): 1100–1117.

[2] ზვიადაძე, სოფო. 2020. „აჭარის ხილული და უხილავი საზღვრები.“ წიგნში რელიგია, პოლიტიკა და სოციალური კონტექსტები. 137 – 256. თბილისი: EMC.

[3] აბუ-ლუღოდი, ლაილა. 2016. „შესავალი: სჭირდებათ თუ არა მუსლიმ ქალებს ხსნა?“ წიგნში თარგმანების კრებული. 33-52. თბილისი: EMC, 37.